Homeis-ის ყოველწლიური ღონისძიება „შეკრება“ არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინის, უძრავი ქონებისა და მომიჯნავე სფეროების წარმომადგენლებს აერთიანებს. ღონისძიება პროფესიონალებს გამოცდილების გაზიარების, ახალი იდეების გაცნობისა და თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს. წელს „შეკრება“ ორდღიანი ფორმატით, 2026 წლის 31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს, სასტუმრო „ტელეგრაფში“ გაიმართება.
წლევანდელი „შეკრების“ ოქროს სპონსორია GT Deco — პრემიუმ ავეჯისა და ინტერიერის დიზაინის მიმართულებით მომუშავე კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიურ კოლექციებს წარმოადგენს. კომპანიის შოურუმში წარმოდგენილია იტალიური და სხვა ევროპული ბრენდების — Calligaris-ის, Stosa Cucine-ს, Henry Glass-ის, Ofifran-ის, Riluc-ისა და Elite To Be-ს ავეჯი, ინტერიერის გადაწყვეტილებები, რომლებიც თანამედროვე დიზაინს, ფუნქციურობასა და ინდივიდუალურ ესთეტიკას აერთიანებს.
GT Deco-სთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო დიზაინის გამოცდილების გაზიარება და საქართველოში დიზაინის კულტურის განვითარება. სწორედ ამიტომ, ჩვენი ახალი პროექტის პირველად წარსადგენად Homeis-ის „შეკრება“ ავირჩიეთ — სივრცე, რომელიც არქიტექტორებთან, დიზაინერებსა და დეველოპერებთან ახალი იდეებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს ქმნის.
პარტნიორობის მოტივაციაზე, პრემიუმ ავეჯის ბაზრის შესაძლებლობებსა და ახალი შოურუმის კონცეფციაზე GT Deco-ს გუნდს ვესაუბრეთ:
რა გახდა GT Deco-სთვის Homeis-ის „შეკრების“ პარტნიორობის მთავარი მოტივაცია და რა საერთო ღირებულებები აერთიანებს თქვენს კომპანიასა და ამ პლატფორმას?
Homeis-თან პარტნიორობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, ვიყოთ იმ პლატფორმის ნაწილი, რომელიც დიზაინის, არქიტექტურისა და თანამედროვე ცხოვრების სტილის გარშემო აერთიანებს ადამიანებს. GT Deco-სთვის საგულისხმოა არა მხოლოდ პრემიუმ ბრენდების წარდგენა და საერთაშორისო გამოცდილების ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრება, არამედ პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა და დიზაინის კულტურის განვითარებაში მონაწილეობა, იმ ადამიანებისა თუ კომპანიების რიგებში ყოფნა, რომლებსაც საქართველოში საცხოვრებელი და კომერციული სივრცეების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენი ახალი შოურუმის პირველი წარდგენა ამ საზოგადოებაში ყოფილიყო, იმ პლატფორმასთან ერთად, რომელთანაც გვაერთიანებს სურვილი, საერთაშორისო დიზაინის გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები უფრო ახლოს მივიტანოთ ადამიანებთან, რომლებიც საქართველოში თანამედროვე სივრცეებს ქმნიან.
როგორ ხედავთ თქვენი კომპანიის როლს საქართველოში არქიტექტურისა და დიზაინის სფეროს განვითარებაში?
საქართველოში პრემიუმ ავეჯის ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია უკვე წლებია არსებობს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ამ სფეროში განვითარების შესაძლებლობები კვლავ ფართოა. ამიტომაც საკმაოდ თამამად გადაწყდა GT Deco-ს ბაზარზე შემოსვლა. ეს გადაწყვეტილება ქართველი მომხმარებლის მზაობასაც ეფუძნება, რომელიც მსყიდველუნარიანია და შეუძლია, არჩევანი შეაჩეროს ხარისხიან, პრემიუმ პროდუქტზე.
ჩვენს როლს სწორედ ამ არჩევანის კიდევ უფრო გაფართოებაში ვხედავთ. სწორედ ამიტომ ვთავაზობთ ბრენდებს მხოლოდ ექსკლუზიური წარმომადგენლობით, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივ ბაზარზე, ჩვენ გარდა, კონკრეტული პრემიუმ ბრენდების კოლექციებს მომხმარებლები სხვაგან ვერსად შეხვდებიან.
GT Deco-ს შოურუმში თავმოყრილია ავეჯი, რომელიც საცხოვრებელ სივრცეს კომფორტსა და გამორჩეულ ხასიათს სძენს: Calligaris-ის სასადილო მაგიდები, სკამები და რბილი ავეჯი, Stosa Cucine-ს სამზარეულოები და Riluc-ის საკულტო დიზაინერული მოდელები, რომლებსაც სივრცის იერსახისა და განწყობის შეცვლა შეუძლია.
ჩვენთვის ასორტიმენტის მრავალფეროვნება ისეთი პროდუქტის შეთავაზებასაც გულისხმობს, რომელსაც ქართულ ბაზარზე სხვაგან ვერ შეხვდებით. სწორედ ასეთია იტალიური ბრენდი Elite To Be.
ამ ბრენდის არჩევანი საქართველოსა და იტალიისთვის ღვინის კულტურის განსაკუთრებულმა მნიშვნელობამ განაპირობა. ორივე ქვეყანაში ღვინო ტრადიციისა და სტუმარმასპინძლობის განუყოფელი ნაწილია. ეს საერთო კულტურული კავშირი კი Elite To Be-ს ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოს ხდის.
ბრენდი ღვინის კულტურით შთაგონებას დიზაინში გარდასახავს და ქმნის ავეჯს, რომელიც ღვინოს ინტერიერის ნაწილად აქცევს. მისი კოლექციები საინტერესოა როგორც რესტორნებისა და მცირე მარნების მფლობელებისთვის, ისე მათთვის, ვისაც სახლში ღვინის კუთხის მოწყობა სურს.
როგორ ხედავთ „შეკრების“ მსგავსი პროფესიული პლატფორმების როლს საქართველოში არქიტექტურისა და დიზაინის ინდუსტრიის განვითარებაში და რა ახალ შესაძლებლობებს ქმნის ასეთი ღონისძიებები ბრენდებსა და პროფესიონალებს შორის თანამშრომლობისთვის?
„შეკრების“ მსგავსი პლატფორმები ერთ სივრცეში აერთიანებს ყველაფერს, რაც დღეს არქიტექტურის, დიზაინისა და უძრავი ქონების ინდუსტრიაში ხდება. მრავალფეროვანი თემატიკა ნებისმიერი ადამიანისთვის საინტერესოს ხდის პლატფორმას, შესაბამისად, აერთიანებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, ხელს უწყობს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ქმნის ახალ პროფესიულ კავშირებს და ასე არქიტექტურისა და დიზაინის ინდუსტრიის განვითარებაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ბევრად გამარტივდა გადაწყვეტილების მიღება, GT Deco მოქცეულიყო ღონისძიების ცენტრში და გამხდარიყო 2026 წლის „შეკრების“ ოქროს სპონსორი – Homeis-ის პლატფორმა გვაძლევს შესაძლებლობას, ჩვენი ბრენდი გავაცნოთ პროფესიულ საზოგადოებას, გავუზიაროთ გამოცდილება და დავამყაროთ ახალი კავშირები არქიტექტორებთან, დიზაინერებსა თუ დეველოპერებთან.
გვჯერა, რომ ასეთი თანამშრომლობა ახალი იდეებისა თუ ინიციატივების რეალიზების საფუძველია, რაც ქართული დიზაინის ინდუსტრიის განვითარებას ახალ შესაძლებლობებს უხსნის.







