in

სასტუმრო ტელეგრაფმა მსოფლიოს ერთ ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო არქიტექტურული ჯილდო მოიპოვა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მდებარე სასტუმრო ტელეგრაფი, რომლის რეკონსტრუქციის პროექტი სილქ დეველოპმენტმა განახორციელა, საერთაშორისო არქიტექტორული აღიარების ცენტრში მოექცა. ყოფილი ფოსტა-ტელეგრაფის პრემიუმ ხარისხის სასტუმროდ გარდაქმნის პროექტმა Architectural Record- ის 2026 წლის ჯილდო – ხელეხალი გამოყენების (Adaptive Reuse) კატეგორიაში მოიპოვა.

მსოფლიოში ერთ-ერთმა გავლენიანმა არქიტექტურულმა გამოცემამ, Architectural Record-მა, სასტუმრო ტელეგრაფის პროექტი 2026 წლის გამარჯვებულთა შორის დაასახელა. პროექტი, რომლის არქიტექტურულ კონცეფციაზეც საერთაშორისო არქიტექტურულმა სტუდიამ Neri&Hu-მ იმუშავა, გამოცემის ნოემბრის ნომერშიც მოხვდა.

სილქ დეველოპმენტის პროექტის, ტელეგრაფის, კიდევ ერთი აღიარება ისტორიული შენობის თანამედროვე სასტუმრო სივრცედ გარდაქმნის გამორჩეულ არქიტექტურულ გადაწყვეტას უკავშირდება. პროექტის მთავარი ღირებულება ისტორიული მემკვიდრეობისა და თანამედროვე არქიტექტურული ხედვის ჰარმონიული თანაარსებობაა.

ტელეგრაფის არქიტექტურული კონცეფცია სცდება ტრადიციული სასტუმროს ფუნქციას და შენობას ქალაქის სოციალური და კულტურული ცხოვრების ნაწილად წარმოაჩენს. პროექტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სივრცეების გახსნილობას, საზოგადოებრივ გარემოსთან კავშირსა და ურბანულ ინტეგრაციას.

სწორედ შენობის გარდაქმნისადმი სიღრმისეული და გააზრებული მიდგომა გამოარჩია Architectural Record-ის ჟიურის წევრმა, ცნობილმა არქიტექტორმა ჰანა კასემმა: „შთამბეჭდავია, თუ რამდენად ოსტატურად და გააზრებულად აქციეს ტელეგრაფის შენობა ცოცხალ, სტუმართმოყვარე და ქალაქისთვის ღია საზოგადოებრივ სივრცედ. განსაკუთრებით შთამბეჭდავია სასტუმროს ნომრების საფეხუროვანი განლაგება, რომელიც ორგანულად ერწყმის შენობის არსებულ სტრუქტურულ ბადეს და სტუმარს აღმოჩენებით სავსე საინტერესო მოგზაურობაში იწვევს.“

Architectural Record-ის ჯილდო თანამედროვე არქიტექტურის სფეროში მნიშვნელოვან საერთაშორისო აღიარებას წარმოადგენს. გამოცემა ყურადღებას ამახვილებს პროექტებზე, რომლებიც ინოვაციური მიდგომებით, არქიტექტურული ხარისხითა და გარემოსთან გააზრებული ურთიერთობით გამოირჩევა.

სილქ დეველოპმენტის გუნდისთვის საერთაშორისო წარმატება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრეტული პროექტისთვის, არამედ თბილისისთვისაც, რადგან კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ქალაქის არქიტექტურული მემკვიდრეობის პოტენციალს და მის შესაძლებლობას, თანამედროვე საერთაშორისო არქიტექტურული პროცესების ნაწილად იქცეს.

„ტელეგრაფის განახლება ჩვენთვის უდიდესი პასუხისმგებლობა იყო, რადგან საქმე ეხებოდა თბილისისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე შენობას. ეს ჯილდო ადასტურებს, რომ სწორი ხედვითა და Neri&Hu-ს დონის პარტნიორებთან თანამშრომლობით, ქართულ პროექტებს მსოფლიო არქიტექტურულ რუკაზე ღირსეული ადგილის დაკავება შეუძლიათ“, — აღნიშნავს სილქ დეველოპმენტის აღმასრულებელი დირექტორი, მამუკა შურღაია.

სილქ დეველოპმენტი საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე წამყვანი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც გამოირჩევა საერთაშორისო სტანდარტების, ინოვაციური არქიტექტურისა და მდგრადი ურბანული პროექტების განხორციელებით. Telegraph Hotel-ის პროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის ხედვას – შეუნარჩუნოს თბილისს ისტორიული და არქიტექტურული იდენტობა და ამავდროულად შესთავაზოს ქალაქს მსოფლიო დონის თანამედროვე ინფრასტრუქტურა.

[პარტნიორის კონტენტი]

ბათუმის კულტურული მემკვიდრეობა და ქალაქის მეხსიერების მომავალი