in

დიზაინი, რომელიც ფუნქციით იწყება – ინტერვიუ თათო ყარასაშვილთან

სივრცე ხშირად ბევრად მეტს ამბობს, ვიდრე მისი ვიზუალური მხარე – ის ასახავს წესრიგს, რიტმს და იმ უხილავ ლოგიკას, რომლის მიხედვითაც ადამიანი მასში ცხოვრობს. ინტერიერის დიზაინი სწორედ ამ ბალანსის ძიებაა: როგორ იქცეს გარემო ერთდროულად ესთეტიკურ და ფუნქციურ მთლიანობად ისე, რომ არც ერთი კომპონენტი არ დომინირებდეს მეორეზე. ჰარმონია ასეთ სივრცეებში არ იქმნება მხოლოდ დეკორით – ის იბადება პროპორციებში, მასშტაბსა და იმ სიზუსტეში, რომელიც საბოლოოდ ქმნის კომფორტის შეგრძნებას.

დღევანდელ ინტერვიუში დიზაინერი და სტუდია Dochas-ს დამფუძნებელი – თათო ყარასაშვილი გვიამბობს საკუთარ პროფესიულ გზაზე და იმ პროცესზე, რომელმაც მისი ხედვა ჩამოაყალიბა. ბავშვობიდან დაწყებული ინტერესი, დაკვირვება და სივრცის განსხვავებული აღქმა დროთა განმავლობაში გადაიქცა პრაქტიკულ გამოცდილებად, რომელიც დღეს უკვე მის მრავალფეროვან პროექტებში აისახება. მისთვის ინტერიერი არ არის მხოლოდ ვიზუალური გადაწყვეტა – ეს არის გააზრებული პასუხი კონკრეტულ ადამიანზე, მის საჭიროებებსა და ცხოვრების სტილზე. სწორედ ამ მიდგომაში იკვეთება ის სიმშვიდე და თანმიმდევრულობა, რომელიც მის ნამუშევრებს აერთიანებს და სივრცეს ბუნებრივ, ავთენტურ ხასიათს სძენს.

თათო, გვიამბეთ თქვენ შესახებ – როდის და როგორ დაინტერესდით ინტერიერის დიზაინით?

ინტერიერის დიზაინი ჩემთვის არჩევანი არ ყოფილა — ეს უფრო ბუნებრივი გაგრძელება იყო იმ ინტერესისა, რომელიც ბავშვობიდან მომყვება. სულ ვუყურებდი შესაბამის გადაცემებს და სივრცეებს სხვა თვალით აღვიქვამდი.

ხშირად გონებაში ვალაგებდი ინტერიერებს — ვანაცვლებდი ავეჯს, ვცვლიდი განლაგებას და წარმოვიდგენდი, როგორ “იმუშავებდა” სივრცე სხვაგვარად. დეტალების მიმართ ეს მუდმივი ყურადღება და დაკვირვება დროთა განმავლობაში პროფესიულ ხედვად ჩამომიყალიბდა.

გვიამბეთ, რა გზა გაიარეთ კარიერის დასაწყისიდან დღემდე – რა გამოწვევებმა ჩამოაყალიბა თქვენი დღევანდელი ხედვა?

აღნიშნულ სფეროში უკვე 9 წელია ვარ და ამ დროის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის პროექტებზე მიმუშავია — როგორც საცხოვრებელ ბინებსა და სახლებზე, ასევე კომერციულ სივრცეებზეც. თითოეული პროექტი ახალი გამოცდილებაა, რადგან მის უკან ყოველთვის განსხვავებული ადამიანი და მისი ცხოვრების სტილი დგას.

გამოწვევები ხშირად სწორედ ამ მრავალფეროვნებაშია — უნდა შეძლო, რომ თითოეულ სივრცეს ინდივიდუალური მიდგომა მოუძებნო და იდეა რეალურ პირობებს მოარგო. დროთა განმავლობაში ეს პროცესი უფრო ინტუიციური და თანმიმდევრული გახდა, რამაც ჩემი პროფესიული ხედვაც ჩამოაყალიბა.

როგორ დაახასიათებდით თქვენს სტილს? თქვენი აზრით, რა გამოარჩევს თქვენს ხელწერას?

ჩემი სტილი მკაცრად განსაზღვრული არ არის — ის უფრო სხვადასხვა მიმართულების გააზრებული შერწყმაა. განსაკუთრებით ახლოს არის ჩემთან mid-century modern, ასევე სკანდინავიური და თანამედროვე სტილი, თუმცა საბოლოოდ, თითოეული პროექტი ინდივიდუალურ სახეს იღებს.

მიყვარს დამჯდარი, ე.წ. “muted” ტონები — ყველა ფერის უფრო მშვიდი, დაბალანსებული ვერსია. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხის ფაქტურა, რადგან სივრცეს სითბოსა და ბუნებრივობას მატებს. ასევე დიდ ყურადღებას ვაქცევ აქცენტურ დეტალებს — სწორედ ისინი ქმნის ინტერიერის ხასიათსა და უნიკალურობას.

გაგვიზიარეთ სამუშაო პროცესის შესახებ – რა ეტაპებს გადის პროექტი კონცეფციიდან საბოლოო შედეგამდე? რა როლს თამაშობს შთაგონება კონცეფციის შემუშავებისას?

სამუშაო პროცესი იწყება დამკვეთთან კომუნიკაციით — პირველი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ აქ ვცდილობ გავიგო მისი ცხოვრების სტილი, გემოვნება და მოლოდინები. ამ ეტაპზე კითხვების დასმა ძალიან მეხმარება პროცესის სწორად წარმართვაში.

შემდეგ ვმუშაობ კონცეფციაზე, სადაც შთაგონება და პრაქტიკული ხედვა ერთიანდება. ამის შემდეგ მოდის დაგეგმარება, ვიზუალები და მასალების შერჩევა. საბოლოო ეტაპზე კი უკვე რეალიზაციაა, სადაც დეტალების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გადამწყვეტ როლს თამაშობს.

თქვენი დიზაინით შესრულებულ სივრცეებს შორის, რომელია თქვენი ფავორიტი და რატომ?

ძნელია ერთი პროექტის გამოყოფა, რადგან თითოეული მათგანი განსხვავებული ისტორიაა. თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელი ყოველთვის ის პროექტებია, სადაც დამკვეთთან სრული თანხვედრა არსებობს.

ასეთ შემთხვევაში პროცესი ხდება უფრო თავისუფალი და ორგანული, და შედეგიც — უფრო ავთენტური. ეს ის პროექტებია, სადაც დიზაინი უბრალოდ შესრულებული არ არის — ის “იგრძნობა”.

რა დიზაინ-ხერხებს მიმართავთ ინტერიერში ჰარმონიული ატმოსფეროს შესაქმნელად?

ჰარმონიული ინტერიერი ჩემთვის არ არის მხოლოდ ვიზუალური სილამაზე — ეს არის სივრცე, სადაც ყველაფერი თავის ადგილასაა და არაფერია ზედმეტი.

ამის მისაღწევად დიდ ყურადღებას ვაქცევ პროპორციებს, მასშტაბს და სივრცის “სუნთქვას” — რამდენად თავისუფლად მოძრაობს ადამიანი გარემოში. ასევე მნიშვნელოვანია რიტმი — როგორ მეორდება ფორმები, ტექსტურები ან ხაზები ინტერიერში.

როგორ აფასებთ დიზაინ-სივრცეს საქართველოში დღეს – რა ტენდენციებსა და გამოწვევებს გამოყოფდით ამ ინდუსტრიაში?

საქართველოში დიზაინის სფერო აშკარად განვითარების ეტაპზეა — იზრდება როგორც მოთხოვნა, ისე მომხმარებლის ცნობიერება.

მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ არის გამოწვევები — განსაკუთრებით მასალების ხელმისაწვდომობისა და ზოგჯერ დიზაინის ღირებულების აღქმის მხრივ. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ეტაპი გარდამავალია და სფერო უფრო მეტად სტრუქტურირდება.

თქვენთვის რა განსაზღვრავს მარადიულ დიზაინს და როგორ შეიძლება მისი მიღწევა თანამედროვე ინტერიერში?

მარადიული დიზაინი ჩემთვის არის სივრცე, რომელიც დროს უძლებს და არ კარგავს აქტუალობას. ეს მიიღწევა დაბალანსებული ფერებით, ხარისხიანი მასალებითა და ზედმეტი დეკორის თავიდან არიდებით.

ასეთი ინტერიერი არ არის დამოკიდებული ტრენდებზე — ის უფრო მეტად ეფუძნება პროპორციებს, ტექსტურებს და ჰარმონიას.

როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაითვალისწინოს ყველა დიზაინერმა სივრცის ფუნქციურობასა და ესთეტიკას შორის ბალანსის შესანარჩუნებლად?

ჩემთვის ეს ორი ერთმანეთისგან განცალკევებული არ არის. ესთეტიკა მნიშვნელოვანია, მაგრამ ფუნქციურობა არის საფუძველი — სივრცე, პირველ რიგში, უნდა იყოს კომფორტული ყოველდღიური გამოყენებისთვის. როცა ეს ორი ბალანსშია, იქ უკვე იქმნება ინტერიერი, რომელიც არა მხოლოდ ლამაზია, არამედ რეალურად მუშაობს ადამიანისთვის.

„დილაითისა” და კაფე „დაფნას” ერთობლივი კოლაბორაცია

რბილი ინტერიერი “გამოძერწილი” ფორმებით