ინტერიერის დიზაინში ინდივიდუალური ხელწერის ჩამოყალიბება ხშირად არა ერთი კონკრეტული სტილის არჩევას, არამედ სხვადასხვა გამოცდილების, ხედვისა და მიდგომის ერთმანეთთან დაკავშირებას გულისხმობს. განსაკუთრებით საინტერესო ხდება ეს პროცესი მაშინ, როდესაც ერთ სტუდიაში ორი განსხვავებული პროფესიული გამოცდილება და პერსპექტივა იყრის თავს. ასეთ შემთხვევაში საბოლოო შედეგი მხოლოდ ინდივიდუალური ხედვების ჯამი აღარ არის – ის მათი ურთიერთქმედების შედეგად იქმნება.
კესა კვარაცხელიასა და სანდრო სანდროშვილისთვის Allora Design-ის შექმნაც სწორედ ასეთი თანამშრომლობის გაგრძელება აღმოჩნდა. მათი პროფესიული გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებიდან მოდის, თუმცა სივრცის მიმართ ინტერესმა ერთ საერთო პრაქტიკაში მოიყარა თავი. სტუდიის მუშაობის პროცესში განსხვავებული მოსაზრებები არა დაბრკოლებად, არამედ დიზაინის შექმნის ნაწილად იქცა – პროცესად, რომლის საბოლოო შედეგიც თითოეული მათგანის ცალკეულ ხედვას სცდება.
ამ მიდგომასთან ერთად მათთვის მნიშვნელოვანია ინტერიერის ინდივიდუალურობის შენარჩუნება იმ დროს, როდესაც დიზაინის სფეროში ვიზუალური ტენდენციები სწრაფად იცვლება და ერთმანეთის მსგავსი სივრცეების შექმნის რისკიც იზრდება. Allora Design-სთვის დიზაინის ამოცანა ტრენდის გამეორება კი არა, კონკრეტული სივრცის შესაძლებლობების, მისი ფუნქციისა და იმ ადამიანების გააზრებაა, რომლებიც მას გამოიყენებენ. სწორედ ამ გადაკვეთის წერტილში იწყებს სივრცე საკუთარი ხასიათის შეძენას.
Allora Design-ის თანადამფუძნებლები კესა კვარაცხელია და სანდრო სანდროშვილი ინტერვიუში გვესაუბრებიან სტუდიის შექმნის ისტორიაზე, ორი განსხვავებული ხედვის ერთობლივ მუშაობაზე, კონცეფციის ჩამოყალიბების პროცესსა და ინდივიდუალური ინტერიერის ძიებაზე – ასევე იმაზე, თუ როგორ იცვლება დიზაინერის სამუშაო ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად და სად გადის ზღვარი ახალ ინსტრუმენტებსა და ავტორის ხედვას შორის.
კესა, სანდრო, მოგვიყევით თქვენ შესახებ – როგორ გაჩნდა თქვენი ინტერესი ინტერიერის დიზაინის მიმართ და რა გამოცდილებამ მიგიყვანათ საბოლოოდ ამ პროფესიულ მიმართულებამდე?
კესა: ინტერიერის დიზაინი ბავშვობიდან მაინტერესებდა, თუმცა პროფესიულ მიმართულებად ეს ინტერესი არქიტექტურის სწავლის პერიოდში ჩამოყალიბდა. თითქმის ყველა პროექტზე მუშაობისას ვხვდებოდი, რომ ყველაზე მეტად ინტერიერის დაგეგმვა, დეტალებზე ფიქრი და სივრცის ხასიათის შექმნა მიზიდავდა. საბოლოოდ, ეს არჩევანი თავისთავად მოვიდა. მივხვდი, რომ სწორედ ამ მიმართულებით მინდოდა განვითარება.
სანდრო: ავეჯის დიზაინზე სწავლის პერიოდში უფრო მეტად დავინტერესდი სივრცით და იმით, თუ როგორ შეიძლება ავეჯმა ინტერიერის ხასიათი და ფუნქცია განსაზღვროს. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ მხოლოდ ცალკეულ ნივთებზე მუშაობა აღარ იყო საკმარისი და უფრო მეტად მთლიან სივრცეზე ფიქრი მიზიდავდა. ასე გადავედი ბუნებრივად ინტერიერის დიზაინის მიმართულებაზე.
თქვენს პროფესიულ გზაზე რა გამოცდილებებმა მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა თქვენი, როგორც დიზაინერის ჩამოყალიბებაზე?
კესა: ჩემს პროფესიულ ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვანი გავლენა საინტერესო პროექტებზე მუშაობამ და იმ ადამიანებმა მოახდინეს, ვისგანაც ამ პროცესში ბევრი ვისწავლე. გამიმართლა, რომ მყავდა საინტერესო მენტორები, რომლებმაც დიზაინის მიმართ ჩემი ხედვა მნიშვნელოვნად გააფართოვეს. ვფიქრობ, სწორედ განსხვავებულ პროექტებთან და ადამიანებთან მუშაობამ ჩამომიყალიბა ის მიდგომა, რომელიც დღეს მაქვს.
სანდრო: ჩემს პროფესიულ ჩამოყალიბებაზე ყველაზე დიდი გავლენა განსხვავებულ და საინტერესო პროექტებზე მუშაობამ მოახდინა. თითოეული მათგანი ახალ გამოწვევას და გამოცდილებას მაძლევდა. მიწევდა განსხვავებული სივრცეების, სტილისა და ამოცანების გააზრება. ვფიქრობ, სწორედ ამ მრავალფეროვანმა გამოცდილებამ ჩამომიყალიბა ჩემი ხედვა და მიდგომა დიზაინის მიმართ.
როგორ გაჩნდა Allora Design-ის შექმნის იდეა და რა იყო ის საერთო ხედვა, რომელმაც საკუთარი სტუდიის შექმნისკენ გიბიძგათ?
Allora Design-ის იდეა მაშინ გაჩნდა, როდესაც ერთ სივრცეში მოგვიწია მუშაობა და გადავწყვიტეთ, ერთ პროექტზე ძალები გაგვეერთიანებინა. ეს თავიდან უბრალოდ საინტერესო კოლაბორაცია იყო, თუმცა პროცესში აღმოვაჩინეთ, რომ ერთად მუშაობა ძალიან ორგანულად გამოგვდიოდა. ერთმანეთის იდეებს ვავითარებდით და საბოლოო შედეგიც ორივეს ხედვას აერთიანებდა. სწორედ ამ გამოცდილების შემდეგ გაჩნდა სურვილი, ეს თანამშრომლობა ერთჯერადი არ ყოფილიყო და საერთო სტუდია ჩამოგვეყალიბებინა.
ორი განსხვავებული ადამიანის ხედვის ერთ სივრცეში გაერთიანება თავისთავად საინტერესო პროცესია. როგორ ნაწილდება თქვენ შორის გადაწყვეტილებების მიღება? არის თუ არა შემთხვევები, როცა ერთი იდეა მეორის ხედვას მთლიანად ცვლის ან ავსებს?
ბუნებრივია, ორ ადამიანს ყოველთვის არ გვაქვს ერთნაირი ხედვა. ხშირად ვკამათობთ კიდეც, მაგრამ საბოლოოდ, სწორედ ეს ხდის პროცესს საინტერესოს. ჩვენთვის ეს ცოტათი ფაზლის აწყობას ჰგავს: ერთი იდეა მეორეს ემატება, რაღაც იცვლება, რაღაც საერთოდ ქრება და საბოლოოდ, ვიღებთ შედეგს, რომელსაც ცალ-ცალკე ალბათ ვერცერთი შევქმნიდით. ხშირად ერთი ჩვენგანის იდეა მეორის ხედვას სრულიად ცვლის ან პირიქით – იმ დეტალს ამატებს, რომელიც აკლდა.

როდესაც ახალ პროექტს იწყებთ, რა არის თქვენი პირველი ნაბიჯები კონკრეტული სივრცის პოტენციალის გასაგებად და როგორ ვითარდება კონცეფციაზე მუშაობის პროცესი შემდგომ?
ყველაფერი სივრცის სწორად გააზრებით იწყება. პირველ რიგში, ვაკვირდებით მის შესაძლებლობებს, ბუნებრივ განათებას, პროპორციებს და იმას, თუ როგორ შეიძლება მაქსიმალურად ფუნქციურად გამოვიყენოთ. შემდეგ უკვე მნიშვნელოვანია თავად დამკვეთი – მისი ცხოვრების სტილი, სურვილები და ხასიათი. ამ ყველაფრის გაერთიანებით ნელ-ნელა ყალიბდება კონცეფცია, რომელიც მუშაობის პროცესში დეტალებით ივსება და საბოლოო სახეს იღებს.

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ინტერიერისა და ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას შორის კავშირი? როგორ ახერხებთ ამ კვეთის ინდივიდუალური საჭიროებების საავტორო დიზაინში გარდაქმნას?
ჩვენთვის ნებისმიერი ინტერიერი, პირველ რიგში, ადამიანთან და მის ყოველდღიურობასთან არის დაკავშირებული. ეს მხოლოდ საცხოვრებელ სივრცეებს არ ეხება. კომერციულ პროექტებშიც მნიშვნელოვანია გავიგოთ, ვინ გამოიყენებს სივრცეს, რა ფუნქცია აქვს მას და როგორი გამოცდილება უნდა შექმნას. დამკვეთის საჭიროებებს პირდაპირ არ ვთარგმნით დიზაინში. ვცდილობთ, ჩვენი ხედვით გადავამუშავოთ და ისეთი ფორმა მივცეთ, რომ სივრცე ერთდროულად ფუნქციური, ინდივიდუალური და ჩვენი ხელწერის მატარებელი იყოს.

თქვენ მიერ შესრულებული პროექტებიდან, რომელს გამოყოფდით როგორც განსაკუთრებით მნიშვნელოვანს სტუდიის განვითარების თვალსაზრისით და რატომ?
რთულია ერთი კონკრეტული პროექტის გამოყოფა, რადგან სტუდიის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა პროექტმა მოგვცა მნიშვნელოვანი გამოცდილება. თუმცა განსაკუთრებით გამოვყოფდით იმ პროექტებს, რომლებმაც საშუალება მოგვცა, უფრო თავისუფლად გვემუშავა და საკუთარი ხედვა უფრო მკაფიოდ გამოგვეხატა. სწორედ ასეთ პროექტებში იწყებს სტუდიის ხელწერაც ყველაზე კარგად ჩამოყალიბებას.


თქვენი დაკვირვებით, რა განასხვავებს დღეს საინტერესო და ინდივიდუალურ ინტერიერს უბრალოდ ტრენდული სივრცისგან?
ტრენდული ინტერიერი ხშირად კონკრეტულ დროსა და ესთეტიკას მიჰყვება, ინდივიდუალური სივრცე კი უფრო დიდხანს ინარჩუნებს თავის ხასიათს. ჩვენთვის საინტერესო ინტერიერი ისაა, რომელშიც იგრძნობა კონკრეტული სივრცის, ადამიანის ან ფუნქციის გავლენა და ყველაფერი მხოლოდ ვიზუალური ეფექტისთვის არ არის გაკეთებული. ტრენდებს შეიძლება ვიყენებდეთ, მაგრამ არასდროს გვინდა, რომ ისინი პროექტის მთავარი იდეა გახდეს.
როგორ შეაფასებდით დღეს საქართველოში ინტერიერის დიზაინის სფეროს განვითარებას – როგორ ფიქრობთ, რა სჭირდება ქართულ დიზაინს იმისთვის, რომ უფრო ინდივიდუალური და აქტუალური მიმართულებით განვითარდეს?
მიგვაჩნია, რომ საქართველოში ინტერიერის დიზაინის სფერო საკმაოდ სწრაფად ვითარდება და დამკვეთიც უფრო მეტად ინტერესდება ხარისხიანი და გააზრებული დიზაინით. ამავდროულად, ხშირად გვხვდება ერთი და იგივე ტენდენციებისა და ვიზუალური მიდგომების გამეორება. ვფიქრობთ, ქართულ დიზაინს უფრო მეტი ექსპერიმენტი, თავისუფლება და საკუთარი იდენტობის ძიება სჭირდება. ნაკლები მიბაძვა და მეტი ისეთი სივრცე, რომელიც კონკრეტულ გარემოსა და ავტორის ხედვას ასახავს.

ხელოვნური ინტელექტი (AI) სულ უფრო აქტიურად ერთვება დიზაინის პროცესში. როგორ ფიქრობთ, შეცვლის თუ არა AI დიზაინერის როლს და სად ხედავთ ზღვარს ტექნოლოგიასა და ადამიანის შემოქმედებით ხედვას შორის?
ვფიქრობთ, AI დიზაინერს ვერ ჩაანაცვლებს, თუმცა აუცილებლად შეცვლის და გაამარტივებს მუშაობის პროცესს. დიზაინი მხოლოდ კარგი ვიზუალების შექმნა არ არის. ეს მისი მხოლოდ ერთი ნაწილია. არანაკლებ მნიშვნელოვანია ტექნიკური მხარე, სივრცის სწორად დაგეგმვა, დეტალების დამუშავება და საბოლოოდ, პროექტის რეალიზებამდე მიყვანა. AI შეიძლება ძალიან კარგი ინსტრუმენტი იყოს იდეების სწრაფად განვითარებისთვის, მაგრამ საბოლოო შედეგს მაინც დიზაინერის გამოცდილება, ხედვა და რეალურ სივრცეში სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი განსაზღვრავს.

















