in

ინტერიერის დიზაინერი – ფუფუნება თუ საჭიროება?

მონაცემების მიხედვით, დიზაინ-პროექტი თქვენი რემონტის 3-დან 6%-მდე ჯდება

ათი წლის წინ თბილისში ინტერიერის დიზაინერის სერვისი ზედმეტ ფუფუნების საგანს წარმოადგენდა. „ბევრისთვის ეს უბრალოდ ზედმეტი ხარჯი იყო“, ამბობს სოფო, რომელიც განათლებით არქიტექტორია და დღეს საკუთარ სტუდიას, BOA-ს, ხელმძღვანელობს. ბევრი დღესაც ასე ფიქრობს: დამატებითი კომფორტია მათთვის, ვისაც ბინის ყიდვის შემდეგ ზედმეტი ფული მორჩა.. ეს მოსაზრება არა მხოლოდ მცდარია, არამედ საკმაოდ საზიანოც ბევრი ბინის მესაკუთრესათვის.

მოკლედ BOA-ს შესახებ. BOA Design Studio თბილისში მოქმედი ინტერიერის დიზაინის სტუდიაა, რომელსაც არქიტექტორი სოფო გურასაშვილი ხელმძღვანელობს. სტუდია ქმნის ინტერიერის პროექტებს, რომლებიც სივრცის გეგმარებას, სამუშაო ნახაზებსა და 3D ვიზუალებს მოიცავს. ამ მასალებით კი სარემონტო ჯგუფს პროექტის განხორციელება შეუძლია. BOA-ს სახელი პორტუგალიურად „კარგს“ და „კარგად ყოფნას“ ნიშნავს: ბრენდის მიღმა იდეა კი ისეთი სივრცის შექმნაა, რომელიც „კარგად არის მოფიქრებული“ და სადაც მასში მცხოვრები ადამიანი თავს კარგად გრძნობს.

BOA მომსახურების ღირებულებას ღიად აქვეყნებს: კვადრატული მეტრი 50 ლარიდან. 70 მ² ბინისთვის, ზუსტად იმ ზომისთვის, რომლის ფარგლებშიც შარშან თბილისში გაყიდული ბინების ნახევარზე მეტი მოდიოდა, სრული დიზაინ-პროექტი 3 500 ლარი ჯდება.

რემონტი, რომელსაც მსგავსი პროექტი გეგმავს, გაცილებით მეტი ჯდება. თბილისის სარემონტო კომპანიების მიერ 2026 წლისთვის გამოქვეყნებული ფასებით, სრული რემონტი ახალი ელექტროგაყვანილობით, სანტექნიკითა და საშუალო კლასის მოპირკეთებით, მასალების ჩათვლით, კვადრატულ მეტრზე 900 ლარიდან იწყება. ზემოთ ხსენებული ბინისთვის რემონტის ხარჯი 63 000 ლარიდან იწყება. შესაბამისად, დიზაინი ბინის მთლიანი ხარჯის 3-დან 6%-მდეა.

რას იღებთ 3 500 ლარად

„კლიენტი იღებს მის სივრცეზე, საჭიროებებსა და ბიუჯეტზე მორგებულ გადაწყვეტებს, გეგმარებიდან ვიზუალიზაციებამდე და სამუშაო ნახაზებამდე“, ამბობს სოფო. „მან წინასწარ იცის, როგორი იქნება შედეგი, სად რა განთავსდება და როგორ უნდა ჩატარდეს სამუშაოები.“

ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლო ნაწილია. ვიზუალიზაცია მეპატრონეს ოთახს აჩვენებს, სამუშაო ნახაზები კი ხელოსნებს კარნახობს, როგორ შეასრულონ ის. „დასრულებული პროექტით კლიენტს შეუძლია პირდაპირ დაიწყოს რემონტი“, ამბობს ის. „კონტრაქტორებს აქვთ ყველა ნახაზი და ინფორმაცია, რაც სამუშაოსთვის სჭირდებათ.“

სწორედ ეს განასხვავებს დიზაინს ლამაზი სურათისგან. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია წამებში შექმნას ოთახის ლამაზი ვიზუალები. რეალურ პროექტში კი ზუსტ ზომებზე უნდა გადავამოწმოთ ბევრი სხვადასხვა დეტალი: ეტევა თუ არა ეს ავეჯი ოთახში, იღება თუ არა კარადის კარი ბოლომდე და რჩება თუ არა მაგიდის გარშემო საკმარისი ადგილი გასავლელად. სწორედ ამ და სხვა დეტალებზეა დამოკიდებული, რამდენად კომფორტული იქნება სივრცე ყოველდღიურ ცხოვრებაში.

როგორ ერგება ინტერიერი თქვენს ყოველდღიურობას

ინტერიერის დაგეგმვა დამკვეთის ყოველდღიური ჩვევებისა და საჭიროებების გაცნობით იწყება.  სანამ რამის დაპროექტებას დაიწყებს, სოფოს სურს, იცოდეს კლიენტის ყოველდღიური ჩვევები, საჭიროებები და სურვილები: ყოველ საღამოს ამზადებს საჭმელს თუ თვეში ორჯერ, სამზარეულოს მაგიდასთან მუშაობს თუ არა, ჰყავს თუ არა ველოსიპედი, ჰყავს თუ არა ძაღლი ან სად უნდა დაეტიოს მთელი ზამთრის ქურთუკები.

ამ ყველაფრის მნიშვნელობას სახლის მეპატრონეებიც კარგად ხვდებიან. თბილისის ერთ-ერთ დიდ სარემონტო ფეისბუქ-ჯგუფში ყველაზე მეტი პოსტი სწორედ ამ თემაზე იწერება: მათ სჭირდებათ არა ადამიანი, რომელიც უბრალოდ ლამაზ ფერებს შეარჩევს, არამედ ის, ვინც შესანახ სივრცეზე, ყველა გამოსაყენებელ კუთხეზე, როზეტების სწორ და პრაქტიკულ განლაგებაზე და ისეთ მასალებზე იფიქრებს, რომელთა ყიდვაც ადგილზე რეალურად შეიძლება.

BOA სტუდიოში მასალებიც დიდი სიფრთხილით ირჩევა. სოფო მათ აფასებს იმის მიხედვით, რამდენად გამძლეა ან „რამდენ საჭიროებს ყოველდღიურ მოვლას“, როგორ შეესაბამება კლიენტის განწყობას და ბიუჯეტს.

შეცდომები, რომლებიც დიზაინზე ძვირი ჯდება

სოფო ხედავს, როგორ იცვლება დღეს საზოგადოების დამოკიდებულება. „დღეს უფრო მეტმა ადამიანმა იცის, რომ წინასწარ დაგეგმილი პროექტი დროს, ენერგიასა და ფულს ზოგავს“, ამბობს ის, „რადგან ნაკლებია იმ შეცდომების რისკი, რომელთა გამოსწორებაც რემონტის დროს ძვირი ჯდება.“

რამდენად ძვირი? ვთქვათ, 5 მ² აბაზანის იატაკზე ფილის დაგების შემდეგ აღმოჩნდა, რომ შხაპის ტრაპი არასწორ ადგილასაა. ფილების აყრა, ახალი გამოსასვლელის მოწყობა, ხელახალი მოჭიმვა, ხელახალი დაგება და ახალი ფილის ყიდვა თბილისის მიმდინარე ფასებით დაახლოებით 1 200-დან 1 700 ლარამდე ჯდება. როზეტები, რომლებიც სამზარეულოს ტექნიკას არ ემთხვევა და ფილით მოპირკეთებული 3 მ² ფართუკის უკანაა, მათი გადატანა კიდევ 700-დან 970 ლარამდე დაჯდება.

ორი პატარა შეცდომა და დიზაინის ღირებულების ნახევარზე მეტი უკვე დახარჯულია. ეს რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ გაგიმართლათ და იგივე ფილა ჯერ კიდევ მარაგშია. თუ არა, მთელი იატაკი ან კედელი იცვლება. გამოსწორება კი სულ უფრო ძვირდება: თბილისში კვალიფიციური ხელოსნის შრომა 2025 წელს 20-30%-ით გაძვირდა, ხოლო მასალები 15-25%-ით.

რა ზრდის დიზაინ-პროექტის ღირებულებას

როცა პროექტი დაიწყება, ფასს, როგორც წესი, კლიენტი ცვლის. „ღირებულებას ზრდის უკვე შეთანხმებული გადაწყვეტილებების შეცვლა მაშინ, როცა დანარჩენი სამუშაო უკვე მათზეა აგებული“, ამბობს სოფო. ერთმა ცვლილებამ შეიძლება გეგმებისა და მათზე დამოკიდებული ვიზუალიზაციების თავიდან გადაკეთება მოითხოვოს.

პროცესში კორექტირება სამუშაოს ნაწილია. დამტკიცებული ეტაპის თავიდან გადაკეთება კი არა: „ეს დამატებით სამუშაოდ ითვლება და მის ღირებულებაზე ცალკე ვთანხმდებით“. იგივე ეხება ავეჯის, დეკორისა და აქსესუარების მოძიებაში დახმარებას, რაც დამატებით დროს მოითხოვს და ცალკე ფასდება.

ამიტომ ყველაზე დიდი წონა საწყის ეტაპს აქვს. კლიენტები, რომლებიც ამბობენ, რომ არ იციან, რა უნდათ, სოფოსთან ერთად ათვალიერებენ ინტერიერებს, მასალებსა და ფერთა პალიტრებს და არჩევენ, რა მოსწონთ და რა არა. „ნაბიჯ-ნაბიჯ მათი გემოვნება ყალიბდება“, ამბობს ის. ვიზუალი დავასაც წყვეტს: წყვილები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ სრულიად განსხვავებული რამ უნდათ, ხშირად კონკრეტული ვარიანტის დანახვისთანავე თანხმდებიან.

რემონტის ხარჯების გაკონტროლება უფრო მარტივია, როცა ძირითადი გადაწყვეტილებები სამუშაოების დაწყებამდეა მიღებული.

ინტერიერი, რომელსაც წლების განმავლობაში იყენებ

თუ დამკვეთმა იცის, რა სურს და გადაწყვეტილებებს სწრაფად იღებს, ერთი ოთახის დაპროექტებას შეიძლება სამი-ოთხი დღეც ეყოს. ამ რამდენიმე დღეში კი უნდა გაითვალისწინო, როგორ იცხოვრებს ადამიანი ამ სივრცეში წლების განმავლობაში.

დასრულებულ სივრცეში დამკვეთის ხასიათი უფრო მეტად უნდა იგრძნობოდეს, ვიდრე დიზაინერის, „რადგან სივრცე მასზე და მის ყოველდღიურ ცხოვრებაზეა მორგებული“. დიზაინერის როლი კი დამკვეთის სურვილებისა და საჭიროებების პროექტში ასახვა და მათი სივრცის რეალურ შესაძლებლობებთან შეთავსებაა.

„ინტერიერის დიზაინში განსაკუთრებით მძაფრად გრძნობ პასუხისმგებლობას საკუთარ გადაწყვეტილებებზე”  ამბობს ის. „დიზაინერის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები განსაზღვრავს, როგორ იცხოვრებს ან იარსებებს სხვადასხვა დანიშნულებით ადამიანი ამ სივრცეში წლების განმავლობაში.“

ფასების შესახებ: რემონტის ღირებულება ეფუძნება თბილისის სარემონტო კომპანიების (Construction Georgia, KPI Studios, Rinox) მიერ გამოქვეყნებულ 2026 წლის ფასებს. შეკეთების მაგალითები ეყრდნობა Construction Georgia-ს დეტალურ ფასებს სამუშაოებზე; ხელოსნის შრომისა და ფილების გაძვირების მონაცემები KPI Studios-ისაა. ბინების ზომები და ახალი აშენებული ბინების ფასები აღებულია Galt & Taggart-ის კვლევიდან (2025 წლის დეკემბერი). USD გადაყვანილია საქართველოს ეროვნული ბანკის 2026 წლის 9 ნოემბრის კურსით: 2,5949 ლარი.

[პარტნიორის კონტენტი]

ექსტერიერისა და ინტერიერის კავშირით შექმნილი სახლი საგურამოში