in ,

ხის მასალით დაბალანსებული ნათელი ბინა კაკლებში – ელენე ბერაძის პროექტი

Banner M2
Banner M2

ეს ბინა თბილისთან ახლოს, გამწვანებულ და სუფთა გარემოში, ე.წ. “კაკლების” დასახლებაში მდებარეობს და მისი საერთო ფართი 180 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ინტერიერი, რომლის დიზაინზეც ელენე ბერაძემ იმუშავა მოიცავს სამზარეულოს, სასტუმრო ოთახს, კაბინეტს, 2 საძინებელს, 2 გარდერობს, საკუჭნაოსა და 3 სველ წერტილს.

“მუშაობის პროცესში, ჩვენი მიზანი, ფართის მაქსიმალურად ათვისება და მყუდრო, ნათელი გარემოს შექმნა იყო,” – გვიამბობს პროექტის ავტორი, ელენე ბერაძე

ამ მიზანს დიზაინერმა სხვადასხვა საინტერესო მეთოდის გამოყენებით მიაღწია. კომფორტული გარემოს შექმნა ელენემ სამზარეულოდან დაიწყო. მან სასადილო მაგიდა მისაღები ოთახის ნაცვლად, სამზარეულოში განათავსა, ვინაიდან მისი გადმოსახედიდან, ეს გადაწყვეტილება მეტად გამართლებულია როგორც თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით, ასევე ფუნქციურადაც.

მეტი სითბოსა და სიმყუდროვისთვის კი პროექტის ავტორებმა სამზარეულო სივრცე ხის მასალით შეფუთეს, სადაც მაქსიმალურად არის დამალული ტექნიკა, რათა სამზარეულოს აღქმა ნაკლებად თვალშისაცემი ყოფილიყო. ვერტიკალურად დაზოლილი ფასადით კი მოხდა გამყოფი შოვების დამალვა, რაც საერთო ჯამში, ერთიანი ფასადის ვიზუალს იძლევა.

ცენტრალურ წერტილში გვხვდება ელეგანტური კუნძული, რომელიც სამზარეულო და სასადილო ზონებს ერთმანეთისგან ბუნებრივად მიჯნავს.

სამზარეულოს იატაკი დაფარულია ‘’ტერაცოს,, ტიპის მოზაიკით, რომელიც კონკრეტულად სამზარეულოს დიზაინისთვისაა შექმნილი, ვინაიდან მას არ აქვს გამყოფი ხაზები და ის არის ერთიანი მასალა.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რაც ამ ინტერიერში გვხვდება არის ის, რომ კედლებისა და ვიტრაჟების მაგივრად, გამოყენებულია არასტანდარტული, სხვადასხვა ფაქტურის მქონე მინა-ბლოკი, რომელიც ერთდროულად ყოფს და ასევე ერთგვარად ამსუბუქებს ერთმანეთისგან გამიჯნულ სივრცეებს.

სივრცის გაყოფის ეს ტექნიკა განსაკუთრებით ეფექტურად გამოიყურება საძინებელში, სადაც საწოლის ზონა განცალკევებულია კოსმეტიკური მაგიდისგან.

საინტერესოა კაბინეტის დიზაინი. მეტი სიმყუდროვის ეფექტის მისაღებად, პროექტის ავტორებმა ის მუქ ტონებში გადაწყვიტეს, ხოლო ოთახის ფუნქციის ხაზგასასმელად კი  გამომშრალი მუხის ხისგან დამზადებული ავეჯი გამოიყენეს.

სასტუმრო ოთახის თეთრ კედლებზე ყურადღებას იქცევს ხის პანელები, რომლებსაც დამალული კარის ფუნქციასთან ერთად, ესთეტიკური შინაარსიც გააჩნიათ და თეთრ, ცივ და ერთგვაროვან გარემოში მრავალფეროვნება შემოაქვთ. მთლიანობაში კი სივრცეს მდოგვისფერი ავეჯი აცოცხლებს.

ელენე ბერაძის კიდევ ერთი საინტერესო გადაწყვეტა ამ ინტერიერში კარებს უკავშირდება. იმისთვის რომ არ შექმნილიყო სტანდარტული დერეფნისთვის დამახასიათებელი ბნელი და მოსაწყენი გარემო, დიზაინერმა აქცენტი კარებზე გააკეთა, რამაც სივრცე მეტად ნათელი და ორიგინალური გახადა.

პროექტის ავტორი: ელენე ბერაძე

დიზაინ სტუდია: Maison architecture&interior

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

დასასვენებელი სახლი ჩეხეთში

სამზარეულოს გარნიტურის სტანდარტული ზომები