in

არქიტექტურული აზროვნება შემეცნებიდან სივრცემდე – ინტერვიუ W2KSHOP-ის დამფუძნებლებთან

ნებისმიერი არქიტექტორისთვის შემოქმედება დაუსრულებელი ძიებისა და კვლევის პროცესია, რომელიც მის მოღვაწეობას მუდამ თან სდევს. არქიტექტორი აკვირდება და სწავლობს ყველაფერს, რაც მის გარშემო ხდება და შემეცნებას საკუთარი საქმიანობის განუყოფელ ნაწილად აქცევს. ამ პროცესში აღმოჩნდება ხოლმე, რომ არქიტექტურული სამყარო იმდენად ვრცელია, ნებისმიერი სხვა დარგის დატევაც შეუძლია. ამგვარად, არქიტექტურა არა მხოლოდ მრავალფეროვანი, არამედ მრავალწახნაგოვანიც არის და ის განსაკუთრებით საინტერესო ხდება, როდესაც ერთ-ერთ არქიტექტურულ წახნაგად ხელოვნება იქცევა.

არქიტექტორები ლადო შონია და დიმიტრი ერისთავი სტუდია W2KSHOP Collective-ის თანადამფუძნებლები არიან. მათ მრავალწლიანი მეგობრობა და შემოქმედებითი ურთიერთობა აკავშირებთ. მათი პრაქტიკა აერთიანებს როგორც არქიტექტურულ პროექტირებას, ისე კვლევით, საგანმანათლებლო და კურატორულ საქმიანობას, რაც მათ მუშაობას მრავალშრიან პროცესად აქცევს. 

დღევანდელ ინტერვიუში ლადო გვიზიარებს, არამხოლოდ საკუთარ პროფესიულ გზასა და გამოცდილებას, არამედ იმ შეხედულებებსა და პრინციპებს, რომლებსაც მათი სტუდიის საქმიანობა ეფუძნება. იგი გვიამბობს ხელოვნების როლზე შემოქმედებით პროცესში, როგორ ყალიბდება არქიტექტურული აზროვნება და როგორ ვითარდება ყოველდღიურობა არქიტექტურულ სამყაროში.

გვიამბეთ თქვენ შესახებ – როდის და როგორ დაინტერესდით არქიტექტურით?

ჩემ შემთხვევაში – ცოტა შემთხვევით. ყოველთვის მაინტერესებდა ხელოვნება… რაღაც მომენტში, ჩემს ცხოვრებაში პროფესიის არჩევანის გაკეთება რომ მომიწია, სხვადასხვა პროფესიების განხილვისას, ვიფიქრე, რომ ყველაზე მეტად, ალბათ, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე ჩაბარება მინდოდა. მაგ დროს ჩემი სამხატვრო შესაძლებლობები არ მაძლევდა იმის საშუალებას, რომ მარტივად ჩამებარებინა. ამიტომ, ჩემმა პედაგოგმა მირჩია, არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩამებარებინა და შემდგომ ჩემი გზა გამეკვალა შიდა მობილობით. ასე აღმოვჩნდი არქიტექტურის ფაკულტეტზე სამხატვრო აკადემიაში. 

ცოტა ირონიულია, მაგრამ არქიტექტურის პირველი გამოცდილება არ მომხდარა რომელიმე კონკრეტული შენობით, სივრცით ან არქიტექტურით, არამედ საბჭოთა ენციკლოპედიებით, რომლებიც ზაფხულის სააგარაკე სახლში მქონდა. ეს “პრე-ინტერნეტ” დრო იყო და ინფორმაციას მაშინ ბეჭდური მედიით უფრო ვიღებდით. ყოველ შემთხვევაში, მთელი ზაფხული გავატარე ენციკლოპედიებში ყველა სახის არიქტექტურული ინფორმაციის კითხვაში და სანამ სწავლას დავიწყებდი, გარკვეული დილეტანტური წარმოდგენა ჩამომიყალიბდა დისციპლინაზე. მახსოვს, შემდგომში ამ ცოდნას რომ ვადარებდი ინტერნეტში მოძიებულ სხვადასხვა საიტებზე, აბსოლუტურად შოკირებული ვიყავი.

ხელოვნების რეზიდენცია და გალერეა ბაკურციხეში, W2KSHOP-ის მიერ შესრულებული პროექტი

გვიამბეთ თქვენი გამოცდილების შესახებ W2KSHOP-ის დაფუძნებამდე – რამ მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა თქვენი არქიტექტურული ხედვის ჩამოყალიბებაზე?

მე და დიმიტრიმ ერთდროულად ჩავაბარეთ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. დაახლოებით ორი წლის შემდეგ დიმიტრი სასწავლებლად საზღვარგარეთ გაემგზავრა, მე სწავლა აქ გავაგრძელე.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ჩამოყალიბებული წარმოდგენა მქონდა, თუ როგორ ვხედავდი საკუთარ თავს ამ დისციპლინაში, დაიწყო პერიოდი, რომელსაც ხშირად „საკუთარი თავისა და პროფესიული მიმართულების ძიებას“ უწოდებენ.

სწავლის დასრულების შემდეგ, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში, მეგობრებთან ერთად საზღვარგარეთ სწავლისთვის ვემზადებოდი, რაც უმეტესად გერმანული ენის შესწავლას მოიცავდა. პარალელურად ვმუშაობდით მცირე მასშტაბის პროექტებზე და სხვადასხვა არქიტექტურულ კონკურსებში ვმონაწილეობდით. საბოლოოდ, საზღვარგარეთ სასწავლებლად გამგზავრება ვერ მოვახერხე, რადგან ნელ-ნელა სხვადასხვა არქიტექტურულ ოფისში მუშაობამ ჩამითრია.

მქონდა გამოცდილება შედარებით დიდ არქიტექტურულ ოფისებშიც, სადაც უკეთ გავაცნობიერე ის გარემო და პირობები, რომლებშიც არქიტექტორს უწევს მუშაობა – როგორც ინდივიდს, ასევე კოლექტივის წევრს. როდესაც დღევანდელ თავს იმ პერიოდს ვადარებ, ბევრ მნიშვნელოვან და დადებით ცვლილებას ვხედავ.

ვფიქრობ, ბოლო 10–15 წლის განმავლობაში არქიტექტურული ლანდშაფტი მნიშვნელოვნად შეიცვალა. ადრე ეს გარემო უფრო ხისტი და მოუქნელი იყო, დღეს კი ბევრად მრავალფეროვანი და გახსნილი გახდა. ყველა გამოცდილებას, ალბათ, თავისი მნიშვნელობა აქვს, თუმცა არ მგონია, რომ მაშინ მიღებული გამოცდილების ყველა ასპექტი დღესაც ისეთივე რელევანტური იყოს.

ადამიანებს მნიშვნელოვნად მიაჩნიათ საკუთარი გამოცდილება, თუმცა მე მგონია, რომ ყველამ უნდა სცადოს, იმუშაოს სხვასთან. პირადად მე, ყველაზე მეტად იმ პრაქტიკებისა და მიდგომების ნაკლებობას ვგრძნობდი, რომლებიც თავად მაინტერესებდა. მიჭირდა იმ პროექტებთან ემოციური და ინტელექტუალური კავშირის პოვნა, რომლებზეც ვმუშაობდი. იშვიათად ვხვდებოდი იმ ადამიანებს, ვისთვისაც რეალურად იქმნებოდა ეს პროექტები. საქმიანობა თითქმის მთლიანად მოკლებული იყო კვლევით და თეორიულ კომპონენტს, ხოლო ყოველდღიური სამუშაო პროცესი ხშირად მექანიკურ და ინტუიციურ მოქმედებებამდე დადიოდა. დღის უმეტეს ნაწილს კომპიუტერთან ვატარებდი.

სწორედ ამიტომ, ოფისში მუშაობის პარალელურად, მეგობართან ერთად პატარა სახელოსნოს ვქირაობდი, სადაც სამუშაო დღის დასრულების შემდეგ საკუთარ პროექტებზე ვმუშაობდი. სახელოსნო იყო სივრცე ექსპერიმენტებისთვის, ფიქრისთვის და იმ საკითხებთან დასაბრუნებლად, რომლებიც ყველაზე მეტად მაინტერესებდა. გარკვეული გაგებით, ეს იყო იმ საქმიანობის იმიტაცია, რომლის კეთებაც რეალურად მინდოდა.

ეს სივრცე, ასევე, შეკრებისა და სოციალიზაციის ადგილი იყო. ასე გაგრძელდა მანამ, სანამ დიმიტრი საქართველოში არ დაბრუნდა და არ გადავწყვიტეთ, რომ საქმიანობა უკვე ერთად გაგვეგრძელებინა.

COAF (Children of Armenia Fund) SMART Center, W2KSHOP-ის მიერ კონკურსზე წარდგენლი პროექტი

რა გახდა ის მთავარი მიზეზი, რის გამოც გადაწყვიტეთ ერთობლივი პრაქტიკის დაწყება?

მე და დიმიტრი კლასელები ვიყავით. როგორც ზემოთ ვახსენე, მოგვიანებით, სწავლაც ერთად გავაგრძელეთ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. შეიძლება ითქვას, რომ თანამშრომლობის საფუძვლებიც სწორედ მაგ დროს დაიწყო. 

სტუდენტობის პირველივე წლებში, თითქმის ყოველდღე, ლექციების შემდეგ, დიმიტრისთან სახლში გვიანობამდე ვმუშაობდით უნივერსიტეტის პროექტებზე, სხვადასხვა კონკურსსა და მცირე დაკვეთებზე. იქ მოდიოდნენ ჩვენი მეგობრებიც და ისედაც, ეს იყო ჩვენი პირველი არაფორმალური სტუდია და სამუშაო სივრცე. ხანდახან, როდესაც უფრო ძლიერი კომპიუტერი გვჭირდებოდა, საღამოს, ახლობლის ოფისში მივდიოდით (მას შემდეგ, რაც ისინი სამუშაო დღეს დაასრულებდნენ) და მთელი ღამის განმავლობაში ვაგრძელებდით მუშაობას. გარკვეულწილად, ამ ყველაფერს გართობისა და დისციპლინის შემეცნების სახეც ჰქონდა.

დაახლოებით ორი წლის შემდეგ, დიმიტრი სასწავლებლად საზღვარგარეთ გაემგზავრა და ათი წლის შემდეგ დაბრუნდა თბილისში. ამ დროისთვის მე უკვე მქონდა საკუთარი პრაქტიკა და დიდი ფიქრი და მსჯელობა არ დაგვჭირვებია იმისთვის, რომ კვლავ ერთად გაგვეგრძელებინა საქმიანობა.

თავდაპირველად, ჩვენი სამუშაო სივრცე მრავალი თვალსაზრისით შეზღუდული იყო. ეს იყო ბინა ძველი თბილისური ეზოს ტიპის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სადაც მრავალი მეზობელი გვყავდა. სივრცეს განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვქცეოდით, ხოლო ხმაური და გვიანობამდე მუშაობა გარკვეულ დისკომფორტს უქმნიდა როგორც ჩვენს მეზობლებს, ასევე ჩვენც. ამასთან, საპროექტო და საკომუნიკაციო საშუალებად აქტიურად ვიყენებდით ფიზიკურ მაკეტებს, რაც მოგეხსენებათ, სპეციფიკურ სამუშაო გარემოს მოითხოვს და არსებული სივრცე ჩვენს საჭიროებებს ვეღარ პასუხობდა. გვინდოდა, სივრცეს უფრო სახელოსნოს ხასიათი ჰქონოდა, ვიდრე ტრადიციული ოფისის – ეს უნდა ყოფილიყო ადგილი სხვადასხვა ტიპის სამუშაო ზონებით.

ბევრს ვფიქრობდით თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი ადგილი. სხვადასხვა სივრცის ძიებისას აღმოვაჩინეთ ადგილი ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე, რომელიც თავისი თვისებით და პირობებით ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. დროთა განმავლობაში ეს სივრცე ჩამოყალიბდა თანამედროვე ხელოვნების ცენტრად – „MAUDI“ – პროექტად, რომელიც თავისი მასშტაბითა და მნიშვნელობით ბევრად გასცდა იმ თავდაპირველ ჩანაფიქრს, რომელსაც მხოლოდ ახალი სამუშაო გარემოს შექმნა ერქვა.

W2KSHOP-ის მიერ შესრულებული გამოფენის დიზაინი ლეჩკომბინატისთვის

რა ძირითადი პრინციპები უდევს საფუძვლად თქვენს არქიტექტურულ მიდგომას და როგორ განსაზღვრავს ისინი თქვენს სამუშაო პროცესს იდეიდან რეალიზაციამდე?

საქმე იმაშია, რომ ჩვენი პროფესია ხშირად გულისხმობს ისეთი საქმის კეთებას, რომელიც არ რეალიზდება. უფრო მეტიც, იმ პროექტების უმეტესობას, რომლებზეც გვიმუშავია, დღის შუქი არასდროს უნახავს. თუმცა ძალისხმევა, დრო და რესურსი ხანდახან მათზე იმდენივე დახარჯულა, რაც განხორციელებულ პროექტებზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყოველთვის გახსოვდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყოველ ახალ პროექტს მუდამ ეჭვის თვალით უნდა უყურო.

ხშირად პროექტებზე მუშაობა დროში გაწელილად გიწევს. დაიწყებ ერთ წელს, შემდეგ შეიძლება რამდენიმე წელი თაროზე იდოს, მერე ისევ გამოჩნდეს, გააგრძელო მუშაობა და ა.შ. ხანდახან, (უფრო იშვიათად) პირიქით, თანმიმდევრულად მიყვები ეტაპებს და დასაწყისიდან ბოლოშიც თანმიმდევრულად გადიხარ. ამიტომაც, თითოეულ შენობას/პროექტს შექმნის საკუთარი ისტორია აქვს და ეს არ ნიშნავს, რომ პროექტებზე მუშაობის დაწყებისას აუცილებლად ვსაზღვრავთ, რა ბედი ეწევა მას მომავალში. ყოველთვის ვცდილობთ, რომ თუ რამეს ხელი მოვკიდეთ, ბოლომდე მივყვეთ, რაც არ უნდა გზა და ისტორია ჰქონდეს.

პროექტებზე მუშაობის დაწყებას მეტ-ნაკლებად შერჩევითად ვუდგებით. არ გვსურს დიდი პროექტების კეთება, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. გვინდა საშუალო ზომის საპროექტოდ დავრჩეთ, სადაც თავს უფრო მეტად დისციპლინას მივუძღვნით, ვიდრე ბაზრის თუ ბიზნესის მოთხოვნილებებს. ეს უფრო მარტივიც და სასიამოვნოც არის.

ასევე, ჩვენი და ჩვენი თანამშრომლების ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია აკადემიური და საგანმანათლებლო საქმიანობა. საგანმანათლებლო საქმიანობა ხშირად ასევე ეფუძნება სხვადასხვა გრძელვადიან საკვლევ პროცესებს, უმეტესად – ლოკალური, ნაკლებად გამოკვლეული თუ ჯერ კიდევ გამოუკვლევი არქიტექტურული ფენომენების კვლევას. 

ამას გარდა, ჩვენი ყოველდღიურობისთვის უმნიშვნელოვანესია საგამოფენო-კურატორული კომპონენტი. ასე ვცდილობთ, რომ ჩვენი საქმიანობა არ მოიცვას მხოლოდ დამკვეთ-შემსრულებლის მოცემულობამ და მეტ-ნაკლებად გაშლილი იყოს სხვადასხვა მედიუმსა და საშუალებაში.

სახლის გაფართოების პროექტი

თქვენი გამოცდილებით, რა როლი აქვს ინდივიდუალურ ხედვას პროექტში, როცა ის საერთო საჭიროებებს უნდა მოერგოს?

თუ “ინდივიდუალურ ხედვაში” გულისხმობთ გამოკვეთილ ინდივიდუალურ მანერიზმს, ფორმალიზმს ან გარკვეულ ესთეტიკურ არჩევანს, რომელიც შემდგომ სხვამ უნდა მოიხმაროს, შემიძლია ვთქვა, რომ ხანდახან არქიტექტურულ საქმიანობას შეიძლება ეთიკური განზომილება ჰქონდეს, რაც სხვისი სურვილებისა თუ მოთხოვნილებების გათვალისწინებას გულისხმობს; ასეთ დროს კი პირადი ხედვები, შესაძლოა, მეორეხარისხოვანი იყოს. გააჩნია კონტექსტს და იმას, თუ რაზე ან ვისზე კეთდება სწორება.

ზოგადად, არქიტექტურული ფორმალიზმი თუ მანერიზმი ჩვენთვის ყოველთვის ნაკლებად საინტერესოა. საკუთარი იდენტობის გამოსახატად ე.წ. არქიტექტურული თუ სივრცითი ილეთების გამოყენება, ეფექტურობა და შთამბეჭდაობა არ არის ის, რაც ჩვენს საქმიანობაში გვაინტერესებს. აქედან გამომდინარე, თქვენს კითხვაზე მარტივი პასუხი ალბათ ის იქნებოდა, რომ ინდივიდუალურ ხედვას დიდი როლი არ აქვს, სწორედ იმიტომ, რომ ის სხვის ან საერთო საჭიროებებს უნდა მოერგოს.

კონტექსტი და რესურსი ნებისმიერი პროექტის ფორმირების ორი მთავარი კომპონენტია. მუშაობისას სწორედ მათ ვეყრდნობით და არა ინდივიდუალურ ხედვას. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ბევრს არქიტექტორთან თანამშრომლობის დაწყების სურვილი სწორედ მისი ინდივიდუალური ხედვიდან გამომდინარე უჩნდება.

თქვენი აზრით, რა განასხვავებს არქიტექტურას უბრალოდ ფუნქციური სივრცის შექმნისგან და როგორ ცდილობთ, რომ თითოეულ პროექტში სივრცემ იმოქმედოს ადამიანზე ემოციურ, კულტურულ თუ ყოველდღიურ დონეზე?

საინტერესო შეკითხვაა და პირდაპირ გამზადებული პასუხი მასზე არ მაქვს. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს უბრალო ფუნქციური სივრცეების მიმართ, პირიქით, ალბათ უბრალო ფუნქციური სივრცეების შექმნა სწორედაც რომ არის არქიტექტურის პირველადი ამოცანა.

ადამიანზე ზემოქმედება ემოციურ დონეზე, ვფიქრობ, ძალიან რთული დასაგეგმია, რომ აღარაფერი ვთქვათ კულტურულ ზემოქმედებაზე. ამ მხრივ, შენობის ზომა და მასშტაბი ზემოქმედების ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ჩვენ შემთხვევაში, თუ ექსპოზიციის დიზაინზე გვიწევს მუშაობა, იქ უფრო ვაძლევთ საკუთარ თავს უფლებას, ემოციური თუ კულტურული ზემოქმედების მქონე დროებითი სივრცე ან გარემო შევქმნათ. სხვა შემთხვევაში, მაგალითად, საცხოვრებელ სივრცეებში, ვცდილობთ, ჩვენი ჩარევა და ზემოქმედება უფრო ნეიტრალური იყოს.

“ნეიტრალურ ზემოქმედებაში” ვგულისხმობ სივრცეების შექმნას, სადაც ისინი მორგებულია საჭიროებებს: ბუნებრივი შუქის გამოყენებით, ორიენტაციით, ხედით, გარე და შიდა სივრცეების ურთიერთობით. სადაც სივრცეები უფრო სიტუაციებს წარმოქმნიან საქმიანობისა და თანაცხოვრებისთვის და არა ემოციებს.

“სიტუაციებში” ვგულისხმობ ისეთ რამეებს, როგორიც არის, მაგალითად, ერთ სივრცეში რამდენიმე აქტივობა: პირდაპირი და არაპირდაპირი შუქის ქვეშ მუშაობა, ხედზე საჭმლის მომზადება ან სტუმრის მიღება, ბავშვების თამაში ისე, რომ მშობელი ხედავს, სხვადასხვა ამინდში გარეთ საუზმობა და ა.შ., და ნაკლებად ემოციებს, როგორიც არის შიში, სიხარული, მოწონება თუ არმოწონება.

სახლი დედისა და ქალიშვილისთვის, W2KSHOP-ის მიერ შესრულებული პროექტი

გვიამბეთ MAUDI-ის შესახებ, რა ადგილი ეკავა ამ პროექტს თქვენს საქიანობაში?

ძალიან გულდასაწყვეტია, რომ MAUDI, როგორც საგამოფენო და სახელოვნებო სივრცე, მთელი რიგი მიზეზების გამო, დღეს არ ფუნქციონირებს. ჩვენთვის, ის ჩვენი საქმიანობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იყო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, რადგანაც ეს გამყოფი ხაზი თითქოს არ ჩანდა სახელოვნებო საქმიანობასა და არქიტექტურულ პრაქტიკას შორის. თავისთავად გვგონია, რომ ის აფართოებს საქმიანობის ფარგლებს, რადგანაც ბევრი ჩვენი მნიშვნელოვანი პროექტი სწორედ მაუდის სივრცის გარეშე ვერ მოხერხდებოდა. ასევე, სანამ სივრცე ფუნქციონირებდა, ჩვენ მას ვიყენებდით როგორც ჩვენს სტუდიას, სადაც ვმუშაობდით და შეხვედრებს ვმართავდით კლიენტებთან.

ამასთან, ყოველდღიურად ვიყავით ჩართული სახელოვნებო სივრცის საქმიანობაშიც. ეს ორი პროცესი ერთდროულად მიდიოდა. ალბათ, ირიბად ის არქიტექტურულ ხედვასაც აფართოებდა. ჩვეულებრივი სამუშაო დღე ყოველთვის სხვადასხვანაირი იყო. შეიძლება სტუდიაში მუშაობდი რომელიმე პროექტის ნახაზზე და პარალელურად სახელოსნოში ასხამდი თაბაშირს მაკეტისთვის. საგამოფენო დარბაზში შესაძლოა პარალელურად გამოფენის მომზადება მიმდინარეობდა და საღამოს პერფორმანსის სივრცეში ყოფილიყო რაიმე კონცერტი ან საჯარო ლექცია, ან უზარმაზარ კედელზე გეყურებინა ფილმი. სამუშაო პროცესი ძალიან დინამიკური, მრავალფეროვანი და სახალისო იყო.

W2KSHOP-ის გამოფენა “Spatial Formation” Tbilisi Arcitectural Bienial_ MAUDI 2020

გაგვიზიარეთ VAADS-ში სწავლების შესახებ – რა გავლენას ახდენს ერთმანეთზე სტუდენტებთან ურთიერთობა და პრაქტიკული სამუშაო?

პრაქტიკულ საქმიანობასა და სტუდენტებთან ურთიერთობას შორის კონკრეტული კავშირების გავლება რთულია, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს კავშირი არსებობს. კონკრეტული მაგალითების მოყვანა ცოტა გამიჭირდება, რადგან უნივერსიტეტში ჩვენი საქმიანობა სხვადასხვა კურსზე სხვადასხვაა და კოლეგებთან ერთად, განსხვავებული თემატიკის მქონე არქიტექტურული სახელოსნოების (რასაც არაფორმალურად „სტუდიოებს“ ვეძახით) ხელმძღვანელობას მოიცავს.

თითოეულ „სტუდიოს“ გარკვეული ხანგრძლივობა აქვს. ერთი და იგივე თემა ერთსა და იმავე კურსზე შეიძლება 2-3 წელი გაგრძელდეს და შემდეგ შეიცვალოს. ძირითადად, სტუდიოები 3 ან 4 ეტაპად არის დაყოფილი, სადაც სასწავლო პროცესი ნაწილების მიხედვით მიმდინარეობს და მოიცავს როგორც ჯგუფურ, ისე ინდივიდუალურ მუშაობას.

როგორც წესი, ყველა სტუდიოს საწყისი ეტაპი კვლევით ნაწილს ეთმობა. ეს ზუსტად ის კვლევებია, რომლებიც უნივერსიტეტთან ერთად შემდგომში სხვადასხვა გამოფენად თუ პუბლიკაციად გარდაიქმნება. თემები მრავალფეროვანია – გვხვდება, როგორც ზოგადი საკითხები (მაგალითად, „მრავალბინიანი საცხოვრისი“ ან „სკოლა“), ისე კონკრეტული (მაგალითად, „ყოფილი საბჭოთა მეურნეობები“ ან ქართული ვერნაკულარული არქიტექტურის სხვადასხვა ელემენტი, როგორიცაა დარბაზული საცხოვრისი, ოდა და ა.შ).

ამასთანავე, სწავლების აქტიური კომპონენტია სტუდენტებთან ერთად თემატური საველე გასვლების მოწყობა როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად.

VAADS-ის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტური პროექტების გამოფენა _ Foundations_ MAUDI 2021

დღევანდელი გადმოსახედიდან, როგორ ხედავთ თანამედროვე არქიტექტურის გავლენას თბილისის ურბანულ გარემოზე?

ვფიქრობ, თბილისი ყოველთვის კონტრასტების ქალაქი იყო და ასეთად რჩება დღესაც. შეუძლებელია, ეს მის ურბანულ გარემოზე არ ისახებოდეს. თუმცა, კითხვა შეგვიძლია სხვანაირად დავსვათ: ამ გარემოს წარმოქმნაში რამდენად დიდია არქიტექტორის როლი? შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, რადგან, ხშირ შემთხვევაში, როცა თბილისის განვითარებას ნეგატიური კონოტაციით იხსენიებენ, ამბობენ, რომ ეს არქიტექტორების ბრალია. არადა, თითქოს ვინმე ოდესმე უსმენდა ამ ქალაქში არქიტექტორს ან ურბანისტს! ამიტომ მგონია, რომ თანამედროვე არქიტექტურის გავლენა თბილისზე მინიმალურია.

თბილისი დინამიკურად ვითარდება, ამაში ორი აზრი არ არსებობს. მისი იერსახე წლიდან წლამდე იცვლება, თუმცა ამას დადებით მოვლენად ნამდვილად არ განვიხილავ. ავტობუსის ზოლები და განახლებული სკვერები, რა თქმა უნდა, დიდი სიკეთეა, მაგრამ ქალაქს დასახლებული პუნქტისგან განასხვავებს არა მისი სიდიდე ან ისტორიის ხანგრძლივობა, არამედ მარტივი რამ – გააჩნია თუ არა მას გენგეგმა; ის პროცესები, რომლებიც მის სახეცვლილებას განაპირობებს, რამდენად არის მორგებული საზოგადოებრივ თუ მოქალაქეობრივ მოთხოვნებზე და რამდენად არის დაგეგმარებული ამ ყველაფრის გათვალისწინებით. რთული სათქმელია, რამდენად მიეკუთვნება თბილისი ასეთი ქალაქების რიცხვს.

გამოფენა ”ლადო ალექსი-მესხიშვილი, არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე“_TBC Concept 2022

დაბოლოს, რა რჩევას მისცემდით სტუდენტებსა და ახალგაზრდა არქიტექტორებს, ვინც ახლა იწყებს ამ სფეროში მოღვაწეობას?

გამიჭირდება რჩევის მიცემა, მგონია, რომ სტუდენტებისთვის სასარგებლო იქნება, თუ ინფორმაციას და ცოდნას ხანდახან ბეჭდური სახითაც მიიღებენ. ასევე, ვურჩევდი, ლექციებს მაქსიმალურად დაესწრონ. რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, ლექციები უდიდესი სიკეთეა, რაც კი შეიძლება უნივერსიტეტმა მოგცეთ, თუნდაც ესა თუ ის საგანი ნაკლებად გაინტერესებდეთ.

დამწყები არქიტექტორებისთვის ალბათ მნიშვნელოვანია, ეცადონ, რომ ოფისს მიღმა საქმიანობითაც დაკავდნენ. აუცილებლად დაადოკუმენტირონ ყველანაირი საქმე, რასაც აკეთებენ; ასევე, გაეცნონ ქალაქის სხვადასხვა უბანს, იმოგზაურონ ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა ექნებათ და განსაკუთრებით იქ, სადაც ცხოვრებას აპირებენ.

„ზიგმა საბურთალო“ – ცხოვრების ახალი სტანდარტი