in

არასტანდარტული დიზაინერული გადაწყვეტილებები ერთოთახიანი ბინებისთვის

ბოლო პერიოდში ერთ ოთახიანი და სტუდიოს ტიპის ბინებზე მოთხოვნის ზრდის ტენდენციაა, რაც უძრავ ქონებაზე ფასის მატებით აიხსნება. ამის გამო სივრცის ოპტიმიზაცია და სასარგებლო ფართის მაქსიმალური ათვისება უკიდურესად მნიშვნელოვანია. ამავე დროს, ყოველი გადაწყვეტილება არა მარტო ფუნქციური, არამედ ესთეტიკურიც უნდა იყოს.

სწორედ ამიტომ, დღეს ინტერიერის მოწყობის რამდენიმე საინტერესო გადაწყვეტილება გვინდა განვიხილოთ:

სივრცის მრავალფუნქციურობა

შეზღუდული ფართის პირობებში ფუნქციური ზონები ხშირად ერთმანეთში გარდამავალი ან გაერთიანებულიც არის. სივრცე ოჯახის ყველა წევრის სხვადასხვა საჭიროებებზე უნდა იყოს ადაპტირებული, ამასთან არ უნდა კარგავდეს სილამაზესა და მიმზიდველობას.

გონივრული დეკორირებისა და დაგეგმვის წყალობით ერთდროულად რამდენიმე ამოცანის გადაწყვეტაა შესაძლებელია. მაგალითად, TV – ზონა მობილური გასაშლელი ტიხრების მეშვეობით სათავსოსთან და ბიბლიოთეკასთან შეგვიძლია გავაერთიანოთ. ეს ტიხრები დახურულ მდგომარეობაში ნამდვილი კედლის, ხოლო  გაშლილი – სათავსოს სრულყოფილი ადგილის შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს ხერხი პირველ რიგში მათთვის გამოდგება, ვისაც გამუდმებით აწუხებს შემდეგი კითხვა: „სად წავიღო ეს ყველაფერი?“

სინათლის სიუხვე

სინათლე, სტილისტური გადაწყვეტილებებისა და დეკორის მიუხედავად, ნებისმიერი ინტერიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია. თუმცა, ზოგი მის თვისებებს სათანადოდ ვერ აფასებს და არჩევანს მხოლოდ ცენტრალურ წყაროზე – ჭერის ბრასა და ოთახების შეზღუდულ ფართზე აკეთებს.

პატარა ოთახის სივრცის ვიზუალური გაზრდისთვის შესაძლებელია რამდენიმე ვარიანტის, როგორც ჭერის, ასევე მაგიდის შუქის წყაროების გამოყენება. ჩაშენებული სანათები და ფარდების განათებული კანტები კედლების ფაქტურის, ფანჯრის ღიობისა და ავეჯის ფაქტურის აქცენტირების ეფექტური საშუალებაა. კედლის ბრა კი მყუდრო საღამოსა და მსუბუქი ატმოსფეროს შექმნაში დაგეხმარებათ.

სარკეები

ყველა ვყოფილვართ, ერთხელ მაინც, ოპტიკური ილუზიების მუზეუმში, სადაც ძირითადი ელემენტი სარკეებია. ამრეკლი ზედაპირების ერთ-ერთი მთავარი როლი სივრცის გარდასახვაა.

მნიშვნელობა არა აქვს, რომელ ოთახზეა საუბარი: ვიწრო სააბაზანო, პატარა სამზარეულო თუ შემოსასვლელი. ერთი ზედაპირით ნუ შემოვიფარგლებით: თუ სარკეს კუთხეში მოვათავსებთ, გარკვეული რაკურსიდან ის მეტი პერსპექტივისა და ვრცელი სივრცის შეგრძნებას წარმოქმნის.

თუ ინტერიერში სიმსუბუქისა და ჰაეროვნების, ან ბუნებრივი სინათლის დამატების აუცილებლობა დგება, ფანჯრის იმიტაცია, სადაც შუშის მაგივრად სარკე გამოიყენება, მშვენიერი გადაწყვეტილებაა.

ღია გეგმარება

ღია გეგმარება, სადაც სამზარეულო სასტუმროს, კაბინეტისა და საძინებლის ფუნქციებსაც კი ითავსებს, ბოლო დროს დიდი პოპულარობით სარგებლობს და რაც მთავარია, ეს ბინის ფართზე არაა დამოკიდებული.

ზონების ვიზუალური დაყოფისთვის სრულფასოვანი კედლების აღმართვა აუცილებელი არ არის. ამ ამოცანას  სხვადასხვა კონსტრუქციები მშვენივრად უმკლავდება: კონსოლი, კომოდი, რბილი ავეჯი, რომლებიც ფუნქციური ზონების საზღვრების მონიშვნის გარდა, თავის ფუნქციასაც შეასრულებს.

საკმარისია არასტანდარტული გადაწყვეტილება – ოთახის შუაგულში დივნის, მის უკან კი სამუშაო ან სამზარეულოს მაგიდის დადგმა. ეს ხერხი ზონირების გარდა, ოჯახის ცოცხალ კომუნიკაციას შეუწყობს ხელს. ეს განსაკუთრებით აქტუალური სოციალური ქსელებისა და გაჯეტების განვითარების ეპოქისთვისაა. სამაგიეროდ, კერძის მომზადებისა და გამოგონების პროცესში ნებსით თუ უნებლიედ მთელი ოჯახი იქნება ჩართული.

დაცული: ლეგენდარული რიკარდო ბოფილის არქიტექტურა თბილისში

ელეგანტური ბინა ფარდების გარეშე