in

ინტერიერის სივრცითი მოწყობა და სტრუქტურა – შორენა თაყაიშვილის ხედვა

შორენა თაყაიშვილი არქიტექტორ-დიზაინერია, რომელმაც არა ერთი არქიტექტორული, ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინ პროექტი განახორციელა, როგორც დამოუკიდებლად, ისე არქიტექტორულ ჯგუფებთან ერთად და დღემდე აქტიურადაა ჩართული ამ სფეროში.

დღეს შორენა ჩვენს მკითხველს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით უზიარებს საკუთარ გამოცდილებას, როგორიც არის ინტერიერის სივრცითი მოწყობა, ერგონომიკის მნიშვნელობა და სტილების მრავალფეროვნება ინტერიერის დიზაინში. პროფესიონალის ხედვას ჩვენ უცვლელად გთავაზობთ:

ინტერიერის სივრცითი მოწყობა კომპლექსური საქმიანობაა, რომელიც  პრაქტიკულ სწავლებას ეფუძნება. მნიშვნელოვანია დამკვეთთან ურთიერთობა, პროექტის მართვა და შემდგომში მისი რეალიზება. გასათვალისწინებელია, თუ რა სურს დამკვეთს, რა ასაკის ადამიანისთვის (ადამიანებისთვის) ვქმნით ინტერიერს. ვინაიდან ინდივიდი განსაკუთრებით მოძრავი შიდა სივრცეშია, მნიშვნელოვანია პროექტირებისას დავიტოვოთ თავისუფალი ადგილები. ამავე დროს, შევქმნათ უსაფრთხო გარემო და განვსაზღვროთ სტილისტიკა.

ინტერიერის დიზაინი არ არის მხოლოდ ფერები, ფორმა, დეკორატიული ნივთების გამოყენება შიდა სივრცეში. პირველ რიგში, საჭიროა  სწორად დაგეგმარდეს საპროექტო ფართობი, რომელსაც მნიშვნელოვანი დრო ეთმობა და  განაწილდეს ფუნქციური ზონები (ოთახები), რადგან თითოეულ მათგანს  თავისი დანიშნულება აქვს. ასევე, აუცილებლად საყურადღებოა ერგონომიკა.

ერგონომიკა – ეს არის მეცნიერება, რომლის მიზანია, შექმნას ოპტიმალური სისტემა და თანამედროვე მიღწევების დახმარებით, დაადგინოს შრომისა და ცხოვრებისათვის ყველაზე უფრო კომფორტული პირობები. შეგიძლიათ უკვე აღიარებული ერგონომიული პარამეტრები თქვენ თვითონ გადაამოწმოთ მზომის დახმარებით და გაიგოთ, რომელი ზომაა ოპტიმალური.

მაგალითად: სამზარეულოს პროექტირების შემთხვევაში, მაგიდასთან ერთი ადამიანისთვის განსაზღვრული ზომა 60 სმ-ს წარმოადგენს, ეს არის მანძილი იდაყვიდან-იდაყვამდე. მაგიდის თავზე დაკიდებული სანათის ყველაზე დაბალი ნიშნული იატაკიდან შეიძლება 145—150 სმ  იყოს.

იმისთვის, რომ მაგიდასთან ადამიანს სკამის გაწევის საშუალება ჰქონდეს, საჭიროა მაგიდიდან კედლამდე დავტოვოთ მინიმალური ზომა 75სმ. იმიტომ, რომ მჯდომარე ადამიანს 45 სმ სჭირდება.

სტილისტიკა ინტერიერში

გამოვყოფდი 5 ჯგუფს სტილისტიკის მიხედვით:

ისტორიული სტილის ინტერიერის ჯგუფი: ვიქტორიანული, ბაროკო, როკოკო, გოტიკური, კლასიციზმი, ამპირი. წარმოდგენილი სტილებიდან შეიძლება გამოვიყენოთ გარკვეული დეკორის ელემენტები.

ვიქტორიანული
გოთიკური
ბაროკო

გეოგრაფიული  ჯგუფი : სკანდინავიური, ამერიკული, ინგლისური, აზიური და ა.შ.

სკანდინავიური
აზიური
ამერიკული

ინდუსტრიული ჯგუფი: ლოფტი, ინდუსტრიული, ჰაიტეკი, ფუტურიზმი და ა.შ.

ჰაიტეკი
ლოფტი
ფუტურიზმი

კოტეჯების ჯგუფი: პროვანსი, ქანთრი(ფარმჰაუსი), ალპების შალე…

ქანთრი(ფარმჰაუსი)
შალე

Lifestyle: ეთნიკური, ბოჰო, შები შიკი, ჰოლივუდური გლამური, მინიმალიზმი, ეკოსტილი, კიტჩი.

ბოჰო
ეკოსტილი
მინიმალიზმი
ჰოლივუდური გლამური

და ბოლოს, გამოვყოფდი განსაკუთრებით საყურადღებო შემდეგ სტილებს:

1. სკანდინავიური სტილი. ამ სტილმა არა ერთი აღიარებული მოდელი გვაჩუქა. ძირითადად სკამები და სავარძლები. ეს არის მკაცრად დაცული ფუნქციონალურობა და მასალის ბუნებრიობა. სკანდინავიური დიზაინი ფართოდ განვითარდა  XX საუკუნის 50-იან წლებში და ბევრი მოდელი 50-იანების სტილშია წარმოდგენილი.

2. midcentury იგივე 50-იანების სტილი. ამ სტილის სავარძლის ფორმები ფუნქციონალურობაზეა მორგებული. მოდელები ადვილად საცნობი და მისახვედრია. ის  ტანის ფორმას ერგება, რაც  ადამიანს მოდუნების საშუალებას აძლევს. ეს ორი სტილი ძალიან ჰგავს ერთმანეთს და დღესდღეობით  საკმაოდ აქტუალურია.

3.მინიმალიზმში ვხვდებით სწორხაზოვან, მინიმალისტურ ფორმებს. იგი ფორმით შეიძლება 50-იანი წლების ავეჯს ჰგავდეს, თუმცა ბევრად მსუბუქი მასალაა გამოყენებული. ამ სტილის პროდუქტი ბევრად თანამედროვეა, შევხვდებით ბევრ მეტალსა და ახალი ტიპის ტექსტილს.

4. ლოფტი- სუფთად ინდუსტრიული სტილი. დაწყებული მასალებით, დამთავრებული გარკვეული დეტალებით. მასალაში გამოყენებულია ბეტონი, მეტალი, ხე, უხეში ტყავი.

5. პროვანსი- შეიძლება ჩაითვალოს რომანტიკულ სტილად. ახასიათებს მსუბუქი, ტილოს ზოლიანი, ყვავილებიანი ტექსტილით დეკორირებული, მსუბუქად მდიდრული ავეჯი.

5. ბოჰო- ბოჰემური სტილი. ეს სტილი სათავეს იღებს ბოშებიდან. დაიბადა საფრანგეთში და ახლა ძალიან აქტუალურია ამერიკაში. რამდენადაც ბოშური სტილია, მასში ბევრი ხელნაკეთი ჭარბობს, მაგ: მაკრამე.

6. ქანთრი (farm house)- ავიღოთ პროვანსი და გადავიტანოთ ველურ დასავლეთში. ტექსტურები გავხადოთ უფრო უხეში და მასკულინური.

სახლი სახლზე — Bloot Architecture-ის ნამუშევარი

განსხვავებული „თეატრი“ განსხვავებული არქიტექტურული კონცეფციით – სტუდია 9-ის ახალი ნამუშევარი