არქიტექტურა იშვიათად გვთავაზობს ერთ სწორ პასუხს. თითოეული პროექტი განსხვავებულ მოცემულობას აერთიანებს — ადგილს, დროს, ფუნქციას, ადამიანებსა და გარემოს — და სწორედ ამ ურთიერთკავშირებში იწყება არქიტექტორის მთავარი სამუშაო: სწორად დასვას კითხვები, განსაზღვროს პრიორიტეტები და იპოვოს გადაწყვეტა, რომელიც კონკრეტული კონტექსტიდან გამომდინარეობს.
ამგვარ მიდგომას ეფუძნება არქიტექტორ გიორგი ჩაბალუხას პროფესიული ხედვაც. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული განათლების შემდეგ მან სწავლა ვენეციის არქიტექტურის ინსტიტუტში — Università Iuav di Venezia-ში გააგრძელა, მოგვიანებით კი პროფესიული გამოცდილება ნიუ-იორკსა და პარიზში, APS Designs-სა და Moreau Kusunoki-ში დააგროვა. განსხვავებულ არქიტექტურულ გარემოსა და მასშტაბებთან მუშაობამ მის პრაქტიკაში გააერთიანა კონცეპტუალური ძიება, სტრუქტურული ლოგიკა და ის დისციპლინა, რომელიც იდეის რეალურ არქიტექტურად გარდაქმნას სჭირდება.
დღეს გიორგი თბილისში დაფუძნებული არქიტექტურული კომპანია ISYNC-ის თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელია. მისთვის არქიტექტურა არა წინასწარ განსაზღვრული სტილის ან ვიზუალური ხელწერის გამეორება, არამედ თითოეული ამოცანის ხელახლა გააზრების პროცესია. ამ პროცესში კონტექსტი შეზღუდვად კი არა, შესაძლებლობების საწყის მონაცემად იქცევა, ხოლო ფორმა — ფუნქციის, სტრუქტურისა და გარემოს ურთიერთობის შედეგად.
Homeis.ge-სთან ინტერვიუში გიორგი ჩაბალუხა გვიყვება საკუთარ პროფესიულ გზაზე, საერთაშორისო გამოცდილების ქართულ რეალობაში „თარგმნაზე“, კონტექსტთან მუშაობის პრინციპებზე, ფუნქციასა და ესთეტიკას შორის კავშირსა და არქიტექტორის სოციალურ პასუხისმგებლობაზე. საუბარი საბოლოოდ ერთ მნიშვნელოვან საკითხს უბრუნდება — რას ნიშნავს დღეს შექმნა არქიტექტურა, რომელიც არა მხოლოდ ვიზუალურად გამორჩეულია, არამედ გარემოსა და ადამიანების რეალურ საჭიროებებს პასუხობს?
გიორგი, გვიამბეთ, როდის გაჩნდა თქვენი ინტერესი არქიტექტურის მიმართ და როგორ იპოვეთ საკუთარი თავი ამ სფეროში?
არქიტექტურულ პრაქტიკაში ჩართვა ჩემთვის გააზრებული და თანმიმდევრული პროფესიული არჩევანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახური გარემოდან გამომდინარე, ამ პროფესიის სპეციფიკას ადრეული წლებიდანვე ვიცნობდი, თავად არქიტექტურის, როგორც მთავარი საქმიანობის არჩევა და სტრუქტურული აზროვნების ჩამოყალიბება უკვე სტუდენტურ წლებში მოხდა. სწორედ მაშინ გავაცნობიერე, რომ ეს იყო ზუსტად ის სივრცე, სადაც ჩემი ხედვისა და პროფესიული უნარების რეალიზებას სრულად შევძლებდი.
გაგვიზიარეთ, თქვენი გამოცდილება – საიდან დაიწყო თქვენი შემოქმედებითი გზა და როგორ განვითარდა თქვენი კარიერა დღემდე?
ეს იყო არქიტექტურული მასშტაბისა და კომპლექსური აზროვნების ეტაპობრივი ზრდა. თბილისის შემდეგ, ვენეციის არქიტექტურის ინსტიტუტმა (IUAV) განსხვავებული პროფესიული ხედვა და კონცეპტუალური სიღრმე მომცა. ამას მოჰყვა ნიუ-იორკში, APS Designs-ში მუშაობის გამოცდილება, სადაც იდეის პრაქტიკაში გადატანისა და პრეზენტირების ეტაპზე გადავედი, როდესაც უშუალოდ ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს ჰარვარდისა და იელის უნივერსიტეტებთან, რათა მათთვის მინერალების მუზეუმის ჩვენეული კონცეფცია შეგვეთავაზებინა. პარიზში, Moreau Kusunoki-ში მუშაობამ კი დამანახა ის მკაცრი სტრუქტურა და დისციპლინა, რაც დიდი მასშტაბის პროექტებს სჭირდება, რათა საწყისი იდეა რეალიზაციის გზაზე არ დაიკარგოს. სწორედ ეს მრავალმხრივი დაგროვილი გამოცდილება გახდა ISYNC-ის, როგორც სრულფასოვანი არქიტექტურული პრაქტიკის, ფორმირების საფუძველი თბილისში, სადაც ახლა ამ მაღალი სტანდარტების დანერგვაზე ვმუშაობთ.

როგორ დაახასიათებდით თქვენს ინდივიდუალურ სტილს? რამ განაპირობა თქვენი არქიტექტურული ხელწერის ჩამოყალიბება?
სტილის მკაცრ დეფინიციასა და ვიზუალურ კლიშეებს ვერიდები. ჩემთვის ამოსავალი წერტილი სივრცის სტრუქტურული ლოგიკა და სიმარტივეა. ჩემი მიზანია, შევქმნა ისეთი გარემო, სადაც დეტალები ერთმანეთს ავსებს და არ ცდილობს სივრცის მითვისებას ზოგადი ტრენდების მიხედვით . ეს არის მინიმალისტური სულისკვეთება, რომელიც ფასადურ დეკორაციებს გამორიცხავს და მთელ ყურადღებას სივრცისა და მასის რეალურ, ფუნქციურ ურთიერთობაზე ამახვილებს.
რა არის თქვენი შემოქმედებითი ფილოსოფია – რა ფაქტორებსა და პრინციპებს ეფუძნება თქვენი სამუშაო პროცესი და როგორ აისახება თქვენი მსოფლმხედველობა თქვენს ნამუშევრებში?
,,ყველაფერს ვერ მოაგვარებ“ – ამ მარტივ ფრაზაში რაღაც ღრმად გამათავისუფლებელია. არქიტექტურისგან ხშირად ითხოვენ, ერთდროულად უპასუხოს წარმოუდგენელი რაოდენობის გამოწვევებს: სოციალურს, ეკოლოგიურს, ეკონომიკურს, პოლიტიკურსა თუ კულტურულს. თუმცა, რეალობაში ყველას ვერ გასწვდები. სამაგიეროდ, შენვე ირჩევ პრიორიტეტებს, რას მიაქციო ყურადღება, რა დაიცვა და სად შეიტანო შენი ინტერვენციით რეალური ცვლილება. ჩემი ფილოსოფია მარტივია: იყო აბსოლუტურად გულწრფელი. შეგეძლოს, იყო მკაცრად რაციონალური იქ, სადაც ამას სტრუქტურა ითხოვს, და სრულიად თავისუფალი იქ, სადაც ახალი იდეები იბადება. საბოლოოდ, არქიტექტურა მზა პასუხების ქონა კი არა, სწორი კითხვების დასმაა!

რა როლს თამაშობს კონტექსტი თქვენს შემოქმედებითი პროცესში? რას ნიშნავს თქვენთვის კონტექსტზე მორგებული არქიტექტურა და როგორ იწყება ამ კავშირის ძიება კონკრეტულ პროექტში?
კონტექსტი საწყისი მონაცემთა ბაზაა და არა შეზღუდვა. არსებული ლანდშაფტის, კლიმატისა თუ განაშენიანების ანალიზი მაძლევს ინფორმაციას, მაგრამ არ მკარნახობს ერთადერთ სწორ ფორმას. ზოგჯერ მოცემულობა მოითხოვს, რომ ობიექტი ლანდშაფტს დაემორჩილოს და არსებული რელიეფის ნაწილი გახდეს, ზოგჯერ კი პირიქით, გეომეტრიული კონტრასტით გამოეყოს გარემოს და თვითონვე გახდეს უპირობო დომინანტი. ორივე სცენარი არსებული გარემოებების გონივრული გააზრების შედეგია.

გაგვიზიარეთ, რომელია თქვენი ფავორიტი პროექტი და რით არის ის თქვენთვის განსაკუთრებული? რა ისწავლეთ მასზე მუშაობისას და როგორ იმოქმედა ამ ნამუშევარმა თქვენი ხედვის განვითარებაზე?
ტურინში მდებარე Palazzo del Lavoro საინტერესო იყო თავისი სტრუქტურული გამოწვევით. მიმართულება Adaptive Reuse არ ნიშნავს არსებული სივრცის გაყინვას. ეს არის მზიდი კონსტრუქციებისა და მოცულობების ხელახალი ინჟინერია ახალი ფუნქციისთვის. ამ პროექტმა დამანახა, როგორ უნდა გააცალკევო შენობის ძველი ფენა ახალი ჩარევისგან ისე, რომ ეს ორი სისტემა ერთმანეთთან სტრუქტურულ კონფლიქტში არ შევიდეს და დამოუკიდებლად, მაგრამ ერთ სივრცეში იფუნქციონიროს.

დღეს, როდესაც არქიტექტურაში ვიზუალური მხარე ხშირად დომინირებს, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის, რომ პროექტის ესთეტიკური გადაწყვეტა მის ფუნქციურ და პრაქტიკულ საჭიროებებს ეყრდნობოდეს?
არქიტექტურაში ესთეტიკა არ არსებობს ფუნქციური გამართლების გარეშე. სუფთა ვიზუალი, რომელსაც ხშირად მინიმალიზმს ეძახიან, სინამდვილეში რთული საინჟინრო და გეგმარებითი კვანძების მოგვარების შედეგია. როცა ფუნქცია სწორად არის გადანაწილებული და სტრუქტურა ლოგიკურია, ფორმა თავისთავად მშვიდდება. ვიზუალური მხარე პირდაპირ უნდა ასახავდეს შენობის შიდა პროცესებს და არა უბრალოდ ფასადის დეკორაციას წარმოადგენდეს.
დღეს ქართულ არქიტექტურაში ერთდროულად არსებობს გლობალური ტენდენციების გავლენაც და ადგილობრივი იდენტობის ძიებაც. როგორ ფიქრობთ, სად გადის ზღვარი საერთაშორისო არქიტექტურული ენის გამოყენებასა და ადგილობრივი კონტექსტის დაკარგვას შორის?
ზღვარი საერთაშორისო არქიტექტურულ ენასა და ადგილობრივი იდენტობის დაკარგვას შორის იქ გადის, სადაც ბრმა იმიტაცია მთავრდება და შემოქმედებითი „ტრანსლაცია“ იწყება.
ქართულ სინამდვილეში „ტრანსლაცია“ ერთდროულად ლინგვისტურ თარგმანსაც ნიშნავს და ფიზიკურ გადანაცვლებასაც. ეს ორმაგი ბუნება არქიტექტურის მთავარი გასაღებია. ასეთ შემთხვევაში მიზანი უცხოური ფორმის პირდაპირი იმპლანტაცია კი არა, მისი სულისკვეთების შენარჩუნებაა.
ვფიქრობ, ასეთი გააზრებული თარგმანი აშენებს ხიდს საერთაშორისო გამოცდილებასა და ქართულ კონტექსტს შორის.

დაბოლოს, როგორ ხედავთ არქიტექტურისა და არქიტექტორის როლს საზოგადოებაში – როგორ ფიქრობთ, რით არის მნიშვნელოვანი თქვენი საქმიანობა?
არქიტექტურა, პირველ რიგში, უდიდესი სოციალური პასუხისმგებლობაა. ჩვენ ვქმნით ფიზიკურ გარემოს, რომელიც პირდაპირ განაპირობებს ადამიანების ქცევას, განწყობასა და ცხოვრების ხარისხს. ISYNC-ის მთავარი მისია სწორედ ამ პასუხისმგებლობის პრაქტიკაში გადმოტანაა. დღეს ჩვენი კომპანია ერთგვარი ცოცხალი პლატფორმაა, სადაც თანამედროვე საპროექტო სტანდარტებს ვამუშავებთ და ვნერგავთ. საერთაშორისო გუნდის ჩართულობა გვეხმარება, მუდმივად ვხედავდეთ დიდ სურათს და საზოგადოებას შევთავაზოთ არა უბრალოდ ფიზიკური ობიექტები, არამედ ცოცხალი, ფუნქციური და მაღალი ხარისხის სივრცეები, რომლებიც უკეთესობისკენ ცვლის ყოველდღიურობას.
გიორგი ჩაბალუხას გამორჩეული პროექტები:
- Centre Pompidou Renovation 2030 (პარიზი, საფრანგეთი, 2025) — პროექტირებისა და დეტალიზაციის ეტაპი (Design Development).
- Palazzo del Lavoro (ტურინი, იტალია, 2024–2025) — საერთაშორისო საკონკურსო პროექტი.
- The Mineral Museum (ქუინსი, ნიუ-იორკი, 2023) — კონცეფცია და პროექტის განვითარება (პლატფორმა ჰარვარდისა და იელის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობისთვის).
- Museum Arte Sacra (პულია, იტალია, 2023) — კონცეპტუალური პროექტი.
- Villa Al Mazrou (შარჯა, არაბთა გაერთიანებული საამიროები, 2023) — კონცეფცია და სამუშაო დოკუმენტაცია.
- The Canyon (ლიბანი, ბორჯომი, 2023–2024) — დისერტაცია (IUAV).










