წყნეთში მდებარე სახლი, რომლის ფართობი 160 კვადრატულ მეტრს შეადგენს, იმ სივრცეებს შორისაა, სადაც ინტერიერი და ექსტერიერი ერთიან, გააზრებულ ისტორიად იქცევა. პროექტის ავტორი ანა მოსიძეა, რომელმაც მეუღლესთან ერთად წლების განმავლობაში ეტაპობრივად შექმნა საცხოვრებელი სივრცე, რომელშიც თითოეული დეტალი პირად ემოციას, მოგონებასა და გააზრებულ დიზაინერულ ხედვას ატარებს.

სახლის ისტორია იმ მომენტიდან იწყება, როდესაც ის ანას მამამ მრავალი წლის წინ ერთი გამორჩეული ქვის ფრაგმენტის გამო შეიძინა.

როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიამბობს, იმ დროისთვის შენობა სრულ რეაბილიტაციას საჭიროებდა. ძველი სახლიდან მხოლოდ კრამიტის გადახურვა და ღობე შენარჩუნდა, დანარჩენი კი სრულიად ახალი კონცეფციის მიხედვით ჩამოყალიბდა. თავდაპირველი აგურის ფასადი სათანადოდ არ გამოკვეთდა კრამიტის ხასიათს, ამიტომ ფასადის ზედაპირი სპეციალური ტექსტურული დამუშავებით გარდაიქმნა. პროექტის მთავარი შთაგონება თავიდანვე ტოსკანური და მექსიკური არქიტექტურის ესთეტიკა იყო — უხეში ტექსტურები, ბუნებრივი მასალები, კრამიტი, თიხის ქოთნები და სიმწვანე, რამაც ზუსტად ის ატმოსფერო შექმნა, რომლის მიღწევაც ავტორებს სურდათ. საბოლოოდ, ტრავერტინის ტექსტურის მქონე კედლები და გამწვანება ფასადის მასიურობას აბალანსებს და ექსტერიერს განსაკუთრებულ სიღრმეს ანიჭებს.
ინტერიერიც იმავე პრინციპს აგრძელებს — ეს არის სივრცე, რომელიც ნელ-ნელა, სხვადასხვა დეტალის დაგროვებით შეიქმნა. შესასვლელში სტუმარის ყურადღებას პირველივე წუთიდან იპყრობს ნინა კიკალიშვილის პრინტით გაფორმებული კარადა, რომელიც სახლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ელემენტია.

კორიდორში გვხვდება ხელით შესრულებული ქვის იატაკი — თითოეული ქვა 3 და 5 სანტიმეტრის ზომებადაა დაჭრილი და ინდივიდუალურად დაგებული, რაც სივრცეს უნიკალურ ხასიათს სძენს. სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი ტექსტურული კედლები ინტერიერსა და ექსტერიერს ერთმანეთთან აკავშირებს, ხოლო განათება სწორედ იმ სივრცისთვის შეირჩა.
ინტერიერის მხატვრულ ხასიათს მნიშვნელოვნად გამოკვეთს მისაღებისა და სამზარეულოს შპალერი, რომელზეც ანა მოსიძემ და ნინა კიკალიშვილმა ერთობლივად შექმნეს. ეს კედლები იმდენად ძლიერ ვიზუალურ აქცენტს წარმოადგენს, რომ ანამ მხოლოდ ერთი ფერწერული ნამუშევრის დამატება გადაწყვიტა — კოკა ციხელაშვილის სადიპლომო ნამუშევარი „ქართლის ცხოვრება“, რომელიც თითქოს სწორედ ამ სივრცისთვის შეიქმნა. ინტერიერის კიდევ ერთი გამორჩეული ელემენტია Ingo Maurer-ის საკულტო ჭაღი, რომლის თითოეულ ნათურაზე სხვადასხვა ენაზე დაწერილი სასიყვარულო წერილებია დატანილი.
სამზარეულო ფაქტურებისა და მასალების საინტერესო დიალოგს ქმნის. განსაკუთრებული ისტორია აქვს სასადილო მაგიდასაც. ძველი მაგიდის ფეხებისთვის ხის ზედაპირი დამზადდა, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად სახლის მეპატრონეს მარმარილოს გამოყენება ჰქონდა ჩაფიქრებული. საბოლოოდ სწორედ ხემ მისცა ნივთს ის ბუნებრივი ხასიათი, რომელიც ინტერიერს ყველაზე მეტად შეეფერებოდა. თანამედროვე სკამები ძველ ელემენტებთან კონტრასტს ქმნის, ხოლო მოზაიკის კედელზე განთავსებულ ღია თაროებზე ყოველდღიური მოხმარების ნივთებია განლაგებული, რაც სივრცეს სიცოცხლესა და ფერს მატებს.
ყველაზე ემოციური დეტალი კი, ალბათ, სამზარეულოს კედელია, სადაც ანას ბებიის ხელნაწერი რეცეპტებია განთავსებული. ძველი რვეულიდან ამოჭრილი ფურცლები ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა და ამ სივრცეს განსაკუთრებული ოჯახური სითბოთი ავსებს.
ჩვენი რესპონდენტისთვის კიდევ ერთი განსაკუთრებული დეტალი მისაღების დიდი თაროა, სადაც მრავალი წლის განმავლობაში წყვილის მიერ სხვადასხვა ქვეყნიდან და მოგზაურობიდან შეგროვებული ნივთებია თავმოყრილი. სწორედ ეს კოლექცია ანიჭებს სივრცეს ინდივიდუალურ ხასიათს.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მთავარი საძინებლის სველი წერტილი. აქ თითოეული გადაწყვეტილება — ქვის ფერიდან დაწყებული, სარკის ფორმით დასრულებული — დიდი ხნის ფიქრის შედეგია. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ყალიბის გარეშე ხელით დამზადებულ ორ ნიჟარას, რომლებიც სივრცეს სკულპტურულ ხასიათს ანიჭებს, ხოლო ელეგანტური დიზაინის სარკე ამ კომპოზიციას სრულყოფილად ავსებს.
ეს სახლი მხოლოდ დიზაინის პროექტი არ არის. ის წლების განმავლობაში დაგროვილი მოგონებების, საერთო შრომის, ხელით შექმნილი დეტალებისა და სიყვარულით მიღებული გადაწყვეტილებების ერთობლიობაა. სწორედ ამიტომ, მიუხედავად დახვეწილი დიზაინისა და საერთაშორისო ბრენდების გამოყენებისა, ინტერიერის მთავარი ღირებულება მისი ავთენტურობაა — სივრცე, სადაც ესთეტიკა და პირადი ისტორია ბუნებრივად ერწყმის ერთმანეთს.







































