in ,

შირმა, როგორც ხელოვნების ობიექტი — ინტერვიუ Triptych Studio-ს დამფუძნებლებთან

შირმას სივრცეში განსაკუთრებული ადგილი აქვს — მას შეუძლია ოთახის ნაწილი გამოყოს, დაფაროს ან ინტერიერში უფრო მყუდრო გარემო შექმნას. ამავე დროს, მისი ფორმა გამოსახულებისთვისაც ტოვებს ადგილს: რამდენიმე ფრთაზე განაწილებული ნამუშევარი სივრცეში იშლება და ხედვის კუთხისა თუ განათების ცვლილებასთან ერთად სხვადასხვაგვარად აღიქმება.

სწორედ ამ შესაძლებლობამ დააკავშირა Triptych Studio-ს დამფუძნებლების, ანა ფატლაძისა და ირინა მასხულიას პროფესიული ინტერესები. ანა ფოტოგრაფიის სფეროდან მოდის, ირინა კი არქიტექტორია. მათ თანამშრომლობაში შირმა იქცა მედიუმად, რომელშიც გამოსახულება, კონსტრუქცია და სივრცე ერთიანი ჩანაფიქრის ნაწილია. სტუდიის სახელწოდებაც ამ მიდგომას გამოხატავს — ტრიპტიქის მსგავსად, შირმის სამი ფრთა ერთ იდეას აერთიანებს.

Homeis.ge-სთან ინტერვიუში Triptych Studio-ს თანადამფუძნებელი ანა ფატლაძე სტუდიის შექმნის ისტორიაზე, პირველ კოლექციასა და იმ შესაძლებლობებზე საუბრობს, რომელსაც შირმა იძლევა.

ანა ფატლაძე და ირინა მასხულია

ანა, როგორ გაჩნდა Triptych Studio-ს შექმნის იდეა და რა საერთო ინტერესი აღმოჩნდა თქვენი და ირინა მასხულიას თანამშრომლობის საფუძველი?

Triptych Studio ირინასთან თანამშრომლობის შედეგად გაჩნდა. მე ფოტოგრაფიიდან მოვდივარ, ირინა კი არქიტექტორია და თავიდანვე საინტერესო იყო, როგორ შეიძლებოდა ჩვენი ხედვების გაერთიანება. შირმაში დავინახეთ შესაძლებლობა, შეგვექმნა ისეთი არტობიექტი, რომელშიც გამოსახულება მხოლოდ ზედაპირზე დატანილი ნახატი არ იქნებოდა, არამედ ფორმასთან და სივრცესთან ერთად შეიქმნებოდა. სწორედ ამ იდეის განვითარება გახდა Triptych Studio-ს საფუძველი.

სტუდიის სახელწოდება ტრიპტიქს უკავშირდება — ერთი იდეით გაერთიანებულ სამნაწილიან ნამუშევარს. როგორ გამოხატავს ეს კავშირი თქვენს დამოკიდებულებას შირმისადმი?

ყველაზე მეტად ჩვენი მიმართულება და საწყისი იდეა სწორედ სახელწოდებაშია გამოხატული. ტრიპტიქი ერთი იდეით გაერთიანებული, სამ ფრთაზე განაწილებული ნამუშევარია. ამ ფორმის არჩევა მხოლოდ კომპოზიციურ გადაწყვეტას არ გულისხმობს — თავად სამი ნაწილისგან შემდგარი ფორმა ნამუშევარს დამატებით მნიშვნელობას სძენს და თავიდანვე მისი იდეის განუყოფელი ნაწილია.

გვინდოდა, სახელწოდებას პირდაპირ ეთქვა, რომ შირმა ჩვენთვის დიზაინზე მეტად ხელოვნების სფეროს ეკუთვნის. ამასთან, ეს ფორმა ხელოვნებაში უკვე არსებობს და, თუ დავაკვირდებით, ტრიპტიქი თავისი აგებულებით შირმასაც ძალიან ჰგავს. სწორედ ამ კავშირის აღმოჩენა გახდა სახელის არჩევის საფუძველი.

რა უძღოდა წინ თავად შირმით დაინტერესებას? როგორ გადაიქცა კონკრეტული ნივთის ძიება ახალ შემოქმედებით მიმართულებად?

ყველაფერი თითქოს ინდური სარიდან დაიწყო, რომელიც ბიძაჩემმა დაახლოებით 25 წლის წინ ჩამომიტანა. ძალიან მინდოდა, ახალ სახლში გამომეყენებინა და ვიფიქრე, ძველ შირმას ვიპოვიდი და სარის მის ჩარჩოში მოვაქცევდი. შირმის ძებნა დავიწყე, მაგრამ ვერ ვიპოვე. ერთი მხრივ, მივხვდი, რომ საქართველოში ამ კონკრეტული ნივთის დეფიციტი იყო, მაგრამ ამაზე ბევრად მნიშვნელოვანი სხვა რამ მოხდა — ძალიან მძაფრად ვიგრძენი, რომ ახალ მედიუმს მივაგენი, რომელსაც ჩემთვის სრულიად უცხო შესაძლებლობები და ხედვები შეეძლო გაეხსნა.

თავიდანვე გასაგები იყო, რომ შირმას საკმაოდ რთული ტექნიკური მხარე აქვს და ამ იდეის განსახორციელებლად საუკეთესო პარტნიორი არქიტექტორი იქნებოდა — ადამიანი, რომელიც ამ ობიექტის კონსტრუქციასაც გაიგებდა, „მოიხელთებდა“ და მისი გადააზრებაც შეეძლებოდა. სწორედ ასე დავიწყეთ მე და ირინამ თანამშრომლობა.

თქვენს პირველ ნამუშევრებში სხეულის სილუეტს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. როგორ უკავშირდება ეს გამოსახულებები შირმის თავდაპირველ დანიშნულებას და რა ფორმით გადმოიტანეთ ეს ასოციაცია კოლექციაში?

პირველი შირმა, რომელიც შევქმენით, NUDE 001 იყო. პიპო ჩაუშბამ სპეციალურად მისთვის შექმნა ესკიზი, რომელიც შემდეგ ვერცხლის ინკრუსტაციით გადავიტანეთ ზედაპირზე. თავიდანვე ვიცოდით, რომ შირმა ხის უნდა ყოფილიყო, მაგრამ, ამასთან, არ გვინდოდა დაგვეკარგა შირმის ერთ-ერთი მთავარი ასოციაცია — დაფარული სხეულის წამიერი გამოჩენა. თითქოს ხედავ ქალს, რომელიც იცვლის ტანსაცმელს, და შუქ-ჩრდილში მისი სილუეტი წამიერად ჩნდება.

რადგან ჩვენ კლასიკური შირმის გადააზრება გვინდოდა, ეს სურათიც სხვანაირად გადავთარგმნეთ და ის წარმავალი სილუეტი ვერცხლის სხივით მუდმივობაში გადავიტანეთ. გუგა კოტეტიშვილთან და პიპო ჩაუშბასთან კოლაბორაციის ლაიტმოტივი ეს იდეა იყო.

სხვა შირმებიც თავისებურად ამავე კონცეფციის გაგრძელებაა — რაღაც წარმავლისა და მსუბუქის ალუმინისა თუ ვერცხლის საშუალებით კონკრეტულ, მოდერნულ ფორმაში გარდასახვა.

ფერისა და სხვა დეტალების შერჩევისას კი უფრო თავისუფლად ვმუშაობდით, ინტუიციას მივყვებოდით. მთავარი ის იყო, რომ ერთმანეთს კარგად ვუგებდით და ახალ შირმაზე მუშაობისას ვგრძნობდით, როდის მივდიოდით სწორ იდეამდე. ამასთან, საკუთარ თავს ექსპერიმენტისა და სიმსუბუქის უფლებასაც ვაძლევდით. ხშირად სწორედ მაშინ ვიწყებდით მუშაობას, როცა რაღაც საინტერესო შესაძლებლობას ვხედავდით.

როგორ განვითარდა პირველი კოლექცია — შირმის ფორმის შერჩევიდან ცალკეული ნამუშევრების შექმნამდე? 

პირველი, რაც შევარჩიეთ, შირმის ფორმა იყო — მაღალი, წვრილი და დახვეწილი, რომელიც თითქმის მთელ კოლექციაში მეორდება. ფორმა ძირითადად უცვლელი დარჩა, გარდა ორი შირმისა, რომლებსაც უფრო ფართო და გრძელი პროპორციები აქვს. როდესაც ფორმაზე შევთანხმდით, უკვე ზედაპირსა და გამოსახულებაზე დავიწყეთ ფიქრი.

როგორც აღვნიშნე, პირველი შირმა, პიპო ჩაუშბას NUDE 001, ქალის სხეულის სილუეტი იყო, რომელსაც ბუნებრივად მოჰყვა კაცის სილუეტი — NUDE 002.

შემდეგ გუგა კოტეტიშვილთან კოლაბორაცია გვინდოდა. კარგად ვიცნობდით მის ახალ სერიას, სადაც პოეზია და ფერწერა ადამიანის სხეულისა და სურვილის ინტიმური ურთიერთობის გარშემო ერთიანდება. გუგას დიზაინთან მუშაობის უზარმაზარი გამოცდილებაც ჰქონდა და მისი ავეჯი ნამდვილად ხელოვნების ნიმუშებია, ამიტომ ჩვენს კონცეფციასაც ზუსტად უგებდა. გუგას შემთხვევაში ბევრი სხვადასხვა ესკიზი ვნახეთ და, მისი ხელწერიდან გამომდინარე, შევარჩიეთ ფერი და ის ტექნიკა, რომლითაც ეს ფერი შირმაზე დავიტანეთ.

თითოეულმა შირმამ თავისი მიმართულებით წაგვიყვანა. მაგალითად, NUDE Flower 002 ობრი ბერდსლის ყვავილის გამოსახულებით შთაგონებულებმა შევქმენით. შემდეგ კი ბერდსლის სხვა ნამუშევარში ყვითლისა და შავის კონტრასტი შევნიშნეთ და დავინტერესდით, როგორი იქნებოდა ეს კონტრასტი ვერცხლის ყვავილთან. ასე, ერთი კონკრეტული გამოსახულებიდან და ფერების შეხამებიდან ახალი იდეა გაჩნდა.

ხშირად მუშაობის პროცესში ერთი დეტალი გიბიძგებს, რაღაც სხვა სცადო, წარმოიდგინო, როგორ იმუშავებს მასალა, ფერი და გამოსახულება ერთმანეთთან. საბოლოოდ, სწორედ ამ ცდებით ყალიბდება ნამუშევრის საბოლოო სახე.

კოლექციაში ფერსა და ზედაპირის დამუშავებას დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორ მუშაობდით სასურველი ფერებისა და ფაქტურის მისაღებად?

პირველი კოლექცია, პირობითად, ფერების მიხედვით, სამ ნაწილად შეგვიძლია დავყოთ. ყველას თავისი გამოწვევა ჰქონდა და ეს სირთულეები უფრო ტექნიკური იყო, ვიდრე შემოქმედებითი. იმ ხარისხისა და შედეგის მიღება, რაც თავიდან გვქონდა ჩაფიქრებული, ძალიან შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდა.

მაგალითად, იმ წითელი ფერის მიღება, რომელიც თავიდან წარმოვიდგინეთ, საკმაოდ რთული იყო. ვენეციურ პიგმენტს – ოხრას წვეთ-წვეთად ვამატებდით და პროპორციებს თითქმის ლაბორატორიული სიზუსტით ვზომავდით, სანამ სასურველ ფერს არ მივიღებდით.

ცისფრის შემთხვევაში კი პროცესი ბევრად უფრო თავისუფალი იყო. მხატვრობაში ამას გლაზირება ეწოდება და ძირითადად ზეთის მხატვრობაში გამოიყენება. ეს უფრო ემოციური პროცესია, სადაც ინტუიციას მიჰყვები და მუშაობის დროს წყვეტ, რომელი ფენა გამოაჩინო, სად დატოვო ზედაპირი და სად დაამატო ახალი ფერი. ამ მხრივ, ეს პროცესი მხატვრის მუშაობისგან არაფრით განსხვავდება.

ცალკე გამოწვევა იყო ვერცხლის ინკრუსტაციაც, რომელიც განსაკუთრებულ სიზუსტესა და მოთმინებას მოითხოვს. საბოლოოდ, თითოეული შირმისთვის განსხვავებული გზა გავიარეთ, მაგრამ ყველა მათგანი იმ შედეგამდე მივიყვანეთ, რომელიც თავიდან გვქონდა წარმოდგენილი.

როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი შირმების ადგილი საცხოვრებელ სივრცეში — როგორც სივრცის გამყოფის თუ დამოუკიდებელი ნამუშევრის?

შირმა თავისთავად სივრცის გამყოფი ფუნქციის მატარებელია, თუმცა, ამავე დროს, საკმაოდ თავისუფალი ობიექტია, რომელსაც დღეს დიზაინში მრავალნაირად იყენებენ. შეიძლება სივრცეში დადგა და გარკვეული ნაწილი შემოფარგლო ან ნახევრად დაფარო, დიდ ოთახში უფრო მყუდრო გარემო შექმნა, ან სულაც ერთ კონკრეტულ ადგილას, ნახატივით განათავსო.

ის, თუ რამდენად ფუნქციურად გამოიყენებ შირმას ან რამდენად აღიქვამ მას, როგორც დამოუკიდებელ არტობიექტს, თავად სივრცესა და ადამიანზეა დამოკიდებული. თუმცა, მაშინაც კი, როცა შირმა უძრავია და მხოლოდ ნამუშევრის სახით არსებობს სივრცეში, ის მაინც ცვალებადია. ვერცხლი, ალუმინი და ფერები დღის განმავლობაში სხვადასხვანაირად პასუხობს სინათლეს, რის გამოც ობიექტის აღქმაც მუდმივად იცვლება.

რა მიმართულებით გსურთ Triptych Studio-ს განვითარება? მოიაზრებთ თუ არა სხვა ტიპის ობიექტებზე მუშაობასაც?

ჩვენთვის შირმა უფრო მედიუმია და მისი შესაძლებლობების ამოწურვისგან ჯერ ძალიან შორს ვართ. მთავარი ფოკუსი ისევ მასზე იქნება, თუმცა ამ ფორმით მუშაობა უამრავ განსხვავებულ მიმართულებას გვთავაზობს — შეიძლება სკულპტურას დავუკავშიროთ, ისევ მხატვრობას მივუბრუნდეთ ან რომელიმე კონკრეტული ხელოვნების თუ დიზაინის მიმდინარეობა ავირჩიოთ საწყისად.

არტისტებთან თანამშრომლობა ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. განსაკუთრებით მოგვწონს, როგორ შეიძლება ორი განსხვავებული ხედვის შეხვედრამ ნამუშევარი სრულიად სხვა მიმართულებით წაიყვანოს. შემდეგ კოლექციაზეც უკვე ერთ ძალიან საინტერესო და ჩვენთვის საყვარელ არტისტთან ერთად ვმუშაობთ.

რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში სხვა ტიპის ობიექტებსაც დავამატებთ, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ისინიც ორგანულად იტევდნენ სხვადასხვა კონცეფციას, რომელთა ახლებურად გააზრება და ყოველდღიურ დიზაინში გადმოტანა იქნება შესაძლებელი.

ფოტოგრაფი: გიორგი შენგელია

უსაფრთხოებისა და დაშვების სისტემების კომპანია FlexSecure Homeis-ის „შეკრების” მარკეტფლეისის მონაწილეა