Homeis-ის ყოველწლიური ღონისძიება „შეკრება“ არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინის, უძრავი ქონებისა და მომიჯნავე სფეროების წარმომადგენლებს აერთიანებს. ღონისძიება პროფესიონალებს გამოცდილების გაზიარების, ახალი იდეების გაცნობისა და თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს. წელს „შეკრება“ ორდღიანი ფორმატით, 2026 წლის 31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს, სასტუმრო „ტელეგრაფში“ გაიმართება.
წლევანდელი „შეკრების“ წარმდგენია საქართველოს ბანკი, რომელიც არქიტექტურისა და დიზაინის სფეროს განვითარებას როგორც საგანმანათლებლო ინიციატივებით, ისე ბიზნესის მხარდაჭერით უწყობს ხელს. ბანკისთვის ამ მიმართულებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს — მისი სათავო ოფისი ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია, რომელიც ინოვაციური ხედვითა და განსხვავებული არქიტექტურული კონცეფციით გამოირჩევა. ამ მემკვიდრეობის დაფასებასა და ახალგაზრდა არქიტექტორების მხარდაჭერას ემსახურება გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაც.
საქართველოს ბანკისთვის Homeis-ის „შეკრებაში“ მონაწილეობა ამ ხედვის გაგრძელებაა. კომპანია მიიჩნევს, რომ არქიტექტურისა და დიზაინის ინდუსტრიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების ხელშეწყობა, ბიზნესისთვის შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობების შექმნა და ისეთი პლატფორმების მხარდაჭერა, რომლებიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს თანამშრომლობისა და ახალი იდეების განხორციელების შესაძლებლობას აძლევს.
პარტნიორობის მოტივაციაზე, არქიტექტურისა და დიზაინის სფეროს მხარდაჭერასა და პროფესიული პლატფორმების მნიშვნელობაზე საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელს, მარიამ ცანავას ვესაუბრეთ:
რა გახდა საქართველოს ბანკისთვის Homeis-ის „შეკრების“ პარტნიორობის მთავარი მოტივაცია და რა საერთო ღირებულებები აერთიანებს თქვენს კომპანიასა და ამ პლატფორმას?
საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია იმ სფეროების ხელშეწყობა, რომლებიც ქვეყნის უკეთეს ეკონომიკურ და კულტურულ გარემოს ქმნის. არქიტექტურა და დიზაინი სწორედ ასეთი მიმართულებებია.
ამ თემასთან ჩვენი კავშირი კი მხოლოდ პარტნიორობით არ იწყება. საქართველოს ბანკის სათავო ოფისი ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუში და ინოვაციური ხედვის მაგალითია. ის აერთიანებს არქიტექტურულ კონცეფციას, საინჟინრო გადაწყვეტებსა და გარემოსთან ურთიერთობის განსხვავებულ მიდგომას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ მემკვიდრეობის დაფასება და მომავალი თაობის არქიტექტორებისთვის მისი მნიშვნელობის გაზიარება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაც, რომელიც ახალგაზრდა არქიტექტორებს აძლევს შესაძლებლობას, განათლებასა და საკუთარ პროფესიულ გზას მეტი დრო და რესურსი დაუთმონ.
Homeis-ის „შეკრებასთან“ პარტნიორობა ამ ხედვის გაგრძელებაა. გვჯერა, რომ ძლიერი პროფესიული გარემო იქმნება მაშინ, როდესაც დარგის წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა, ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა, განიხილონ გამოწვევები და დაიწყონ თანამშრომლობა.
ჩვენ გვაერთიანებს მისწრაფება, ხელი შევუწყოთ ისეთი გარემოს ჩამოყალიბებას, რომელშიც ახალი, ინოვაციური, განსხვავებული იდეები ბუნებრივად ჩნდება.
როგორ ხედავთ თქვენი კომპანიის როლს საქართველოში არქიტექტურისა და დიზაინის სფეროს განვითარებაში და რა მიმართულებით ცდილობთ ინდუსტრიაში ახალი სტანდარტების დამკვიდრებას?
ვფიქრობთ, რომ არქიტექტურისა და დიზაინის განვითარებაზე საუბრისას მნიშვნელოვანია, ყურადღება გავამახვილოთ არა მხოლოდ შემოქმედებით პროცესზე, არამედ იმ პირობებზეც, რომლებიც პროფესიონალებს კარგი იდეების განხორციელების საშუალებას აძლევს. მაღალი ხარისხის პროექტს სჭირდება პროფესიული ცოდნა, ფინანსური რესურსი, სწორი დაგეგმვა და სანდო პარტნიორები.
საქართველოს ბანკი ამ მიმართულებით რამდენიმე როლს ასრულებს. პირველი განათლებისა და პროფესიული განვითარების მხარდაჭერაა — გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდიით.
მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება ბიზნესის მხარდაჭერაა. არქიტექტურულ სტუდიებს, დიზაინკომპანიებსა და ამ სფეროსთან დაკავშირებულ სხვა ბიზნესებს სხვადასხვა საჭიროება აქვთ — მათ შორისაა პროექტებისთვის საჭირო რესურსების მოძიება, ახალი შეკვეთების შესრულება თუ საქმიანობის გაფართოება. ჩვენი ამოცანაა, ბიზნესებს შევთავაზოთ მათ საჭიროებებზე მორგებული ფინანსური ინსტრუმენტები და საბანკო მომსახურება, რომლებიც მათ ყოველდღიური საქმიანობის მართვასა და ზრდაში დაეხმარება.
მესამე მიმართულება კი თავად დიზაინის მნიშვნელობაა. საქართველოს ბანკისთვის დიზაინი მხოლოდ ვიზუალური იდენტობის ნაწილი არ არის. ის განსაზღვრავს, რამდენად მარტივად და გასაგებად ამყარებს ურთიერთობას მომხმარებელი ბრენდთან ფიზიკურ სივრცესა თუ ციფრულ არხებში.
ჩვენთვის ახალი სტანდარტების დამკვიდრება ნიშნავს ამ მიდგომების გაერთიანებას: შემოქმედებითი იდეების დაფასებას, პროფესიონალებისთვის განვითარების შესაძლებლობების შექმნას და ბიზნესისთვის იმ პრაქტიკული მხარდაჭერის შეთავაზებას, რომელიც მათ საქმიანობას უფრო მდგრადსა და კონკურენტუნარიანს გახდის.
როგორ ხედავთ „შეკრების“ მსგავსი პროფესიული პლატფორმების როლს საქართველოში არქიტექტურისა და დიზაინის ინდუსტრიის განვითარებაში და რა ახალ შესაძლებლობებს ქმნის ასეთი ღონისძიებები ბრენდებსა და პროფესიონალებს შორის თანამშრომლობისთვის?
არქიტექტურა, უძრავი ქონება, დეველოპმენტი და დიზაინი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვერ ვითარდება. არქიტექტურული იდეის განხორციელება დაკავშირებულია საინვესტიციო გადაწყვეტილებებთან, ბიზნესის შესაძლებლობებთან, მასალების ხარისხთან, ტექნოლოგიებთან და საბოლოოდ, იმ ადამიანების საჭიროებებთან, ვისთვისაც ეს სივრცეები იქმნება. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია Homeis-ის „შეკრების“ წლევანდელი ფორმატი.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს არა მხოლოდ იდეების გაცვლას, არამედ საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
საქართველოს ბანკისთვის ეს ყველაფერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ბიზნესის მხარდაჭერა მხოლოდ ფინანსური რესურსის მიწოდებით არ შემოიფარგლება. მნიშვნელოვანია იმ გარემოს განვითარებაც, რომელშიც ბიზნესები პოულობენ ახალ შესაძლებლობებს, ცოდნასა და პარტნიორებს. სწორედ ამიტომ ვხედავთ „შეკრებას“ პლატფორმად, რომელიც აძლიერებს პროფესიულ კავშირებს და ხელს უწყობს საინტერესო იდეების რეალიზებას.






