სამზარეულოს ან საგარდერობო სივრცის დაგეგმვისას ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპი საბოლოო შედეგის წინასწარ წარმოდგენაა. შესაძლოა ზუსტად იცოდეთ, რა ფერი მოგწონთ, როგორი ფასადი გსურთ ან რამდენი სათავსო გჭირდებათ, თუმცა ცალკეული გადაწყვეტილებების ერთ მთლიან ინტერიერად წარმოდგენა ყოველთვის მარტივი არ არის. როგორ გამოიყურება შერჩეული ხის ტექსტურა კედლის კონკრეტულ ფერთან? რამდენად ორგანულად ჩაჯდება კარადა ოთახის პროპორციებში? ხომ არ აღმოჩნდება სამზარეულოს რომელიმე ელემენტი ზედმეტად მასიური? ან იქნებ სხვა ფერის ფასადი სივრცეს უფრო მოუხდება?
სწორედ ამიტომ, თანამედროვე ავეჯის დაგეგმვისას სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება შესაძლებლობა, საბოლოო შედეგი წარმოების დაწყებამდე დავინახოთ. 3D ვიზუალიზაცია ამ პროცესს გაცილებით გასაგებს ხდის — იდეა აღარ რჩება მხოლოდ წარმოსახვაში და მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა გადაწყვეტა რეალურ სივრცესთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში შეაფასოს.
რატომ არის მნიშვნელოვანი ავეჯის წინასწარ ვიზუალიზაცია?
ინდივიდუალური ავეჯის შემთხვევაში გადაწყვეტილებების დიდი ნაწილი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. კარადის სიგანე გავლენას ახდენს შიდა განლაგებაზე, სამზარეულოს კონფიგურაცია — ტექნიკის პოზიციებზე, ფასადის მასალა და ფერი კი მთლიანად ცვლის სივრცის ხასიათს.
შესაბამისად, მხოლოდ ერთი ლამაზი ნიმუშის არჩევა საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია დავინახოთ, როგორ მუშაობს ყველა ეს ელემენტი ერთად და კონკრეტულად ჩვენს სივრცეში.
წინასწარი ვიზუალიზაცია საშუალებას გვაძლევს, სხვადასხვა ვარიანტი მანამდე შევადაროთ ერთმანეთს, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ. მაგალითად, ვნახოთ, ღია თუ მუქი ფასადი უკეთ ერგება ოთახს, როგორი იქნება ხისა და ქვის ტექსტურების კომბინაცია, სად განთავსდება ტექნიკა ან როგორ ჯობს გარდერობის შიდა სივრცის გადანაწილება.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამზარეულოს ავეჯისა და გარდერობის შემთხვევაში, რადგან ორივე მათგანი ყოველდღიური გამოყენებისთვის იქმნება და ვიზუალურ მხარესთან ერთად მაქსიმალურ ფუნქციურობასაც მოითხოვს.

დიზაინის პროცესში მომხმარებლის ჩართულობა
ციფრული დაგეგმარების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ისიცაა, რომ მომხმარებელი დიზაინის პროცესში უფრო აქტიურად ერთვება. ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ საბოლოოდ შეთავაზებული ვარიანტებიდან აირჩიოს, მას თავად შეუძლია სხვადასხვა კომბინაციაზე ექსპერიმენტი.
შეცვალოს ფასადის ფერი, გადაანაწილოს უჯრები და თაროები, სცადოს განსხვავებული ტექსტურები ან ნახოს, როგორ გამოიყურება ერთი და იგივე ავეჯი კედლის სხვადასხვა ფერთან. ასეთი მიდგომა არჩევანის პროცესსაც ამარტივებს.

3D Planner — „ინტერნას“ ახალი ონლაინ ხელსაწყო
სწორედ ამ შესაძლებლობას სთავაზობს მომხმარებლებს „ინტერნას“ ახალი 3D Planner – ხელსაწყო, რომელიც კომპანიის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ონლაინ დაგეგმარების ფუნქციის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია სახლიდან გაუსვლელად თავად დაიწყოს საკუთარი სამზარეულოს ან ტანსაცმლის კარადის მოდელირება და მომავალ ავეჯს 3D რეჟიმში შეხედოს.
პროცესი სივრცის რეალური პარამეტრების მითითებით იწყება — მომხმარებელი უთითებს კედლის სიგანეს, ოთახის სიღრმესა და ჭერის სიმაღლეს. ამის შემდეგ უკვე შესაძლებელია ავეჯის შიდა ორგანიზების დაგეგმვა: კარების, უჯრებისა და თაროების შერჩევა და მათი საჭიროებების მიხედვით გადანაწილება.
სამზარეულოს დაგეგმვის შემთხვევაში პლატფორმა უფრო დეტალური გადაწყვეტილებების მიღების საშუალებასაც იძლევა. შესაძლებელია ჩასაშენებელი ტექნიკის — ღუმლის, მიკროტალღური ღუმლის, ჭურჭლის სარეცხი მანქანისა თუ გამწოვის — გათვალისწინება და მათი მომავალ სამზარეულოში განთავსება. მომხმარებელი თავად წყვეტს, ქვედა კარადებში უჯრები ურჩევნია თუ შერეული სისტემა და შეუძლია სხვადასხვა კონფიგურაცია წინასწარ მოსინჯოს.
„ინტერნას“ 3D Planner-ის მნიშვნელოვანი ნაწილი ვიზუალური პერსონალიზაციის შესაძლებლობაა. მომხმარებელს შეუძლია ფასადებისთვის სხვადასხვა ფერის, ხისა და ქვის ტექსტურის მოსინჯვა და ისეთი კომბინაციის შერჩევა, რომელიც მის ინტერიერსა და გემოვნებას ყველაზე მეტად შეესაბამება.
დეტალიზაცია ისეთ ელემენტებსაც მოიცავს, როგორიცაა კარადის სახელურების ვიზუალი. ამასთან, შესაძლებელია თავად ოთახის კედლის ფერის შეცვლაც. შედეგად, ავეჯს იზოლირებულ ობიექტად კი არ ვხედავთ, არამედ შეგვიძლია შევაფასოთ, როგორ გამოიყურება ის იმ გარემოში, რომლისთვისაც რეალურად იქმნება.
ეს ფუნქცია განსაკუთრებით გამოსადეგია მაშინ, როდესაც რამდენიმე ვარიანტს შორის არჩევანი გვიჭირს — მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა კომბინაცია მოსინჯოს და გადაწყვეტილება უკვე ვიზუალური შედეგის საფუძველზე მიიღოს.

იდეიდან რეალურ ავეჯამდე
დაგეგმარების დასრულების შემდეგ მომხმარებელი იღებს მზა 3D ვიზუალსა და პროექტისთვის საჭირო მონაცემებს. ამგვარად, პლატფორმა ერთგვარ საწყის წერტილად იქცევა, სადაც საკუთარი იდეების გამოცდა და კონკრეტულ ფორმამდე მიყვანა პროფესიონალთან შეხვედრამდეც შესაძლებელია.
თუმცა ციფრული ხელსაწყოს მთავარი ღირებულება პროფესიონალის ჩანაცვლება კი არა, მომხმარებელსა და ავეჯის მწარმოებელ გუნდს შორის კომუნიკაციის გამარტივებაა. როდესაც დამკვეთს უკვე აქვს წარმოდგენა სასურველ კონფიგურაციაზე, ფერებზე, მასალებსა და ფუნქციურ განაწილებაზე, შემდეგ ეტაპზე პროექტის დაზუსტებაც ბევრად უფრო კონკრეტული ხდება.
„ინტერნას“ შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია ონლაინ შექმნილი მოდელი კომპანიას გაუგზავნოს, რის შემდეგაც გუნდი პროექტის ზუსტ განფასებასა და რეალიზაციაში დაეხმარება. შესაბამისად, პროცესი საინტერესო თანმიმდევრობას იძენს: მომხმარებელი თავად ცდის იდეებს, ხედავს სხვადასხვა ვარიანტს 3D სივრცეში, არჩევს მისთვის სასურველ მიმართულებას, პროფესიონალები კი მიღებულ კონცეფციას ტექნიკურად ამუშავებენ და რეალურ ავეჯად გარდაქმნიან.
საბოლოოდ, მსგავსი ციფრული ხელსაწყოების მთავარი უპირატესობა სწორედ არჩევანის თავისუფლებაა — შესაძლებლობა, ჯერ ნახო, შეადარო და შეცვალო, შემდეგ კი მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება. როდესაც საქმე ინდივიდუალურად დამზადებულ სამზარეულოს ან გარდერობს ეხება, ეს დამატებითი ეტაპი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, საკუთარ არჩევანში უფრო დარწმუნებული იყოს და მომავალ ინტერიერზე გაცილებით მკაფიო წარმოდგენა ჯერ კიდევ წარმოების დაწყებამდე შეიქმნას.
[R]






