in ,

სახლი წავკისში – ძველი პროექტის ტოტალური გადააზრება TIMM Architecture-ის მიერ

Alliance Group
Alliance Group

სახლი, რომელზეც დღეს გიამბობთ, წავკისში მდებარეობს და მისი რენოვაციის პროექტზე არქიტექტურულმა სტუდია TIMM Architecture-მა იმუშავა.

პროექტის დაწყების მომენტში ტერიტორიაზე განთავსებული იყო სამკუთხედი გეგმარების თხსართულიანი კარკასი, რომელსაც გააჩნდა არაერთგვაროვანი აივნები და თაღოვანი კოლონადა მიწის სართულზე. დამკვეთის მიერ დასახული ამოცანა მდგომარეობდა არსებული სტრუქტურის გადააზრებაში.

“ჩვენ უნდა შეგვექმნა ისეთი ტიპის საცხოვრებელი სივრცე, სადაც სხვადასხვა თაობის ან ცხოვრების წესის ადამიანები შეძლებდნენ თანაცხოვრებას ისე, რომ თითოეულ მათგანს ჰქონოდა გარე სამყაროსთან ინდივიდუალური კავშირი და არსებულ არქიტექტურასთან თვითიდენტიფიცირების შესაძლებლობა. მგონია, რომ კარგი შედეგი მივიღეთ. ამაში განსაკუთრებით მაშინ ვრწმუნდები, როდესაც მახსენდება სტრუქტურის პირვანდელი იერსახე”, – ნიკოლოზ ლეკვეიშვილი, TIMM Architecture-ის თანადამფუძნებელი. 

პროექტის ავტორების სტრატეგიის მიხედვით, პირველ რიგში, გადაიჭრა გეგმარებითი საკითხები. კერძოდ, მისაღები ოთახი განთავსდა მეორე სართულზე, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები ქალაქზე. ამას გარდა, შეიქმნა ალტერნატიული სამანქანო შემოსასვლელი მეორე სართულის დონეზე და გაჩნდა დიდი მოცულობის ტერასა, რომელიც ერთგვარი გაგრძელებაა მისაღები ოთახისთვის.

ამ ტიპის გადაწყვეტამ შესაძლებელი გახადა სივრცობრივად სხვადასხვა მიკროსამყაროს შექმნა, კერძოდ – 3 დონეზე განსხვავებული გარე სივრცის გაჩენა.

პროექტის ავტორების თანახმად, მთავარ გამოწვევას გარე ფასადი წარმოადგენდა. მასზე არსებული თაღოვანი კოლონადა და მისივე სიბრტყეზე მდებარე მცირე ზომის ფანჯრები შეიცვალა ერთგვაროვანი გეომეტრიის ღიობებით, რისი საშუალებითაც მიღებულ იქნა საერთო ვიზუალური რიტმი, რასაც დაეყრდნო დანარჩენი მოცულობის ვიზუალური იერსახე.
შემდეგი ყველა დეტალი კი ბუნებრივად განვითარდა და დაეფუძნა ამ ორ ძირითად ვიზუალურ და გეგმარებით გადაწყვეტას.

არქიტექტურული სტუდია: TIMM Architecture

საპროექტო გუნდი: ნათია ლეკვეიშვილი, ნიკოლოზ ლეკვეიშვილი, ნინი ჯღამაძე

ფოტოგრაფი: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავიდოვი

ტური Tyrese Gibson-ის ატლანტას სახლში

როცა ფანჯრიდან ცუდი ხედი იშლება: პრობლემის გამოსწორების 6 ხერხი