in ,

თბილისიდან ლონდონამდე – ქართველი არქიტექტორები SHARE Architecture Awards 2026-ის ფინალში

ქართული არქიტექტურა საერთაშორისო პროფესიულ სივრცეში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპისთვის ემზადება – SHARE Architecture Awards 2026-ის ფინალისტებს შორის საქართველოდან ცხრა პროექტია წარმოდგენილი. მათ შორისაა როგორც ინტერიერის დიზაინის, ისე საცხოვრებელი და კომერციული შენობების მიმართულება, სპორტული ინფრასტრუქტურა და ისტორიული ნაგებობების ახალი ფუნქციით ადაპტირების პროექტები. ფინალისტები საკუთარ ნამუშევრებს საერთაშორისო ჟიურის წინაშე ლონდონში, 3-4 დეკემბერს წარადგენენ, სადაც კონკურსის გამარჯვებულებიც გამოვლინდებიან.

SHARE Architecture Awards ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის არქიტექტურული პრაქტიკის წარმოჩენას ემსახურება. აღსანიშნავია, რომ კონკურსის ჟიური არქიტექტურას მხოლოდ დასრულებული შენობის ვიზუალური ხარისხით არ აფასებს – ყურადღება ექცევა პროექტის კონცეფციას, ფუნქციურ გადაწყვეტას, გარემოზე გავლენას, სოციალურ ღირებულებას, ინოვაციურობასა და იმ გამოწვევებს, რომლებზეც არქიტექტურა პასუხობს.

2026 წლის კონკურსში საქართველოდან ცხრა ფინალისტი სამ ძირითად მიმართულებაშია წარმოდგენილი: ინტერიერის გამოცდილება (Interior Experience), ასაშენებლად გამზადებული (Ready to Build/Permitted Projects) და დასრულებული პროექტები (Completed Projects). მათი განხილვა საინტერესო და მრავალფეროვან სურათს ქმნის – ერთი მხრივ, ჩანს სხვადასხვა მასშტაბის არქიტექტურული ამოცანები, მეორე მხრივ კი, განსხვავებული მიდგომები სივრცის, ქალაქისა და არსებული გარემოს მიმართ.

ინტერიერი, რომელიც სამუშაო გარემოს ახალ გამოცდილებას ქმნის

ინტერიერის კატეგორიაში საქართველოდან ნიკა ხვედელიძის პროექტი Creative Agency Office Interior მოხვდა. WOW-ის სახელით წარდგენილი ნამუშევარი თბილისში, შემოქმედებითი სააგენტო Creative Culture-ის ოფისს წარმოადგენს.

დაახლოებით 300 კვადრატული მეტრის სამუშაო სივრცე 60 კვადრატული მეტრის ტერასასთან ერთად 32 თანამშრომელზეა გათვლილი. ინტერიერი სხვადასხვა ტიპის სამუშაო პროცესს აერთიანებს: ღია სამუშაო ადგილებს, მინის ტიხრებით გამოყოფილ შეხვედრების ოთახებს, მოსასვენებელ კუთხეებსა და საერთო სამზარეულო-სასადილო ზონას. პროექტში გამოყენებულია ღია ბეტონი, მუხის ზედაპირები, ლურჯი აქცენტები, ინდივიდუალურად შექმნილი ავეჯი და ინტეგრირებული განათება.

პროექტის ისტორია მის კონცეფციას დამატებით მნიშვნელობას ანიჭებს. ნიკა ხვედელიძე თავად მუშაობდა ამ კომპანიაში, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც არქიტექტურას სწავლობდა. შესაბამისად, ოფისის შექმნისას მას შესაძლებლობა ჰქონდა, სამუშაო გარემოს საჭიროებები არა მხოლოდ დამკვეთის მოთხოვნებიდან, არამედ კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის უშუალო ცოდნიდანაც გაეაზრებინა. ეს გარემოება ინტერიერს კონკრეტული ორგანიზაციის კულტურასა და სამუშაო სტილზე მორგებულ სივრცედ აქცევს.

ნიკა ხვედელიძისთვის ეს პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეტაპიცაა – როგორც თავად აღნიშნავს, ეს მისი პირველი რეალური ინტერიერის პროექტია, რომელიც SHARE Architecture Awards-ის ფინალში გადავიდა. დეკემბერში ის ლონდონში გაემგზავრება, რათა ნამუშევარი ჟიურის წინაშე პირადად წარადგინოს.

არქიტექტურა ქალაქისთვის – საცხოვრებელი და საზოგადოებრივი სივრცეები

დადასტურებული და ასაშენებლად მზა პროექტების კატეგორიაში ოთხი ქართული ნამუშევარია წარმოდგენილი. ოთხივე Khmaladze Architects-ს ეკუთვნის და სხვადასხვა მასშტაბით ეხება ქალაქის განვითარებას, საცხოვრებელი გარემოს ორგანიზებასა და არქიტექტურის ლანდშაფტთან ურთიერთობას.

ერთ-ერთი მათგანია Metropol Chavchavadze – მრავალფუნქციური შენობის პროექტი ჭავჭავაძის გამზირზე. დაახლოებით 45 956 კვადრატული მეტრის ფართობის კომპლექსი 29 საცხოვრებელ სართულს, კომერციულ სივრცეებს, ფიტნესცენტრსა და საცურაო აუზს აერთიანებს. პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტურული გამოწვევა პარკირების ორგანიზება იყო: ქალაქის რეგულაციით მიწისქვეშა მხოლოდ ერთი დონის მოწყობის შესაძლებლობის გამო, პარკირების ძირითადი ნაწილი შენობის ზედა დონეებში განთავსდა. ფასადზე გამოყენებული ღრუ ლითონის სვეტები კი ბინების გათბობის სისტემების ტექნიკურ ელემენტებს ფარავს და შენობის იერსახეს უფრო მოწესრიგებულს ხდის.

სხვა მასშტაბის ამოცანას წარმოადგენს თბილისში მდებარე Blox Business Center, რომელიც ერთმანეთთან აცდენილი მოცულობებით ორგანიზებულ შვიდ საოფისე სართულს აერთიანებს. გამჭვირვალე ფასადები და ტერასები შენობას ვიზუალურ სიმსუბუქეს ანიჭებს, ხოლო ტერაკოტით მოპირკეთებული ცენტრალური ბირთვი კომპოზიციაში კონტრასტულ ელემენტად გვევლინება. პროექტის კონცეფცია ტრადიციული საოფისე შენობის ფარგლებს სცდება და სამუშაო სივრცეების მოქნილობას, თანამშრომელთა ურთიერთობასა და ქუჩასთან კავშირს უსვამს ხაზს.

Blox Business Center, ავტორი: Khmaladze Architects

საცხოვრებელი არქიტექტურისა და ბუნებრივ გარემოსთან ურთიერთობის განსხვავებულ მაგალითს წარმოადგენს The Lake Villa. ლისის ტბის მიმდებარე ფერდობზე დაგეგმილი კომპლექსის არქიტექტურა რელიეფის ბუნებრივ დახრილობას ითვალისწინებს. ტერასები მიწის ფორმას მიჰყვება, ხის საცხოვრებელი მოცულობები კი ლანდშაფტში ინტეგრირდება. პროექტში ბუნებრივი მასალები და მშვიდი, გარემოსთან შეხამებული ფერთა პალიტრა გამოიყენება. აქ არქიტექტურა ლანდშაფტთან კონკურენციის ნაცვლად მის გაგრძელებადაა გააზრებული.

ამავე კატეგორიაშია Rustavi Sports Complex – სპორტული და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის პროექტი, რომელიც ქალაქის მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ტერიტორიის ახალ ფუნქციას უკავშირდება. დაახლოებით, 26 000 კვადრატული მეტრის კომპლექსი სპორტულ დარბაზებს, საცურაო აუზებს, შიდა და გარე სპორტულ მოედნებსა და კულტურულ სივრცეებს აერთიანებს. მისი მოცულობები ხელოვნურ მწვანე ბორცვებთანაა დაკავშირებული, ხოლო სახურავის ფორმა ლანდშაფტის გაგრძელებად აღიქმება.

პროექტის კონცეფციაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადგილს: ტერიტორია ქალაქის მიმდებარე ურბანულ დონეზე დაბლა მდებარეობს, რის გამოც სახურავი არა მხოლოდ შენობის ზედა კონსტრუქცია, არამედ საერთო სივრცითი გადაწყვეტის მნიშვნელოვანი ნაწილია. კომპლექსი სპორტულ ფუნქციას რეკრეაციულ გარემოსთან აკავშირებს და რუსთავისთვის ახალი საზოგადოებრივი ცენტრის შექმნას ისახავს მიზნად.

ოთხივე პროექტი განსხვავებულ საკითხს პასუხობს: როგორ შეიძლება მრავალფუნქციური საცხოვრებელი შენობა ურბანულ ქსოვილში ჩაერთოს; როგორ შეიქმნას მოქნილი სამუშაო გარემო; როგორ მოერგოს არქიტექტურა ბუნებრივ რელიეფს; და როგორ გარდაიქმნას არსებული ტერიტორია საზოგადოებრივი დანიშნულების სივრცედ.

დასრულებული შენობები – ისტორიულ გარემოსთან დიალოგი და საცხოვრებელი არქიტექტურის ალტერნატიული ხედვა

დასრულებული პროექტების კატეგორიაში საქართველოდან სამი პროექტია წარდგენილი: Inverted House, TIM Ambulatory Clinic, Strofi Boutique Hotel და Sandali Metekhi Boutique Hotel. მათ განსხვავებული ფუნქცია და მასშტაბი აქვთ, თუმცა თითოეული სივრცის არსებულ კონტექსტთან ურთიერთობის საკითხს ეხება.

TIMM Architects-ის Inverted House, რომლის არქიტექტურული გუნდის ხელმძღვანელია ნიკოლოზ ლეკვეიშვილი, თბილისის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტია. დაახლოებით, 1 010 კვადრატული მეტრის შენობის მთავარი იდეა ტრადიციული ღობის არქიტექტურით ჩანაცვლებაა. სახლის კედლები ნაკვეთის პერიმეტრს აყალიბებს და შიდა ეზოს იცავს, ხოლო საცხოვრებელი სივრცეები ამ შიდა ლანდშაფტისკენ იხსნება.

პროექტის მიდგომა საცხოვრებელი გარემოს ორგანიზების ალტერნატიულ გზას გვთავაზობს: კონფიდენციალურობა ცალკე ღობით კი არ მიიღწევა, არამედ თავად შენობის განლაგებითა და არქიტექტურული სტრუქტურით. შედეგად, ეზო სახლის ცენტრალურ სივრცედ იქცევა, რომელიც ბუნებრივ განათებას, პირად სივრცესა და ოჯახის წევრებს შორის ყოველდღიურ ურთიერთობას აერთიანებს.

Tsutskiridze+Architects-ის მიერ, დავით ცუცქირიძის ხელმძღვანელობით შექმნილი TIM Ambulatory Clinic თბილისში, ყოფილი სამრეწველო ავეჯის შოურუმის სივრცეში მოეწყო. 800 კვადრატული მეტრის ინტერიერის კონცეფცია სამედიცინო დაწესებულების ტრადიციული, მკაცრი გარემოს გარდაქმნას და პაციენტებისთვის უფრო მშვიდი, ადამიანზე ორიენტირებული სივრცის შექმნას ეფუძნება. სივრცის ხელახალი ორგანიზება, ინდივიდუალურად შექმნილი ავეჯი, ბუნებრივი მასალები და გააზრებული განათება კლინიკაში ორიენტაციას ამარტივებს და ვიზიტორებისთვის უფრო კომფორტულ გარემოს ქმნის. პროექტი აჩვენებს, როგორ შეიძლება არსებული შენობის ახალი ფუნქციით დატვირთვამ არა მხოლოდ სივრცის გამოყენება შეცვალოს, არამედ მისი აღქმაც გარდაქმნას.

განსხვავებულ გამოწვევას პასუხობს არქიტექტორ გოჩა ბზეკალავას Strofi Boutique Hotel. პროექტი თბილისის ისტორიულ ნაწილში, ასათიანის ქუჩის N9-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობების რეაბილიტაციასა და ახალ ფუნქციასთან ადაპტირებას ითვალისწინებს. კომპლექსში 28-ნომრიანი სასტუმრო უნდა განთავსდეს.

პროექტის მთავარი ამოცანა ისტორიული შენობების არქიტექტურული იდენტობის შენარჩუნებაა, თანამედროვე ჩარევები კი არსებულ გარემოსთან შეთანხმებულად უნდა განხორციელდეს. ნაგებობების მდგომარეობიდან გამომდინარე, სამუშაოები კონსტრუქციულ გამაგრებას, აღდგენასა და რეკონსტრუქციასაც მოიცავს. ამ შემთხვევაში არქიტექტურა ისტორიული შენობის მხოლოდ გარეგნული იერსახის შენარჩუნებას არ გულისხმობს – მნიშვნელოვანია მისი უსაფრთხოება და თანამედროვე ფუნქციასთან შეთავსებაც.

© SHARE Architects

გოჩა ბზეკალავას კიდევ ერთი პროექტი, Sandali Metekhi Boutique Hotel, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ისტორიულ მეტეხის უბანში მდებარეობს. სამსართულიანი სასტუმრო, დამატებითი სხვენის სივრცით, 25 ნომერს აერთიანებს და მდინარის ხედებს გადაჰყურებს. მის არქიტექტურაში გამოყენებული აგური, აგურის ფილები, ხის დარაბები და ლითონის გისოსები ადგილობრივ ისტორიულ გარემოსთან კავშირს ქმნის.

თუ Strofi Boutique Hotel-ის შემთხვევაში ყურადღება ისტორიული შენობების რეაბილიტაციასა და ახალ ფუნქციასთან ადაპტირებაზეა გამახვილებული, Sandali Metekhi Boutique Hotel მასალების შერჩევითა და არქიტექტურული იერსახით უსვამს ხაზს გარემოსთან კავშირს. ორივე პროექტი აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ისტორიულ უბნებში ახალი ფუნქციის ისე ინტეგრირება, რომ შენარჩუნდეს ადგილის ხასიათი და მისი არქიტექტურული მეხსიერება.

 

ჯილდოს მიღმა – რას გულისხმობს SHARE Architecture Awards-ის ფინალი?

SHARE Architecture Awards-ის ფორმატი ფინალისტებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი არქიტექტურული გადაწყვეტილებები საერთაშორისო პროფესიულ აუდიტორიას წარუდგინონ და ჟიურის წევრებთან უშუალო დიალოგში ჩაერთონ.

2026 წლის კონკურსზე 300-ზე მეტი განაცხადი შევიდა, საიდანაც ფინალურ ეტაპზე 151 პროექტი გადავიდა. ეს შედეგი ფინალში მოხვედრას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის – თითოეულ პროექტს საკუთარი კონცეფციისა და არქიტექტურული გადაწყვეტილებების საერთაშორისო მასშტაბით წარდგენის შესაძლებლობა ეძლევა.

კონკურსის პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს. განაცხადების მიღების შემდეგ პროექტებს ჟიური ონლაინ აფასებს და ფინალურ ეტაპზე გადასულ ნამუშევრებს არჩევს. შერჩევისას ყურადღება ექცევა არა მხოლოდ ფორმალურ და ესთეტიკურ მხარეს, არამედ ფუნქციურ სიზუსტეს, გარემოზე გავლენას, სოციალურ ღირებულებას, ორიგინალურობასა და პროექტის მიერ დასმულ არქიტექტურულ კითხვებსაც.

ფინალისტებისთვის შემდეგი ეტაპი ლონდონში, 3 დეკემბერს, Barbican Centre-ში გაიმართება. პროექტების ცოცხალი პრეზენტაციები საერთაშორისო ჟიურის წინაშე ჩატარდება. თითოეული მონაწილე საკუთარი ნამუშევრის წარსადგენად ექვს წუთს მიიღებს, რასაც ჟიურისთან სამწუთიანი კითხვა-პასუხი მოყვება. ამგვარად, საბოლოო შეფასებისას მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ პროექტის ვიზუალური და ტექნიკური ხარისხი, არამედ ისიც, რამდენად დამაჯერებლად შეძლებს ავტორი საკუთარი კონცეფციისა და მიღებული გადაწყვეტილებების ახსნას.

4 დეკემბერს ლონდონის არქიტექტურული პრაქტიკების სტუდიების მონახულების პროგრამის შემდეგ, გამარჯვებულები Royal Academy of Arts-ში, დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდებიან. ჟიური თითოეული კატეგორიის გამარჯვებულებს დაასახელებს; ასევე, გამოავლენს მთავარ ჯილდოებს, მათ შორის SHARE Architecture Awards-ის საერთო გამარჯვებულს.

საქართველოსთვის ეს ეტაპი განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ფინალისტების ცხრა პროექტი განსხვავებულ არქიტექტურულ მიმართულებებს აერთიანებს. ნიკა ხვედელიძის ინტერიერი სამუშაო გარემოსა და კომპანიის კულტურაზეა ორიენტირებული; Khmaladze Architects-ის პროექტები საცხოვრებელ, კომერციულ და საზოგადოებრივ მასშტაბებს მოიცავს; TIMM-ის Inverted House საცხოვრებელი სივრცის ორგანიზების ალტერნატიულ გადაწყვეტას გვთავაზობს, გოჩა ბზეკალავას სასტუმროები კი ისტორიულ გარემოსთან მუშაობის სხვადასხვა მიდგომას წარმოაჩენს.

დეკემბერში გავიგებთ, რომელი პროექტები შეძლებენ საერთაშორისო ჟიურის წინაშე საკუთარი კონცეფციის ყველაზე დამაჯერებლად წარდგენას და მოიპოვებენ გამარჯვებას. მანამდე კი, SHARE Architecture Awards 2026-ის ფინალისტთა სია ქართული არქიტექტურის მრავალფეროვნების წარმოჩენის კიდევ ერთი შესაძლებლობაა – იმ განსხვავებული ამოცანების, მასშტაბებისა და ხედვების, რომლებითაც ადგილობრივი არქიტექტორები თანამედროვე გარემოს ფორმირებაში მონაწილეობენ.

„ბლოქსი ხეივანი“ – ახალი მასშტაბური პროექტი აღმაშენებლის ხეივანზე