არქიტექტურაზე საუბარს ხშირად ვიწყებთ ფორმებით, მასალებით ან სტილით, თუმცა რეალურად, ის ბევრად უფრო კომპლექსური და მრავლისმომცველი გამოცდილებაა — იდეიდან რეალიზაციამდე და არქიტექტორიდან მომხმარებლამდე. სივრცის აღქმა, მისი გამოყენება და ის უხილავი კავშირები, რომლებიც ადამიანსა და გარემოს შორის ყალიბდება, ბადებს დიალოგს, რომელშიც არქიტექტურა ცალკეული ობიექტების შექმნას სცილდება და მას ქალაქის, საზოგადოებისა და ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად აქცევს.
შემოქმედებით პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ის ეტაპია, სადაც იდეა ტოვებს ესკიზის და თეორიის სივრცეს და რეალურ გარემოში იწყებს არსებობას – იქ, სადაც არქიტექტურა უკვე აღარ არის მხოლოდ ფორმა ან კონცეფცია, არამედ ხდება პასუხისმგებლობა, არჩევანი და მუდმივი ურთიერთობა გარემოსა და ადამიანთან. არქიტექტურა არ არის სტატიკური შედეგი – ის არის პროცესი, რომელიც დროთა განმავლობაში ყალიბდება, იცვლება და საბოლოოდ, ადამიანის ყოველდღიურ გამოცდილებაში იძენს თავის ნამდვილ მნიშვნელობას.
სწორედ ამ მრავალშრიან ურთიერთობებზე გვესაუბრება არქიტექტორი ოთარ კუჭავა, Bildhauer-ის დამფუძნებელი, რომლის პრაქტიკა ერთდროულად აერთიანებს კონცეპტუალურ ხედვას, კონტექსტის სიღრმისეულ გააზრებასა და სივრცისადმი მგრძნობიარე მიდგომას. იგი გვიამბობს საკუთარ გამოცდილებასა და გამოწვევებზე საკუთარ კარიერასა და არქიტექტურულ სივრცეში; პროფესიული გზის იმ ეტაპებზე, რომლებმაც ჩამოაყალიბა მისი დღევანდელი ხედვა; და რაც მთავარია, არქიტექტურაზე დიზაინის მიღმა.

ბატონო ოთარ, გვიამბეთ, როგორ დაინტერესდით არქიტექტურით და როდის გაგიჩნდათ ამ სფეროში მოღვაწეობის სურვილი?
ბავშვობა ორ სრულიად განსხვავებულ სამყაროს შორის გავატარე – დედის საქმიანობიდან გამომდინარე, თეატრის გარემოში ვიზრდებოდი, ხოლო მამის პროფესიის გამო, მედიცინასთან მქონდა ახლო შეხება. ბევრს ეგონა, რომ მომავალში ან სტომატოლოგი გავხდებოდი, ან რეჟისორი, თუმცა არც ერთი აღმოჩნდა ჩემი გზა.
მოგვიანებით დედამ პროფესიული საქმიანობის სფერო შეიცვალა და არქიტექტურის მიმართულებით დაიწყო მუშაობა, რის გამოც ხშირად მიწევდა ამ დარგის სპეციალისტებთან ურთიერთობა. ურბანული და არქიტექტურული საკითხებისადმი ინტერესიც სწორედ მაშინ გამიჩნდა, თუმცა მე-11 კლასამდე კვლავ საკუთარი ადგილისა და გზის ძიებაში ვიყავი.
ჩემი პროფესიული გზა კი ყაზბეგში გატარებულმა ერთმა დღემ და მხატვარმა – მარიამ გიორგობიანმა განსაზღვრა. მარიამს ბავშვობიდან ვიცნობდი, თუმცა ყაზბეგში პირველად ვნახე, როგორ ქმნიდა უბრალო ფანქრით ჩანახატებს. ეს პროცესი იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ მეც გამიჩნდა ხატვის სურვილი. მაშინ პირველად ვიგრძენი, რომ ხაზით, ფორმითა და სივრცის აღქმით აზროვნება ჩემთვის ბუნებრივი იყო. თითქოს ის, რასაც მანამდე ვერ ვპოულობდი, უცებ თავის ადგილას დადგა. იმ დღეს მივიღე გადაწყვეტილება, რომ არქიტექტურაზე ჩამებარებინა.
ყაზბეგიდან დაბრუნებულმა ფანქრით ჩვენი ოჯახისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ადამიანის – ნოდარ მგალობლიშვილის პორტრეტი დავხატე. იმან, რომ მის პორტრეტში გარკვეული ხასიათის შტრიხების დაჭერა შევძელი, დიდი სტიმული მომცა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენაც გამიძლიერა.
ბოლო წლებში კი კიდევ უფრო ადრეული შთაბეჭდილება გამახსენდა, რომელსაც, ალბათ, ქვეცნობიერად ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდა. ბავშვობაში ჟიულ ვერნის „საიდუმლო კუნძულს“ ვკითხულობდი. წიგნში გმირები სრულიად უცნობ კუნძულზე აღმოჩნდებიან და მათ შორის არის ერთი ადამიანი, რომელსაც ნებისმიერ კითხვაზე პასუხი აქვს. მას ესმის მშენებლობის, ქიმიის, ბუნების, ესმის როგორ გაუმკლავდეს გარემოს. ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი შეუძლია გამოსავლის პოვნა.
ბავშვობაში სწორედ ამ პერსონაჟმა მომხიბლა ყველაზე მეტად. მაშინ ამას ვერ ვაცნობიერებდი, მაგრამ მიზიდავდა ადამიანი, რომელიც მრავალფეროვან ცოდნას პრაქტიკულ საქმედ აქცევს და რთულ ვითარებაში გამოსავლის პოვნას ახერხებს. დღეს ვფიქრობ, რომ არქიტექტურის არჩევის უკან, ალბათ, სწორედ ეს ბავშვური აღფრთოვანებაც იდგა – სურვილი, გესმოდეს ბევრი რამ, დაინახო კავშირები ერთმანეთისგან შორს მდგომ მოვლენებს შორის და ეს ცოდნა რეალურ სამყაროში გადმოიტანო.
როგორ განვითრდა თქვენი პროფესიული მოღვაწეობა – გვიამბეთ, რა გამოცდილებებმა ჩამოაყალიბა თქვენი შემოქმედებითი გზა?
ჩემი პროფესიული გზა არც მარტივი ყოფილა და არც სწორხაზოვანი. იყო პერიოდი, განსაკუთრებით მეორე კურსის შემდეგ, როცა სერიოზულად ვფიქრობდი, არქიტექტურისთვის თავი ხომ არ დამენებებინა… ეს არ ყოფილა მხოლოდ სტუდენტური დაღლა ან დროებითი იმედგაცრუება, უფრო ღრმა შინაგანი ბრძოლა იყო. იმ დროს ვგრძნობდი, რომ სასწავლო პროცესი ვერ მაძლევდა იმ შთაგონებას, ცოდნასა და ენერგიას, რომელიც პროფესიის სიყვარულს მეტად გამიღვივებდა. სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდნენ ჩემი ლექტორები, არქიტექტორები – მედეა მელქაძე და ზაზა სვანაძე. მათთან მუშაობამ ჩემთვის ბევრი რამ შეცვალა, თუმცა განსაკუთრებით ქალბატონი მედეა იყო ის ადამიანი, ვინც, შეიძლება ითქვას, ჩამომიყალიბა არქიტექტურული ცნობიერება. მან მასწავლა კონტექსტთან სწორი მუშაობა, სწორი არქიტექტურული ანალიზი და ზოგადად, დამანახა, რა არის არქიტექტურა. მისგან ვისწავლე, რომ არქიტექტურული გადაწყვეტილება სუბიექტურ გემოვნებას საერთოდ არ უნდა ეფუძნებოდეს. თითოეულ გადაწყვეტას უნდა ჰქონდეს არგუმენტი, კონტექსტთან კავშირი და პროფესიული ლოგიკა. მხოლოდ ამის შემდეგ შემოდის ჩვენი პიროვნული ხასიათის და შტრიხის შეტანა არქიტექტურაში.
ასევე, აუცილებლად მინდა ვახსენო ჩემი უახლოესი მეგობარი, ანა ებილაშვილი, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს ჩვენთან აღარ არის. ანამ არქიტექტურის სხვა მხარე მასწავლა – პრაქტიკული, იურიდიული და ყოველდღიური სამუშაო პროცესი. მისგან ვისწავლე, რომ არქიტექტორის საქმე მხოლოდ პროექტის შექმნით არ სრულდება. მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ცოდნა, ნებართვების სისტემის გააზრება, ადმინისტრაციულ პროცესებთან მუშაობა და იმ რეალობის ცოდნა, რომელშიც იდეა საბოლოოდ უნდა განხორციელდეს.
დღეს, როდესაც ჩემს პროფესიულ გზას გადავხედავ, ვხვდები, რომ სწორედ ამ ორმა ადამიანმა შეიტანა ყველაზე დიდი წვლილი ჩემს არქიტექტორად ჩამოყალიბებაში.
თქვენს კარიერაში რა იყო ის პირველი მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებმაც გავლენა მოახდინა თქვენს მიდგომასა და ხედვაზე?
ჩემი პროფესიული ჩამოყალიბება რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპისგან შედგებოდა. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს არ ყოფილა სწორხაზოვანი და უწყვეტი გზა. პირიქით, ეს იყო ძიების პროცესი, რომელსაც თან ახლდა ეჭვები, დაბნეულობა, გზიდან გადახვევები, დაბრუნებები და საბოლოოდ, საკუთარი ადგილის პოვნა.
პირველი ეტაპი დაბნეულობის პერიოდი იყო. სწავლის დასრულების შემდეგ პირველად მომიწია საკუთარი არქიტექტურული ხედვისა და პოზიციის დაცვა რეალურ პროცესში. მაშინ ჯერ კიდევ საკმაოდ გამოუცდელი ვიყავი და ყველაზე მეტად დამკვეთებთან ურთიერთობა მიჭირდა. რთული აღმოჩნდა იმის ახსნა, თუ რატომ იყო მნიშვნელოვანი კონკრეტული გადაწყვეტილება, როგორ უნდა დამეცვა პროექტის მთავარი იდეა და როგორ მიმეყვანა პროცესი იმ წერტილამდე, სადაც არქიტექტურული აზრი არ დაიკარგებოდა.
მალევე დადგა მეორე ეტაპი – გაქცევა. რაღაც მომენტში ვიგრძენი, რომ თუ მუდმივი კომპრომისების ფასად უნდა დამეკარგა ის, რისიც მჯეროდა, ამ პროფესიაში დარჩენა გამიჭირდებოდა. ეს არ ყოფილა არქიტექტურისადმი ინტერესის დაკარგვა. უფრო იყო მცდელობა, საკუთარი თავი და პროფესიული პრინციპები შემენარჩუნებინა. ამიტომ გარკვეული დროით არქიტექტურას ჩამოვშორდი. სწორედ ამ პერიოდში აღმოვჩნდი საცხენოსნო სამყაროში. ცხენოსნობა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. პროფესიული განვითარების მიზნით, მოგვიანებით გერმანიაშიც წავედი და ამ სფეროს ოთხ წელზე მეტი დავუთმე. დღეს, სამწუხაროდ, პროფესიულ ცხენოსნობას დროებით ვეღარ ვაგრძელებ, მაგრამ ის პერიოდი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ცხენოსნობამ მასწავლა დისციპლინა, მოთმინება, პასუხისმგებლობა და საკუთარი თავის კონტროლი – თვისებები, რომლებიც შემდეგ არქიტექტურაშიც ძალიან დამეხმარა.
შემდეგ კი დაიწყო ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი – გამორკვევა. არქიტექტურაში დაბრუნებულმა, ბევრი რამ სხვაგვარად დავინახე. მივხვდი, რომ კარგი იდეა თავისით არასოდეს აღწევს საბოლოო შედეგამდე. მას სჭირდება ახსნა, არგუმენტი, დაცვა და კომუნიკაცია. არქიტექტორმა უნდა იცოდეს, სად არის კომპრომისი შესაძლებელი და სად იწყება ის ზღვარი, რომლის მიღმაც პროექტის მთავარი აზრი იკარგება.
ამ გამოცდილებამ მთლიანად შეცვალა ჩემი დამოკიდებულება პროფესიისადმი. დღეს იდეის დაცვას აღარ აღვიქვამ როგორც ბრძოლას. ეს ჩემთვის უფრო პროფესიული პასუხისმგებლობაა – მშვიდი, მკაფიო და არგუმენტირებული პროცესი, სადაც აუცილებელია როგორც საკუთარი ხედვის შენარჩუნება, ისე რეალურ გარემოებებთან სწორი მუშაობა.
შესაძლოა, სწორედ ამ ოთხმა ეტაპმა – დაბნეულობამ, გაქცევამ, დაბრუნებამ და გამორკვევამ – ჩამომაყალიბა ისეთ პროფესიონალად, როგორიც დღეს ვარ. თუმცა, დღესაც არ მგონია, რომ ეს პროცესი დასრულებულია.
როგორ გაჩნდა Bildhauer-ის შექმნის იდეა და რა პრინციპებზეა დაფუძნებული სტუდიის სტილი?
Bildhauer-ის იდეა ერთ დღეში არ დაბადებულა. ის წლების განმავლობაში ყალიბდებოდა სხვადასხვა გამოცდილების, ინტერესების, პროფესიული ძიებისა და იმ დამოკიდებულებებისგან, რომლებიც დროთა განმავლობაში ჩემში დაგროვდა.
როდესაც სტუდიის სახელზე დავიწყე ფიქრი, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მას მხოლოდ ჟღერადობა არ ჰქონოდა. მინდოდა, სახელში ასახულიყო ის დამოკიდებულებაც, რომელიც არქიტექტურის მიმართ მაქვს. ბევრი ვარიანტი განვიხილე, თუმცა საბოლოოდ, ორი მნიშვნელოვანი ინტერესი ერთმანეთს დაუკავშირდა – გერმანული კულტურა, ენა და ქანდაკება. ასე გაჩნდა Bildhauer-ი გერმანული სიტყვა, რომელიც მოქანდაკეს ნიშნავს.
მოქანდაკე ფორმას ქმნის, მაგრამ მისი საქმე მხოლოდ ფორმის შექმნა არ არის. ის ცდილობს მასალაში დაინახოს ის, რაც ჯერ არ ჩანს და თანდათან გამოავლინოს მისი არსი. წლების განმავლობაში სულ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ არქიტექტურაშიც მსგავსი პროცესი მიმდინარეობს. შენობას მხოლოდ კედლები, სახურავი და მოცულობები არ ქმნის. მას აქვს თავისი ხასიათი, კონტექსტი, ისტორია და ლოგიკა, რომლის აღმოჩენაც და სწორ ფორმად გარდაქმნაც არქიტექტორის პასუხისმგებლობაა.
ალბათ ამიტომაც აღმოჩნდა ჩემთვის მოქანდაკის სახე ასე ახლობელი. თუ ქანდაკება სივრცეში შექმნილი ფორმაა, არქიტექტურა ამ პროცესის კიდევ უფრო რთული და მრავალშრიანი გაგრძელებაა, სადაც შემოქმედებასთან ერთად, აუცილებელია ანალიზი, არგუმენტი, პასუხისმგებლობა და პროფესიული ლოგიკა.
სწორედ ამ იდეებზე დგას Bildhauer-ის ფილოსოფიაც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონტექსტის სწორად გააზრება, არგუმენტირებული გადაწყვეტილებები და პროფესიული პასუხისმგებლობა. თითოეულ გადაწყვეტილებას უნდა ჰქონდეს თავისი მიზეზი და მკაფიო ახსნა. ამავე პრინციპებზეა დაფუძნებული ჩვენი ურთიერთობა დამკვეთებთან – დიალოგზე, ნდობასა და არგუმენტირებულ კომუნიკაციაზე.
თუმცა Bildhauer-ს მხოლოდ არქიტექტურულ სტუდიად არ აღვიქვამ. მომავალში მინდა, ის იქცეს პლატფორმად, სივრცედ არქიტექტორებისთვის, რომლებიც იზიარებენ ამ ღირებულებებსა და მიდგომებს. ადგილად, სადაც შესაძლებელი იქნება ინდივიდუალური ავტორობის შენარჩუნება საერთო პროფესიული ფილოსოფიის ფარგლებში, სადაც სხვადასხვა იდეა ერთიანდება საერთო ხედვის გარშემო.

არქიტექტურული პრაქტიკა აერთიანებს როგორც კონცეპტუალურ აზროვნებას, ისე ტექნიკურ სიზუსტეს – როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი იდეიდან საბოლოო პროექტამდე თქვენს სამუშაო გარემოში?
ჩვენი სამუშაო პროცესი ყოველთვის ადგილის შესწავლით იწყება. ჩემთვის შეუძლებელია პროექტი პირდაპირ ფორმით ან ესკიზით დაიწყო, თუ ჯერ არ მესმის, სად უნდა განთავსდეს ეს შენობა. ალბათ ამაზე დიდ გავლენას ახდენს ჩემი ქალაქგეგმარებითი გამოცდილებაც – შენობას არასოდეს ვუყურებ როგორც დამოუკიდებელ ობიექტს. ის ყოველთვის ურბანული კონტექსტის ნაწილია.
ამიტომ პირველ ეტაპზე ვცდილობთ, მაქსიმალურად გავიგოთ ადგილი, მისი ფიზიკური და ურბანული მახასიათებლები, მასშტაბი, რელიეფი, გარემო, არსებული განაშენიანება და ის უხილავი კავშირები, რომლებიც სივრცეს თავის ხასიათს აძლევს. ჩემთვის პროექტი არა ფურცელზე, არამედ ადგილის გააზრებაში იწყება.
ამის შემდეგ დგება ჩემთვის ყველაზე საინტერესო და შემოქმედებითი ეტაპი – არქიტექტურული იდეის პოვნა. თუმცა, ეს იდეა არასოდეს ჩნდება ცარიელ სივრცეში. ის ანალიზის, დაკვირვებისა და კონტექსტის გააზრების შედეგია. ამ დროს ვეძებთ არა უბრალოდ ლამაზ ფორმას, არამედ იმ მთავარ აზრს, რომელიც პროექტს საფუძვლად უნდა დაედოს. როგორი უნდა იყოს მისი ხასიათი? როგორ უნდა იმუშაოს სივრცემ? რა ლოგიკა უნდა ჰქონდეს გეგმარებას, მოცულობასა და მასალას?
როდესაც ეს ძირითადი იდეები იკვეთება, იწყება დამკვეთთან დიალოგი. ამ ეტაპზე ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია არა პროექტის ჩვენება, არამედ მისი ახსნა. ვცდილობ, დამკვეთმა დაინახოს ის ლოგიკა, რომელმაც კონკრეტულ გადაწყვეტამდე მიგვიყვანა და გაიგოს, რატომ არის ეს გადაწყვეტა სწორი მისი საჭიროებებისა და კონკრეტული ადგილისთვის.
ამ მიზეზით, როგორც წესი, პირველ ეტაპზე არ ვაჩვენებ პროექტის საბოლოო ვიზუალურ ნაწილს. უფრო მნიშვნელოვანია გეგმარების, სივრცის ორგანიზების, ფუნქციური კავშირებისა და ძირითადი იდეის განხილვა. ვფიქრობ, ვიზუალი არ უნდა იყოს გადაწყვეტილების საწყისი მიზეზი – ის სწორად ნაპოვნი შინაარსის ბუნებრივი შედეგი უნდა გახდეს.
ალბათ ამიტომაც დიდი ხნის განმავლობაში თავს ვარიდებდი სოციალურ ქსელებს. ხშირად იქ არქიტექტურა მხოლოდ ვიზუალურ შთაბეჭდილებამდე დადის, მაშინ როდესაც ჩემთვის ყველაზე საინტერესო სწორედ ის პროცესია, რომელიც ამ ვიზუალამდე მიდის. კარგი პროექტის ღირებულება მხოლოდ იმაში არ არის, როგორ გამოიყურება ის, არამედ იმაშიც, თუ რატომ გამოიყურება ასე.
შემდეგ ეს ყველაფერი ნელ-ნელა საბოლოო პროექტად ყალიბდება. ამ ეტაპზე მთავარი ამოცანა უკვე იდეის შენარჩუნებაა. მნიშვნელოვანია, რომ საწყისი ჩანაფიქრი არ დაიკარგოს დეტალებში, ცვლილებებსა და ტექნიკურ გადაწყვეტილებებში. ის უნდა დარჩეს პროექტის ყველა შრეში – გეგმარებაში, პროპორციებში, მასალაში და საბოლოო არქიტექტურულ სახეში.
ჩემთვის არქიტექტურული პროცესი სწორედ ამას ნიშნავს – შინაარსიდან ფორმისკენ მოძრაობას. საბოლოოდ, კარგი არქიტექტურა იქ იბადება, სადაც იდეა და განხორციელება ერთმანეთთან ბოლომდე თანხვედრაში მოდის.
რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის კონტექსტი – გარემო, მასშტაბი, ლოკაცია – და როგორ აისახება ეს თქვენს არქიტექტურულ გადაწყვეტებში?
დღეს სიტყვა „კონტექსტი“ არქიტექტურაში ძალიან ხშირად გამოიყენება და ზოგჯერ იმდენად ზოგადად, რომ საკუთარი მნიშვნელობის ნაწილსაც კარგავს. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია არა თავად სიტყვა, არამედ ის, თუ რას ვგულისხმობთ მასში.
კონტექსტი მხოლოდ ლოკაცია, ხედი ან მეზობელი შენობები არ არის. ჩემთვის კონტექსტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ადგილია და მისი არქიტექტურული მეხსიერება. თუმცა ხშირად ეს მეხსიერება უკვე დაკარგულია, ფრაგმენტულადაა შემორჩენილი ან მხოლოდ განცდის დონეზე არსებობს. სწორედ ასეთ დროს ხდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ ახალი შენობა სწორად პასუხობდეს იმ გარემოს, რომელშიც ჩნდება – თავისი მასშტაბით, მასალით, გეომეტრიითა და სივრცითი ხასიათით.
ადგილობრივ ადამიანს გარემოსთან ურთიერთობის საკუთარი გამოცდილება აქვს. იგი წლების განმავლობაში აღიქვამს მასშტაბს, მასალას, ქუჩას, ეზოს, რელიეფს, შენობის სიმძიმესა თუ სიმსუბუქეს. ეს ცოდნა, უმეტესად, გაცნობიერებული არ არის, მაგრამ ადამიანში კულტურული და პირადი გამოცდილების დონეზე გროვდება, შეიძლება ითქვას, გენეტიკურ მეხსიერებაშიც კი არის დაგროვილი. სწორედ ამიტომ შეუძლია მას ინტუიციურად იგრძნოს, როდესაც ახალი არქიტექტურა გარემოსთან დიალოგშია და ასევე მაშინ, როდესაც ეს კავშირი გაწყვეტილია.
ჩემთვის არქიტექტურა ამ მეხსიერებას არ უნდა უპირისპირდებოდეს. ის შეიძლება სრულიად თანამედროვე იყოს, შეიძლება ახალ ენაზეც საუბრობდეს, მაგრამ მაინც უნდა ინარჩუნებდეს კავშირს იმ ადგილთან, სადაც ჩნდება და რომელსაც ადგილობრივი ადამიანი ბუნებრივად კითხულობს.
დროთა განმავლობაში უფრო მკაფიოდ დავინახე, რომ ამ პროცესში მასალა გაცილებით მეტია, ვიდრე ვიზუალური არჩევანი. მასალა ადგილის ხასიათის, ადამიანის გამოცდილებისა და სივრცის აღქმის განუყოფელი ნაწილია. გარკვეული გაგებით, ის მთავარი მედიუმია ადამიანსა და არქიტექტურას შორის.
სწორედ ამიტომ, კონტექსტზე საუბრისას მასალაც იმავე ლოგიკაში უნდა განვიხილოთ. ის უნდა ეხმიანებოდეს გარემოს, ადგილობრივ მეხსიერებასა და იმ შეგრძნებებს, რომლებიც ამ ადგილთან არის დაკავშირებული. ამავე დროს, მასალა მხოლოდ ესთეტიკის საკითხი არ არის. ის პირდაპირ მოქმედებს იმაზე, თუ როგორ ცხოვრობს ადამიანი სივრცეში.
ბოლო წლებში განსაკუთრებით დამაინტერესა არქიტექტურის კავშირმა ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან. თანამედროვე მშენებლობაში ხშირად იქმნება ისეთი სივრცეები, რომლებიც ვიზუალურად სრულყოფილად გამოიყურება, თუმცა რეალურად, ადამიანისთვის არაჯანსაღ გარემოს ქმნის. როდესაც შენობა ვერ სუნთქავს, როდესაც ჰაერის მოძრაობა შეზღუდულია და შენობა, ფაქტორბივად, ვაკუუმის პრინციპით მუშაობს, ხელოვნურ გარემოს ქმნის, ეს დროთა განმავლობაში ადამიანის ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზეც აისახება.
ეს ძალიან ფართო თემაა და ცალკე განხილვას იმსახურებს, თუმცა ჩემთვის არქიტექტურა ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. საბოლოოდ, არქიტექტორის ამოცანა მხოლოდ ლამაზი სივრცის შექმნა არ არის. მან უნდა იფიქროს იმაზეც, თუ როგორ გარემოში მოუწევს ადამიანს ცხოვრება, მუშაობა, დასვენება და ყოველდღიური არსებობა.
შესაძლოა, სწორედ აქ იწყება არქიტექტურის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი – არა იქ, სადაც შენობა სრულდება, არამედ იქ, სადაც მისი გავლენა ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე იწყება.
არქიტექტურულ საქმიანობაში ხშირად ჩნდება დაძაბულობა იდეასა და მის რეალიზაციას შორის – რამდენად რთულია თქვენთვის ამ ორ ეტაპს შორის თანხვედრის შენარჩუნება?
ეს, ალბათ, არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე რთული და ამავე დროს საინტერესო ნაწილია. იდეა შეიძლება სწორად იყოს ნაპოვნი, მაგრამ მისი რეალიზაცია ყოველთვის უფრო რთული პროცესია, ვიდრე თავად იდეის დაბადება. ამ გზაზე პროექტი არაერთ ფაქტორს ეჯახება – ბიუჯეტს, რეგულაციებს, ტექნიკურ შეზღუდვებს, მშენებლობის ხარისხს, დროსა და, რა თქმა უნდა, დამკვეთის საჭიროებებს.
სწორედ ამიტომ, ჩემთვის არქიტექტურა არასოდეს მთავრდება ესკიზით ან პროექტის დამტკიცებით. რეალური გამოცდა მაშინ იწყება, როდესაც იდეა ქაღალდიდან რეალურ სივრცეში გადადის.
ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ პროექტმა შეინარჩუნოს ის მთავარი აზრი, რომლითაც დაიწყო. ყოველთვის ვცდილობთ, რეალიზაციამდე რაც შეიძლება ზუსტად მივიტანოთ საწყისი გადაწყვეტა, თუმცა წლების განმავლობაში მივხვდი, რომ ყველა დეტალის ყოველთვის უცვლელად შენარჩუნება არც შესაძლებელია და არც საჭირო.
ბევრად მნიშვნელოვანია იმის გარჩევა, თუ რა წარმოადგენს პროექტის არსს და რა არის ის ნაწილი, რომელიც პროცესში შეიძლება შეიცვალოს, დაიხვეწოს ან ახალ პირობებს მოერგოს ისე, რომ მთავარი იდეა არ დაზიანდეს. კარგი არქიტექტურა ხშირად სწორედ ამ ბალანსზე დგას – პრინციპულობასა და მოქნილობას შორის.
ადრე იდეის დაცვას უფრო ემოციურად ვუყურებდი. ხშირად მეჩვენებოდა, რომ ნებისმიერი ცვლილება საწყისი ჩანაფიქრის წინააღმდეგ იყო მიმართული. დღეს ამ პროცესს სხვაგვარად ვუყურებ. რეალიზაცია ჩემთვის იდეასთან ბრძოლა აღარ არის. პირიქით, სწორედ ამ ეტაპზე ირკვევა, რამდენად მყარია იდეა, რამდენად აქვს საფუძველი და რამდენად შეუძლია რეალურ პირობებში არსებობა.
ამიტომ მიმაჩნია, რომ პროექტის რეალიზაცია მხოლოდ ტექნიკური ეტაპი არ არის. ეს არის პროცესი, სადაც იდეა საკუთარ სიცოცხლისუნარიანობას ამტკიცებს. თუ საწყისი ჩანაფიქრი საკმარისად ძლიერია, ის ცვლილებების, შეზღუდვებისა და სხვადასხვა გარემოების მიუხედავად, მაინც შეინარჩუნებს თავის მთავარ არსს.
საბოლოოდ, არქიტექტორის პასუხისმგებლობა მხოლოდ კარგი იდეის პოვნა არ არის. მისი პასუხისმგებლობაა, ეს იდეა მთელი პროცესის განმავლობაში თან გაჰყვეს პროექტს და საბოლოო შედეგამდე ისე მიიყვანოს, რომ გზაში არ დაიკარგოს ის მთავარი აზრი, რომლის გამოც ეს პროექტი საერთოდ გაჩნდა.
თქვენი დაკვირვებით, რა არის დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა არქიტექტურის სფეროში საქართველოში?
საქართველოში არქიტექტურის სფეროში ბევრი გამოწვევაა და მათგან მხოლოდ ერთის გამოყოფა რთულია. პირველ რიგში, ალბათ, პროფესიული პასუხისმგებლობისა და არქიტექტორების ლიცენზირების საკითხს გამოვყოფდი. არქიტექტურა პირდაპირ ზემოქმედებს ქალაქზე, გარემოზე და ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ამიტომ პროფესიული სტანდარტები მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დაცული.
ჩემი ძირითადი მიმართულება ქალაქგეგმარებაა და ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობ, ამიტომ ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სივრცითი მოწყობის დოკუმენტებისა და გენერალური გეგმების საკითხი. ხშირად ქალაქებისა და რეგიონების განვითარება არ ეფუძნება ერთიან და გრძელვადიან ხედვას. შედეგად, გადაწყვეტილებები ცალკეული ნაკვეთების, მოკლევადიანი ინტერესების ან კონკრეტული ინვესტიციების მიხედვით მიიღება. ასეთ დროს ურბანული გარემო თანდათან კარგავს ლოგიკას, თანმიმდევრულობას და განვითარების საერთო მიმართულებას.
ასევე ვხედავ გარკვეულ დაშორებას განათლებას, რეგულაციებსა და პრაქტიკას შორის. ახალგაზრდა არქიტექტორს ხშირად ბევრი რამის თავიდან სწავლა უწევს რეალურ სამუშაო პროცესში, მაშინ როდესაც ეს კავშირი უნივერსიტეტს, პროფესიულ პრაქტიკასა და რეგულაციურ გარემოს შორის გაცილებით ძლიერი უნდა იყოს.
თუმცა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა სხვა რამ არის – არქიტექტორის პროფესია ხდება ძალიან სტერილური და ის დაშორდა მშენებლობას.
“დაშორებაში” არ იგულისხმება მხოლოდ არქიტექტურული ზედამხედველობა. არქიტექტურა მხოლოდ ნახაზის, ვიზუალის ან დოკუმენტაციის დონეზე რჩება, უკეთეს შემთხვევაში, პერიოდული ზედამხედველობაც ერთვება, როცა რეალურად, არქიტექტურა ხელსაქმეცაა.
ჩემი აზრით, არქიტექტორს უნდა ესმოდეს არა მხოლოდ ის, როგორ გამოიყურება შენობა, არამედ ისიც, როგორ შენდება. უნდა იცნობდეს მასალის ბუნებას, როგორ მოიპოვებენ და რა პროცესებს გადის ის, რომ ამ სახით მოვიდეს ჩვენთან.
რა თქმა უნდა, პროფესია მუდმივად იცვლება. თანამედროვე ტექნოლოგიები, ციფრული ინსტრუმენტები და ახალი ცოდნა დღეს არქიტექტორის საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. თუმცა ამ ცვლილებების მიუხედავად, არსებობს ფუნდამენტური პრინციპები, რომლებიც არ უნდა დავკარგოთ. როდესაც ძველ ქართულ ხუროთმოძღვრებას ვუყურებ, ყველაზე მეტად სწორედ ეს ერთიანობა მხიბლავს. იდეა, მასალა, კონსტრუქცია და მშენებლობა ერთმანეთისგან განცალკევებული პროცესები არ იყო – ისინი ერთი მთლიანი აზროვნების ნაწილს წარმოადგენდა.
შესაძლოა, ამ საკითხში ცოტა რადიკალურიც ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ არქიტექტორს გარკვეული ფიზიკური შეხებაც სჭირდება საკუთარ საქმესთან. ზოგჯერ მასალა ხელით უნდა იგრძნო, დეტალი საკუთარი თვალით უნდა ნახო და მშენებლობის პროცესი უშუალოდ უნდა გამოცადო, რათა შემდეგ ის სწორად დახაზო.
ეს არ ნიშნავს, რომ არქიტექტორი მშენებელი უნდა გახდეს, მაგრამ იდეალურ შემთხვევაში, წარმოვიდგენდი შენობას, რომლის აშენებაში ფიზიკური ძალითაც დიდი როლი მექნება. მაგრამ როდესაც პროფესია მთლიანად კარგავს კავშირს მშენებლობის რეალურ პროცესთან, ის თანდათან კარგავს საკუთარ სიღრმესაც. ჩემი აზრით, კარგი არქიტექტურა სწორედ მაშინ იბადება, როდესაც იდეა და მისი განხორციელება ერთმანეთისგან განცალკევებული არ არის.
როგორ ფიქრობთ, რა თვისებები უნდა ჰქონდეს შენობას, რომ ის ყველა დროში აქტუალური დარჩეს?
ამ თემაზე ბევრი საუბარი შეიძლება, თუმცა ვფიქრობ, იმ აზრს გავაჟღერებ, რომელსაც ბევრი არქიტექტორიც იზიარებს. ამიტომ მარტივად გიპასუხებთ: შეხედეთ ჯვრის მონასტერს, კვეტერას კომპლექსს, რომის პანთეონს, ათენის პართენონს, საქართველოს ბანკის სათაო ოფისს, ქართულ ვერნაკულარულ არქიტექტურას – დარბაზულ სახლებს, ოდა სახლებს, სვანურ კოშკებს და კიდევ არაერთ მაგალითს.
ამ ჩამონათვალშიც კი კარგად ჩანს, რომ დროის მიმართ გამძლე შენობა არც ერთ სტილს ეკუთვნის და არც ერთ ეპოქას. მათ შორის საუკუნეები, კულტურები და სრულიად განსხვავებული არქიტექტურული ენებია, მაგრამ ყველას აქვს ერთი საერთო თვისება – ისინი დღესაც აქტუალურია.
ზოგადად, არ მიყვარს სიტყვა „თანამედროვე“, როდესაც არქიტექტურაზე ვსაუბრობთ. ხშირად, როცა პროექტის შექმნისას მთავარი ამოცანა ის ხდება, რომ შენობა „თანამედროვე“ იყოს, მას უკვე კონკრეტული დროის ჩარჩოში ვაქცევთ. შედეგად, ის შეიძლება ძალიან კარგად გამოხატავდეს თავის ეპოქას, მაგრამ სულაც არ იყოს გამძლე დროის მიმართ.
ჩემი აზრით, არქიტექტურას დრო სწორედ მაშინ აღარ აქვს, როდესაც ის სწორად პასუხობს ადამიანს და ადგილს. ჩემთვის მთავარი კითხვა არასოდეს არის თუ რამდენად თანამედროვეა შენობა. უფრო მნიშვნელოვანია, რამდენად სწორია ის იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც იქმნება, და იმ ადგილისთვის, სადაც დგას. თუ შენობა ამ ორ ამოცანას პასუხობს, მაშინ მეორეხარისხოვანი ხდება, რომელ ეპოქაში შეიქმნა. კარგი არქიტექტურა დროში არ ბერდება.























