in

„არქიტექტურული პრემია 2026“ — 20-წლიანი პროფესიული ტრადიცია და წლევანდელი გამარჯვებულები

თბილისში XX საერთაშორისო კონკურსის „არქიტექტურული პრემია 2026“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ჟურნალ „სტილისა“ და საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონკურსის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 31 ოქტომბერს, სასტუმრო „გრანდ მეტეხი თბილისი პალასის“ საპრეზენტაციო დარბაზში გაიმართა.

საიუბილეო კონკურსმა არქიტექტორები, დიზაინერები, ურბანისტები და სტუდენტები საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გააერთიანა. წელს წარმოდგენილი იყო 200-მდე ნამუშევარი — როგორც განხორციელებული ობიექტები, ისე არქიტექტურული კონცეფციები და სტუდენტური პროექტები. მონაწილეთა შორის იყვნენ პროფესიონალები და ახალგაზრდები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, გერმანიიდან, ავსტრალიიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, ირანიდან, პოლონეთიდან, ბელარუსიდან, აზერბაიჯანიდან და ვიეტნამიდან.

კონკურსის მასშტაბს მისი ისტორიაც გამოხატავს: ორგანიზატორების ინფორმაციით, 2006 წლიდან დღემდე „არქიტექტურულ პრემიაზე“ 8 500-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, პროექტს კი სხვადასხვა ფორმით 100-ზე მეტმა კომპანიამ დაუჭირა მხარი. ორი ათწლეულის განმავლობაში კონკურსი იქცა სივრცედ, სადაც პროფესიონალებს საკუთარი საქმიანობის წარმოჩენის, გამოცდილების გაზიარებისა და ახალი პარტნიორების პოვნის შესაძლებლობა ეძლევათ.

წლევანდელი ნამუშევრები მოიცავდა საცხოვრებელ და საზოგადოებრივ არქიტექტურას, ინტერიერისა და ავეჯის დიზაინს, რესტავრაცია-რეკონსტრუქციას, ლანდშაფტურ არქიტექტურასა და ქალაქგეგმარებას. ამ მრავალფეროვნებაში ერთმანეთს შეხვდა განსხვავებული მასშტაბის ამოცანები — ინდივიდუალური საცხოვრებელი გარემოს მოწყობიდან ქალაქის სამომავლო განვითარების გააზრებამდე.

პროექტები ქართველმა და უცხოელმა პროფესიონალებმა შეაფასეს. საერთაშორისო ჟიურიში წარმოდგენილი იყვნენ არქიტექტორები და ურბანისტები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ბრაზილიიდან, ავსტრალიიდან, მაროკოდან, ნიგერიიდან, ყაზახეთიდან, ბელარუსიდან და აზერბაიჯანიდან. შეფასება სპეციალური კოდირებული სისტემით, ფარული კენჭისყრისა და ათბალიანი სკალის გამოყენებით განხორციელდა. კონკურსის ვებგვერდზე განთავსებული ნამუშევრების გაცნობისა და საკუთარი შეფასების დაფიქსირების შესაძლებლობა საზოგადოებასაც ჰქონდა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტურ მონაწილეობას. წარმოდგენილი ნამუშევრების დანიშნულების გათვალისწინებით, ორგკომიტეტმა სტუდენტური პროექტები სამ დამოუკიდებელ ნომინაციად გამოყო. ამ გადაწყვეტილებამ საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და ქალაქგეგმარებითი პროექტების ცალ-ცალკე შეფასების შესაძლებლობა შექმნა.

„არქიტექტურული პრემია 2026“-ის გამარჯვებულები არიან:

  • ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი — „თიმ არქიტექტურა“

საკონკურსო ნამუშევარი დეტალურად

  • საცხოვრებელი ინტერიერი (რეალიზებული) — Kristina Khromenkova და Anna Mikheeva, ყაზახეთი

საკონკურსო ნამუშევარი დეტალურად

  • საზოგადოებრივი ნაგებობა (რეალიზებული) — არქიტექტურის ლაბორატორია #3

საკონკურსო ნამუშევარი

  • საზოგადოებრივი ინტერიერი (რეალიზებული) — ლალი შაშიაშვილი

საკონკურსო ნამუშევარი დეტალურად

  • ლანდშაფტური არქიტექტურა (რეალიზებული) — Adrian McGregor, ავსტრალია

საკონკურსო ნამუშევარი დეტალურად

  • სტუდენტური პროექტი — „UNION — ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი“, ავტორი თეონა ბერიძე, საქართველოს უნივერსიტეტი.
  • არქიტექტურული პროექტი (შენობა, კომპლექსი) — მიხეილ გიორგობიანი

საკონკურსო ნამუშევარი – საოფისე შენობის პროექტი ფოთში

  • ქალაქგეგმარებითი პროექტი — ენრიკო ტარანტა, იტალია, პროექტით

„JEDDAH CORAL WATERFRONT: CONCEPT DESIGN“.

  • ავეჯის დიზაინი (რეალიზებული) — სანდრო ლომინაშვილი

საკონკურსო ნამუშევარი

  • სტუდენტური ქალაქგეგმარებითი პროექტი — ნანა ახვლედიანი, თბილისის სამხატვრო აკადემია

გამარჯვებული ნამუშევარი – რუსთავის მეტალურგიული ქარხნისა და მიმდებარე ტერიტორიის ურბანული განვითარების კონცეფცია.

  • საზოგადოებრივი ნაგებობის სტუდენტური პროექტი — თამარ წურწუმია, კავკასიის უნივერსიტეტი

საკონკურსო ნამუშევარი.

გამარჯვებულთა შორის ქართველი და უცხოელი ავტორების, გამოცდილი პროფესიონალებისა და სტუდენტების ერთობლივი მონაწილეობა კონკურსის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას წარმოაჩენს — სხვადასხვა გამოცდილებისა და არქიტექტურული ხედვის შეხვედრას.

ჟურნალ „სტილისა“ და საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის მრავალწლიანი თანამშრომლობა ამ შეხვედრისთვის უწყვეტ პროფესიულ სივრცეს ქმნის. „არქიტექტურული პრემიის“ ფარგლებში ნამუშევრების გაცნობა და განხილვა ხელს უწყობს როგორც ავტორების ცნობადობის ზრდას, ისე არქიტექტორებს, დიზაინერებს, დეველოპერებსა და სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობას. ახალგაზრდა მონაწილეებისთვის კი საკუთარი პროექტის საერთაშორისო პროფესიული ჟიურის წინაშე წარდგენა გამოცდილების მიღებისა და პროფესიულ საზოგადოებასთან დაკავშირების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.

ხუთიდან ათასამდე — ნოვა 20 წლისაა