არქიტექტურისადმი ინტერესი ხშირად იწყება გარემოზე დაკვირვებითა და სურვილით, გაიგო, როგორ არის მოწყობილი სამყარო – ბუნებრივი კანონზომიერებებიდან ადამიანის მიერ შექმნილ მექანიზმებამდე. ოთო ხელაშვილისთვის ამ ცნობისმოყვარეობამ ბავშვობიდანვე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა არქიტექტურამდე მისასვლელ გზაზე. დროთა განმავლობაში კი მან ამ სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი – საკუთარი აზრებისა და ხედვის გამოხატვის შესაძლებლობა აღმოაჩინა.
სტუდენტობის პერიოდშივე დაწყებულმა პრაქტიკულმა საქმიანობამ ოთოს ქართული არქიტექტურული გარემოს მრავალფეროვანი მხარეები და სამუშაო პროცესის სირთულეები გააცნო. სხვადასხვა ტიპის პროექტზე დაგროვილ გამოცდილებას თანდათან საკუთარი პრაქტიკის შექმნის სურვილიც დაემატა – გაეერთიანებინა პროფესიული ცოდნა და შემოქმედებითი ხედვა, რათა იდეების განხორციელებისთვის დამოუკიდებელი სივრცე შეექმნა. სწორედ ამ სურვილის შედეგად, ოთო ხელაშვილმა და მისმა პარტნიორმა, ტატიანა ბაშელეიშვილმა, არქიტექტურული სტუდია HURO დააფუძნეს.
HURO-სთვის თითოეული პროექტი ინდივიდუალური ისტორიაა, რომლის მთავარი იდეაც მზა ფორმულით კი არა, ადამიანთან დიალოგით იკვეთება. ამ პროცესში საწყისი ჩანაფიქრი კონკრეტულ გარემოს, ადგილის თავისებურებებსა და პრაქტიკულ შეზღუდვებს ერგება, ხოლო არქიტექტურული გადაწყვეტა თანდათან ყალიბდება – კონცეფციიდან რეალურ სივრცემდე.
ინტერვიუში ოთო ხელაშვილი გვიყვება არქიტექტურისადმი საკუთარ ინტერესზე, HURO-ს შექმნის ისტორიასა და სტუდიის მუშაობის პრინციპებზე. ვსაუბრობთ, როგორ შეიძლება შეზღუდვები იქცეს დიზაინის ნაწილად, რატომ არ უნდა შემოიფარგლებოდეს არქიტექტორის როლი მხოლოდ დამკვეთის სურვილების შესრულებით და რა პასუხისმგებლობა ახლავს სივრცეების შექმნას, რომლებიც ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში წლების განმავლობაში რჩება.

ოთო, მოგვიყევით, როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა არქიტექტურასთან და რა გამოცდილებამ განსაზღვრა თქვენი პროფესიული არჩევანი?
არქიტექტურა ჩემთვის არ ყოფილა უბრალოდ არჩევანი – ეს იყო ერთადერთი გზა, რომელიც ბავშვობიდანვე ავირჩიე. ყოველთვის დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი, როგორ ფუნქციონირებს სამყარო, როგორც ფილოსოფიურ, ისე წმინდა პრაქტიკულ ჭრილში. მაინტერესებდა ყველაფერი: ბუნების კანონზომიერებები თუ ადამიანის მიერ შექმნილი მექანიზმები. გრაფიკული მასალის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული მქონდა და, ალბათ, სწორედ ამ ცნობისმოყვარეობამ მიმიყვანა არქიტექტურის ფაკულტეტამდე. იქ გავლილმა წლებმა კი, საბოლოოდ, დამარწმუნა, რომ არქიტექტურა სწორედ ის ენაა, რომლითაც ჩემი ფიქრებისა და ხედვის გამოხატვა შემიძლია.
თქვენი კარიერის განმავლობაში რა ეტაპებს ან პროექტებს გამოყოფდით, რომლებმაც ყველაზე მეტად შეცვალა თქვენი, როგორც არქიტექტორის, ხედვა და მუშაობის მეთოდი?
ჩემი პროფესიული ხედვის ფორმირებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა იმ ფაქტს, რომ პრაქტიკული გამოცდილების მიღება ჯერ კიდევ სტუდენტობისას დავიწყე. წლების განმავლობაში ვმუშაობდი უამრავი სხვადასხვა ნიუანსის პროექტზე, სადაც ქართულ რეალობას, სამუშაო პროცესის სირთულეებსა და დინამიკას გავეცანი. დროთა განმავლობაში გაძლიერდა საკუთარი პრაქტიკის წამოწყების სურვილი, რითაც შევძლებდი იდეების ყოველგვარი კომპრომისის გარეშე განხორციელებას. სწორედ ამ შინაგანმა ბიძგმა და დამოუკიდებელ პროექტებზე მუშაობის გამოცდილებამ მიმიყვანა ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან პროფესიულ ეტაპამდე – 2021 წელს მე და ჩემმა პარტნიორმა, ტატიანა ბაშელეიშვილმა, HURO დავაარსეთ.

გაგვიზიარეთ, როგორ ჩამოყალიბდა Huro – რა ხედვის გარშემო შეიქმნა სტუდია და რა ძირითად პრინციპებს ეფუძნება თქვენი სამუშაო დღეს?
HURO-ს შექმნის იდეა გაჩნდა სურვილით, დავბრუნებოდით არქიტექტურის უმთავრეს, წმინდა საფუძვლებს, და ამავდროულად, მეორე მხარისთვის – დამკვეთებისთვის – პროცესი გაგვეხადა მარტივი. არქიტექტურული პროექტირების ფენომენი თავისი არსით ძალიან დადებითი, შემოქმედებითი რამეა. პარადოქსულად, ის ხშირად სტრესთან ასოცირდება. დროში ნაწრთობი გამოცდილებით, ექსპერტიზით ტვირთს ვამსუბუქებთ, ქაოსს ვალაგებთ და სრულ საპროექტო, საზედამხედველო პროცესს ვმართავთ გუნდურად. ჰუროს სლოგანიც სწორედ ეს არის – „Projecting comfort zones“ – „კომფორტის ზონების პროექტირება“. ვქმნით ნაფიქრ არქიტექტურასა და დიზაინს, ხოლო კომფორტი იგრძნობა როგორც მუშაობის პროცესში, ისე საბოლოო შედეგში. ასევე, ვთვლით, რომ არქიტექტურულ ჭრილში კომფორტის ზონიდან თუ გახვალ, სიამოვნებით უნდა დაუბრუნდე კიდეც.

როდესაც კონკრეტულ პროექტზე იწყებთ მუშაობას, როგორ ეძებთ მის მთავარ არქიტექტურულ იდეას? რა ხდება შთაგონების წყარო ყველაზე ხშირად?
HURO-ს ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ კრეატივსა და კრაფტში შაბლონებს არ ვცნობთ. არ გვაქვს წინასწარ გამზადებული ფორმულები, რადგან ყოველი ახალი დაკვეთა სრულიად უნიკალური ისტორიაა – თავისი ნიუანსებით, იდეით, ჩანაფიქრითა თუ ოცნებით. ამიტომ, შთაგონების მთავარ წყაროს ყოველთვის უშუალოდ ადამიანთან დიალოგში ვეძებთ. ვუსმენთ მათ სურვილებს, ემოციებს, ზოგჯერ სენტიმენტებსა თუ ზღაპრებსაც კი და ვცდილობთ, ის ერთი მთავარი მარცვალი ვიპოვოთ, რაზეც მთელი კონცეფცია აშენდება. პროექტირება, ფაქტობრივად, ძერწვის პროცესია, სადაც შედეგი კონტექსტუალურად გამოიკვეთება დიალოგის რეჟიმში. სხვის ქაოსს უამრავ “ტექნიკურ ძაბრში” გამოვატარებთ და თითოეული პროექტის გარშემო იკვრება ეკოსისტემა, რომელშიც ბევრი ტალანტია ჩართული.
როგორ ფიქრობთ, რა ფაქტორები ახდენს გავლენას ადამიანის მიერ სივრცის აღქმაზე და როგორ შეუძლია არქიტექტორს განსაზღვროს ეს გამოცდილება?
არქიტექტურული გამოცდილება შეიძლება იყოს ძალიან პერსონალური, ნოსტალგიური, სენტიმენტალური, ინტიმურიც კი. ადამიანის მიერ სივრცის აღქმაზე უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას, მაგრამ მთავარი მაინც ბუნებრივი, ხელოვნური და შინაგანი სამყაროს შეხმატკბილებაა. ჩვენი მიზანია, აბსტრაქტული იდეა ზუსტად მოვარგოთ რეალობას. ამაში იგულისხმება ზოგადი კონტექსტი, რელიეფი, ადგილის სპეციფიკა, მდებარეობა, მზის მოძრაობის ტრაექტორია, არქიტექტურის გლობალური სტანდარტები და მუნიციპალური მითითებები. როდესაც სივრცე ფიზიკურ კანონზომიერებებს პასუხობს და თან მფლობელის ხასიათს ირეკლავს, ადამიანი მასში თავს ბუნებრივად და კომფორტულად გრძნობს.
არქიტექტურულ პროექტში ხშირად ერთმანეთს უპირისპირდება იდეა და რეალური პირობები – როგორ განსაზღვრავთ პრიორიტეტებს შეზღუდვებსა და თავდაპირველ კონცეფციას შორის?
ყველა პროექტს აქვს შეზღუდვები და პროფესიონალის ხელში ეს შეზღუდვები დიზაინის ნაწილი ხდება. იდეისა და რეალობის ჭიდილი არქიტექტურის განუყოფელი და, ალბათ, ყველაზე საინტერესო პროცესია. ჩვენ ამ შეზღუდვებს აღვიქვამთ არა როგორც ბარიერს, არამედ როგორც ფორმის განმსაზღვრელ ინსტრუმენტსა და ტრამპლინს. სწორედ თავდაპირველ კონცეფციასა და მოცემულ შეზღუდვებს შორის კომპრომისების, გამონაკლისებისა და საერთო ენის პოვნის პროცესში იბადება ყველაზე საინტერესო, პრაქტიკული და სიცოცხლისუნარიანი არქიტექტურული გადაწყვეტილებები.

რას ნიშნავს თქვენთვის, როგორც არქიტექტორისთვის, წარმატებული პროექტი?
ჩვენი შექმნილი არქიტექტურა ხშირად არის სუბიექტური. არც არის აუცილებელი, რომ ის ყოველთვის რაიმე პრობლემას ჭრიდეს. პროექტირებისას პრობლემა ზოგჯერ არც არსებობს. ჩემთვის წარმატებული პროექტის ფორმულა ძალიან მკაფიოა: პირველ რიგში, მასში მონაწილე მთავარი პერსონაჟები – დამკვეთიც და არქიტექტორიც – კმაყოფილი უნდა იყვნენ მიღებული შედეგით; მეორე – პროექტი კიდევ უფრო წარმატებულია მაშინ, როცა ის რეალურ ცხოვრებაშიც იწყებს ფუნქციონირებას; მესამე – წარმატებული პროექტი მხოლოდ ლამაზ რენდერსა და ვიზუალს არ ნიშნავს – ნამდვილი კარგი არქიტექტურა გადის დროის ტესტს და ყოველდღიურ გამოყენებაში ამართლებს მოლოდინებს, ზოგჯერ – აჭარბებს კიდეც.

თქვენი გამოცდილებით, რა საკითხი მიგაჩნიათ ყველაზე პრობლემურად ქართულ არქიტექტურულ გარემოში და სად ხედავთ ცვლილების ყველაზე დიდ შესაძლებლობას?
ქართულ არქიტექტურულ რეალობაში ყველაზე დიდ გამოწვევად პროფესიული გამბედაობის ნაკლებობა მიმაჩნია. არქიტექტორი არ არის მხოლოდ შემსრულებელი; მისი პირდაპირი ვალია, იყოს კომპეტენტური მრჩეველი. მან მკაფიოდ უნდა მიუთითოს, რა არის სწორი და რა არასწორი, რა არის უკეთესი ან უარესი. სამწუხაროდ, ხშირად ვხედავთ ტენდენციას, როცა პროფესიონალები დუმან და შეცდომებზე თვალს ხუჭავენ მხოლოდ იმიტომ, რომ პროექტი მალე ჩაბარდეს. მიდგომა უნდა შეიცვალოს – ჩვენ მეტი პრინციპულობა უნდა გამოვიჩინოთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კომპეტენცია ცალსახად ჩვენ მხარესაა.
თქვენი აზრით, რა პასუხისმგებლობა აკისრიათ არქიტექტორებს მომავალი თაობების წინაშე და რას ურჩევდით იმ დამწყებ არქიტექტორებს, რომლებსაც საკუთარი შემოქმედებით საზოგადოებაში წვლილის შეტანა სურთ?
ვფიქრობ, ნებისმიერი პროფესიონალის ვალია, არასოდეს შეუშინდეს სიმართლის თქმას. ჩვენი პროფესიის სპეციფიკა ისეთია, რომ ჩვენს შეცდომებსა თუ მიღწევებს თაობები პირდაპირ საკუთარ თავზე გამოცდიან. ნებისმიერი სივრცე, რომელსაც დღეს ვქმნით, ხვალ ვიღაცის მოსავლელი და შესანახი გახდება. ამიტომ, უდიდესი სიფრთხილითა და კრიტიკული თვალით უნდა შევაფასოთ თითოეული ნაბიჯი. დამწყებ არქიტექტორებს კი ვურჩევდი: არასდროს დაკარგოთ პასუხისმგებლობის გრძნობა. დედამიწაზე შეზღუდულია თავისუფალი ადგილები. კონკრეტულ ნაკვეთზე თქვენი ხედვით შექმნილ სივრცეებს ადამიანების ყოველდღიურობაზე ხილული თუ უხილავი გავლენა ექნება და ეს არის უდიდესი პატივი.











