in

ბუნებრივი მასალებითა და მინიმალისტური დიზაინით შექმნილი ინტერიერი ვაკეში — ნინი ჯღამაძისა და თათა გურამიშვილის ნამუშევარი

დღევანდელ სტატიაში ნინი ჯღამაძის კიდევ ერთ საინტერესო პროექტს გაგაცნობთ, რომელზეც მან დიზაინერ თათა გურამიშვილთან ერთად იმუშავა. ობიექტი  ვაკეში, ვლადიმერ გაბაშვილის ქუჩაზე მდებარეობს. მისი საერთო ფართობი 97 მ2-ია, სადაც 13 მ2 აივანს უჭირავს.

ბინის პროექტირებისას დამკვეთის მთავარი მოთხოვნა სივრცის ფუნქციის, განლაგებისა და განათების სწორი დაბალანსება იყო. ასევე, მნიშვნელოვანი იყო კომფორტული და თბილი გარემოს შექმნა, რომელსაც საინტერესო დიზაინი გამოარჩევდა.

დასახული მიზნის მისაღწევად ნატურალური ფერთა პალიტრა და ბუნებრივი მასალები შეირჩა. სივრცის ზონირება კი სხვადასხვა ტიპის სანათებითა და ავეჯით მოხერხდა.

სარემონტო სამუშაოების პროცესში სირთულეს წარმოადგენდა მომრგვალებული კედლები, ასიმეტრიული ჭერი და ცენტრალურ სივრცეში შემაღლებული ადგილი, რომელიც იატაკის დონეზე ვერ სწორდებოდა. ამგვარად,  საჭირო გახდა კედლებისა და ჭერის ჩამონგრევა, რათა სივრცე დაბალანსებულიყო. ამაღლებულ იატაკზე კი საფეხური გაკეთდა და მუქი მუხის პარკეტი დაიგო, რამაც იატაკის დონეები ნაკლებად შესამჩნევი გახადა.

მისაღები ოთახი ორ ზონად დაიყო, ზედა ნაწილში მაგიდა და სკამები განთავსდა, მეორე მხარეს კი მოსასვენებელი სივრცე მოეწყო, სადაც ტელევიზორის კუთხე და კომფორტული ტახტი განლაგდა. ამ ზონაში განსაკუთრებული მყუდროება და სიმშვიდე იგრძნობა, რაც თეთრი ფერის სიჭარბით, უხვი წერტილოვანი, დეკორატიული განათებით, მცენარეებითა და აქსესუარებით მიიღწევა.

სასადილო სივრცე საკმაოდ ვრცელი და აუთვისებელია. მთავარი აქცენტი დიდი ზომის მრგვალ სანათზე და მინიმალისტური დიზაინის ხის მაგიდასა და სკამებზე კეთდება, რომლებიც მუქი ფერის იატაკსა და თეთრი ტონალობის კედლებს იდეალურად ეხამება.

სამზარეულო მისაღები ოთახისგან გამიჯნულია. ამ ზონაში მთავარ აქცენტს შავი ფერი განსაზღვრავს, რომელიც ავეჯზე, კუნძულზე, ფანჯრის ჩარჩოსა და შუშის ტიხარზე გვხვდება. სივრცეში მინიმალისტური სტილი ნარჩუნდება და ოჯახური შეკრებებისთვის იდეალური პირობები იქმნება.

ბუნებრივი მასალები გვხვდება საძინებელში, რაც ამ ოთახს გამორჩეულ ხიბლს სძენს. ორიგინალური დიზაინის ხის საწოლი წიგნების სათავსოსაც წარმოადგენს. ხის მასიური კარადები კი ტევად საგარდერობოს ქმნის. საძინებელში მოწყობილია სამუშაო კუთხეც, რის გამოც ოთახი ფუნქციური და პრაქტიკულია.

აბაზანაში ტრადიციული და თანამედროვე ესთეტიკის სინთეზს ვხვდებით. ბუნებრივი მასალები  — მარმარილო, ხის ავეჯი და შავ-თეთრი ფილები  განსაკუთრებულ ეფექტს ქმნის და სივრცეს მიმზიდველობას ანიჭებს. ოთახში განთავსებულია როგორც საშხაპე, ისე სააბაზანო კუთხეები, რის გამოც საკმაოდ მოსახერხებელი და კომფორტული გარემო იქმნება.

ნინი ჯღამაძისა და თათა გურამიშვილის ნამუშევარი ბუნებრივი მასალების სიმრავლით, ნათელი, თბილი გარემოთი და მინიმალისტური დიზაინით ხასიათდება. თითოეული ზონა მაცხოვრებლის ინტერესებისა და სურვილების მიხედვითაა დაპროექტებული და საცხოვრებლად ყველა საჭირო პირობას ქმნის. ამასთანავე, მუქი აქცენტებით, ნეიტრალური ფერებითა და დეკორატიული განათებით მიმზიდველი და საინტერესო ინტერიერი მიიღება.

პროექტის ავტორები: ნინი ჯღამაძე; თათა გურამიშვილი

ინტერიერის დიზაინის სტუდია: Nini Jgamadze design

გამოყენებული მასალები:

მოსაპირკეთებელი მასალები: „lego room“;

განათება: „New light“;

იატაკის საფარი: „ DANI“

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

Alessi – იტალიური ბრენდი, რომლის ისტორიაც სამზარეულოს ჭურჭლის წარმოებით დაიწყო

კრემისფერ ტონებში გადაწყვეტილი ბინა ყიფშიძის ქუჩაზე — სტუდია „Allora Design“-ის ნამუშევარი