ინტერიერის დიზაინი მხოლოდ იმაზე არ არის დამოკიდებული, თუ როგორ გამოიყურება სივრცე. მისი ხასიათი ხშირად იქმნება იმ უხილავი დეტალებით, რომლებიც პირველივე ნახვისას შეიძლება არც კი იყოს შესამჩნევი – განათების ცვლილებით დღის განმავლობაში, მასალებთან შეხებით, ფერების ურთიერთქმედებით, პროპორციებითა და იმ განცდით, რომელსაც ადამიანი სივრცეში ყოფნისას იღებს. სწორედ ამიტომ, კარგი ინტერიერი მხოლოდ ვიზუალური კომპოზიცია კი არა, გამოცდილებაა, რომელიც სხვადასხვა ელემენტის თანხვედრით იქმნება.
ასეთი მიდგომა განსაკუთრებით საინტერესო ხდება მაშინ, როდესაც დიზაინერი სივრცის შეფასებისას მხოლოდ მისი გარეგნული ეფექტით არ შემოიფარგლება. თანამედროვე და მინიმალისტური გარემოც შეიძლება იყოს თბილი, ემოციური და ინდივიდუალური – თუ მასში სწორად არის გააზრებული თითოეული დეტალი. ამ ხედვის კონტექსტში საინტერესოა ინტერიერის დიზაინერის – ანა გეწაძის პრაქტიკა. მის შემოქმედებაში მინიმალისტური ესთეტიკა სიმშვიდის, სითბოსა და ემოციური გამოცდილების შექმნას უკავშირდება. მისი პროექტებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცალკეული ელემენტების შერჩევა, არამედ მათი ერთიანობაში აღქმა – როგორ შეიძლება სივრცემ ვიზუალური ეფექტის მიღმა კონკრეტული განწყობა შექმნას.
ინტერვიუში ანა გვიამბობს პროფესიული გზისა და იმ გამოცდილებების შესახებ, რომლებმაც მისი ხედვის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ის გვიზიარებს მის შემოქმედებით პროცესს – როგორ გარდაქმნის რთულ სივრცეებს შესაძლებლობად, რა მნიშვნელობას ანიჭებს ბუნებრივი და ხელოვნური განათების ურთიერთქმედებას და რატომ ფიქრობს, რომ ინტერიერი, პირველ რიგში, ემოციურ გამოცდილებად უნდა აღვიქვათ; რა აკლია დღეს დიზაინს და როგორ შეიძლება სივრცე ვიზუალური ეფექტის მიღმა რეალურ ცხოვრებას მოერგოს.

ანა, გვიამბეთ თქვენ შესახებ – როდის და როგორ დაინტერესდით დიზაინით?
ბავშვობაში საკმაოდ ცოტას ვსაუბრობდი ჩემს ემოციებსა და გრძნობებზე. ძირითადად ხატვით ვიყავი გატაცებული და განსაკუთრებით აბსტრაქციების ხატვა მიყვარდა. სწორედ ამ სიყვარულმა გამიჩინა სურვილი, უფრო ღრმად შევხებოდი შემოქმედებით სფეროს და საბოლოოდ, არქიტექტურაზე ჩავაბარე.
საინტერესო ის არის, რომ ეს ჩემთვის სრულიად უცნობი სფერო იყო. ჩემი ოჯახის არცერთ თაობაში იყო არქიტექტორი, დიზაინერი ან ზოგადად ამ სფეროში მოღვაწე ადამიანი, ამიტომ არც ბევრი ინფორმაცია მქონდა და არც ვინმეს გამოცდილებას მივყვებოდი. შესაბამისად, არჩევანი სრულიად დამოუკიდებლად გავაკეთე და ყველაფერი თავიდან, საკუთარი გამოცდილებით აღმოვაჩინე. უბრალოდ, მომწონდა და გადავწყვიტე, რომ მეცადა. შემდეგ უკვე აღმოვაჩინე, რომ ინტერიერის დიზაინი განსაკუთრებით მაინტერესებდა და, საბოლოოდ, სწორედ აქ მოვედი.
გაგვიზიარეთ, როგორ დაიწყო თქვენი პროფესიული გზა და რა გამოცდილებებმა მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა თქვენს ხედვაზე?
ჩემი პროფესიული გზა მარტივად ნამდვილად არ დაწყებულა. სწავლის დასრულების შემდეგ მქონდა საკმაოდ დიდი პაუზა ცხოვრებაში, ალბათ საკუთარი თავის აღმოჩენის პერიოდი, რომელიც ახლაც აქტიურად გრძელდება. ვერ ვიტყვი, რომ ინტერიერის დიზაინერობაზე ვოცნებობდი. რიგი მიზეზების გამო, ვმუშაობდი სხვადასხვა სფეროში, თუმცა საბოლოო ჯამში, გადავწყვიტე, კიდევ ერთი შანსი მიმეცა შემოქმედებისთვის, რამაც საწყის პოზიციაში დამაბრუნა. შემდეგ იყო ისევ სწავლა, ახალი ინფორმაციის მოკვლევა და ყველაზე მნიშვნელოვანი – პრაქტიკული გამოცდილების მიღება. მხოლოდ 2-თვიანი სტაჟირების შემდეგ გადავწყვიტე დამოუკიდებელი პროექტი ამეღო, რაც საკმაოდ თამამი განაცხადი იყო. სწორედ ეს რისკი აღმოჩნდა ჩემი პროფესიული გზის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი — რომ არ გამერისკა და ეს შესაძლებლობა არ მიმეღო, დღეს ალბათ ამ სფეროში არ ვიქნებოდი.
ჩემს ხედვაზე ყველაზე დიდი გავლენა დიზაინ გამოფენებმა მოახდინა. ჯერ კიდევ დამწყები ვიყავი, როცა რიგი მიზეზების გამო იტალიაში, მილანის დიზაინის გამოფენაზე (Salone del mobile) მარტო მომიწია წასვლა. სრულიად უცხო ქვეყანაში და, ფაქტობრივად, სრულიად უცხო სამყაროში აღმოვჩნდი — ამხელა კომერციულ და პროფესიულ სივრცეში, როგორც დამწყები და გამოუცდელი დიზაინერი.
ამ მოგზაურობაში შევხვდი მნიშვნელოვან ადამიანებს, ვინც მოგვიანებით პროფესიულ გზაზე სირთულეების გადალახვაში დამეხმარა. მალევე იყო დანიის გამოფენა, კოპენჰაგენში (3 days of design) და სხვა გამოცდილებები. ვფიქრობ, ასეთ გარემოში მოხვედრამ დიდი წვლილი შეიტანა ჩემი ხედვისა და გემოვნების ფორმირებაში.
როგორ დაახასიათებდით თქვენს სტილს – რა გამოარჩევს თქვენს ინდივიდუალურ ხელწერას?
ჩემს სტილს ალბათ ყველაზე მეტად თბილ და თანამედროვე მინიმალიზმს დავუკავშირებდი. ჩემთვის ინტერიერში ყველაზე მნიშვნელოვანი სიმყუდროვე და ის განსაკუთრებული აურაა, რომელსაც სივრცე ქმნის. მინდა, რომ ოთახში შესვლისას, პირველ რიგში, მისი განწყობა იგრძნო და არა მხოლოდ ცალკეული ნივთები ან დეკორატიული დეტალები დაინახო.
ძალიან მიყვარს ბუნებრივი მასალები — განსაკუთრებით ხე, ქვა, სხვადასხვა თბილი ტექსტურა და ძირითად ნეიტრალურ ფერებთან აქცენტური ფერების დამატება. მათი კომბინაციით ვცდილობ ისეთი გარემო შევქმნა, რომელიც მშვიდი და დახვეწილია, მაგრამ ამავდროულად, ცოცხალი და თბილი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სივრცე ზედმეტად დეკორატიული არ გახდეს და თითოეულ ელემენტს თავისი ადგილი ჰქონდეს.
განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ ბუნებრივ განათებას. სუბიექტურად მზის თბილი შუქი ჩემთვის მთელი დღის ხასიათის განმსაზღვრელია, ამიტომ ინტერიერის ერთ-ერთ მთავარ მასალად მივიჩნევ. ის ცვლის სივრცის ხასიათს დღის სხვადასხვა მონაკვეთში, აცოცხლებს ტექსტურებს და ოთახს იმ სითბოს აძლევს, რომლის ხელოვნურად შექმნაც რთულია. ამიტომ პროექტის დაგეგმვისას ყოველთვის ვფიქრობ, როგორ შემოვა ბუნებრივი სინათლე სივრცეში და როგორ იმუშავებს ის მასალებთან, ფერებთან და ფორმებთან.
ვფიქრობ, ჩემი ინდივიდუალური ხელწერა სწორედ ამაშია — ვქმნი მინიმალისტურ და თანამედროვე სივრცეებს, მაგრამ არ მინდა ისინი ცივი ან უპიროვნო იყოს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ინტერიერს ჰქონდეს თავისი აურა, სითბო და სიმშვიდე; ისეთი შეგრძნება, რომ სივრცე არა უბრალოდ კარგად არის დაპროექტებული, არამედ მასში ყოფნა ნამდვილად სასიამოვნოა.
დიზაინის შექმნის პროცესში ხშირად ჩნდება ახალი იდეები ან გამოწვევები, რომლებიც მთლიანად ცვლის პროექტის მიმართულებას. როგორ ვითარდება თქვენი შემოქმედებითი პროცესი ამ ცვლილებებთან ერთად?
ჩემთვის ყველაზე საინტერესო სწორედ ის პროექტებია, სადაც ყველაფერი თავიდანვე მარტივად და იდეალურად არ არის მოცემული: რთული გეგმარება, შეზღუდული ფართი, უცნაური კუთხეები ან სხვა ისეთი დეტალები, რომლებიც ერთი შეხედვით პრობლემას ქმნის. ასეთ სივრცეებზე მუშაობისას მგონია, რომ ყველაზე მეტად ირთვება ჩემი შემოქმედებითი მხარე.
ამ დროს ჩემთვის პროცესი ცოტა აზარტულიც ხდება. თითქოს საკუთარ თავს ცდი. ხვდები, რომ ამ კონკრეტული პრობლემიდან შეიძლება ისეთი გამოსავლის პოვნა, რომელიც არა მხოლოდ ფუნქციური იქნება, არამედ საბოლოოდ სივრცის ყველაზე საინტერესო ნაწილადაც გადაიქცევა. ყველაზე სასიამოვნო პროცესია, როდესაც შეზღუდვა იწყებს ახალი იდეების გაჩენას და ის, რაც თავდაპირველად პრობლემად ჩანდა, საბოლოოდ დიზაინის მთავარი ხასიათი ხდება.
ალბათ სწორედ ამიტომ არის ჩემთვის პრობლემურ სივრცეებზე მუშაობა ყველაზე ემოციური ნაწილი. იქ უკვე უბრალოდ დიზაინს აღარ ქმნი — რეალურად ეძებ გამოსავალს და ექსპერიმენტირების იდეებს. ის მომენტი, როდესაც საბოლოოდ ხედავ, რომ რთული მოცემულობა შენს სასარგებლოდ შემოატრიალე და სივრცე იმაზე საინტერესო გამოვიდა, ვიდრე თავიდან წარმოგედგინა, ჩემთვის ამ პროფესიის ერთ-ერთი უნიკალური ნაწილია.
თქვენს ნამუშევრებში იგრძნობა სიმშვიდე და სითბო. როგორ ფიქრობთ, რა ქმნის სიმყუდროვის განცდას თქვენს პროექტებში? ზოგადად, რა ხერხებით არის შესაძლებელი სივრცეში სასურველი ატმოსფეროს მიღწევა?
ჩემთვის სიმყუდროვე შეგრძნებაა, რომელსაც სივრცე უნდა გაძლევდეს. შეიძლება ინტერიერი ძალიან დახვეწილი იყოს, მაგრამ თუ მასში სითბო და სწორი განწყობა არ იგრძნობა, ის არასრული და ზედაპირულია. ამიტომ პროექტის შექმნისას ყოველთვის ვფიქრობ არა მხოლოდ იმაზე, როგორ უნდა გამოიყურებოდეს სივრცე, არამედ იმაზეც, როგორი შეგრძნება უნდა დაგიტოვოს მასში ყოფნამ.
როგორც უკვე აღვნიშნე, ძალიან დიდ როლს ვანიჭებ ბუნებრივ განათებას. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია შიდა ხელოვნური განათება, რომელიც უნდა იყოს დაბალი ინტენსივობის ნეიტრალური ან თბილი, რაც ხელს უწყობს უფრო მშვიდი და მყუდრო ხასიათის შექმნას.
შემდეგ უკვე მოდის მასალები, ფერები და ტექსტურები. ბუნებრივი ხე, ქვა, ტექსტილი, თბილი ნეიტრალური ფერები — ეს ის ელემენტებია, რომლებიც ჩემთვის ყველაზე მარტივად ქმნის სიმშვიდისა და კომფორტის განცდას. თუმცა ვფიქრობ, მათი უბრალოდ გამოყენება საკმარისი არ არის; მნიშვნელოვანია, როგორ არის ისინი ერთმანეთთან დაკავშირებული და რამდენად ბუნებრივად ერწყმის მოცემულ სივრცეს.
როგორ ფიქრობთ, ინტერიერი, პირველ რიგში, ვიზუალური გამოცდილებაა თუ ემოციური – რას ანიჭებთ მეტ მნიშვნელობას დიზაინის პროცესში?
ჩემთვის ინტერიერი, პირველ რიგში, ემოციური გამოცდილებაა. რა თქმა უნდა, ვიზუალური მხარე ძალიან მნიშვნელოვანია — სივრცის ესთეტიკა, ფერები, მასალები და დეტალები ქმნის პირველ შთაბეჭდილებას, მაგრამ საბოლოოდ უფრო მნიშვნელოვანია ის განცდა, რომელსაც ეს სივრცე იწვევს.
პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სივრცის აურა და სიმყუდროვე. თუ რომელიმე ინტერიერი ვიზუალურად ლამაზია, მაგრამ მისი ატმოსფერო არ არის სასიამოვნო, თავს ძალიან არაკომფორტულად ვგრძნობ და ასეთ სივრცეში დიდხანს დარჩენა მიჭირს. შეიძლება ყველაფერი სწორად იყოს შერჩეული და დიზაინიც ძალიან დახვეწილი იყოს, მაგრამ თუ სივრცეში ის შინაგანი სიმშვიდე და კომფორტი არ იგრძნობა, მისი მთავარი ღირებულება იკარგება.
სწორედ ამიტომ, დიზაინის პროცესში ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სივრცე მხოლოდ ლამაზად არ გამოიყურებოდეს, არამედ გარკვეულ ემოციასაც ქმნიდეს — იყოს თბილი, ჰარმონიული, მშვიდი და ისეთი, სადაც ადამიანი თავს ბუნებრივად და თავისუფლად იგრძნობს. ვფიქრობ, კარგი ინტერიერი მაშინ არის ნამდვილად წარმატებული, როცა მასში ყოფნისას მხოლოდ გარემოს კი არ აღიქვამ, არამედ რაღაც ემოციასაც განიცდი და გიჩნდება სურვილი, რომ ამ სივრცეში კიდევ დიდხანს დარჩე.

თქვენს პროექტებში მკაფიოა მასალების ჰარმონიული დიალოგი. როგორ იბადება ეს ურთიერთობა სხვადასხვა ტექსტურებს შორის?
ჩემთვის მასალების ერთმანეთთან ჰარმონიული შეხამება, პირველ რიგში, მათი სწორად შერჩევიდან იწყება. ვცდილობ, თითოეულ მასალას ჰქონდეს თავისი ფუნქცია და ვიზუალური დატვირთვა, ხოლო საბოლოო კომბინაციაში ერთმანეთის ბალანსს ქმნიდეს. მაგალითად, თუ ერთ სივრცეში რამდენიმე აქტიურ ტექსტურას ვიყენებ, დანარჩენ მასალებს უფრო მშვიდს და ნეიტრალურს ვარჩევ, რომ ინტერიერი ვიზუალურად არ გადაიტვირთოს.
მასალის საბოლოოდ დადასტურებამდე აუცილებლად მივდივარ ადგილზე და რეალურ ნიმუშებს ვეცნობი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, მასალა ახლოდან ვნახო, ხელით შევეხო და დავაკვირდე მის რეალურ ფერსა და ტექსტურას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ბუნებრივი მასალების შემთხვევაში, რადგან ერთი და იგივე მასალა ფოტოზე, კატალოგში და რეალურ განათებაში შეიძლება საკმაოდ განსხვავებულად გამოიყურებოდეს.
ჩვეულებრივ, ცალკე ერთ მასალას არ ვარჩევ. ნიმუშებს ერთმანეთთან ერთად ვუყრი თავს და ვამოწმებ, როგორ მუშაობს მათი საერთო პალიტრა. ასევე, ვითვალისწინებ, რა განათებაში იქნება ეს მასალები გამოყენებული, რადგან ბუნებრივი და ხელოვნური განათება ფერსა და ზედაპირის აღქმაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს.
ამ პროცესში ყურადღებას ვაქცევ მასალების მასშტაბსაც. მნიშვნელოვანია, რამდენად დიდ ზედაპირზე გამოიყენება კონკრეტული მასალა. თუ, მაგალითად, ქვას ძალიან გამოკვეთილი ფაქტურა აქვს, შეიძლება სხვა ზედაპირები უფრო ნეიტრალური შევარჩიო. საბოლოოდ, მიზანია, რომ ყველა მასალა ერთმანეთთან იყოს დაკავშირებული ფერით, ტექსტურით ან ტონალობით და მთლიანობაში ერთიანი, დაბალანსებული პალიტრა მივიღო.
ამიტომ ჩემთვის მასალების კომბინაცია მხოლოდ გემოვნების საკითხი არ არის — ეს არის საკმაოდ პრაქტიკული პროცესი, სადაც რეალურ ნიმუშებს, განათებას, ზედაპირებს, მასშტაბს და სივრცის საერთო ფერთა გამას ერთად ვაფასებ.
რომელ ერთ სიტყვას შეარჩევდით თქვენ მიერ დაპროექტებული სივრცეების აღსაწერად – რა უნდა დარჩეს ადამიანში ამ სივრცეებთან ურთიერთობის შემდეგ?
ჩემი სივრცეების აღსაწერად ალბათ სიტყვა „ბალანსს“ შევარჩევდი.
ჩემთვის ბალანსი ნიშნავს, რომ სივრცეში არც ერთი ელემენტი არ დომინირებს ზედმეტად და ყველაფერი ერთმანეთთან სწორ პროპორციაშია. ეს ეხება როგორც მასალებსა და ფერებს, ისე ავეჯს, განათებას, ფორმებს და თვითონ სივრცის დაგეგმარებას. ვცდილობ, დეკორატიულ და ფუნქციურ მხარეებს შორისაც სწორი თანაფარდობა იყოს — სივრცე ვიზუალურად საინტერესო იყოს, მაგრამ ამავდროულად პრაქტიკული და ყოველდღიურად მარტივად გამოსაყენებელი.
ბალანსი არ ნიშნავს აუცილებლად სიმეტრიას ან ძალიან მოწესრიგებულ, ერთგვაროვან ინტერიერს. პირიქით, შეიძლება სხვადასხვა მასალა, ტექსტურა ან ფორმა იყოს გამოყენებული, მაგრამ მათ შორის იყოს ისეთი ურთიერთობა, რომ საბოლოოდ სივრცე გადატვირთული არ აღმოჩნდეს. ადამიანმა არა მხოლოდ ვიზუალურად უნდა დაინახოს, არამედ სივრცის გამოყენებისას იგრძნოს, რომ ყველაფერი ბუნებრივად მუშაობს და სივრცე მის ყოველდღიურ ცხოვრებას ერგება.
ამიტომ მინდა, რომ ჩემ მიერ შექმნილი სივრციდან ადამიანს, პირველ რიგში, სწორედ ეს დარჩეს — განცდა, რომ ყველაფერი თავის ადგილზეა, კარგად არის გააზრებული და ამ სივრცეში ყოფნა სასიამოვნოა.
დაბოლოს, როგორ ფიქრობთ, რა არის ის, რაც დღეს დიზაინის სფეროს ყველაზე მეტად აკლია?
ჩემი აზრით, დღეს დიზაინს ყველაზე მეტად რეალურ ცხოვრებასთან კავშირი აკლია. ხშირად სივრცის შექმნისას ძალიან დიდი ყურადღება ექცევა იმას, თუ როგორ გამოიყურება ის ფოტოზე ან ვიზუალიზაციაში, და ნაკლები იმას, თუ როგორ იმუშავებს რეალურ გამოყენებაში.
ჩემთვის ინტერიერის დიზაინი ყოველთვის კონკრეტულ ადამიანებთან და მათ ქცევასთან არის დაკავშირებული. იქნება ეს საცხოვრებელი, ოფისი, სასტუმრო, რესტორანი თუ სხვა ტიპის კომერციული სივრცე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ვინ იყენებს მას, როგორ მოძრაობს ადამიანი ამ სივრცეში, რამდენი დროის გატარება უწევს იქ, რა ფუნქციები უნდა შეასრულოს და რა მოთხოვნებს უნდა უპასუხოს.
ჩემთვის კარგი დიზაინი ის არის, რომელიც ვიზუალურად კარგად გამოიყურება, მაგრამ ამავდროულად რეალურ ცხოვრებაში სწორად მუშაობს. ვფიქრობ, სწორედ ამ ნაწილზე მეტი ყურადღება და დრო უნდა იხარჯებოდეს — არა მხოლოდ საბოლოო სურათის შექმნაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ იქნება ეს სივრცე გამოყენებული ყოველდღიურად.
საბოლოოდ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ დიზაინი არ იყოს მხოლოდ ვიზუალური შედეგი. ის უნდა იყოს გააზრებული პროცესი, რომელიც ადამიანებს რეალურად ერგება – ნაკლები სწრაფი ეფექტი და მეტი რეალური მუშაობა სივრცეზე.




















