in

„დროის ფენები“ — ნინო ჩხარტიშვილის ახალი პროექტი თბილისის ისტორიულ ნაწილში

თბილისის ისტორიულ ნაწილში, გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე სახლის განახლებაზე არქიტექტორმა და ინტერიერის დიზაინერმა ნინო ჩხარტიშვილმა იმუშავა. პროექტი —  „დროის ფენები“ („Layers of Time“) — ისტორიული სივრცის ავთენტურ ხასიათს თანამედროვე ცხოვრების საჭიროებებს უკავშირებს. სახლის ფართობი, ღია ტერასების ჩათვლით, 300 მ²-ს შეადგენს, საიდანაც ძველი თბილისის პანორამა იშლება.

საპროექტო დავალების მთავარი ამოცანა არსებული სივრცის იდენტობის შენარჩუნება და კომფორტულ საცხოვრებლად გარდაქმნა იყო. კონცეფციაც სწორედ სხვადასხვა ეპოქის კვალის ერთ ინტერიერში თანაარსებობას დაეფუძნა. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა დამკვეთის ნდობასა და დიზაინერთან ხედვების თანხვედრას ჰქონდა, რამაც თამამი გადაწყვეტილებების განხორციელებას შეუწყო ხელი.

„ჩემი მიზანი არ ყოფილა წარსულის იმიტაცია. მნიშვნელოვანი იყო არსებული ისტორიული შრეების შენარჩუნება და მათში ახალი ელემენტების ისეთი ინტეგრირება, რომელიც ძველისა და ახლის როგორც ფუნქციურ, ისე შინაარსობრივ დიალოგს მკაფიოდ წარმოაჩენდა“, — აღნიშნავს ნინო ჩხარტიშვილი.

ინტერიერში თანამედროვე ელემენტები მკაფიო გეომეტრიით, ღია მეტალის კონსტრუქციებითა და სადა ხაზებით გამოირჩევა. მათი საშუალებით ახალი ჩარევა დამოუკიდებელ ფენად იკითხება და ისტორიული დეტალების ხასიათსაც გამოკვეთს.

პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ორიგინალი ხის იატაკების აღდგენა გახდა. თითქმის ყველა ოთახში შემორჩენილი იატაკი ხის სხვადასხვა სახეობითა და განსხვავებული გეომეტრიული ნახატითაა შესრულებული. მათ შორის გვხვდება ვარსკვლავებისა და სამგანზომილებიანი კუბების ოპტიკური კომპოზიციებიც. მრავალშრიანი კონსტრუქცია წლების განმავლობაში იმდენად დაზიანებულიყო, რომ თავდაპირველად მისი აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებლად მიიჩნეოდა. მიუხედავად ამისა, რესტავრატორებთან თანამშრომლობითა და ხანგრძლივი, ფაქიზი სამუშაოს შედეგად, იატაკების შენარჩუნება მოხერხდა.

ხის რთულ ორნამენტებს ინტერიერში მონუმენტური ფოლადის თაღები ეხმიანება. ისინი სივრცეში მოძრაობის რიტმს განსაზღვრავს და ოთახებს შორის ხედებს ჩარჩოებში აქცევს. მეტალის მკაფიო ფორმებისა და ისტორიული ხის დეტალების კონტრასტი თითოეული მათგანის ინდივიდუალურ ხასიათს წარმოაჩენს.

სახლში შენარჩუნდა და აღდგა XIX საუკუნის კერამიკული რელიეფური ღუმელებიც, რომლებიც ინტერიერის სკულპტურულ აქცენტებად იქცა. იქ, სადაც ბუხრების თავდაპირველი სახით შენარჩუნება შეუძლებელი აღმოჩნდა, ისტორიული თუჯის კერა თანამედროვე ფორმით დამუშავდა — უჟანგავი ფოლადის მონოლითური საკვამურისა და ბუნებრივი კვარციტის გამოყენებით.

ავეჯისა და განათების შერჩევისას მთავარი ამოცანა ისტორიულ გარემოსთან მასშტაბის, ფორმისა და მასალის დაბალანსება იყო. აღსანიშნავია, რომ დიზაინერმა სხვადასხვა ქვეყანაში იმოგზაურა და ნივთები კონკრეტულად ამ სახლისთვის შეარჩია. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი Restoration Hardware-ის კოლექციებიდანაა, მათ შორის — რბილი ავეჯი და მონუმენტური მეტალის ჭაღები. ამ უკანასკნელთა ზომამ და წონამ ტრანსპორტირებაც გაართულა, თუმცა ინტერიერში მათი მასშტაბი ოთახების ცენტრალურ ღერძებს მკაფიოდ გამოკვეთს.

განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პაოლა ნავონეს მიერ Baxter-ისთვის შექმნილ “Nepal Mama Armchair” სავარძელს. როგორც ნინო ჩხარტიშვილი გვიამბობს, ამ ობიექტის საკუთარ პროექტში გამოყენება მას დიდი ხნის განმავლობაში სურდა, რისი შესაძლებლობაც ამჯერად დამკვეთმა მისცა. მისი სკულპტურული ფორმა და ბუნებრივი ბეწვის რბილი ფაქტურა სივრცის მკაცრ გეომეტრიასთან საინტერესო კონტრასტს ქმნის.

ბუნებრივი მასალები სამზარეულოსა და სველი წერტილების ხასიათსაც განსაზღვრავს. აქ მარმარილოსა და კვარციტის გამოკვეთილი ფაქტურები მთავარ აქცენტებად იქცევა. ქვის მონოლითური ნიჟარები დიზაინერის ესკიზებით, ადგილობრივ ოსტატებთან თანამშრომლობით დამზადდა და Villeroy & Boch-ისა და Gessi-ის შემრევებით შეივსო.

ინტერიერში წარმოდგენილია სპეციალურად ამ სახლისთვის შექმნილი საავტორო ავეჯი, არტობიექტები და კედლის დეკორი. კონკრეტული სივრცისთვის უნიკალური ნივთების შექმნა ნინო ჩხარტიშვილის პრაქტიკაში ახალი ეტაპია, რომლის განვითარებასაც მომავალში გეგმავს.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ობიექტები მხოლოდ დეკორატიული ელემენტები არ იყოს და უშუალოდ კონკრეტული სივრცის არქიტექტურას, ისტორიასა და ხასიათს უკავშირდებოდეს“, — ამბობს პროექტის ავტორი.

აღნიშნულ პროექტში ისტორიული დეტალები ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად რჩება. აღდგენილი იატაკი და ღუმელები, თანამედროვე მეტალის კონსტრუქციები და საავტორო ნივთები მშვიდ, კომფორტულ საცხოვრებელს ქმნის, რომლის მთავარი ღირებულება დროის შენარჩუნებული კვალია.

ფოტოგრაფი: ლუიზა ჩალათაშვილი, ბექა გულვა

დიზაინი ფორმულის გარეშე – ინტერვიუ Studio22-ის დამფუძნებლებთან