ნებისმიერი სივრცის დიზაინის შექმნისას – ინტერიერზე, ფასადსა თუ ლანდშაფტზე მუშაობისას – პროცესის ერთ-ერთი ეტაპი, რომელიც საბოლოო შედეგზე უდიდეს გავლენას ახდენს, მაგრამ, ამავდროულად, ხშირად გვავიწყდება, არის განათების დიზაინი. სინათლე ის ელემენტია, რომელიც ყველაზე შეუმჩნევლად და ყველაზე მნიშვნელოვნად აყალიბებს სივრცეს და, ტექნიკური კომპონენტის დაკმაყოფილების გარდა, ქმნის ატმოსფეროს, განსაზღვრავს მასალების აღქმას, ხაზს უსვამს ფორმებს და საბოლოოდ, აყალიბებს იმას, თუ როგორ ვგრძნობთ თავს კონკრეტულ გარემოში. სივრცე სინათლის გარეშე მხოლოდ კონსტრუქციაა, ხოლო სწორად გააზრებული განათებით ის უკვე მომხმარებლის გამოცდილებად იქცევა.
სწორედ ამ ურთიერთკავშირზე – არქიტექტურას, ინტერიერსა და განათების დიზაინს შორის არსებულ უხილავ ბალანსზე – მუშაობს AT Architect-ი. სტუდია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სივრცის ერთიანი ხედვით შექმნას, სადაც თითოეული დეტალი ერთმანეთთან ურთიერთქმედებს, ხოლო სინათლე კონცეფციის ნაწილია და თავიდანვე განსაზღვრავს პროექტის ხასიათს.
ამ პროცესის მიღმა კი დგას შემოქმედებითი პარტნიორობა – დების, ანა და მარიამ თავართქილაძეების თანამშრომლობა ბუნებრივ ჰარმონიაზეა დაფუძნებული: განსხვავებული გამოცდილებები და პროფესიული ხედვები ერთმანეთს ავსებს და ერთიან დიზაინერულ ენად გარდაიქმნება. სწორედ ამ სინთეზზე, განათების როლზე და საკუთარ გამოცდილებაზე გვესაუბრებიან ანა და მარიამი ინტერვიუში.
ანა, მარიამ, გვიამბეთ თქვენ შესახებ – როდის და როგორ გაჩნდა თქვენი ინტერესი არქიტექტურის მიმართ?
ანა: ინტერესი არქიტექტურის მიმართ საკმაოდ ადრეულ ასაკში გამიჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს გარშემო არქიტექტორი არავინ იყო, როგორც კი ამ პროფესიის შესახებ პირველად გავიგე, მივხვდი, რომ სწორედ ეს იყო ის, რის კეთებასაც სამომავლოდ ვისურვებდი.
ბავშვობიდან მაინტერესებდა როგორც ხელოვნება, ისე ტექნიკური საკითხები. მაინტერესება ყველაფერი – რა როგორ იქმნება სამყაროში და რა ზეგავლენას ახდენს ჩვენზე. მაგალითად, როგორ ცვლის განწყობას ოთახში შემოსული მზის შუქი ან როგორ ქმნის შენობის ფორმა უსაფრთხოების განცდას, რომელიც ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე ქვეცნობიერად ზემოქმედებს.
მარიამი: ჩემ შემთხვევაშიც სახელოვნებო სფეროს მიმართ განსაკუთრებული ინტერესი და სიყვარული ბავშვობიდანვე არსებობდა, თუმცა უფრო მოდის და დიზაინის მიმართულებით. არქიტექტურით დაინტერესებაზე კი, პირველ რიგში, ანამ და მისი სწავლის პერიოდმა მოახდინა გავლენა. ასევე მნიშვნელოვანი იყო მოგზაურობები, სხვადასხვა საინტერესო სივრცეების თუ შენობების აღმოჩენა. დღეს ჩვენი ცხოვრება არქიტეტურისა და დიზაინის გარეშე უკვე ვეღარც წარმომიდგენია.
როგორ ჩამოყალიბდა თქვენი პროფესიული გზა და რა გამოცდილებებმა ითამაშა გადამწყვეტი როლი თქვენი ხედვის ფორმირებაში?
ანა: მქონდა ბედნიერება, მესწავლა და მემუშავა ძალიან კარგ პროფესიონალებთან, რომლებამც ჩემი ინტერესი და არქიტექტურისადმი სიყვარული კიდევ უფრო გააღრმავეს. შემდეგ დაიწყო დამოუკიდებელი პროფესიული საქმიანობა, სხვადასხვა პროექტებზე მუშაობა და პრაქტიკული გამოცდილების დაგროვება, რამაც დროთა განმავლობაში, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჩემი ხედვის ფორმირებაზე. განსაკუთრებული როლი ითამაშა მილანში სწავლის პერიოდმა, სადაც არქიტექტურის პარალელურად, განათების დიზაინი შევისწავლე. სწორედ იქ გავაცნობიერე, რამდენად მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია სინათლე არქიტექტურისა და სივრცითი გამოცდილების შექმნაში. ამასთანავე, შესაძლებლობა მქონდა, დავსწრებოდი საერთაშორისო კონფერენციებსა და გამოფენებს, რომლებიც თითქმის ყოველკვირეულად იმართებოდა.
მნიშვნელოვანია მოგზაურობა, სხვადასხვა არქიტექტურული კულტურის და ლოგიკის შეცნობაც, რადგან ის ნამდვილად ცვლის პერსპექტივას. ჩვენ ორივემ გავიარეთ გზა, სადაც ყოველი პროექტი, პატარაც კი, არის ახალი კითხვა, რომლისთვისაც ვეძებთ პასუხებს.
მარიამი: მიუხედადვად ჩემი ინტერესისა დიზაინის მიმართ, შემოქმედებითი უნარები, როგორებიცაა ხატვა და ხაზვა, სამწუხაროდ, არ გამაჩნია, ამიტომ ჩემი კარიერული გზა უფრო ბიზნესსა და მარკეტინგს უკავშირდება. მაგრამ რადგან მარკეტინგის პარალელურად დიზაინიც ყოველთვის მაინტერესებდა, გადავწყვიტე მაგისტრატურაში ეს ორი მიმართულება გამეერთიანებინა და დავამთავრე Premium Design Management-ის კურსი, რომელიც აერთიანებდა ჩემთვის საინტერესო ორ პროფესიას: დიზაინს და მარკეტინგს. ასევე შესაძლებლობა მქონდა, მემუშავა იტალიაში ერთ-ერთ საუკეთესო არქიტექტორთან, კომუნიკაციების კუთხით.
შესაბამისად, ჩემი პროფესიული ხედვის ფორმირებაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი სწორედ მილანში და მონაკოში სწავლისა და მუშაობის პერიოდმა იქონია.

როგორ გაჩნდა AT Architect-ის შექმნის იდეა და რა იყო თქვენი მთავარი მიზანი, როდესაც ამ პლატფორმას აყალიბებდით?
მარიამი: მე და ანამ ყოველთვის ვიცოდით, რომ ჩვენი ცხოვრების რაღაც ეტაპზე აუცილებლად შევქმნიდით საკუთარ კომპანიას და ერთად ვიმუშავებდით. სწორედ ამიტომ, როდესაც მაგისტრატურაში სტაჟირების ადგილის არჩევის დრო დადგა, ვამჯობინე, მეტი პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება არქიტექტურის მიმართულებით მიმეღო. სწავლის დასრულების შემდეგ, საქართველოში ჩვენი დაბრუნება კოვიდპანდემიას დაემთხვა და, როგორც ყველას, ჩვენც მოგვიწია დიდი დროის სახლში გატარება. სწორედ ამ პერიოდმა მოგვცა ბიძგი და დავიწყეთ ფიქრი ჩვენი დიდი სურვილის განხორციელებაზე – გვინდოდა, შეგვექმნა საკუთარი არქიტექტურული სტუდია. იდეის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ანას მიერ მილანში განათების დიზაინის შესწავლამ და გადავწყვიტეთ, რომ არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის გარდა, ერთ-ერთი პირველი სტუდია ვყოფილიყავით საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სრულფასოვან განათების დიზაინის მომსახურებასაც შესთავაზებდა.
ასე დაიწყო AT Architect-ის ისტორია. ჩვენი მთავარი მიზანია, ვიყოთ სტუდია, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ევროპული სტანდარტის მომსახურებას არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინისა და განათების დიზაინის მიმართულებით.

როგორ მუშაობს ამგვარი მრავალპროფილიანობა პრაქტიკაში და რა უპირატესობას ქმნის ასეთი ერთიანი მიდგომა?
პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ველოდებით შენობის აშენებას იმისთვის, რომ ინტერიერზე ან განათებაზე დავიწყოთ ფიქრი. პირველივე ესკიზის ხაზვისას უკვე ვიცით, როგორ იმოძრავებს ჩრდილი კედელზე, სად დაჯდება ადამიანი და რა ხედი გადაეშლება ფანჯრიდან. შესაბამისად, როდესაც ეს მიმართულებები თავიდანვე ერთიანი კონცეფციის ფარგლებში ვითარდება, საბოლოო შედეგი უფრო ჰარმონიული და თანმიმდევრულია. შედეგად, დამკვეთი იღებს სრულყოფილად დაბალანსებულ პროექტს, რომელიც საერთო იდეას ემსახურება.
ამასთანავე, ჩვენ ვმუშაობთ სამივე მიმართულებით ცალ-ცალკეც. განათების დიზაინის კუთხით ხშირად ვთანამშრომლობთ სხვა არქიტექტორებთან და დიზაინერებთან და მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენი ერთობლივი მუშაობით მივიღოთ საუკეთესო შედეგი.

გვიამბეთ თქვენი სამუშაო პროცესის შესახებ – საიდან იწყება პროექტი და როგორ ვითარდება ის იდეიდან საბოლოო სივრცემდე?
ყოველი პროექტი იწყება დამკვეთის მოსმენითა და კონტექსტის შესწავლით. სანამ ფანქარს ავიღებთ, ვცდილობთ, გავიგოთ თუ რა სჭირდება ამ სივრცეს, ვინ იცხოვრებს ან იმუშავებს მასში, რა მოლოდინები აქვს დამკვეთს და როგორია მისი ცხოვრების სტილი. ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი და დამკვეთის ძირითადი მოლოდინები და ხედვები თანხვედრაში იყოს ერთმანეთთან, რათა თანამშრომლობა ორივე მხარისთვის სასიამოვნო გამოცდილებად გადაიქცეს.
ამის შემდეგ იწყება უკვე კვლევა, კონცეფციის ჩამოყალიბება, ესკიზების შექმნა და დიზაინის განვითარება. პროექტის განხორციელების თითოეულ ეტაპზე აქტიურად ვართ ჩართულები, რათა საბოლოო შედეგი სრულად შეესაბამებოდეს საწყის იდეას.

განათება თქვენს საქმიანობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა – როგორ განსაზღვრავთ მის როლს სივრცის აღქმასა და გამოცდილებაში?
განათება სივრცის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია – „უხილავი არქიტექტურა“. ის არა მხოლოდ ფუნქციურობას უზრუნველყოფს, არამედ ქმნის განწყობას, უსვამს ხაზს არქიტექტურულ ფორმებს, ცვლის მასალების აღქმას, განსაზღვრავს, როგორ განიცდის ადამიანი კონკრეტულ გარემოს და მართავს ჩვენს ბიორიტმს. ჩვენ განათებას განვიხილავთ არა როგორც უბრალოდ სანათ მოწყობილობას, არამედ როგორც ინსტრუმენტს, რომლითაც სივრცეს ემოციურ სიღრმეს ვანიჭებთ. AT Architect-ის მიდგომა შთაგონებულია იდეით, რომ სინათლე თავად ქმნის არქიტექტურას. ინტელექტუალურად გამოყენებული განათება კი ჩვეულებრივ გარემოს შთამბეჭდავ გამოცდილებად აქცევს – იქნება ეს რესტორანი, ოფისი, სახლი თუ ღია სივრცე. სინათლე არის უნივერსალიური ენა, რომელიც ადამიანთან ემოციების მეშვეობით ურთიერთობს.

რა პრინციპებია მნიშვნელოვანი, არქიტექტურულ ფორმას, მასალებსა და განათებას შორის ბალანსის დასაცავად?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი ელემენტი არ დომინირებდეს მეორეზე, მათ შორის არსებობდეს დიალოგი და არა კონკურენცია. ფორმა, მასალა და განათება ერთმანეთს უნდა ავსებდეს. გადაწყვეტილებები ეფუძნება სივრცის ფუნქციას, მასშტაბს, ბუნებრივ განათებასა და იმ ემოციურ ეფექტს, რომლის მიღწევაც გვსურს.

თქვენი დაკვირვებით, რამდენად არის დღეს გააზრებული სივრცის განათების მნიშვნელობა საქართველოში და რა ცვლილებებს ხედავთ ამ მიმართულებით?
ანა: საბედნიეროდ, ბოლო წლებში ამ მიმართულებით ცნობიერება იზრდება, მაგრამ ნელა. თუ ადრე განათება ძირითადად ტექნიკურ საჭიროებად აღიქმებოდა, დღეს უფრო მეტად ესმით მისი გავლენა სივრცის ხარისხსა და ადამიანის გამოცდილებაზე. ჩვენდა გასაკვირად, მოთხოვნა საცხოვრებელ სექტორში უფრო მეტად იზრდება, ვიდრე კომერციულ სივრცეებში, მაშინ როდესაც სწორად დაგეგმილი განათება ბიზნეს გარემოსთვის ხშირად ფუნდამენტური მნიშვნელობის მატარებელია. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო ჩვენს ქვეყანაში არქიტექტურული განათების (Facade Lighting) სწორად გააზრებისთვის, რათა თავიდან ავიცილოთ „სინათლით დაბინძურება“ და შევინარჩუნოთ ქალაქის თუ ბუნების ღამის იერსახე.
ჩვენ ვცდილობთ ცნობიერების გაზრდის კუთხით ჩვენი წვლილი შევიტანოთ, მეტი ვესაუბროთ კოლეგებს და დამკვეთებს, რაც ჩემი, როგორც Women in Lighting-ის ამბასადორის, ერთ-ერთი მათვარი მისიაა. სწორედ ამ მიზნით ჩავატარეთ პირველი კონფერენცია საქართველოში განათების დიზაინის შესახებ, სადაც მოწვეული გვყავდა ორი საერთაშორისო განათების დიზაინერი. მათ ისაუბრეს თემაზე – “განათება, როგორც ცხოვრების მდგრადი წყარო.” მსგავსი აქტივობების განხორციელებას მომავალშიც ვგეგმავთ.
გვინდა მეტ ადამიანს ჰქონდეს ინფორმაცია, რომ სწორად დაგეგმილი განათების სისტემა მხოლოდ ესთეტიკას არ ემსახურება – ის ენერგოეფექტურობის, ეკონომიისა და ეკოლოგიური მდგრადობის მნიშვნელოვანი ნაწილია.



თქვენი პროექტები ხშირად გარემოს მიმართ ჰარმონიულობაზეა ორიენტირებული – რას ნიშნავს თქვენთვის კონტექსტთან მუშაობა და როგორ აისახება ეს თქვენს დიზაინში?
კონტექსტთან მუშაობა ნიშნავს ადგილის თავისებურებების, კულტურული ფონის, ბუნებრივი პირობებისა და არსებული გარემოს გათვალისწინებას. ჩვენი მიზანია, რომ ახალი სივრცე გარემოსთან დიალოგში შევიდეს და არ იყოს მისგან მოწყვეტილი. ვცდილობთ, თითოეული პროექტი იმ ადგილს ეკუთვნოდეს, სადაც ის იქმნება და არ იყოს გარემოდან ამოვარდნილი. ეს ყოველთვის ადვილი არ არის, თუმცა სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის გარემოს, რომელიც ადამიანს ბუნებრივად თავისად ეჩვენება.
დაბოლოს, როგორ ფიქრობთ, რა ქმნის ნამდვილად დასამახსოვრებელ სივრცეს?
სივრცე დასამახსოვრებელია, როდესაც ფუნქციურობა, ესთეტიკა და ემოციური გამოცდილება ერთმანეთთან ჰარმონიაშია. ეს მხოლოდ ვიზუალური სილამაზე არ არის. ეს არის განცდა: სიმყუდროვე, შთაგონება, სიმშვიდე – ის, რასაც სიტყვებით ყოველთვის ვერ ავხსნით, მაგრამ სხეული და ემოცია მაშინვე აღიქვამს. ნამდვილად კარგი სივრცე გვახსოვს არა იმიტომ, რომ ლამაზი იყო – არამედ იმიტომ, რომ იქ თავს კარგად ვგრძნობდით. სწორედ ეს ემოციური კვალი განსაზღვრავს მის ნამდვილ ღირებულებას.








