თუ ინტერიერის დიზაინი ერთი ადამიანის ხედვის გამოხატულებად შეიძლება ჩაითვალოს, Studio11-ის შემთხვევაში ის ორი განსხვავებული პროფესიული გამოცდილებისა და საერთო ღირებულებების შეხვედრის შედეგია. არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერი მეგი შენგელია და ინტერიერის დიზაინერი სალომე გორინა ოთხი წლის წინ საერთო იდეის ირგვლივ გაერთიანდნენ და სტუდია შექმნეს, რომლის თითოეული პროექტიც ფუნქციონალურობის, ესთეტიკისა და დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღების დაბალანსებულ სინთეზს ეფუძნება.
დღეს Studio11-ი საცხოვრებელი და კომერციული სივრცეების სრულ ციკლზე მუშაობს — კონცეფციიდან რეალიზაციამდე — და საკუთარ ხელწერას არა ხმამაღალი ფორმებით, არამედ გააზრებული გადაწყვეტილებებით ქმნის. Homeis.ge-სთან საუბარში სტუდიის თანადამფუძნებლები საკუთარი პროფესიული გზის, სამუშაო პროცესის, ქართული ბაზრის გამოწვევებისა და იმ პრინციპების შესახებ გვიამბობენ, რაც მათთვის ყველა წარმატებული პროექტის საფუძველია.

როგორ დაიწყო Studio11-ის ისტორია და რა იყო მისი შექმნის მთავარი მოტივაცია?
Studio11-ი დაარსდა 4 წლის წინ და მისი შექმნის იდეა დაიბადა ბუნებრივად, სამუშაო გარემოში შეხვედრილი ორი ადამიანის შემოქმედებითი კავშირის შედეგად. შეხვედრიდან მალევე მივხვდით, რომ ერთად შეგვეძლო გაცილებით მეტი შეგვექმნა, ვიდრე ცალ-ცალკე.
ჩვენ ერთმანეთის ხედვას ბუნებრივად ვავსებთ და ვფიქრობთ, სწორედ ამ ბალანსმა შექმნა ჩვენი სტუდიის ხელწერა. ყველა პროექტზე ერთად ვფიქრობთ, ვკამათობთ, ვხვეწთ იდეებს და საბოლოო შედეგიც ამ პროცესის ნაყოფია.
რას ნიშნავს სახელწოდება „Studio11“ და უკავშირდება თუ არა ის რაიმე კონკრეტულ იდეას ან ისტორიას?
ამ სახელის მიღმა სულაც არ იმალება რამე განსაკუთრებული ისტორია ან ღრმა შინაარსი. “11” მარტივია და ამავდროულად მრავლისმთქმელი რიცხვია. ეს არის ორი ერთი, გვერდიგვერდ – ორი განსხვავებული პროფესია, ორი განსხვავებული გზა, რომლებიც ერთ წერტილში შეხვდნენ. ჩვენთვის ეს რიცხვი სიმბოლოა პარტნიორობის, ბალანსის და იმ იდეის, რომ ყველაფერი საუკეთესო იქმნება მაშინ, როდესაც ორი სხვადასხვა ძალა ერთი მიმართულებით მოძრაობს.

რა ტიპის პროექტებზე მუშაობთ ყველაზე ხშირად და რა მომსახურებებს სთავაზობთ მომხმარებელს?
Studio 11 სრული სპექტრის სტუდიაა. ვმუშაობთ როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ პროექტებზე — ბინებიდან და კერძო სახლებიდან დაწყებული, ოფისებითა და კლინიკებით დამთავრებული. ვქმნით კონცეფციებს, ვხაზავთ ნახაზებს, ვამზადებთ 3D რენდერებს და ვახორციელებთ პროექტს ჩვენს სარემონტო ჯგუფთან ერთად. დამკვეთისგან გვჭირდება მხოლოდ ხედვა, დანარჩენს ჩვენ ვასრულებთ.
როგორია თქვენი სამუშაო პროცესი — პირველი შეხვედრიდან საბოლოო რეალიზაციამდე?
ყველაფერი იწყება მოსმენით. პირველ შეხვედრაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ — ვისმენთ. ვცდილობთ გავიგოთ არა მხოლოდ ის, რასაც დამკვეთი ამბობს, არამედ ისიც თუ რას გულისხმობს. შემდეგ მოდის კონცეფციის ეტაპი, ნახაზები, 3D ვიზუალიზაცია — რათა დამკვეთმა სივრცის ყველა დეტალი კარგად აღიქვას. მხოლოდ სრული თანხმობის შემდეგ გადადის პროექტი სარემონტო ფაზაში. მოცემული პროცესი შრომატევადია, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენი სწორი მიდგომა გვაძლევს საუკეთესო შედეგს.
რა არის ის მთავარი პრინციპები, რომლებსაც ყველა პროექტში მიჰყვებით?
სამი პრინციპი გვაქვს, რომელსაც არ ვთმობთ:
1. სივრცე უნდა მუშაობდეს პრაქტიკაში, არ უნდა იყოს მხოლოდ ესთეტიკური მხარე.
2. სივრცეში უნდა ჩანდეს დამკვეთის პიროვნება, ჩვენი ხელწერა კი იკითხებოდეს ფარულად, კადრს მიღმა.
3. დეტალები გადამწყვეტია. ხშირად სწორედ ის ერთი სინათლის წყარო, ერთი ტექსტურა ან ერთი კუთხე ხდება სივრცის სული.
რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის სივრცის ესთეტიკურ და ფუნქციურ მხარეებს შორის ბალანსის პოვნა?
ვფიქრობთ, ეს საერთოდ არ არის არჩევანი ორ უკიდურესობას შორის. საუკეთესო ინტერიერი სწორედ მაშინ იბადება, როცა ადამიანი ვერ არჩევს, სად მთავრდება ფუნქცია და სად იწყება ესთეტიკა. ჩვენი მიზანიც სწორედ ასეთი ბალანსის მიღწევაა, ინტერიერი, რომელიც ერთდროულად კომფორტულია, ლოგიკური და ვიზუალურად ჰარმონიული.
ლამაზი სივრცე, რომელშიც ცხოვრება ან მუშაობა უხერხულია, ჩვენთვის დაუმთავრებელი პროექტია.
არსებობს თუ არა რაიმე ელემენტი, რომელსაც თანამედროვე ინტერიერებში განსაკუთრებით აფასებთ?
უპირატესობას ვანიჭებთ ინტერიერებს, რომლებიც არ ცდილობენ ხმამაღლა საუბარს. ბუნებრივი მასალები, გააზრებული განათება, პროპორციები და ხარისხიანი დეტალები ჩვენთვის ყოველთვის უფრო ღირებულია, ვიდრე დროებითი ტრენდული ეფექტები. ვფიქრობთ, სწორედ ასეთი გადაწყვეტილებები ხდის ინტერიერს დროში გამძლეს.
რა ტიპის გამოწვევებს აწყდებით ქართულ ბაზარზე ყველაზე ხშირად და როგორ უმკლავდებით მათ?
ყველაზე დიდი გამოწვევა არის მოლოდინების მართვა — დამკვეთს ხშირად სურს “ყველაფერი ერთდროულად”: ევროპული ხარისხი, ადგილობრივი ფასი, ექსპრეს ვადა. ჩვენი პასუხი გულწრფელობაა პირველი შეხვედრიდანვე. ხარისხიანი მასალის მოძიება და გაწერილ ვადებში ჩატევა ადგილობრივ ბაზარზე გამოწვევაა, მაგრამ წლების განმავლობაში ჩამოგვიყალიბდა სანდო მიმწოდებლების ქსელი, რაც ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა.
შეგიძლიათ გაიხსენოთ პროექტი, რომელმაც სრულიად განსხვავებული ან ახალი გამოცდილება მოგიტანათ?
ყოველი პროექტი გვასწავლის რაღაცას, მაგრამ ყველაზე მეტად მეხსიერებაში რჩება ის, სადაც დამკვეთი სრულ თავისუფლებას გვაძლევს. ეს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა, ამ დროს გვჭირდება ყველაზე ღრმად და ხანგრძლივად ფიქრი. სწორედ ასეთ პროექტებში იბადება ის გადაწყვეტები, რომლებიც შემდეგ ჩვენი “ხელწერის” ნაწილი ხდება.
აქვე გამოვარჩევდით ერთ-ერთ წამყვან სტომატოლოგიურ კლინიკაზე შესრულებულ დიზაინ-პროექტს, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი პროფესიული გამოწვევა აღმოჩნდა. სივრცის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაო პროცესში არაერთი სირთულის გადაჭრა მოგვიხდა, თუმცა ეს გამოცდილება განსაკუთრებით საინტერესო და ღირებული იყო, მან დაგვანახა ბევრი ახალი მიდგომა და გააძლიერა ჩვენი პროფესიული ხედვა.
რა კრიტერიუმებით აფასებთ პროექტის წარმატებას?
ამ მხრივ რამდენიმე დეტალს ვითვალისწინებთ. პირველი — დამკვეთის გამომეტყველება ოთახში პირველი შესვლისას. სამწუხაროდ, ეს ვერ ინახება პორტფოლიოში, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე ღირებული შეფასებაა. მეორე — სამი თვის შემდეგ, როდესაც ვეკითხებით, არიან თუ არა კომფორტულად სივრცეში და პასუხი დადებითია. და მესამე — როდესაც დამკვეთი ჩვენთან ახალი პროექტით ბრუნდება. ეს ყველა ჯილდოზე მეტია.
როგორ ფიქრობთ, რა მიმართულებით განვითარდება ინტერიერის დიზაინი საქართველოში უახლოეს წლებში?
ქართული ბაზარი სიმწიფისკენ მიდის. დამკვეთი სულ უფრო მეტად განათლებულია, უკეთ იცის რისი სურვილი აქვს და ეს ძალიან კარგია. ვფიქრობთ, ინტერიერის დიზაინი დღეს ავთენტურობისკენ მიდის. ადამიანები აღარ ცდილობენ სხვისი სივრცის გამეორებას, მათ უნდათ ინტერიერი, რომელიც საკუთარ ისტორიას ჰყვება. სწორედ ამიტომ, ბუნებრივი მასალები, ორგანული ფორმები და ინდივიდუალური მიდგომა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
შესაბამისად, ნელ-ნელა ვიზუალური ეფექტებიდან უფრო გააზრებულ დიზაინზე გადავინაცვლებთ. ადამიანები უფრო მეტად დააფასებენ ხარისხიან მასალებს, ფუნქციონალურ დაგეგმარებასა და ინტერიერებს, რომლებიც ტრენდებზე არ არის აგებული. ეს ბუნებრივი პროცესია და მიხარია, რომ ამ ცვლილების ნაწილი ვართ.
რა პროფესიული მიზნები გაქვთ უახლოესი წლებისთვის?
გვინდა Studio11-ი გავხადოთ სახელი, რომელიც ხარისხის სინონიმია საქართველოში. ჩვენი მთავარი მიზანია საერთაშორისო ბაზარზე გავიდეთ და ისეთი პროექტები შევქმნათ, რომლებიც უკვე საქართველოს ფარგლებსაც გასცდება. გვინდა, ჩვენი ხედვა უფრო ფართო აუდიტორიას გავუზიაროთ და საერთაშორისო გამოცდილებაც ჩვენი განვითარების ნაწილად ვაქციოთ, რადგან ჩვენი აზრით, ქართული ესთეტიკა და ევროპული სტანდარტი ძალიან კარგად ეწყობა ერთმანეთს. ამასთან ერთად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდა დიზაინერების მხარდაჭერა, გამოცდილების გაზიარება, რათა დიზაინის სფეროში უწყვეტ განვითარებას შევუწყოთ ხელი.
დაბოლოს, ერთი წინადადებით რომ შეგეძლოთ Studio11-ის ფილოსოფიის აღწერა, რას იტყოდით?
Studio11-ი აერთიანებს ესთეტიკას, სიფრთხილით შერჩეულ მასალებს და ინდივიდუალურ მიდგომას, რათა შექმნას დროში გამძლე, ცოცხალი ინტერიერები.
























