in , ,

სივრცე, სადაც დიზაინი პრიორიტეტია – ინტერვიუ Mockup Room-ის დამფუძნებელთან

ყველა მომხმარებელი ინდივიდუალურია – განსხვავებული გემოვნებით, მოთხოვნებითა და მოლოდინებით. შესაბამისად, სივრცის მოწყობისას ერთი და იგივე პროდუქტი ან გადაწყვეტა ყველასთვის შესაფერისი ვერ იქნება. რთულია, იყო მიმწოდებელი, რომელიც განსხვავებულ საჭიროებებს ერთნაირი ხარისხით პასუხობს, თუმცა პრემიუმსეგმენტისთვის სწორედ ასეთ გამოცდილებას ქმნის Mockup Room – კომპანია, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ევროპული ბრენდების ხარისხიანი პროდუქციის წარმოდგენა, არამედ მომხმარებლის საჭიროებების გააზრება და თითოეული პროექტისთვის შესაბამისი გადაწყვეტილების შერჩევა.

2023 წლიდან ქართულ ბაზარზე მოქმედი Mockup Room მომხმარებლებს გერმანული და იტალიური ბრენდების პროდუქციას სთავაზობს აბაზანის, გათბობისა და საინჟინრო სისტემების მიმართულებით. კომპანიის საქმიანობა აერთიანებს თანამედროვე დიზაინს, ტექნიკურ ცოდნასა და პროფესიულ კონსულტაციას. ამასთან, კომპანია თანამშრომლობს არქიტექტორებთან, დიზაინერებთან და ევროპელ მწარმოებლებთან, რათა მომხმარებელს მხოლოდ პროდუქტი კი არა, მის საჭიროებებზე მორგებული სრულყოფილი გადაწყვეტა შესთავაზოს.

Mockup Room-ის შექმნის იდეაზე, ბრენდების შერჩევის პრინციპებზე, საინჟინრო მიმართულების განსაკუთრებულობაზე და პრემიუმმომსახურების მნიშვნელობაზე კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი ვახტანგ მელქაძე გვესაუბრება.

როგორ გაჩნდა Mockup Room-ის შექმნის იდეა და რა საჭიროება დაინახეთ ქართულ ბაზარზე?

Mockup Room-ის შექმნის იდეა ქართულ ბაზარზე ისეთი ევროპული ბრენდების წარმოდგენის სურვილიდან გაჩნდა, რომლებიც ხარისხით, დიზაინითა და ტექნოლოგიური განვითარებით გამოირჩევიან. თავიდანვე გვინდოდა, შეგვექმნა კომპანია, რომელიც მომხმარებელს მხოლოდ პროდუქციას კი არ შესთავაზებდა, არამედ სწორი გადაწყვეტილების მიღებაშიც დაეხმარებოდა.

პრემიუმპროდუქციის შეთავაზება მხოლოდ მის ჩამოტანას არ გულისხმობს, საჭიროა პროფესიული კონსულტაცია, ტექნიკური ცოდნა და მომხმარებლის საჭიროებების სწორად გააზრება. გვჯერა, რომ გრძელვადიან წარმატებას არა მხოლოდ კარგი პროდუქტი, არამედ მომხმარებელთან ჩამოყალიბებული ნდობაც ქმნის.

კომპანიის პორტფოლიოში გერმანული და იტალიური ბრენდებია წარმოდგენილი. რა კრიტერიუმებით არჩევთ მწარმოებლებსა და პროდუქციას?

ბრენდების შერჩევისას ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროდუქციის ხარისხი, დიზაინი, ტექნოლოგიური ინოვაცია, მწარმოებლის ისტორია და საერთაშორისო რეპუტაცია. ასევე ვაფასებთ, რამდენად გამორჩეულია კონკრეტული ბრენდი და რა დამატებითი ღირებულების შეთავაზება შეუძლია ქართველი მომხმარებლისთვის.

ჩვენი პორტფოლიო გააზრებული არჩევანის შედეგია. მაგალითად, გათბობის მიმართულებით Cordivari-ს პროდუქცია გამორჩეული დიზაინითა და იდენტობით გამოირჩევა, ხოლო FIMA Carlo Frattini, Bette, Galassia და Viega საშუალებას გვაძლევს, აბაზანისა და საინჟინრო სისტემების მიმართულებით ხარისხიანი გადაწყვეტილებები შევთავაზოთ მომხმარებელს.

პარტნიორობა მხოლოდ პროდუქციის შეძენა-გაყიდვა არ არის. მნიშვნელოვანია მწარმოებელთან გრძელვადიანი ურთიერთობა, ტექნიკური ინფორმაციისა და პროფესიული მხარდაჭერის ხელმისაწვდომობა.

როგორია მომხმარებელთან მუშაობის პროცესი და როგორ არჩევთ მის საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებსა და სისტემებს?

ჩვენთვის თითოეული პროექტი ინდივიდუალურია, რადგან მომხმარებლებს განსხვავებული მოთხოვნები, გემოვნება და ტექნიკური შესაძლებლობები აქვთ. ამიტომ მუშაობას კონკრეტული პროდუქტის შეთავაზებით კი არა, საჭიროებების გააზრებით ვიწყებთ.

პირველ ეტაპზე ვარკვევთ, რა ტიპის პროექტთან გვაქვს საქმე, როგორია სივრცის არქიტექტურა, რა ტექნიკური მოთხოვნები არსებობს და რა შედეგის მიღება სურს მომხმარებელს. ამის შემდეგ ვარჩევთ შესაბამის პროდუქტებსა და გადაწყვეტილებებს. მაგალითად, რადიატორის ან აბაზანის შერჩევისას მხოლოდ ვიზუალური მხარე არ არის საკმარისი, გასათვალისწინებელია სივრცის ზომა, გამოყენების დანიშნულება, ტექნიკური პარამეტრები და პროექტის საერთო კონცეფცია. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს არა უბრალოდ ძვირადღირებული პროდუქტი, არამედ მის საჭიროებებზე მორგებული და გამართლებული გადაწყვეტილება შევთავაზოთ.

Mockup Room-ის ერთ-ერთი განმასხვავებელი მიმართულება Viega-ს უჟანგავი ფოლადის მილებისა და ფიტინგების გამოყენებით ექსკლუზიური საქვაბე სისტემების მოწყობაა. რა უპირატესობა აქვს ამ გადაწყვეტას?

ეს თანამედროვე საინჟინრო გადაწყვეტაა მათთვის, ვინც ხარისხსა და ტექნოლოგიურ სანდოობას ანიჭებს უპირატესობას. საინჟინრო სისტემების ხარისხი ხშირად იმ კომპონენტებზეა დამოკიდებული, რომლებიც დასრულებული ინტერიერის მიღმა რჩება. შეიძლება მომხმარებელი ჯერ დიზაინს ამჩნევდეს, თუმცა შენობის საიმედო ფუნქციონირებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია გათბობისა და სხვა საინჟინრო სისტემების სწორად მოწყობა.

Viega-ს უჟანგავი ფოლადის მილებისა და ფიტინგების გამოყენება, სათანადო პროექტირებისა და პროფესიონალური მონტაჟის პირობებში, საიმედო და გამძლე სისტემის შექმნის შესაძლებლობას იძლევა. პრესშეერთების ტექნოლოგია კი მონტაჟს ამარტივებს და სამუშაოებისთვის საჭირო დროს ამცირებს. თუმცა საბოლოო შედეგისთვის გადამწყვეტია არა მხოლოდ მასალის ხარისხი, არამედ სისტემის სწორად დაპროექტება და კომპონენტების შესაბამისობა სამუშაო პირობებთან.

რამდენად მნიშვნელოვანია არქიტექტორებთან და ინტერიერის დიზაინერებთან თანამშრომლობა?

ეს ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. არქიტექტორები და დიზაინერები პროექტის საწყის ეტაპზევე განსაზღვრავენ სივრცის ხასიათს, მასალებსა და იმ პროდუქტებს, რომლებიც საბოლოო შედეგს ქმნის. ჩვენი ამოცანაა, მათ პროფესიული მხარდაჭერა გავუწიოთ და შევთავაზოთ ისეთი ბრენდები და გადაწყვეტილებები, რომლებიც პროექტის კონცეფციას შეესაბამება.

პრემიუმსეგმენტში პროდუქტი ხშირად ინტერიერის მნიშვნელოვანი ნაწილია – რადიატორი შეიძლება დიზაინერულ აქცენტად იქცეს, აბაზანა კი სივრცის ცენტრალურ ელემენტად. ამავე დროს, თითოეული გადაწყვეტილება ტექნიკურ მოთხოვნებსაც უნდა პასუხობდეს.

გვინდა, Mockup Room პროფესიული გარემო იყოს, სადაც არქიტექტორები და დიზაინერები არა მხოლოდ პროდუქციას შეარჩევენ, არამედ მიიღებენ ცოდნასა და მხარდაჭერასაც. ამიტომ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ პროფესიულ შეხვედრებსა და მწარმოებლებთან უშუალო კომუნიკაციას.

პრემიუმსეგმენტში პროდუქტის ხარისხთან ერთად მომსახურებაც მნიშვნელოვანია. როგორია თქვენი მიდგომა მომხმარებლის მხარდაჭერისა და გრძელვადიანი ურთიერთობების მიმართ?

ჩვენთვის პრემიუმმომსახურება მომხმარებლის პირველივე მომენტიდან იწყება და პროდუქტის შეძენით არ სრულდება. პრემიუმბრენდის შეთავაზება პასუხისმგებლობასაც ნიშნავს – მომხმარებელს უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია პროდუქტის შესაძლებლობებზე, ტექნიკურ მახასიათებლებზე, გამოყენებისა და მოვლის პირობებზე. ვცდილობთ, თითოეულ ადამიანს ინდივიდუალურად მივუდგეთ, ყურადღებით მოვუსმინოთ და მის საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილება შევთავაზოთ.

გვჯერა, რომ ბიზნესში ყველაზე ღირებული აქტივი ნდობაა. მისი მოპოვება რთულია, შენარჩუნება კი ყოველდღიურ ყურადღებასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. გვინდა, მომხმარებელი Mockup Room-ს არა მხოლოდ პროდუქციის შესაძენად, არამედ პროფესიული რჩევისა და საიმედო პარტნიორობისთვისაც მიმართავდეს.

როგორ შეაფასებდით ქართულ ბაზარზე პრემიუმსეგმენტის მოთხოვნას აბაზანის, გათბობისა და საინჟინრო სისტემების მიმართულებით?

ვფიქრობთ, ქართულ ბაზარზე პრემიუმსეგმენტს განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს. განსაკუთრებით საინტერესოა ის პროექტები, რომლებშიც მომხმარებელი მეტ ყურადღებას აქცევს ხარისხს, დიზაინს, მასალებსა და შენობის საინჟინრო სისტემების საიმედოობას.

ამ სეგმენტის განვითარება მხოლოდ მაღალი ფასის პროდუქციის მოთხოვნას არ ნიშნავს. მნიშვნელოვანია, მომხმარებელი აცნობიერებდეს, რას იღებს კონკრეტული ბრენდისგან, რა განასხვავებს მას სხვა პროდუქციისგან და რამდენად შეესაბამება ის მის საჭიროებებს.

ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანია პროფესიული განათლება – არქიტექტორებმა, დიზაინერებმა, ინჟინრებმა და ხელოსნებმა უნდა იცოდნენ, რა შესაძლებლობებს გვთავაზობს თანამედროვე ევროპული წარმოება.

როგორია Mockup Room-ის განვითარების ხედვა და სამომავლო გეგმები?

Mockup Room-ის მიზანია არა მხოლოდ არსებული მიმართულებების გაძლიერება, არამედ ევროპული, მაღალი ხარისხის მომწოდებელი ბრენდებით პორტფოლიოს გაფართოებაც, რათა მომხმარებელს კიდევ უფრო ღირებული მომსახურება შეთავაზოს.

ამასთან, ზრდის პროცესში ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ის პრინციპები, რომლებზეც Mockup Room-ი შეიქმნა: ხარისხი, გააზრებული არჩევანი, პროფესიონალიზმი და მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობა. ჩვენი ხედვაა, გვქონდეს ერთი გამორჩეული, მაღალი სტანდარტის შოურუმი, რომელიც ბრენდების, ცოდნისა და მომსახურების მთავარ სივრცედ დარჩება.

[R]

არქიტექტურა, როგორც მუდმივი აღმოჩენების პროცესი – ინტერვიუ დავით ცუცქირიძესთან