in

Barcelona Design – დიზაინის პიონერი ესპანეთში

1972 წელს, ახალგაზრდა ბარსელონელი არქიტექტორებისა და დიზაინერების ჯგუფმა შექმნა კომპანია Barcelona Design (BD), რომლის მიზანი იყო სექტორში არსებული კომპანიების პროდუქტებისგან განსხვავებული ფორმებისა და ფუნქციების მქონე ავეჯის, ასევე, სხვა ობიექტების წარმოება და პროდუქციის მარკეტინგი სრული შემოქმედებითი თავისუფლებით.

კომპანიამ საკუთარი დიზაინის შემუშავება დაიწყო და, ასევე, აწარმოებდა ისეთი დიზაინერების ობიექტებს, როგორებიც არიან მაგალითად, ეტორე სოტსასი და ალვარო სიზა. BD ესპანეთში დიზაინის პიონერი იყო, რომელსაც მხარს უჭერდნენ ისინი, ვინც ბაზარზე რაღაც განსხვავებულს ეძებდნენ.

როგორც გასულ, ასევე ამ საუკუნეში, BD-მ ესპანური დიზაინის საერთაშორისო ცნობადობაში წამყვანი როლი ითამაშა. არქიტექტურას კომპანიაში ღრმად აქვს ფესვები გადგმული და კონტრაქტის საჭიროებებზე ფიქრისას, როგორც ინტერიერისთვის, ასევე ექსტერიერისთვის, ორგანიზაციაში არქიტექტორის მენტალიტეტი გამოიყენება.

დიდი ხნის განმავლობაში BD-ს კომერციული სახელი BD Ediciones de Diseño იყო და ის წარმოადგენდა არაორდინალურ კომპანიას ავეჯის მწარმოებლებს შორის, რომლის კატეგორიზაცია, მისი კატალოგის მრავალფეროვნების გამო, რთული იყო. ეკლექტიზმი, ფართო შემოქმედებითი აზროვნების გამოყენებისა და მისაწვდომობის თავისუფლება, ასევე, უმაღლესი ხარისხი დღესაც კომპანიის მთავარ მახასიათებლებს წარმოადგენს.

დამფუძნებლები და ჯერ კიდევ ამჟამინდელი მფლობელები – წარმოშობილი კულტურის სამყაროდან და არა ბიზნესიდან – თავიდანვე სილამაზის კულტივირებაზე დაფუძნებულ წარმოებაზე იყვნენ ორიენტირებულნი. ზოგიერთ შემთხვევაში, ფუნქციონირებასთან შედარებით, უპირატესობას სილამაზეს ენიჭება.

კომპანიას ორმაგი პიროვნება გააჩნია – მისი კატალოგის ნაწილი შეზღუდული გამოცემით, BD Art Editions ეტიკეტის ქვეშ მზადდება. სწორედ აქ შეხვდებით სალვადორ დალის დიზაინებს ან გაუდის ავეჯს, რომლებსაც BD მსოფლიოში ექსკლუზიურად აწარმოებს.

კომპანიას შეუძლია ყველაზე დაუჯერებელი შეთავაზება კლასიკური დიზაინის ელეგანტურობასთან გააერთიანოს, მაგრამ ასევე გამოიყენოს ფანტაზია, რათა შექმნას ობიექტები, რომლებიც გადაუჭრელ საჭიროებებს პასუხობს.

ისეთი პროექტების მეშვეობით, როგორიცაა REmix, BD წარმოების პროცესში წარმოქმნილ ნარჩენებს ხელახლა იყენებს, რითაც მათ ახალ სიცოცხლეს ჩუქნის. კომპანიის წარმომადგენლები სხვა მწარმოებლებსაც იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდებენ.

BD უკვე დაახლოებით 50 წლისაა და ინარჩუნებს იმავე ნონკონფორმისტულ სულისკვეთებას, რომელიც თავიდანვე ჰქონდა; მუშაობს პლანეტის საუკეთესო დიზაინერებთან ერთად, რათა განვითარება და საზოგადოების გაოცება გააგრძელოს. BD ხელოვნებას ფუნქციურობას უთავსებს, რათა მომხმარებლებს შესთავაზოს უნიკალური ნამუშევრები ძლიერი პიროვნებით.

BD – ბრენდი, რომელიც „ბარსელონას დიზაინს“ (Barcelona Design) ნიშნავს, წარმოადგენს ნიჭის, იუმორის გრძნობის, კულტურებისადმი ღიაობის, კლასიკის პატივისცემის, ტრადიციის, ინოვაციისა და ულევი ფანტაზიის შესანიშნავ ნაზავს.

კომპანია პროდუქტს აწარმოებს ბარსელონაში, რათა მთელი მსოფლიოს მასშტაბით უნიკალური სივრცეები (სახლები, ოფისები, სასტუმროები, რესტორნები და სხვა საზოგადოებრივი სივრცეები) მოაწყოს. BD წარმოდგენილია 60-ზე მეტ ქვეყანაში საუკეთესო დიზაინერების მაღაზიებში და სამხატვრო გალერეებში, ასევე, ინტერიერის დიზაინისა და არქიტექტურის ყველაზე ავანგარდულ სტუდიებთან თანამშრომლობს.

კომპანიის ნამუშევრები მრავალი ეროვნული და საერთაშორისო პრიზით არის დაჯილდოებული. მათ შორის, ამ სექტორის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოებიც არის: National Design Award 1989 წელს და European Community Design Prize 1990 წელს. ასევე მრავალი ოქროს მედალი ADI FAD-სგან და Red Dot Design Award-ზე საუკეთესოთა შორის საუკეთესოს წოდება 2011 წელს.

თანამედროვე ბინა ჭავჭავაძის გამზირზე – Design Avenue-ს ნამუშევარი

ლურჯი ინტერიერში – როგორ შევარჩიოთ სწორი ელფერი