in

ინტერიერის დიზაინის როლი არქიტექტურაში – გზამკვლევი დილეტანტებისთვის

სასურველი ინტერიერის შექმნის პროცესში ადამიანების გემოვნება და სურვილები ერთმანეთისგან განსხვავდება. ზოგიერთ ჩვენგანს გრანდიოზული სახლი და მაქსიმალისტური დიზაინი სურს, ზოგს კი შედარებით უფრო სადა და მინიმალისტური სივრცეები მოსწონს. მაგრამ, ერთი რამ თითქმის ყოველთვის უცვლელი რჩება, ყველას უნდა ესთეტიკურად სასიამოვნო და დახვეწილი ინტერიერი, რომელიც ხასიათსა და ინდივიდუალიზმს აღძრავს. ინტერიერის დიზაინი განსაზღვრავს სახლის მფლობელის გემოვნებასა და სტილს და ხაზს უსვამს იმას, თუ რა საკითხებია მისთვის მთავარი. ამ ყველაფრის ფონზე, გასაკვირი არაა რომ ინტერიერის დიზაინის მნიშვნელობა ყოველდღიურად იზრდება და დღეს ის თანამედროვე ინდუსტრიის სრულფასოვანი ნაწილი გახდა.

ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ კავშირზე ინტერიერის დიზაინსა და არქიტექტურას შორის, რომელიც დღითიდღე უფრო მყარდება. ინტერიერის დიზაინი მეტ ყურადღებას ფუნქციურ ელემენტებზე ამახვილებს, ფოკუსირდება ავეჯსა და ფერთა პალიტრაზე და სასურველი ატმოსფეროს შექმნაზე, ხოლო არქიტექტურა უფრო მეტად სახლის სტრუქტურასა და განლაგებაზე არის ორიენტირებული. შედეგად, ორივე მათგანის ურთიერთქმედების და შეთანხმებული მოქმედებების ხარჯზე, მიიღება სივრცე, რომელიც სრულიად ერგება მეპატრონის სურვილებსა და გემოვნებას.

მარტივად რომ ვთქვათ, არქიტექტორები ქმნიან შენობებსა და სტრუქტურებს, ხოლო ინტერიერის დიზაინერები მას ხასიათს და ინდივიდუალურ განწყობას მატებენ. არქიტექტორი დიზაინის უფრო ტექნიკურ ასპექტებშია ჩართული, დიზაინერი კი არქიტექტორის მიერ შექმნილი სივრცეების მაქსიმალურად ათვისებასა და დახვეწაზე არის პასუხისმგებელი.

თავის მხრივ, ინტერიერის დიზაინი გულისხმობს საცხოვრებელი სივრცის გალამაზებასა და დაგეგმარებას ისე, რომ ხელი შეუწყოს ფუნქციური და დახვეწილი ნივთების მრავალფეროვნებას. აღსანიშნავია, რომ ინტერიერის დიზაინი, ისევე როგორც არქიტექტურა, არ შემოიფარგლება მხოლოდ საცხოვრებელი ფართების დაპროექტებით, ის საჭიროა პროფესიული სივრცეებისა და სოციალური ადგილების გამრავალფეროვნებისთვისაც.

თანამედროვე სამყაროში უამრავი ადამიანი მიიჩნევს, რომ ინტერიერის დიზაინი არქიტექტურის განუყოფელი ნაწილია, რადგან შენობის დაპროექტება მხოლოდ ოთახების განლაგებას ან ექსტერიერს არ მოიცავს. სინამდვილეში, ადამიანები სულ უფრო მეტად იაზრებენ დიზაინერების როლს და აღნიშნავენ, რომ ის, რაც დაიწყო არქიტექტორმა, სისრულეში სწორედ ინტერიერის დიზაინერმა უნდა მოიყვანოს. მიუხედავად იმისა, რომ არქიტექტურული პროექტი განსაზღვრავს შენობის ფუნდამენტურ მონახაზს, ინტერიერის დიზაინის მნიშვნელობა მდგომარეობს სივრცის კონცეფციის, იდეისა და სტილის შექმნაში და ყოველივე იმაში, რაც ცარიელ კედლებს მყუდრო საცხოვრებლად აქცევს. არქიტექტურა და დიზაინი არის ის ორი ურთიერთდამოკიდებული ფაქტორი, რაც სახლს ხასიათს ანიჭებს და აქცევს დინამიკურ სივრცედ, რომელიც სავსეა განწყობითა და ემოციით.

აღსანიშნავია, რომ წარსულში ინტერიერის დიზაინი განიხილებოდა როგორც ცალკე სფერო, რომელიც მკვეთრად განსხვავდებოდა არქიტექტურისგან და ჰქონდა სრულიად განსხვავებული მიზნები და ფუნქციები. ამან გამოიწვია ორ სფეროს შორის კავშირის გაწყვეტა და ორი ერთეულის ცალკეულ პროფესიებად კლასიფიკაცია, თუმცა, სინამდვილეში, ორივე მათგანის ერთიანობა გადამწყვეტ როლს თამაშობს ერთიანი და დახვეწილი პროექტების შექმნაში.

თანამედროვე სამყაროში ესთეტიკის მზარდი საჭიროებაა. დღეს ადამიანს უფრო მეტად სჭირდება მყუდრო და დახვეწილი საცხოვრებელი, ვიდრე წარსულში. თანამედროვეობა სავსეა აურზაურითა და ქაოსით, რის გამოც მშვიდ და მოწესრიგებულ სახლს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ინტერიერის დიზაინი ეხმარება ადამიანს იმაში, რომ გაიხალისოს ცხოვრების წესი. ეს არის ადამიანის ფუნდამენტური სურვილი იმისა, რომ გარშემო მშვენიერება და სილამაზე ეძიოს. სწორედ ამიტომ, როდესაც სილამაზე და ესთეტიკა შერწყმულია არქიტექტორების მიერ კარგად დაგეგმილ სივრცესთან, ჰარმონიული და სასიამოვნო გარემო იქმნება. დღეს ინტერიერის დიზაინი აღარ არის მხოლოდ ესთეტიკის შექმნის საშუალება, ბოლო წლებში ის მოიცავს ფსიქოლოგიურ ასპექტებსაც და ადამიანის სურვილებსა და ცხოვრების წესზე ორიენტირებული დიზაინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა წარმატებული სივრცეების მოწყობაში.

რომ შევაჯამოთ, ინტერიერის დიზაინი და არქიტექტურა ერთმანეთთან საკმაოდ მჭიდრო კავშირშია და მათი შეთანხმებული ურთიერთქმედებით, უამრავი წარმატებული პროექტი იქმნება. ორივე მათგანი პასუხისმგებელია იმაზე, თუ როგორ ვიგრძნობთ თავს შენობაში, ასე რომ, სივრცის დაგეგმარებისას მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ როგორც არქიტექტურა, ასევე ინტერიერის დიზაინიც.

„ABK“ — კერამიკული ფილების გამორჩეული იტალიური ბრენდი

The Organic Chair – ლეგენდარული დიზაინერების თანამშრომლობით შექმნილი სკამი