in

არქიტექტურა, როგორც კულტურული მეხსიერების ფორმა – ინტერვიუ Erdo-ს დამფუძნებლებთან

არქიტექტურა ხშირად აღიქმება როგორც ფორმის შექმნის პროცესი, თუმცა მისი რეალური მნიშვნელობა იმაში ვლინდება, თუ როგორ ახერხებს სივრცე ადამიანის გამოცდილებასთან, გარემოსთან და კულტურულ კონტექსტთან კავშირის დამყარებას. ეს არის პრაქტიკა, რომელიც სცდება ვიზუალს და აერთიანებს ინტუიციას, მასალას, ფუნქციასა და მეხსიერებას – ქმნის გარემოს, რომელიც არა მხოლოდ არსებობს, არამედ რეაგირებს, ცოცხლობს და დროთა განმავლობაში ახალ შრეებს იძენს. სწორედ ამ მრავალშრიანობაში ყალიბდება არქიტექტურა, რომელიც მყარად დგას არა მხოლოდ კონსტრუქციაზე, არამედ იდეაზეც.

ამ პროცესში განსაკუთრებით საინტერესო ხდება ის მიდგომა, რომელიც არქიტექტურას აბრუნებს მის პირველწყაროსთან – ბუნებრივ მასალებთან, ინტუიციურ ფორმებთან და ადამიანზე ორიენტირებულ გამოცდილებასთან. ასეთ ხედვაში ფორმა არასოდეს არის თვითმიზანი; ის გამომდინარეობს შინაარსიდან, კონტექსტიდან და იმ ემოციური კავშირისგან, რომელიც სივრცესა და მის მომხმარებელს შორის ყალიბდება. შედეგად, იქმნება არქიტექტურა, რომელიც ერთდროულად მინიმალისტურიც არის და სიღრმისეულიც – სადაც თითოეული ელემენტი აუცილებელია და ამავე დროს აზრობრივად დატვირთული.

სწორედ ამ პრინციპებზე დგას არქიტექტურული სტუდია Erdo, რომლის დამფუძნებლები – ნიკოლოზ მანწკავა და სალომე ჭიჭინაძე – საკუთარ პრაქტიკაში ცდილობენ, გააერთიანონ ტრადიციული არქიტექტურის გააზრება და თანამედროვე სივრცის მოთხოვნები. მათი ხედვა ეფუძნება როგორც ადგილობრივი კულტურული მეხსიერების კვლევას, ისე არქიტექტურის, როგორც ადამიანზე მიმართული პროცესის გააზრებას – სადაც შენობა არ არის მხოლოდ ობიექტი, არამედ გამოცდილებაა.

ინტერვიუში სალომე და ნიკოლოზი გვიყვებიან საკუთარ პროფესიულ გზაზე, იმ მომენტებზე, რომლებმაც მათი ხედვა განსაზღვრა და სტუდიის შექმნამდე მიიყვანა. ისინი საუბრობენ Erdo-ს მნიშვნელობაზე, საკუთარ არქიტექტურულ ფილოსოფიასა და სამუშაო პროცესზე – როგორ იბადება იდეა, როგორ გადადის იგი კონცეფციიდან რეალურ სივრცეში და როგორ ყალიბდება თანამედროვე არქიტექტურა, რომელიც კულტურულ იდენტობას ეყრდნობა.

სალომე, ნიკოლოზ, გაგვიზიარეთ, როგორ დაიწყო თქვენი ინტერესი არქიტექტურის მიმართ და რამ დაგაკავშირათ ამ სფეროსთან საბოლოოდ?

სალომე: ჩემი დიდი ბაბუა ბუხრების ოსტატი იყო. დასავლეთ საქართველოში მან ასეულობით ოჯახისთვის შექმნა სითბოს კერა. ალბათ, სწორედ ამ შემოქმედებითმა გენმა განაპირობა ის, რომ ღრმა ბავშვობიდან ფერებთან თამაში ჩემი საყვარელი საქმე იყო. ჩემი გზა არქიტექტურამდეც სწორედ ხატვის სიყვარულით დაიწყო. ვხატავდი ყოველთვის, როცა ამის შესაძლებლობა მქონდა. თუმცა, დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ მხოლოდ სიბრტყეზე ხატვა თვითგამოხატვის მოთხოვნილებას ვეღარ მიკმაყოფილებდა – გამიჩნდა სურვილი, ჩემი წარმოსახვა სამგანზომილებიან სივრცეში გამეცოცხლებინა. სწორედ აქედან გაჩნდა ფიქრი, რომ არქიტექტურა ის სფერო იქნებოდა, რომელიც განვითარების მუდმივ სტიმულს მომცემდა.

მოგვიანებით, როცა ჩემმა უფროსმა დამ ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა და ადამიანის გონებისა და ფიქრების შესახებ მიზიარებდა ცოდნას, ჩემი ინტერესები კიდევ უფრო გაფართოვდა. გამიჩნდა სურვილი, ზუსტად გამეგო, თუ როგორ ზემოქმედებს საცხოვრებელი გარემო ადამიანის ფსიქოლოგიაზე. ამ ყველაფრის – შემოქმედებითი იმპულსის, სივრცის შექმნის სურვილისა და ადამიანის ფსიქოლოგიის მიმართ ინტერესის – სინთეზმა საბოლოოდ დამარწმუნა, რომ სწორ ნაბიჯს ვდგამდი. არქიტექტურას ხელი ჩავკიდე და ეს გზა არასდროს მინანია.

ნიკოლოზი: ზუსტ კადრებად მახსოვს ჩემი ღრმა ბავშვობის ის პერიოდი, როდესაც ჩვენი სახლის მისაღებ ოთახში იატაკზე ვიჯექი, ყუთიდან იატაკზევე მქონდა გამოპირქვავებული ხის კუბები და ამ კუბებით ვცდილობდი რაც შეიძლება მაღალი სტრუქტურები ამეგო, ისე რომ მათში ლოგიკა და ამბავი ჩამექსოვა. ეს სტრუქტურები, ერთი შეხედვით, შუასაუკუნეების კოშკებს მოგაგონებდათ, თუმცა მაშინ, ალბათ, არც შუასაუკუნეები ვიცოდი რა იყო და კოშკებზეც თუ მექნებოდა რაიმე ცოდნა, ისიც ძალიან მწირი. ეს იყო ჩემი პირველი, ინტუიციური ინტერესი არქიტექტურის მიმართ, რომელსაც შემდგომ წლებში დიდად აღარ შევუწუხებივარ, სანამ უკვე 14-15 წლის ასაკში, წიგნის კითხვისას, ავტორის მიერ საცხოვრისის აღწერამ იმდენად დამაინტერესა, რომ მეც მომინდა რაიმეს შექმნა და დიდ უჯრედებიან რვეულში, სახლების გეგმების ხაზვა დავიწყე ხელით. ეს რვეული დღემდე შენახული მაქვს.

სწორედ ეს იყო ჩემი პირველი გააზრებული ინტერესი არქიტექტურის მიმართ, რომელიც ასევე განელდა რაღაც პერიოდის შემდეგ. მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასში მინდოდა გამოვსულიყავი მსახიობი, ქართული ენის პედაგოგი, ლიტერატურათმცოდნე და სხვა. ამ საკითხზე ხშირად მქონდა ჩემს მშობლებთან საუბარი და ამ საუბრების დიდი დამსახურებაცაა, რომ მე დღეს არქიტექტორი ვარ. უკან რომ ვიხედები, კიდევ რომ მომიწიოს არჩევანის გაკეთება, ყოველ ჯერზე ამ გზას ავირჩევდი. ჩემი ცხოვრება არქიტექტურის გარეშე არ წარმომიდგენია.

გვიამბეთ თქვენი გამოცდილების შესახებ სტუდიის დაარსებამდე – რა ეტაპები იყო თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კარიერის დასაწყისში და როგორ განსაზღვრა ამ პერიოდმა თქვენი მომავლის ხედვა?

სალომე: არქიტექტურაში პირველი ნაბიჯები ტექნიკურ უნივერსიტეტში გავიარე. ეს პერიოდი შერეული ემოციების ბუმი იყო – სკოლის რუტინის შემდეგ უცებ აღმოვჩნდი სრულიად ახალ სამყაროში, სადაც ახალ გარემოში ახალ ადამიანებთან ერთად ახალი პროფესია უნდა შემესწავლა, რაც საკმაოდ საინტერესო გამოწვევა იყო. უნივერსიტეტში როცა ტექნიკურ დავალებებს გვაძლევდნენ, მე ჟინი დავალების შესრულების შემდეგაც არ მტოვებდა და ვცდილობდი, მაკეტის, ქანდაკების, კოლაჟის სახით კიდევ უფრო გამეცოცხლებინა მოცემული დავალება, თუმცა სამწუხაროდ, ჩემს გულმხურვალე ინიციატივებს ლექტორებისგან ის უკუკავშირი არ მოჰყოლია, რისი მოლოდინიც მქონდა და ამან გარკვეული პერიოდით ძალიან ჩამკეტა, ჩემი ფიქრები კონკრეტულ საზღვრებში მოაქცია.

ეს პერიოდი ჩემთვის უნივერსიტეტის დასრულებამდე გაგრძელდა და ჩემმა პირველმა სამუშაო გამოცდილებამაც ხელი შეუწყო ამ საზღვრებში დარჩენას. მიუხედავად კრეატიული პაუზისა, პრაქტიკაში არქიტექტურის შესწავლამ წარმოუდგენლად დიდი გამოცდილება მომიტანა. ყველაზე მთავარი კი იმის გაცნობიერება იყო, რომ ჩემს საყვარელ საქმეს ისე არ ვაკეთებდი, როგორც ეს ჩემს წარმოდგენებში იყო. ეს ფიქრები მოსვენების საშუალებას არ მაძლევდა და ზუსტად ამ დროს გადაიკვეთა ჩემი და ჩემი მეგობრების გზები, რომლებიც დამოუკიდებლად ცდილობდნენ არქიტექტურაში ფეხის მოკიდებას. მათ შორის იყო ნიკოლოზი. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტი და პირველი სამსახური ერთად გამოვიარეთ, ჩვენი ნამდვილი გადაკვეთის წერტილი მაინც ის შემოქმედებითი ლტოლვა აღმოჩნდა, რამაც საბოლოოდ გაგვაერთიანა და „ერდოს“ შექმნამდე მიგვიყვანა.

ნიკოლოზი: სტუდიის დაარსებამდე იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომლის პირველ კურსზე ყოფნისას, პარალელურად, რაღაც პერიოდი ფოტოგრაფიის კურსს ვატარებდი. მეორე კურსის ბოლოს კი მუშაობა დავიწყე ერთ-ერთ საპროექტოში, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და მათ შორის თბილისშიც, ვაპროექტებდით სკოლებს. ეს ჩემთვის იმ დროს წარმოუდგენლად დიდი გამოწვევა და გამოცდილება იყო. აქვე გავიცანი ჩემი მეგობრები, რომლებთან ერთადაც, მას შემდეგ, რაც სკოლების პროექტებზე მუშაობა დავასრულეთ, ჩვენი სტუდია დავაარსეთ. ეს იყო პირველი ნაბიჯები დამოუკიდებელი ორგანიზაციის მართვაში, რომლის დროსაც ყველა გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი თავად ხარ და ვინმე დამზღვევი არ გყავს.

ამ დროს მიღებული გამოცდილება ჩემთვის დღემდე ფასდაუდებელია, რადგან სწორედ ამ პერიოდში, 2019-2023 წლებში, მომიწია შეხება ასე ვთქვათ „რეალურ სამყაროსთან“. ამ პერიოდში, ძირითადად არქიტექტურულად ნაკლებად საინტერესო პროექტებზე გვიწევდა მუშაობა, თუმცა ამ პროექტებიდან ვიღებდით დიდ ტექნიკურ გამოცდილებას. მაგრამ ეს არასდროს იყო ჩემთვის საკმარისი, სულ მინდოდა ისეთი არქიტექტურა შემექმნა, რომელთან ურთიერთობაც ადამიანებისთვის სასიამოვნო, საინტერესო, დასამახსოვრებელი, სიხარულის მომგვრელი იქნებოდა, აი, დაახლოებით ისეთი, როდესაც პირველად გავიგე პეტერ ცუმტორის Bruder Klaus Field Chapel-ის შენების ტექნიკაზე და გაოცებული, ღამის 3 საათზე საპროექტოს აივანზე გავვარდი, ეს ამბავი ჩემი კოლეგისთვის რომ მომეყოლა.

როგორ გადაიკვეთა თქვენი გზები და რა მომენტში გადაწყვიტეთ საქმიანობის ერთობლივად გაგრძელება? როგორ გაჩნდა ERDO-ს დაარსების იდეა და რას ნიშნავს თქვენთვის ეს სახელი?

სწორედ ამ შემოქმედებითი სტაგნაციის პერიოდში გადაიკვეთა ჩვენი გზები. ერდოს დაარსებამდე ბევრს ვფიქრობდით თუ რა პრინციპებს უნდა დაყრდნობოდა ჩვენი ახალი სტუდიის ხედვა, როგორი უნდა ყოფილიყო შემოქმედებითი და ტექნიკური პროცესები და, რაც მთავარია, რა იქნებოდა ის მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომელიც ჩვენს საბოლოო მიზნამდე მიგვიყვანდა. ასეთი ძალა აღმოჩნდა ქართული ხალხური არქიტექტურა და შენების ის პრინციპები, რასაც ადამიანები მთელ მსოფლიოში ინდუსტრიულ რევოლუციამდე და მას შემდეგაც, თუმცა ნაკლებად, იყენებენ. სახელი „ერდოც“ ზუსტად ამის მანიფესტაციაა – ეს არის მესხურ დარბაზში ტექნიკურად საჭირო და არქიტექტურულად დამაგვირგვინებელი ელემენტი, საიდანაც შუაცეცხლის კვამლი გარეთ გადის, ხოლო გარედან სინათლე აღწევს შენობაში და დარბაზის ყველა ნაწილს თანაბრად ანათებს. ჩვენთვის ეს სახელი მუდმივად იქნება იმის შეხსენება თუ რა მიმართულებით გვინდა სიარული.

რა პრინციპებს ეფუძნება თქვენი არქიტექტურული ფილოსოფია და რა მთავარ მიზანს ემსახურება ეს მიდგომა სტუდიის ფარგლებში?

ჩვენი მუშაობის ფილოსოფია ორ ფუნდამენტურ ხედვას ეფუძნება. პირველ რიგში, ეს არის ფრენსის კერეს შემოქმედება, რომელიც შეიძლება განვიხილოთ, როგორც სახელმძღვანელო არქიტექტორებისთვის. ბურკინა-ფასოში დაბადებული არქიტექტორი, რომელიც ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ დაბრუნდა მშობლიურ სოფელში და თავის ხალხს ასწავლა მიწით შენება, რათა შეძლებოდათ საგანმანათლებლო და სადრენაჟო ინფრასტრუქტურის განვითარება. ამ ამბის გააზრებით ვხვდებით, რომ არქიტექტორის დანიშნულებაა არა ის, რომ სხვა არქიტექტორების მოსაწონი ნაწარმოებები შევქმნათ, არამედ ის, რომ ჩვენი შენობები ხალხს ემსახუროს.

ამას ერთვის პეტერ ცუმტორის შემოქმედებით აღფრთოვანება, ბეტონის კედლების საყალიბე მასალად ხის მორების გამოყენება და შემდეგ ამ ხის მორების დაწვა, რათა სამყაროში ჯერ არ არსებული ზედაპირი მიიღო. ასეთი გენიალური ნაწარმოების შექმნა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი თუ ფილოსოფიურ დონეზე გექნება გააზრებული, რომ ყველა სამშენებლო მასალა თავისებურად მშვენიერია, იქნება ეს უხეში ბეტონი თუ იდეალურად გაპრიალებული მეტალის ზედაპირი, დაძველებული ხე თუ ხავსმოდებილი ქვა. როგორც კარგი ღვინო და ხორცი დავარგებით ახალ თვისებებს იძენს და უფრო ძვირფასი ხდება, ისევე უფრო მშვენიერდება ბუნებრივი მასალით ნაშენი შენობა დროთა განმავლობაში. რადგან ამ დაძველებაში ინახება ამბები და ის ისტორია, რაც მას თავს გადახდა, შესაბამისად, შენობა ცოცხალია.

ჩვენი ფილოსოფიაც ამ ორ ფუნდამენტურ ხედვას ეფუძნება – არქიტექტურა უნდა იყოს ინტუიციურად მარტივი, ნამდვილად მინიმალისტური, მხოლოდ საჭირო ელემენტებით შედგენილი და ამ ელემენტებში უნდა იკვეთებოდეს ის მშვენიერება, რომელიც ყველა ბუნებრივ მასალას გასდევს. გამორჩეული შეფ მზარეულისა და რესტორატორის, მარკო პიერ ვაითის სიტყვებს თუ დავესესხებით, “Mother nature is the true artist and our job as cooks is to allow her to shine” (“ნამდვილი ხელოვანი დედა ბუნებაა. ჩვენი, როგორც მზარეულების, მისია კი იმაში მდგომარეობს, რომ მის შემოქმედებას ბრწყინვალების საშუალება მივცეთ.”)

აქვე იჩენს თავს ამ მიდგომის მეორე უპირატესობა. ბუნებრივი მასალით შენებისას ნაკლები ზიანი ადგება ბუნებას, მცირდება ნახშირბადის ემისია. ჩვენი ეს ხედვა ყველაზე ნათლად ჩვენს ერთ-ერთ პროექტში გამოსჭვივის. “დიხა” ტკეპნილი მიწით ნაგები სახლია, რომელსაც ბეტონის ჩექმა აცვია, რათა მიწის წყლებმა მისი კედლები ქვემოდან არ დააზიანოს, ნალექებისგან კი მას ბუნებრივი ხის სქელ კოჭებზე მოწყობილი მეტალის სახურავი იცავს. ამ ნაწარმოებში მოსაპირკეთებელ მასალებს ვერ ნახავთ, ყველა ელემენტი შიშველია და თავისი ბუნებრივი სილამაზით იწონებს თავს. სახელი “დიხა” ერთი შეხედვით შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, თუმცა ეს არის მეგრული სიტყვა და მიწას ნიშნავს. ესეც ჩვენი ფილოსოფიის და საბოლოო მიზნისკენ გადადგმული პატარა ნაბიჯია. ჩვენს ყველა ნაწარმოებს სახელს ინტუიციურად ვარქმევთ, პირველი შეხედვით გამოწვეულ ემოციას და ასოციაციას მეგრულ-სვანური ლექსიკონიდან შესატყვისს ვუძებნით.

გვიამბეთ, როგორია ერთობლივი სამუშაო პროცესი – რამდენად ემთხვევა თქვენი ინდივიდუალური ხედვა ერთმანეთს და როგორ იქცევა საკუთარი იდეები ერთ საერთო კონცეფციად?

სამუშაო პროცესი ყოველთვის კვლევაზეა დაფუძნებული. ეს კვლევა სხვადასხვა შემთხვევაში განსხვავებულ ასპექტებს მოიცავს, მაგალითად, საზოგადოებრივი ფუნქციის დაპროექტებისას კვლევას უფრო ურბანული ხასიათი აქვს და ციფრებზეა დამყარებული. საცხოვრისის შექმნას ემოციური კავშირის მოძებნა სჭირდება დამკვეთთან და ამ შემთხვევაში, სწორედ დამკვეთია კვლევის ობიექტი, სწორედ ამიტომ ვატარებთ მათთან სპეციფიკურ ინტერვიუს, სადაც ერთი შეხედვით, არქიტექტურასთან დაკავშირებელი კითხვები ნაკლებადაა, თუმცა ძალიან დიდ ინფორმაციას გვაძლევს იმის შესახებ, თუ რა სურს დამკვეთს. ამ უმნიშვნელოვანესი ეტაპის შემდეგ იწყება ყველაზე საინტერესო. წარმოიდგინეთ მოქანდაკე, რომელიც მარმარილოს დიდ ქვაში ეძებს საბოლოო სკულპტურას. ჯერ მოცულობები, შემდეგ დიდი დეტალები ბოლოს ხელზე არსებული სისხლძარღვები და გამჭვირვალე ნაჭერიც შეიძლება გამოსახოს ოსტატმა. ძალიან ჰგავს ეს ყველაფერი ჩვენს სამუშაო პროცესს – ვიწყებთ გადაწყვეტას დიდიდან პატარისკენ და ამ პროცესში, ჩვენი ხედვები შეიძლება არ დაემთხვეს მხოლოდ პატარა დეტალებში. ეს ერთი შეხედვით შეიძლება უცნაურია, მაგრამ ასეა. ჩვენ ერთმანეთი ზუსტად გვყავს ნაპოვნი და ამ ყველაფერს ემატება ის, რომ განსხვავებულ საკითხებში ვართ უფრო ინტუიციურები, რაც ორმაგად ძლიერებს გვხდის, ხოლო ჩვენს შემოქმედებას – უფრო სრულყოფილს.

”სხივი”
”სქვამი” (მეგრულად “ლამაზი”)

რას ნიშნავს თქვენთვის ქართული არქიტექტურული იდენტობა თანამედროვე საქართველოში? რამდენად მნიშვნელოვანია ამ იდენტობის შენარჩუნება დღეს?

იაპონია ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არქიტექტურული იდენტობის შენარჩუნება დღეს, განსაკუთრებით ეპოქაში, რომელშიც ბაზარი გლობალიზებულია და რთული ხდება იმის გარჩევა თუ რომელი კულტურის ქმნილებაა ესა თუ ის ნაწარმოები. იაპონელებმა ეს იდეალურად მოახერხეს. ტრადიციისა და თანამედროვეობის სინთეზი ისე შექმნეს, რომ არქიტექტურის ორივე ნაწილი – ტრადიციულიც და ინოვაციურიც – თანაბრად გაოცებს და გახარებს. ვფიქრობთ, ქართულ არქიტექტურას ამ კუთხით უდიდესი პოტენციალი აქვს და მომავალში ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზანიც ესაა – ტრადიციული არქიტექტურის კვლევით შევქმნათ თანამედროვე ქართული არქიტექტურა, რომელიც პირველივე შეხედვით მიახვედრებს მნახველს, რომელი კულტურის ნაწილია. სამწუხაროდ, მასშტაბურად დღეს ქართული არქიტექტურული იდენტობა, ვფიქრობთ, არ არის გამოკვეთილი და თვითგამორკვევის პროცესშია. თუმცა, არის რამდენიმე სტუდია და ადამიანი, რომლებიც ამ გამორკვევის პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი, მათ შორის აუცილებლად უნდა ვახსენოთ იდააფ არქიტექტორები, კერა, გივი ჯაყელი და ნიაზ დიასამიძე (რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მისი კავშირი არქიტექტურასთან).

თქვენი გამოცდილებით, როგორ შეიძლება ტრადიციული არქიტექტურის გააზრება თანამედროვე კონტექსტში და როგორ შეიძლება არქიტექტურამ შეინარჩუნოს კულტურული მეხსიერება, მაგრამ არ ჩამორჩეს ტენდენციებს?

ისევ და ისევ იაპონიას მივუბრუნდეთ. რასაც ეს კულტურა აკეთებს, არის პირდაპირი სახელმძღვანელო იმ ხალხისთვის და მათ შორის ჩვენთვისაც, ვისაც ტრადიციულის თანამედროვე კონტექსტში გააზრება სურს. უკეთ რომ ავხსნათ, ვფიქრობთ, არსებობს მარადიული და დროებითი მოთხოვნილებები. დროებით მოთხოვნილებებს ვეძახით თანამედროვეს, რადგან ისინი ყველა ეპოქაში თანადროულები არიან და იცვლებიან სამყაროს განვითარებასთან ერთად. ხოლო მარადიული მოთხოვნილებები, როგორებიცაა, მაგალითად, სილამაზე, სიმშვიდე, სახლში სიმყუდროვე და სხვა მრავალი, დროის სვლის მიუხედავად, შეუცვლელი რჩება. სწორედ აქ იბადება სინთეზი ტრადიციულსა და თანამედროვეს შორის, შეიძლება მასალა შეიცვალოს, უფრო მრავალფეროვანი გახდეს, მაგრამ ის ემოცია, რასაც ამ მასალით შექმნილი შენობა აღძრავს, იგივე დარჩეს რაც 100 ან 200 წლის წინ ეუფლებოდა ადამიანს მესხური დარბაზის ან იაპონური სასახლეების ნახვისას.

ქართული ტრადიციული არქიტექტურის რომელი იდეები გაძლევთ ყველაზე დიდ შთაგონებას?

ქართული ტრადიციული არქიტექტურა იმდენად მრავალფეროვანია, რთულია რომელიმე იდეის განსაკუთრებით გამორჩევა: მესხური დარბაზები ერდოთი, ოდა სახლი, მაღალმთიან რეგიონებში კოშკები სხვადასხვა გადახურვის ტექნოლოგიებით, აჭარული სახლები კედელში ჩაშენებული წყალსაწრეტი სისტემებით და სხვა მრავალი. ეს სწორედ ის იდეებია, რაც ჩვენს ფილოსოფიას განაპირობებს, შენობა თავისთავად სტრუქტურულად, საინჟინრო და არქიტექტურული კუთხით, ერთობლივად უნდა იყოს გადაწყვეტილი და მისი ყველა ეს ელემენტი ტკბობის საგანს უნდა წარმოადგენდეს. თუმცა, არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვით, რომ ამ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ნაწარმოებს შორის, მესხურ დარბაზს ჩვენს გულებში ოდნავ უფრო დიდი ადგილი უჭირავს თავისი გვირგვინული გადახურვით.

რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა ახალგაზრდა არქიტექტორებისთვის დღეს და რა რჩევას მისცემდით მათ, ვინც ახლა იწყებს ამ სფეროში გზის გაკვლევას?

დღესდღეობით ყველაზე დიდი გამოწვევა, ვფიქრობთ, ხარისხიანი ცოდნის მიღებაა და სწორედ ეს პირველი ნაბიჯი განსაზღვრავს მომავალში ჩვენს გზას. ამიტომ პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა იქნება, ყველა შესაძლებლობის გამოყენება ცოდნის გასაღრმავებლად ადრეულ ეტაპზე, იქნება ეს აკადემიური თუ არატრადიციული გზებით, რაც დღესდღეობით ბევრად გამარტივდა და გამრავალფეროვნდა. ასე რომ, საკუთარ თავში ინვესტირება ადრეულ ეტაპზე, მაშინ როდესაც მეტნაკლებად თავისუფლები ვართ სხვადასხვა პასუხისმგებლობებისგან, გადამწყვეტია.

მეორე, რასაც ჩვენს მომავალ კოლეგებს ვურჩევდით, არის ის, რომ, როგორც ყველა საქმეში, აქაც სიყვარულის გარეშე რთულია მოღვაწეობა. თუმცა, ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ისაა, რომ არქიტექტურა არის სამეცნიერო-საინჟინრო და შემოქმედებითი პროცესების ერთიანობა. სიყვარულის გარეშე შემოქმედება არ არსებობს, ხოლო პასუხისმგებლობა კი რთული საინჟინრო გადაწყვეტილებების წინაშე გვაქვს და შესაბამისად, თუ მთელი არსებით არ ენდომება ადამიანს, იყოს ამ პროცესების მონაწილე და არ გააჩნია არქიტექტურის უდიდესი სიყვარული, ეს გზა მისთვის გადაიქცევა დიდი სტრესის მომტან მოგზაურობად.

დაბოლოს, ყოველთვის გარისკეთ, არ შეგეშინდეთ სიახლეების, რადგან სიახლის გარეშე განვითარება არ არსებობს. ყოველთვის ეცადეთ, შექმნათ ისეთი რამ, რაც ჯერ არ გიცდიათ. ეს იქნება რთული, მაგრამ ამავე დროს საინტერესო, აღმაფრთოვანებელი და სასიხაურლო გზა.

ბინა ისტორიული ჭერით – ქეთა დონაძის ნამუშევარი სოლოლაკში