სტუდია Art Line-ის მიერ შექმნილი ინტერიერის დიზაინის პროექტი „ტოსკანური გაზაფხული“ თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის იმ იშვიათ მაგალითს მიეკუთვნება, სადაც ინტერიერი მხოლოდ ვიზუალური ესთეტიკის შექმნას არ ემსახურება და ადამიანის ემოციურ მდგომარეობასთან პირდაპირ კავშირში შედის. გურამიშვილის გამზირზე მდებარე, 96 კვადრატული მეტრის ფართობის აპარტამენტი ორი ბინის გაერთიანების შედეგად შეიქმნა და პროექტირების პროცესი ჯერ კიდევ მშენებლობის ეტაპზე დაიწყო, რათა სივრცის დაგეგმარება მაქსიმალურად მორგებული ყოფილიყო დამკვეთის ყოველდღიურ ცხოვრებასა და ინდივიდუალურ მოთხოვნებზე.
პროექტის ავტორებისთვის მთავარი ამოცანა იყო ისეთი ინტერიერის შექმნა, რომელიც ერთდროულად იქნებოდა პრაქტიკული, ემოციური და ვიზუალურად მრავალშრიანი. სწორედ ამიტომ, კონცეფციის ჩამოყალიბების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა — საჭირო იყო ოპტიმალური გეგმარების, ფუნქციურობისა და სტილისტური გადაწყვეტების ჰარმონიული სინთეზი. როგორც პროექტის ავტორები აღნიშნავენ, დამკვეთის ფსიქოტიპი თავიდანვე მიანიშნებდა, რომ სივრცე არ უნდა ყოფილიყო მონოტონური ან სტანდარტული. ინტერიერს უნდა გამოეწვია განსხვავებული ემოციების ერთობლიობა — სიმშვიდე, ბედნიერება, თავდაჯერებულობა და სიმყუდროვე. გარემო ცოცხალი უნდა ყოფილიყო, მუდმივად ცვალებადი განწყობებითა და ხასიათით.

ამ იდეის გარშემო ჩამოყალიბდა პროექტის მთავარი მხატვრული აქცენტიც — ბოტიჩელის „გაზაფხულის“ ფრაგმენტი, რომელსაც დიზაინერები ერთ-ერთი შოურუმის ახალი არტ-კერამიკის კოლექციის პრეზენტაციისას გადააწყდნენ. სწორედ ეს დეტალი იქცა ინტერიერის სტილისტიკური განვითარების საწყის წერტილად. კლასიკური ხელოვნების ელემენტი ინტერიერში ჩნდება არა როგორც დეკორაცია, არამედ როგორც ემოციური ატმოსფეროს შემქმნელი კომპონენტი და მთლიან სივრცეს განსაკუთრებულ მხატვრულ განწყობას ანიჭებს.
„ტოსკანური გაზაფხული“ იმ პროექტებს შორისაა, რომელშიც თითოეულ სივრცეს საკუთარი ისტორია აქვს, თუმცა საბოლოოდ, ყველა მათგანი ერთ მთლიან ნარატივში ერთიანდება. პირველი შთაბეჭდილება ბინაში შესვლისთანავე იქმნება — შემოსასვლელ ზონაში ბოტიჩელის არტ-კერამიკა, კლასიკური დეკორის ელემენტები და მრავალშრიანი განათება სხვადასხვა დროს სრულიად განსხვავებულ ატმოსფეროს ქმნის. განათების სცენარები ინტერიერს დღის განმავლობაში ცვალებად ხასიათს ანიჭებს და სივრცეს მუდმივად „ცოცხალს“ ტოვებს.
ვინაიდან ბინა სტუდიოს ტიპის ვარიაციას წარმოადგენს, სასადილო სივრცეში აქცენტი ტოსკანის მთების თემატიკით შთაგონებულ ფრაგმენტულ არტ-კერამიკაზე კეთდება. სარკისებური ზედაპირები კი ამ კომპოზიციას კიდევ უფრო აძლიერებს — ისინი ფერებისა და ტექსტურების უწყვეტ ვიზუალურ ნაკადს ქმნის და სივრცეს სიღრმეს მატებს. სწორედ ამ ორი მთავარი აქცენტის — ბოტიჩელის „გაზაფხულისა“ და ტოსკანური პეიზაჟების — სინთეზიდან დაიბადა პროექტის სახელწოდებაც.

განსაკუთრებული ხასიათი აქვს აბაზანის სივრცესაც, რომელიც ინტერიერის საერთო კონცეფციას ორგანულად აგრძელებს. მისი მთავარი აქცენტი გარე გარემოსთან კავშირშია და სივრცე სიმშვიდის, რელაქსისა და ინტიმური სიმყუდროვის განცდას ქმნის. ბუნებრივი ტექსტურები, განათება და მასალების შერჩევა აქ ემოციური გამოცდილების ნაწილად იქცევა.
ინტერიერის ხასიათს განსაკუთრებულად განსაზღვრავს კლასიკური და თანამედროვე ელემენტების დაბალანსებული თანაარსებობა. ერთი მხრივ, ბუნებრივი და სამხატვრო ფერების კომბინაცია, ცოცხალი აქცენტები, ხელით შესრულებული რელიეფური ხელოვნება და კლასიკური დეკორატიული დეტალები, ხოლო მეორე მხრივ — თანამედროვე, მინიმალისტური არქიტექტურული ხერხები. ფარული კარები, რომლებიც ვიზუალურ ხმაურს ამცირებს, ჩრდილოვანი პროფილები და პლინტუსები, როგორც დახვეწილი გრაფიკული შტრიხები, სივრცის ესთეტიკურ სისუფთავეს უსვამს ხაზს. დიდი ფორმატის კერამოგრანიტი, ქვისა და მარმარილოს ფაქტურებით, ვიზუალურად ზრდის სივრცეს და ინტერიერს მონუმენტურ, თუმცა ამავდროულად თბილ და ემოციურ ხასიათს სძენს.
პროექტი „ტოსკანური გაზაფხული“ სწორედ იმ ინტერიერების კატეგორიას მიეკუთვნება, სადაც დიზაინი სცდება დეკორატიულ ფუნქციას და იქცევა გამოცდილებად — სივრცედ, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას ემოციურ, მხატვრულ და ინდივიდუალურ განზომილებას მატებს.
პროექტის ავტორი: ინტერიერის დიზაინერი დავით კავლელაშვილი
თანაავტორები: ინტერიერის დიზაინერი ფიქრია მოდებაძე, არქიტექტორ-დიზაინერი გიორგი კავლელაშვილი
დიზაინ სტუდია: Art Line
“იცხოვრე შენი ცხოვრებით” სათქმელად უფრო ადვილია, გასაბედად კი რთულია. ხშირად გაბედვა უნდა ერთი შეხედვით მარტივ საკითხევს, მაგალითად, სახლის საკუთარი გემოვნების მიხედვით მოწყობას. m2 -ის კამპანია “გაბედე” სწორედ ამ საკითხზე გვაფიქრებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაფერი საიტერესო გაბედვით იწყება.
გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით!
რუბრიკა “გაბედეს” წარმდგენია m2
ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე
























