in

სივრცისა და ადამიანის ურთიერთობა დიზაინში – ინტერვიუ თამთა გოცაძესთან

ინტერიერის დიზაინი ხშირად საბოლოო ვიზუალურ შედეგთან ასოცირდება, თუმცა სივრცის ხასიათი ბევრად ადრე იწყებს ფორმირებას – იმ გადაწყვეტილებებიდან, რომლებიც ერთი შეხედვით შეუმჩნეველია. გეგმარება, მასშტაბი, განათება, მასალები, ტექნიკური დეტალები და მათი ურთიერთკავშირი ქმნის იმ საფუძველს, რომელზეც შემდგომ უკვე ესთეტიკური გადაწყვეტა შენდება. სწორედ ამიტომ, გააზრებული ინტერიერი მხოლოდ ლამაზი გამოსახულება არ არის – ის სივრცის, ფუნქციისა და ადამიანის ყოველდღიური გამოცდილების თანხვედრაა.

ინტერიერისა და პროდუქტის დიზაინერის, White Dot Studio-ს დამფუძნებლის – თამთა გოცაძის პრაქტიკაში ეს მიდგომა განსაკუთრებით მკაფიოდ იკითხება. ინტერიერის არქიტექტურასთან, BIM მოდელირებასთან, ტექნიკურ შესრულებასთან, 3D ვიზუალიზაციასა და პროდუქტის დიზაინთან მუშაობა მისთვის სხვადასხვა მიმართულებად კი არა, ერთმანეთთან დაკავშირებულ პროცესებად იქცა. მის პროექტებში ყურადღება დეტალების მიმართ, მასალების გააზრება და ფუნქციური ლოგიკა საბოლოო ესთეტიკის განუყოფელ ნაწილად გვევლინება, ხოლო საერთაშორისო გამოცდილება ამ ხედვას დამატებით პერსპექტივას სძენს.

მისთვის სივრცის შექმნა იწყება არა კონკრეტული ფერით ან ავეჯით, არამედ შეკითხვით, თუ როგორ უნდა იმუშაოს გარემომ ადამიანისთვის. სწორედ ამ დამოკიდებულებაზე, დიზაინისა და ყოველდღიური ცხოვრების კავშირზე, ინტერიერსა და პროდუქტის დიზაინს შორის გადაკვეთასა და დიზაინერის პასუხისმგებლობაზე გვიამბობს ჩვენი რესპონდენტი.

თამთა, მოგვიყევით თქვენ შესახებ – როგორ გაგიჩნდათ ინტერესი დიზაინის მიმართ?

ყველაფერზე გავლენას, რა თქმა უნდა, ბავშვობა ახდენს. ბავშვობიდან ვიზრდებოდი გარემოში, სადაც უყვარდათ ხელოვნება, თუმცა პროფესიით ხელოვანი არავინ იყო. ადამიანი, ვინც ჩემში ხელოვნების სიყვარული გააღვივა იყო დედაჩემი. ვიზრდებოდით სახლში, სადაც კედლები სავსე იყო ნახატებით, და ინტერიერში, რომლის ყველა კუთხე იყო გემოვნებით განსაზღვრული და მოგზაურობებიდან შეგროვებული უამრავი ნივთით დახუნძლული. ვინტაჟური ნივთები, რომელთა განსაკუთრებულობასაც მხოლოდ გამორჩეული თვალი ხედავს, იაპონური მინიატურული ნეცკეს ქანდაკებების კოლექცია მინის კარადაში – ეს იყო პირველი პასუხისმგებლობა დიზაინის მიმართ, პირველი მცირე მასშტაბიანი ინსტალაცია.

როგორ დაიწყო თქვენი პროფესიული გზა და რა ეტაპებმა მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა დიზაინის სფეროში საკუთარი თავის აღმოჩენაზე?

შემოქმედებითი გზა მცირე ასაკიდან დაიწყო, შესაბამისად, პროფესიის არჩევისას ცხადი იყო მიმართულება. მნიშვნელოვან დეტალად მივიჩნევ იმას, რომ პროფესიული ზრდის სხვადასხვა ეტაპზე ჩემი პედაგოგები იყვნენ თავიანთ პროფესიაზე შეყვარებული ქალები, რამაც, ვფიქრობ, ჩემში გააღვივა სამყაროს ფემინურად აღქმა და გაუსვა ხაზი მის სიძლიერეს და თავდაჯერებულობას. მნიშვნელოვანია მხატვრული ექსპერიმენტები ბავშვობიდან, ბევრი ხატვა, ბევრი ფერი – როცა არ ზღუდავ ფანტაზიას და არ გაქვს საზღვრები, არ იცი სტანდარტები და თამამი ხარ ყველა მონასმში, ისე რომ არ ზრუნავ მის იდეალურობაზე.

ეტაპობრივად, ჩამოყალიბდა ჩემი პროფესიული გზაც და სხვადასხვა მიმართულებების განხილვამ, საბოლოოდ, ინტერიერის დიზაინამდე მიმიყვანა.

მუშაობის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა რეალურ პროექტებზე მუშაობა – იდეის კონცეფციიდან მის განხორციელებამდე. სწორედ ამ პროცესმა მასწავლა, რომ ინტერიერის დიზაინი მხოლოდ ესთეტიკური გადაწყვეტილებების მიღება არ არის. ეს არის ფუნქციის, არქიტექტურის, მასალების, ტექნიკური შესაძლებლობებისა და ადამიანის საჭიროებების ერთმანეთთან დაბალანსება.

ყველაზე დიდი გავლენა ჩემზე სწორედ განხორციელებულმა პროექტებმა მოახდინა. თითოეულმა მათგანმა განსხვავებული ამოცანის წინაშე დამაყენა და დამეხმარა საკუთარი ხედვის ჩამოყალიბებაში. დღეს ჩემი მიდგომა ეფუძნება მინიმალისტურ, ფუნქციურ და გააზრებულ დიზაინს, სადაც ესთეტიკა და პრაქტიკულობა ერთმანეთისგან განცალკევებული არ არის.

როგორ აღწერდით იმ პრინციპებს, რომლებიც დღეს თქვენს ნამუშევრებს აერთიანებს – რა გამოარჩევს თქვენს ხელწერას?

დღეს მაქვს ჩემი მცირე სტუდიო white dot studio. მაქვს პროექტები – არა მხოლოდ საქართველოში, მის ფარგლებს გარეთაც. გარდა ადგილობრივი მიმდინარე პროექტებისა, ვთანამშრომლობ ავსტრალიურ და ამერიკულ კომპანიებთან, როგორც ინტერიერის დიზაინერი და 3D არტისტი. საერთაშორისო გამოცდილება უდიდეს როლს თამაშობს თვალსაწიერის გაფართოვებაში. არ ხარ მორგებული კონკრეტულ ბრენდებზე და ტრენდებზე, რაც მხოლოდ ადგილობრივ ქართულ ბაზარზეა ცნობილი. ეცნობი სხვადასხვა ტექნიკურ მიდგომებს, პროექტის სხვა ხარისხზე დამუშავებას, განსხვავებულ ესთეტიკას, საერთაშორისო სტანდარტებს, რომლებიც შემდგომში ჩემს ლოკალურ პროექტებზეც ახდენს გავლენას. პროფესიული ზრდა იგრძნობა მაშინ, როცა ხვდები თითოული წერტილის, დეტალის და მილიმეტრის მნიშვნელობას. ვფიქრობ, რომ სწორედ დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღება და გააზრება აერთიანებს ჩემს ნამუშევრებს.

თქვენს პროექტებში სივრცის საერთო ხასიათი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. როგორ ფიქრობთ, რა ქმნის ინტერიერის იდენტობას – რა უნდა იყოს გააზრებული მანამდე, სანამ კონკრეტული ფერების, მასალებისა და ავეჯის შერჩევა დაიწყება?

იდენტობის ძიება იწყება სხვადასხვა ფაქტობრივი მონაცემების გააზრებით. სწორი გეგმარება განსაზღვრავს ინტერიერის უდიდეს ნაწილს. მნიშვნელოვანია ფუნქციური ზონების განსაზღვრა, დამკვეთის პრიორიტეტები, არქიტექრურაზე და ლოკაციაზე ადეკვატურად მორგება, რათა თავიდან ავიცილოთ ტექნიკური მოულოდნელობები ესთეტიკის მიღმა. მნიშვნელოვანია წინასწარ განისაზღვროს ძირითადი კომპონენტები და სწორედ მათგან გამომდინარეობით დაიწყოს სთაილინგი და მასალების მოძიება.

გაგვიზიარეთ თქვენი შემოქმედებითი პროცესი – რა არის თქვენი მთავარი შთაგონების წყარო? როგორ იცვლება პროცესის თავისებურება პროექტის მასშტაბის მიხედვით?

გამომდინარე იქიდან, რომ ვარ ჩართული როგორც ინტერიერის არქიტექტურაში, BIM მოდელირებაში, პროექტის ტექნიკურ შესრულებასა და 3D ვიზუალიზაციებში და ასევე ჩემი ახალი ნიშა არის პროდუქტის დიზაინი, ყველა კომპონენტსა და მიმართულებას სჭირდება შესაბამისი მიდგომა და დროის მენეჯმენტი.

სხადასხვა პროექტს აქვს თავისი გადამწყვეტი დეტალი, რომელიც იქნება მისი შემკვრელი და გამაერთიანებელი ელემენტი. რაც უფრო დიდია პროექტის მასშტაბი, მით მეტად შეიძლება ამ მომენტით თამაში და მანიპულირება.

თუმცა, მასშტაბურობა ბევრ ბენეფიტსაც გვაძლევს – შეგვიძლია თამამად გამოვიყენოთ სხვადასხვა ზედაპირი და არ მოგვერიდოს ხაზგასმა მაშინ, როცა პატარა ობიექტზე დეტალიზაციისგან თავის შეკავება სჯობს. აქ შეგიძლია იატაკზე თამამი გადასვლით, კედელზე სხვადასხვა კონტრასტით და პანელებით თამაშით, დიდი სივრცე საინტერესო მყუდრო გარემოდ აქციო.

რაც შეეხება ავეჯის დიზაინს, მუშაობა იწყება ფურცლიდან. შეიძლება ერთ ხაზში დაინახო ის, რაც მხოლოდ შენს აღქმაშია და სულაც არ არის ფურცელზე. წარმოსახვასთან თამაშში იბადება ახალი ფორმები.

როგორ პოულობთ ბალანსს საკუთარ ესთეტიკურ ხედვასა და დამკვეთის ინდივიდუალურ სურვილებს შორის?

კონკრეტული პროექტის კონცეფციაზე მუშაობისას მნიშვნელოვანია მასალების კარგად შესწავლა და ე.წ. “მუდბორდის” შესაბამისად აგება, დამკვეთის იდეების გენერირება და დიზაინერის იდეების “თავზე მოხვევა”. შემდეგ იწყება ამ ყველაფრის გეგმაზე ასახვა და 3D მოცულობაში შეხედვა, თუ როგორ ერგება სასურველი კონცეფცია ფაქტობრივ გეომეტრიას.

დამკვეთის სურვილები პრიორიტეტულია, თუმცა საუკეთესო შემთხვევაში, იგი ცვალებადია დიზაინერის მოქმედების შესაბამისად.

როგორ შეაფასებთ ქართული დიზაინის სფეროს? რა მიღწევები და გამოწვევები არსებობს თანამედროვე ქართულ დიზაინში ამჟამად?

დღეს ქართული დიზაინის სფერო დიდი ნაბიჯებით ვითარდება და უნდა აღინიშნოს ის სასიამოვნო კონკურენცია, რაც ამ ბაზარზეა. ეს არის ფაქტორი, რომელიც არ გაძლევს მოდუნების საშუალებას, გიბიძგებს, სულ განვითარდე და იყო სიახლეების მოლოდინში. უამრავი ნიჭიერი დიზაინერია, რომელთა წარმატებაც გულწრფელად გასაზიარებელია.

რომ ვისაუბრო ჩემზე, გავხდი Archi Award 2025-ის გამარჯვებული.

მიმდინარე პროდუქტის დიზაინის ობიექტები PE Chair და Nami Mirror, რომლებიც Georgian Object-ის პროექტის ფარგლებში დამზადდა, თამამად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენებში. წითელი სკამები ასევე წარმოდგენილი იყო Tbilisi Art Fair-ზე და მათ Tbilisi Architectural Forum-ზეც იხილავენ ვიზიტორები.

სკამი “PE” და სარკე “ნამი”. ფოტოგრაფი: ნიკო ქსოვრელი

ხშირად ყველაზე საინტერესო შედეგი მაშინ ჩნდება, როდესაც სივრცეს გარკვეული შეზღუდვა აქვს. რა გამოწვევები გიბიძგებთ ყველაზე მეტად შემოქმედებითად და როგორ აქცევთ პრობლემურ მოცემულობას დიზაინის შესაძლებლობად?

ყველაზე საინტერესო გამოწვევა სწორედ მაშინ ჩნდება, როცა სივრცეს თავისი მკაფიო შეზღუდვები აქვს – იქნება ეს მცირე ფართობი, რთული გეგმარება, ბუნებრივი განათების ნაკლებობა თუ არსებული არქიტექტურული ელემენტები.

ასეთ შემთხვევებში, ვცდილობ, შეზღუდვა დაბრკოლებად კი არა, კონცეფციის ნაწილად აღვიქვა. მაგალითად, რთულ გეგმარებას შეუძლია ახალი ფუნქციური გადაწყვეტა დაბადოს, ხოლო მცირე სივრცემ უფრო გააზრებული და მინიმალისტური დიზაინი მოითხოვოს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ, საბოლოო შედეგი არ გამოიყურებოდეს როგორც აუცილებლობით მიღებული გადაწყვეტილება, არამედ ის სივრცის ბუნებრივ და საინტერესო მახასიათებლად იქცეს.

ვფიქრობ, სწორედ ასეთ პროექტებში ჩანს დიზაინერის ხედვა, თუ როგორ შეუძლია არსებული მოცემულობის გააზრება და მისი შესაძლებლობად გარდაქმნა.

თქვენი აზრით, რა განასხვავებს უბრალოდ ლამაზ ინტერიერს კარგად გააზრებული ინტერიერისგან?

ჩემთვის უბრალოდ ლამაზი ინტერიერი, პირველ რიგში, ესთეტიკურად მიმზიდველია, ხოლო კარგად გააზრებული ინტერიერი ამაზე ბევრად მეტია. მას აქვს იდეა, ლოგიკა და ფუნქციური საფუძველი.

კარგ ინტერიერში ყველაფერი – სივრცის დაგეგმარებიდან, განათებიდან და მასალებიდან დაწყებული, ავეჯის დეტალებით დამთავრებული – ერთმანეთთან არის დაკავშირებული და კონკრეტულ მიზანს ემსახურება. ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ ცხოვრობს ადამიანი ამ სივრცეში და რას გრძნობს მასში.

ვფიქრობ, კარგად გააზრებული ინტერიერი არის ის, რომელიც არა მხოლოდ ლამაზად გამოიყურება, არამედ კომფორტული, ფუნქციური და დროთა განმავლობაში ისევ აქტუალური რჩება.

საბოლოოდ, რა უნდა დარჩეს ადამიანში თქვენს მიერ შექმნილ სივრცესთან ურთიერთობის შემდეგ?

ინტერიერი არის გარემო, რომელშიც ადამიანი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს ატარებს. ეს არის განცდა და გამოცდილება, რომელიც სივრცემ მის ვიზიტორსა თუ მაცხოვრებელში დატოვა. ვფიქრობ, სწორედ ეს არის განმსაზღვრელი იმ აურის, რაც შენ შექმენი შენი ხედვითა და შემოქმედებით.

რადგან ყველა ფერს, თითოეულ ზედმეტ სანტიმეტრს, ავეჯის ფორმას თავისი უხეში და რბილი ფორმებით, დეკორსა და სანათების სითბოს უდიდესი გავლენა აქვს ჩვენს ყოველდღიურ ჩვევებზე, ხასიათსა თუ ქვეცნობიერზეც კი, აქედან იწყება ინტერიერის დიზაინერის პასუხისმგებლობა – შექმნილი სივრცე ჰარმონიულად თანაარსებობდეს ადამიანთან.

“არტიოს” კედლის დეკორი თქვენი ბიზნესისთვის — როგორ ცვლის ხელოვნება სამუშაო გარემოს

კულტურული იდენტობა თანამედროვე არქიტექტურულ ენაზე – ინტერვიუ დადუნა შათაშვილთან