in ,

Homeis Gathering 2026: როგორ ჩაიარა ღონისძიებამ – შეჯამება

ჟურნალ Homeis.ge-ს ყოველწლიური ღონისძიება „შეკრება“ 31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს სასტუმრო „ტელეგრაფში“ გაიმართა. საქართველოს ბანკის წარდგენით, ღონისძიებამ არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინის, უძრავი ქონებისა და მომიჯნავე სფეროების წარმომადგენლები გააერთიანა. წელს „შეკრება“ პირველად იყო ორდღიანი — პირველი დღე უძრავი ქონებისა და დეველოპმენტის თემებს დაეთმო, მეორე კი არქიტექტურას. განახლებულ პროგრამასთან ერთად, აუდიტორიას ბევრი სიახლე და გამორჩეული ატმოსფერო დახვდათ.

„ტელეგრაფში“ მისულ სტუმრებს ერთმანეთთან შეხვედრისა და პირველი შთაბეჭდილებების გაზიარების შესაძლებლობა მთავარი პროგრამის დაწყებამდე მიეცათ, რადგან წლევანდელ  „შეკრებას“ პირველად დაემატა Marketplace-ი — საქმიანი შეხვედრებისთვის მოწყობილი საგანგებო სივრცე, სადაც ოცამდე სხვადასხვა მიმართულების კომპანია იყო წარმოდგენილი. დეველოპმენტი, სამშენებლო მასალები, ავეჯი, ქონების დაზღვევა, თანამედროვე ჭკვიანი სისტემები და სხვა  — მიმართულებების მრავალფეროვნება სტუმრებს საშუალებას აძლევდა, მათთვის საინტერესო კომპანიების წარმომადგენლებს უშუალოდ გასაუბრებოდნენ და საკუთარი პროექტებისა თუ საჭიროებების შესახებ ემსჯელათ.

ამავე დარბაზში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა „Ameile Events“-ის მიერ მოწყობილი დიზაინინსტალაცია – “ამელის” კურატორობით შერჩეული ნივთები, რომლებიც ჟურნალ Homeis.ge-ს მთავარ ღირებულებას ეხმიანებოდა და კიდევ ერთხელ გვახსენებდა, რომ სახლი სწორედ ასეთი ნივთებისგან იწყება. აღნიშნულ ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყვნენ შემდეგი არტისტები და კომპანიები: 

აღმოჩენები მთავარი დარბაზისკენ მიმავალ გზაზეც გრძელდებოდა. პარტნიორი კომპანიების მიერ მომზადებული აქტივობები და საჩუქრები სტუმრებს ღონისძიების პირველივე წუთებიდან საერთო განწყობაში რთავდა. 

წლევანდელი „შეკრების“ მიმართ მაღალი ინტერესის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება გადავსებული მთავარი დარბაზი აღმოჩნდა. სტუმრებს ადგილებზე პარტნიორი კომპანიების საჩუქრები დახვდათ, სცენა კი პროფესიული გამოცდილების, იდეებისა და განსხვავებული ხედვების გაზიარებას დაეთმო.

პირველი დღის პროგრამაში უძრავი ქონების ბაზრის ანალიზი, დეველოპერული პრაქტიკა და სივრცის ღირებულების განმსაზღვრელი საკითხები გაერთიანდა.

Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ანალიტიკოსმა, საბა ჩახვაშვილმა, აუდიტორიას ბაზარზე არსებული მდგომარეობა გააცნო და ყურადღება მოთხოვნის, მიწოდებისა და ფასების დინამიკაზე გაამახვილა.

საბა ჩახვაშვილი

Eristavi Estates-ის დამფუძნებელმა და Rentals-ის მმართველმა პარტნიორმა, ზურაბ ერისთავმა, „უძრავი ქონების უხილავი წესების“ შესახებ ისაუბრა. მისი მრავალწლიანი გამოცდილება მსმენელს სფეროს იმ თავისებურებების გააზრებაში ეხმარებოდა, რომლებიც ყოველდღიურ პრაქტიკაში მიღებულ გადაწყვეტილებებზე მოქმედებს.

ზურაბ ერისთავი

„დომუს ჯგუფის“ თანადამფუძნებლისა და მმართველი პარტნიორის, გიორგი გიორგაძის, გამოსვლა დეველოპმენტისა და არქიტექტურის საერთო საფუძველს შეეხო — ადამიანს და გარემოს, რომელიც მისთვის იქმნება.

გიორგი გიორგაძე

„კოლიერს ჯორჯიას“ უძრავი ქონების დეველოპმენტის საკონსულტაციო გუნდის ხელმძღვანელმა, ეთუნა მუნჯიშვილმა, კი განიხილა, როგორ ზრდის ხარისხიანი გეგმარება უძრავი ქონების ღირებულებას.

ეთუნა მუნჯიშვილი

პირველი დღის გამომსვლელებს შორის იყო Render Studio-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დავით კუპატაძეც, რომლის საქმიანობა არქიტექტურული იდეების ვიზუალურ კომუნიკაციას უკავშირდება. მის გამოსვლას მნიშვნელოვანი გზავნილი გასდევდა — ყველაფერი, რასაც ვქმნით, ადამიანებისთვის იქმნება. ამ მარტივი ჭეშმარიტების შეხსენებამ დღის განმავლობაში განხილული თემები ისევ მათ მთავარ საზრისთან დააბრუნა — ადამიანთან, რომელიც ყველა პროექტში ამოსავალ წერტილს უნდა წარმოადგენდეს.

დავით კუპატაძე

ინდივიდუალური გამოსვლების გარდა, “შეკრების” სცენა პანელურ დისკუსიასაც დაეთმო და ის შემდეგ თემას მიეძღვნა: “სივრცის შექმნის ხელოვნება: ⁠იდეიდან დიზაინამდე — როგორ იქმნება ხარისხიანი საცხოვრებელი გარემ.” პრემიუმ ავეჯის შოურუმის, GT Deco-ს მმართველმა პარტნიორმა, ვაჩე თავდიშვილმა, ანტრეპრენერმა და ნეირომარკეტინგის ექსპერტმა გიორგი ტუღუშმა, „ალიანს ჯგუფის“ თანამფლობელმა და კომერციულმა დირექტორმა თემო ბიწაძემ და Basetale Studio-ს დამფუძნებელმა, თინათინ ძირკვაძემ ერთ სცენაზე გააერთიანეს ინტერიერის, დეველოპმენტის, ბიზნესისა და მომხმარებლის ქცევის მიმართულებით დაგროვილი გამოცდილება.

პანელური დისკუსია

ღონისძიების მეორე დღე არქიტექტურას დაეთმო და აღნიშნული თემა გამომსვლელებმა  სხვადასხვა პერსპექტივიდან განიხილეს — ისტორიული შენობებისა და მათი გარდაქმნიდან კულტურულ იდენტობამდე, სოციალურ პასუხისმგებლობამდე და საერთაშორისო გამოცდილებამდე.

„გია და არჩილ ქურდიანების სტუდია დინასტიის“ შემოქმედებითმა დირექტორმა, გიორგი ქურდიანმა, წარადგინა თემა, სახელწოდებით „რეკონსტრუქციის კვალი“. დინამოს სტადიონზე საუბრისას მან ყურადღება შენობის გარდაქმნასა და ამ პროცესში დატოვებულ კვალზე გაამახვილა. ქურდიანების დინასტიის ხუთი თაობის კავშირმა სტადიონთან გამოსვლას განსაკუთრებული ემოციურობა შესძინა, სტადიონის სამომავლო განვითარების ხედვამ კი აუდიტორიას დაფიქრებისა და მსჯელობის საფუძველი მისცა.

გიორგი ქურდიანი

Artytechs-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, დადუნა შათაშვილმა, კულტურული იდენტობის თანამედროვე ინტერპრეტაციაზე მესტიის ქორწინების სახლის მაგალითზე ისაუბრა. პროექტმა, რომელმაც არაერთი ჯილდო და პროფესიული წრეების ყურადღება დაიმსახურა, წარმოაჩინა, როგორ შეიძლება ადგილობრივი ხასიათი თანამედროვე არქიტექტურული ხედვის საფუძვლად იქცეს.

დადუნა შათაშვილი

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა და კულტურული მემკვიდრეობის კონსულტანტმა, თათია ღვინერიამ, აუდიტორია თბილისური სახლების ისტორიებს აზიარა. თემამ „რა საიდუმლოებებს ინახავს თბილისური სახლები?“ ქალაქის ნაცნობი შენობების მიღმა დაცული მეხსიერების, ყოფისა და კულტურული გამოცდილების მიმართ ინტერესი გააღვივა. ამ საუბრის ნაწილი იყო აზარიანცის სასახლესთან დაკავშირებული ისტორიები და საიდუმლოებებიც, რომლებმაც მსმენელს შენობის ახლებურად დანახვის შესაძლებლობა მისცა.

თათია ღვინერია

SG Architecture-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა, თამაზ გიორგაძემ, რომლის საქმიანობა საპროექტო პრაქტიკასთან ერთად, არქიტექტურის თეორიასა და კრიტიკას მოიცავს, მოდერნიზმსა და ქართულ არქიტექტურაში საბჭოთა პერიოდის კვალზე ისაუბრა. ამ კონტექსტში მან განიხილა „ექსპო ჯორჯიას“ კომპლექსი , როგორც მოდერნისტული მემკვიდრეობის ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითი.

თამაზ გიორგაძე

წლევანდელი „შეკრების“ საერთაშორისო მონაწილე იყო გერმანელი არქიტექტორი და სტუდია GRAFT-ის თანადამფუძნებელი თომას ვილემაიტი. არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და დიზაინის მიმართულებით მისი გამოცდილება, ექსპერიმენტული მიდგომები და სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტები პროგრამას საერთაშორისო პერსპექტივას სძენდა. ამ გამოცდილებას საქართველოსთან უშუალო კავშირიც აქვს — GRAFT-ი თბილისში მრავალფუნქციური კომპლექსის, „საქანელას“, გენერალურ გეგმასა და არქიტექტურულ კონცეფციაზე მუშაობს.

თომას ვილემაიტი

Architects of Invention-ის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ჯაფარიძემ და მისმა კოლეგამ, ეკა ხომერიკმა აუდიტორიას წარუდგინეს თემა –  „არქიტექტურა ღარიბებისათვის“ და  არქიტექტურის სოციალური მნიშვნელობისა და ხელმისაწვდომობის საკითხები წამოსწიეს. 

ეკა ხომერიკი და ნიკოლოზ ჯაფარიძე

აღსანიშნავია, რომ ორივე დღეს საღამოს განსაკუთრებული მხიარულება შემატა პარტნიორების – GT Deco-ს, Kolkhi Group-ისა და Next Building Technologies-ის –  გათამაშებებმა. კომპანიებმა პირდაპირ დარბაზში გამოავლინეს ის იღბლიანი ადამიანები, რომლებსაც საჩუქრად პრემიუმ ხაზის ავეჯი გადაეცათ. 

წლევანდელმა „შეკრებამ“ სივრცის შექმნაზე საუბარი საერთო პასუხისმგებლობის გააზრებად აქცია — ყოველი პროექტის მიღმა ადამიანების ყოველდღიურობა, ქალაქის მეხსიერება და მისი მომავალი დგას. გამომსვლელების მიერ გაზიარებულმა გამოცდილებამ, განსხვავებულმა ხედვებმა და ახალმა ნაცნობობამ ამ პასუხისმგებლობის ერთად გააზრებისთვის მნიშვნელოვანი საფუძველი შექმნა. ამას გარდა, Marketplace-მა სცენაზე წამოჭრილი თემები უშუალო დიალოგში გადაიტანა. აქ სტუმრებს შეეძლოთ, საკუთარი პროექტებისთვის საჭირო კომპანიები გაეცნოთ, კონკრეტულ ამოცანებზე ესაუბრათ და მომავალი პარტნიორობისთვის საფუძველი შეექმნათ. სწორედ ამ შესაძლებლობამ შესძინა ღონისძიებას ახალი მნიშვნელობა: პროფესიული ცოდნისა და შთაგონების მიღებასთან ერთად, „შეკრება“ იქცა ადგილად, სადაც იდეები რეალობად იქცევა.


ღონისძიების წარმდგენი: საქართველოს ბანკი

გენერალური პარტნიორი: Render Group

ოქროს სპონსორები: GT Deco, Kolkhi Group

პარტნიორები: Ton, Caparol, Silk Road Group, The Telegraph Hotel, Signall, Gabuild, Baumer, 14/16 chairs & more, ELTEG • ელტეგი, Greenstone, Bene Comfort

მხარდამჭერები: Archtrade, Ma Architects, AMMA Design, Jambo, Lost & Found, Midea, Next Building Technologies, Dio

უძრავი ქონების მთავარი მზღვეველი: Aldagi

ნიკოლოზ ლეკვეიშვილის არგენტინული ჩანახატები ბერლინის Tchoban Foundation-ის კოლექციაში შევიდა