in

SHRE.space – საქართველოში პირველად ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე დიზაინ პლატფორმა შეიქმნა

არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სტუდია „SHRE Studio“-მ, საქართველოში პირველად ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე დიზაინ გენერატორი შექმნა, რომელიც 1 წუთში საინსპირაციო დიზაინის რენდერს ქმნის. პლატფორმა ადამიანებს დაეხმარება განსხვავებული დიზაინ სტილებისა და მიმდინარეობების უკეთ გარკვევაში, მომხმარებლებს შესთავაზებს შთამაგონებელ იდეებს საკუთარი სივრცეებისთვის და რაც მთავარია, ინტერიერის დიზაინის სფეროში ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.

ვებ-გვერდით სარგებლობა ყველასათვის ხელმისაწვდომია, მისი გამოყენება სრულიად უფასოა. მოხმარებისას კი ტექნიკური უსაფრთხოებიდან გამომდინარე, პლატფორმას 24 საათში მხოლოდ 10 გენერაციის შესრულება შეუძლია.

SHRE Studio“-ს თანადამფუძნებელი ცოტნე მაზმანიშვილი „SHRE.space“-ის შექმნის იდეაზე გვესაუბრება და გვიხსნის, რომ ხელოვნური ინტელექტის ყოველდღიურობაში აქტიურმა გამოყენებამ, უდიდესი შესაძლებლობები გააჩინა და ნებისმიერი ოპერაციის შესრულება გაამარტივა. აქედან გამომდინარე, საჭირო გახდა დიზაინის მიმართულებითაც მსგავსი გამოცდილების დანერგვა, რომელიც მოყვარულებსა თუ ამ დარგის წარმომადგენლებს საქმეს გაუმარტივებს.

„ „SHRE.space“-ის შექმნის იდეა გაზაფხულზე გაგვიჩნდა, როდესაც ხელოვნური ინტელექტის პლატფორმების განახლებული ვერსიები გამოვიდა. გვინდოდა ასეთი დახვეწილი ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელიც უნიკალურ შესაძლებლობებს გვაძლევს,  შეგვექმნა პლატფორმა, რომელიც სასარგებლო და ამავდროულად მარტივი გამოსაყენებელი იქნებოდა ყველასთვის. აღმოვაჩინეთ, რომ მსგავსი რამ აქამდე მსოფლიოში არ არსებობდა. „SHRE.space“-ი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით უნიკალურ დიზაინს ქმნის, რომელიც არ მეორდება ზუსტად იგივე დავალების მითითების შემთხვევაშიც კი. გვიხარია, რომ პირველები ვართ ამ სფეროში, ვინც ხელოვნური ინტელექტი სამომხმარებლო გამოცდილების ნაწილად აქცია. პროექტის  თანაავტორები არიან “SHRE.studio”-ს თანადამფუძნებელი — ივა მაზმანიშვილი და ჩვენი მეგობრები, “software”-ის დეველოპერები — აჩი ბახსოლიანი და ბერო ლომსაძე, მადლობა მათ თავდაუზოგავი შრომისთვის“, — აღნიშნავს ცოტნე მაზმანიშვილი.

პლატფორმა მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას დიზაინის, სტილების,  მასალებისა და ფერების შესახებ. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მაქსიმალურად სრულყოფილი რენდერი მიიღება, რომელიც კარგი საშუალებაა სასურველი სივრცის დიზაინის შესაქმნელად.

„SHRE.space“-ით სარგებლობისათვის საჭიროა ტელეფონის ნომრით ვერიფიკაცია და მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითება, რომელზეც შემდგომ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი რენდერები გაიგზავნება. ამის შემდეგ მიმდინარეობს 5 ეტაპიანი პროცესი, სადაც სივრცის დიზაინი, სტილი, ფერები და მასალები ზუსტდება. ინფორმაციის დამუშავების შედეგად, რასაც სულ რაღაც 1-2 წუთი სჭირდება, მომხმარებლის სურვილის მიხედვით უნიკალური დიზაინ რენდერი მზადდება.

ცხადია, ხელოვნური ინტელექტი ჯერ-ჯერობით სრულყოფილი არაა და სრულფასოვანი დიზაინის მისაღებად პროფესიონალის ჩარევას საჭიროებს. თუმცა სივრცის მოსაწყობად ახალი, საინტერესო იდეებისთვის ძალიან კარგი საშუალებაა.

„გაჩნდა მოსაზრებები, თუ რა განსხვავებაა ჩვენს პლატფორმასა და „Pinterest“-ს შორის.  რეალურად, „Pinterest“-ზე ბევრი გადარჩევის შემდეგ პოულობ სასურველ ფოტოს, რომელსაც, ასევე შთაგონებისთვის იყენებ. ხოლო „SHRE.space“-ზე გენერირდება უნიკალური დიზაინი, რომელიც, მილიონობით სხვადასხვა სტილის, ფერისა და მასალის ფოტოების შერწყმით მიიღება“, ­— აცხადებენ „SHRE Studio“-ში.

სამომავლოდ, „SHRE.space“-ის განვითარება იგეგმება და მომხმარებელს ბოტთან გასაუბრების შესაძლებლობა ექნება. ამჟამად, საიტი სატესტო რეჟიმში მუშაობს, ეტაპობრივად კი პლატფორმა დაიხვეწება და ახალი ფუნქციებიც დაემატება, რათა მეტად მოერგოს ადამიანთა საჭიროებებს და გაუმარტივოს დიზაინთან დაკავშირებული საკითხები.

ავტორი: მეკო მეტრეველი

არქიტექტურა, როგორც აზროვნების უნარი და ცხოვრებისეული გატაცება — ინტერვიუ მარიამ მენაბდესთან

ტექსტურირებული საღებავი – რა არის და რა უპირატესობები აქვს მას სტანდარტულ საღებავებთან შედარებით?