in

ფერით შექმნილი ინტერიერი ჭილაძის ქუჩაზე — Concept Design Studio-ს ნამუშევარი

თბილისში, საბურთალოზე, ჭილაძის ქუჩაზე მდებარე 58 მ² ბინის ინტერიერი Concept Design Studio-ს დამფუძნებლებმა, ანანო მეგრელიშვილმა და თათია ბაზაძემ შექმნეს. გასაქირავებლად განკუთვნილ სივრცეში დამკვეთის მთავარი სურვილი სიმყუდროვის, ფერადოვნებისა და თვალშისაცემი ვიზუალის გაერთიანება იყო. პროექტის ავტორებმა მთავარ გამომსახველობით საშუალებად ფერი აირჩიეს და ინტერიერის ხასიათიც სწორედ მის გარშემო ააგეს.

როგორც პროექტის ავტორები გვიამბობენ, გასაქირავებელი ბინის მოწყობა გარკვეულ სირთულეებს უკავშირდებოდა: სივრცე უნდა შექმნილიყო ადამიანისთვის, რომლის გემოვნება და ცხოვრების წესი წინასწარ უცნობი იყო. ამასთან, მასალების შერჩევისას თანაბრად მნიშვნელოვანი იყო მათი გამძლეობა და ესთეტიკური თვისებები. ამოცანა ისეთი ინტერიერის შექმნას გულისხმობდა, რომელიც მომავალ მცხოვრებს მყუდრო გარემოს შესთავაზებდა და ბაზარზე არსებულ სხვა ბინებს შორისაც დასამახსოვრებელი იქნებოდა.

ფართობის გათვალისწინებით, გეგმარებაში მასშტაბური ცვლილებების შესაძლებლობა შეზღუდული იყო. ამიტომ ავტორებმა ყურადღება ფერთა ურთიერთმიმართებასა და ცალკეული დეტალების შეთანხმებაზე გაამახვილეს. სასურველი ტონების პოვნა სამუშაო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი აღმოჩნდა — საბოლოო შედეგამდე სხვადასხვა საღებავი რამდენჯერმე გამოსცადეს.

გეგმარებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩარევა შესასვლელის ზონირებას შეეხო. თავდაპირველად, ბინაში შესვლისას ადამიანი პირდაპირ მისაღებ ოთახში ხვდებოდა — ჰოლი საერთო სივრცისგან გამოყოფილი არ იყო. ანანო იხსენებს, რომ ბინაში პირველად სტუმრობისას სწორედ ამ გარემოებამ შეუქმნა დისკომფორტი. გამოსავალი შუშის ტიხარი აღმოჩნდა, რომელმაც შესასვლელი და მისაღები ერთმანეთისგან გამიჯნა და ორი დამოუკიდებელი ზონა გამოკვეთა.

პროექტის კიდევ ერთი გამორჩეული გადაწყვეტა საძინებელში გვხვდება. კედლებზე გამოყენებულ ორ ფერს შავი მოლდინგის ხაზი აკავშირებს. ეს დეტალი თავდაპირველი ჩანაფიქრის ნაწილი იყო, თუმცა ავტორებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მისი გაგრძელებაც: ხაზი კარადასა და ფარდაზეც მეორდება და ოთახის სხვადასხვა ელემენტს ერთმანეთთან აკავშირებს. ამგვარად, კედლის გაფორმება მთლიანი სივრცის კომპოზიციის ნაწილად იქცევა.

ავტორის დახასიათებით, ინტერიერი მყუდრო, მხიარული და საინტერესოა. ამ განწყობას ფერებთან ერთად გააზრებული ზონირება და განმეორებადი დეტალებიც ქმნის. პროექტში შეზღუდული ფართობი ფერისა და ფორმის ექსპერიმენტის შესაძლებლობად იქცა, რომლის შედეგადაც გასაქირავებელმა ბინამ ინდივიდუალური ხასიათი შეიძინა.

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

რას აღმოაჩენ „შეკრების“ Marketplace სივრცეში? – 2026 წლის გზამკვლევი