in

დიზაინი, რომელიც სამყაროს აღქმით იწყება – ინტერვიუ გიგა ქარელთან

ზოგჯერ დიზაინი არც ფორმით იწყება და არც ფუნქციით, არამედ სამყაროს აღქმით – რა გიზიდავს, რას ამჩნევ სხვებზე ადრე და რა გიჩენს ინტერესს ერთი შეხედვით ჩვეულებრივ დეტალებში. ეს დაკვირვება, დროთა განმავლობაში, გადაიქცევა ხედვად, რომელსაც უკვე კონკრეტული ფორმა და დიზაინის ენა აქვს. აღქმა დიზაინში ხშირად პირველადი მასალაა – ის, რაც შემდეგ უკვე გარკვეულ მასშტაბში გარდაიქმნება. უბრალო ინტერესი სივრცის, ობიექტის ან დეტალის მიმართ ანალიზში გადაიზრდება: როგორ მუშაობს ფორმა, რა ურთიერთობა აქვს მას მასალასთან და როგორ იქმნება მისგან რაღაც ახალი, ფუნქციურიც და ემოციურიც ერთდროულად.

გიგა ქარელისთვის, ეს პროცესი ბუნებრივად ვითარდებოდა – გარემოს მიმართ მუდმივი ინტერესით ის მარტივ ობიექტებში ახალ შესაძლებლობებს ხედავდა. დღეს ის პროდუქტის დიზაინერია და საკუთარი ბრენდის, GIGA KARELI DESIGN-ის დამფუძნებელი, რომლის ნამუშევრებში იგრძნობა როგორც ფორმისა და იდეის სიზუსტე, ისე მასთან უშუალო, ფიზიკური ურთიერთობის მნიშვნელობა. ამ ინტერვიუში გიგა გვიყვება საკუთარ გზაზე, შემოქმედებით პროცესსა და იმ პრინციპებზე, რომლებიც მის დიზაინს განსაზღვრავს.

ფოტოგრაფი: ლევან სურამელაშვილი

გიგა, როდის დაინტერესდით დიზაინით და როგორ გადაწყვიტეთ ამ მიმართულებით განვითარება?

ჩემი დაკვირვებით, ნებისმიერ ადამიანს კონკრეტული საგნის თუ თემის მიმართ ინტერესი და ლტოლვა ღრმა ბავშვობიდანვე ეწყება, თუმცა ამას ჯერ კონკრეტული სახელი არ ჰქვია – ეს უფრო ინსტიქტებზე და ცნობისმოყვარეობაზე აგებული ქმედებებია. ეს არის პროცესი, რომელიც მოიცავს შეგრძნებებს, მიღებულ და გაცემულ ემოციებს, თამაშს, სიფთხილეს, რისკს, რაღაცის მიმართ აკვიატებულ ინტერესს და ყველა იმ კომპონენტს, რასაც ბავშვობის ასაკში ყველა ადამიანი გადის. 

ასე ხდება ჩემ შემთხვევაში – დაწყებული ბავშვობის წლებიდან, დღემდე ამოუწურავი ცნობისმოყვარეობით გამოვირჩევი და ყველაფერს, რაც ჩემ გარშემო ხდება, ვუყურებ ისეთი ემოციით, თითქოს პირველად ვხედავ ან პირველად ხდება ეს ამბავი. ვფიქრობ, სწორედ ეს არის დიზაინის და დიზაინერის ერთ-ერთი მთავარი თვისება – აღიქვას ობიექტი ან უბრალოდ სივრცე სხვადასხვა კონტექსტში სხვადასხვა ხასიათითა და რაკურსით. 

ბავშვობიდანვე მიზიდავდა სიახლეების ძიება თუნდაც სხვებისთვის უინტერესო ნივთებში ან სივრცეებში. მე დავიბადე და გავიზარდე სოფელში. ჩემი გარემო და სამყარო მრავალფეროვანი იყო, თუმცა მაინც ვეძებდი რაღაც ახალს და ფერადს. ვაკვირდებოდი და ვუყურებდი ისეთ ობიექტებს, რაც სხვებისთვის უინტერესო ჩანდა. სწორედ ეს თვისება ახასიათებს ყველა ხელოვან ადამიანს, რაც მარტივად აიდენტიფიცირებთ მათ  – უცხო და უცნაური საგნების მიმართ კრეატიული იდეა და ინტერესი. ჩემი დაინტერესება დიზაინის და არქიტექტურის სფეროთი სწორედ ამ გარემოებებებმა და დაჟინებულმა ინტერესმა განაპირობა.

გიგა ქარელის მიერ შექმნილი სერია “1010“

მოგვიყევით თქვენი პროფესიული გზის შესახებ – როგორ დაიწყო თქვენი, როგორც დიზაინერის, კარიერა და რამ განაპირობა თქვენი ხედვის ჩამოყალიბება?

ჩემი ხედვის ჩამოყალიბება ბევრმა გარემოებამ განაპირობა. როგორც დასაწყისში აღვნიშნე, გავიზარდე სოფელში. წარმოუდგენელი მგონია, როგორ შეიძლება თორმეტი წელი დადიოდე ერთი და იმავე გზაზე სკოლისკენ, გზაზე, რომლის ბოლოშიც კავკასიონის მთები ჩანს, უზარმაზარი მასა, მასშტაბის მიუწვდომელი არეალი და უხვი ფერების პალიტრა სეზონების შესაბამისად, და ამან ადამიანზე და მის ფსიქო-ემოციურ განწყობაზე არ იქონიოს გავლენა. ვფიქრობ, სწორედ აქ, სოფელში, ამ მრავალფეროვან ადგილას იწყება ჩემი, როგორც დიზაინერისა და შემოქმედის, გემოვნების ჩამოყალიბება, რასაც შემდეგ აკადემიურ სფეროში მიღებული განათლება და გამოცდილება სახელებს არქმევს – იმ სურვილებსა და ინტერესებს, რასაც ერთ დროს უბრალოდ გართობის ინსტრუმენტად იყენებდი. 

ჩემი პროფესიული გზა იწყება აკადემიური განათლების მიღებიდან – 2016 წელს სწავლა დავიწყე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე, ხოლო დასრულების შემდეგ სწავლა გავაგრძელე არქიტექტურის მაგისტრის ხარისხით. ეს იყო ის ადგილი, სადაც ჩემმა წლობით დაგროვილმა ინტერესმა მიიღო რესურსი რეალიზაციისთვის. ვმუშაობდი ისეთ საინტერესო პროექტებზე, რომელებიც დღემდე მახსოვს – ის პრიველი ნაბიჯები, რომელთაგანაც დღეს ჩემი ინტელექტუალური ხედვა შედგება. ვეცნობოდი ყველას, ვისმენდი და ვსწავლობდი რაღაც ახალს ყველაფრიდან. სწავლის პერიოდში ჩემი ინტერესი მეტწილად არატექნიკური საგნებისკენ მიდიოდა, ეს იყო კომპოზიცია, ფერწერა, არქიტექტურის ისტორია, მაკეტირება, ქანდაკება. მომწონდა ისეთი დავალებები, რომლებიც ხელით იქმნებოდა და სადაც უშუალოდ მასალებთან შეხება მქონდა. 

დღემდე ასე ვარ, როდესაც ვიწყებ პროექტზე მუშაობას, პირველ რიგში, ვიწყებ მოდელით „თამაშს“ – შეიძლება უბრალოდ კუბის ფორმის დეტალი ავიღო და მისგან ასამდე ფორმა გამოვიყვანო. ეს დიზაინ-პროექტირებაში ჩვეული პროცესია, რასაც მე აქტიურად ვიყენებ. ის ყველაზე ცოცხალი და ორგანულია, რადგან აქ ეხები არა მხოლოდ ფორმას, არამედ მის მასშტაბს და თამაშობ მისი ვარიაციებით, რომლის ფინალიც ერთი იდეალური იდეის მიღებაა. მინდა აღვნიშნო ჩემი ხელმძღვანელის, ქალბატონი მედეა მელქაძის წვლილი ჩემ მიმართ – სწორედ მისგან მაქვს ის ფუნდამენტური ტექნიკური ცოდნა, რაც დღემდე ჩემი შემოქმედების თანმდევია. იგი მასწავლიდა სწორედ იმ მარტივ ტექნიკას, თუ როგორ უნდა გადაზარდო უბრალოდ „თამაში“ პროფესიონალურ პროექტში. მისგან ვისწავლე ფიქრის ფორმად ქცევის არაერთი მეთოდი. 

ადამიანის ნიჭის განვითარებას ყოველთვის სჭირდება შესაბამისი გარემო და შესაბამისი აუდიტორია, ვისაც ეს ესმის ისე, როგორც ჟღერს ავტორისგან. ასეთი იყო უნივერსიტეტი და შემდეგ პირველი სამსახური – სტუდია MUA – Architecture & Placemaking-ი, სადაც ორი წელი ვიმუშავე არქიტექტურული მოდელების სპეციალისტის პოზიციაზე. ეს იყო ადგილი, სადაც ვაკეთებდი იმ საქმეს, რაც მე სიამოვნებას მანიჭებდა და პროფესიულად კიდევ უფრო მზრდიდა. ვფიქრობ, სტუდენტისთვის და მომავალი პროფესიონალისთვის, ეს უნიკალური გამოცდილება და უნარია, რადგან ამ პატარა “თამაშით”, რასაც მოდელირება ჰქვია, სწავლობ ძირითად უნარებს – მასშტაბის აღქმას, ფორმის ძიებას, მასალების შეგრძნებას. ეს ის ჩამონათვალია, რომელიც დიზაინერისთვის აუცილებელი პირობა უნდა იყოს, რათა შექმნას გააზრებული და სწორი პროდუქტი, რომელიც ყველანაირ კრიტიკულ ანალიზში მართებული იქნება.

ფოტოგრაფი: სალი კაცაძე

გაგვიზიარეთ, როგორია თქვენი შემოქმედებითი პროცესი – სად პოულობთ შთაგონებას და როგორ იყენებთ მას საბოლოო პროდუქტის შესაქმნელად? 

შემოქმედებითი პროცესი მეტწილად ცვალებადი მაქვს. არ არსებობს პროექტი, რომელიც შაბლონური მუშაობის პრინციპით დავიწყე. როგორც მხატვარი, მსგავსად ვარ მეც. არის მომენტები, როცა დაცლილი ვარ იდეურად და ასეთ დღეებს საკუთარ თავს, ოჯახსა და სამსახურს ვუთმობ. არ ვაძალებ თავს მუშაობას, რადგან ამ დროს შემოქმედებითი გონება უფრო ისტრესება და ვერ იღებ იმ შედეგს, რაც ჩაიფიქრე. ყველაფერს თავისი დრო და განწყობა სჭირდება. შთაგონება ნებისმიერი სიტუაციიდან შეიძლება გაჩნდეს. შესაძლოა სიჩუმე ან ქაოსი იყოს რაღაც იდეის წინაპირობა. რატომღაც, ბევრს წარმოუდგენია, რომ ინსპირაცია რაღაც კონკრეტული ფიზიკური ობიექტიდან მოდის, მაგრამ ეს ასე არაა – ყველაფერი,, რასაც ვნახულობთ და შევიგრძნობთ გონების რომელიღაც შრეებში ილექება და შემდეგ სრულიად გაუცნობიერებლად მოდის ახალი იდეის სახით. მე ვგრძნობ, როგორ მოქმედებს ჩემს შემოქმედებაზე მუსიკა, თეატრი, ქუჩა, ადამიანები და ყველა ის კომპონენტი რომელსაც დღის განმავლობაში ვხვდებით. განსაკუთრებით მომწონს ისეთი ადგილების ნახვა, სადაც სხვადასხვა ხასიათის პერსონაჟებს ვხვდები. ეს შეიძლება იყოს აგრო ბაზარი, ქუჩა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი თუ სხვა. დღის განმავლობაში დაგროვილი სცენარები და სიტუაციები ერთი პატარა ფილმია ჩემს თვალში. ასეთი პატარ-პატარა სცენარები და იქ არსებული რეკვიზიტები ჩემთვის შთაგონების წყაროც შეიძლება გახდეს.

გვიამბეთ თქვენი საავტორო პროექტის შესახებ, რა არის კოლექციის კონცეფცია?

„სერია 1010“ ჩემი პირველი საავტორო დიზაინის პროექტია, რომელიც საკონკურსო თემისთვის შევქმენი. კოლექციის საფუძველი გახდა მინიმალისტური პრინციპი – Less is More, სადაც ნაკლები მეტს ნიშნავს. ჩემთვის საინტერესო გამოწვევა იყო ისეთი ობიექტების შექმნა, რომლებიც მაქსიმალურად ლაკონური იქნებოდა, თუმცა ამავდროულად, საკუთარი ხასიათისა და იდენტობის შენარჩუნებას შეძლებდა. 

სახელწოდება „სერია 1010“ უშუალოდ მისი შექმნის პროცესიდან მოდის. პროექტზე მუშაობა დავიწყე 10×10×10 სანტიმეტრის ზომის პენოპლასტის კუბით, რომელიც ერთგვარ საწყის ფორმას წარმოადგენდა. სწორედ ამ მარტივი მოცულობის ტრანსფორმაციის, გაჭრის, გადაადგილებისა და სხვადასხვა ვარიაციის ძიების შედეგად გაჩნდა პირველი მაკეტები, შემდეგ კი – მთელი კოლექციის ვიზუალური ენა. 

ჩემთვის ეს მიდგომა მნიშვნელოვანია, რადგან დიზაინს ხშირად ყველაზე მარტივი ფორმებიდან ვიწყებ. ერთი შეხედვით, ნეიტრალური კუბი უსასრულო შესაძლებლობებს მალავს, ხოლო „სერია 1010“ სწორედ ამ კვლევის შედეგია – პროცესი, სადაც ერთი საბაზისო გეომეტრიული მოცულობიდან ობიექტების მთელი “ოჯახი” ჩამოყალიბდა. სკამის დიზაინში გამოვიყენე მოდულური სისტემა, რომელიც აგებულია მარტივ გეომეტრიულ ფორმებზე, ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სიბრტყეებზე. მის მკაფიო და მინიმალისტურ ხასიათს კონტრასტული ფერი უსვამს ხაზს. 

სანათის შემთხვევაში სხვა განწყობის შექმნა მსურდა. თუ სკამი უფრო მკაცრ და გეომეტრიულ ხასიათს ატარებს, სანათი სითბოსა და სიმყუდროვის იდეას გამოხატავს. აქ სწორი ხაზები ირიბი სიბრტყეებით იცვლება, რომლებიც საცხოვრებელი სახლის სახურავის სილუეტს მოგვაგონებს, ხოლო ხელით დამუშავებული წიბოები ობიექტს უფრო ორგანულ ხასიათს ანიჭებს. 

კოლექციაში გამოყენებულია მხოლოდ ორი ძირითადი მასალა – შეღებილი მერქანბოჭკოვანი ფილა და ბუნებრივი ბამბის ქსოვილი. ამ შეზღუდული პალიტრის გამოყენებით მსურდა, რომ ყურადღება ფორმასა და კომპოზიციაზე ყოფილიყო გამახვილებული. სწორედ ასეთი ობიექტები მიზიდავს ინტერიერში – მარტივი ფორმით, მკაფიო ხასიათითა და აქცენტური ფერით.

რომელ ობიექტს გამოარჩევდით ამ სერიიდან და რატომ?

კონკრეტულად ერთი ობიექტის გამოყოფა მიჭირს. თითოეული მათგანი დამოუკიდებლადაც სრულფასოვანი და დასრულებული ფორმაა, თუმცა მათი მთავარი ძალა სწორედ ურთიერთობაში ჩანს. კოლექციის შექმნისას ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ობიექტებს ერთმანეთთან საერთო ვიზუალური ენა ჰქონოდათ, თუმცა ამავდროულად, თითოეულს საკუთარი იდენტობა შეენარჩუნებინა. ამიტომ ვფიქრობ, ისინი ერთიან კომპოზიციადაც და დამოუკიდებელ ელემენტებადაც თანაბრად ფუნქციონირებენ.

ფოტოგრაფი: ლევან სურამელაშვილი

თქვენი აზრით, სად გადის ზღვარი ხელოვნებასა და ფუნქციურ დიზაინს შორის?

ჩემი აზრით, ხელოვნებასა და ფუნქციურ დიზაინს შორის მკაცრი ზღვარი ყოველთვის არ არსებობს. ტრადიციულად, ხელოვნება უფრო მეტად ემოციის, იდეისა და ავტორის შინაგანი სამყაროს გამოხატვას ემსახურება, ხოლო დიზაინი კონკრეტული საჭიროებების, პრობლემებისა და ფუნქციური ამოცანების გადაჭრას. თუმცა თანამედროვე სამყაროში ეს ორი სფერო ხშირად იკვეთება და ერთმანეთისგან გამიჯვნა სულ უფრო რთული ხდება.

ვფიქრობ, დიზაინი მხოლოდ ტექნიკური ან პრაქტიკული პროცესი არ არის. როდესაც ადამიანი ყოველდღიურად იყენებს ნივთს, ის მის ფორმასთან, მასალასთან, პროპორციებთან და ატმოსფეროსთანაც ამყარებს კავშირს. ამიტომ კარგი დიზაინი მხოლოდ ფუნქციის შესრულებით არ შემოიფარგლება – ის გარკვეულ ემოციას, განწყობასა და გამოცდილებასაც ქმნის. 

ჩემთვის საუკეთესო დიზაინი სწორედ ამ ორი სამყაროს შეხვედრის წერტილში იბადება. თუ ობიექტი მხოლოდ ლამაზია, მაგრამ არ მუშაობს, ის თავის დანიშნულებას ვერ ასრულებს; ხოლო თუ მხოლოდ ფუნქციურია და ადამიანს ვერაფერს აგრძნობინებს, მას აკლია ის სიღრმე, რომელიც დიზაინს კულტურულ და ესთეტიკურ მნიშვნელობას ანიჭებს. ამიტომ ვცდილობ, ჩემს ნამუშევრებში ფუნქციურობა და მხატვრული ხედვა ერთმანეთის კონკურენტები კი არა, თანამგზავრები იყვნენ. 

საბოლოოდ, ჩემთვის დიზაინი არის ხელოვნებისა და პრაქტიკული ცხოვრების დიალოგი – პროცესი, სადაც ესთეტიკა არა მხოლოდ სილამაზის, არამედ ყოველდღიური გამოცდილების ხარისხის ნაწილიც ხდება.

ფოტოგრაფი: სალი კაცაძე

დღეს, როდესაც ბაზარი გადატვირთულია ახალი საგნებითა და ობიექტებით, რა განასხვავებს, თქვენი აზრით, ნამდვილ დიზაინს უბრალოდ კარგად შესრულებული ნივთისგან? რა უნდა ჰქონდეს პროდუქტს იმისთვის, რომ დროის გამოცდას გაუძლოს?

დღეს, როდესაც ბაზარი მართლაც გადატვირთულია ახალი პროდუქტებით, ვფიქრობ, ნამდვილ დიზაინს მხოლოდ კარგი შესრულება არ განასხვავებს. კარგად შესრულებული ნივთი შეიძლება იყოს ხარისხიანი, ფუნქციური და ვიზუალურად სასიამოვნოც, მაგრამ დიზაინი ამაზე მეტია – მას აქვს იდეა, ხასიათი და გარკვეული მიზეზი, თუ რატომ არსებობს. 

ჩემი აზრით, პროდუქტი დროის გამოცდას მაშინ უძლებს, როდესაც მისი შექმნა მხოლოდ მიმდინარე ტენდენციებს არ ეყრდნობა. მოდა იცვლება, მაგრამ პროპორციის შეგრძნება, ფუნქციისადმი პატივისცემა, მასალის გულწრფელი გამოყენება და ადამიანის საჭიროებების სწორი გააზრება მუდმივ ღირებულებად რჩება.

ასეთი ობიექტები წლების შემდეგაც აქტუალური ჩანს, რადგან მათში მხოლოდ ფორმა კი არა, აზრიც არის ჩადებული. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ნამდვილი დიზაინი დროებით შთაბეჭდილებას კი არ ქმნის, არამედ ადამიანთან უფრო ხანგრძლივ კავშირს აყალიბებს.

ფოტოგრაფი: ლევან სურამელაშვილი

თქვენი გამოცდილებით, პროდუქტის დიზაინის განვითარების რა პერსპექტივებს ხედავთ საქართველოში?

ვფიქრობ, ქართული დიზაინის განვითარებისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს Georgian Objects-ი – გალერეა და პლატფორმა, რომლის შექმნის მიზანიც ქართული დიზაინ პროდუქტების წარმოჩენა და მათი ფართო საზოგადოებისთვის გაცნობაა. მსგავსი სივრცეები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი დიზაინერებისთვის, რადგან მათ საკუთარი ნამუშევრების წარდგენისა და ახალი აუდიტორიისთვის გაცნობის შესაძლებლობას აძლევს. სწორედ ამ პლატფორმის ფარგლებში შევქმენი „სერია 1010“, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება აღმოჩნდა.

ზოგადად, ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში დიზაინის მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა. სულ უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს, რომ დიზაინი მხოლოდ დეკორატიული ელემენტი არ არის და მას შეუძლია კულტურული, ეკონომიკური და კომერციული ღირებულების შექმნა.

ამავდროულად, გარკვეული გამოწვევებიც არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბევრი ნიჭიერი დიზაინერია, ტექნიკური და საწარმოო შესაძლებლობები ჯერ კიდევ შეზღუდულია. ხშირად რთულია მასალების მრავალფეროვანი ტექნოლოგიებით დამუშავება ან პროდუქტის მასშტაბური წარმოების ორგანიზება, რის გამოც, თუ დიზაინერს სურს პროდუქტის უფრო ფართო ტირაჟით წარმოება, ხშირად უცხოურ საწარმოებთან თანამშრომლობა ხდება საჭირო.

სასიამოვნოა, რომ ბოლო წლებში არაერთმა ქართველმა დიზაინერმა საერთაშორისო სივრცეშიც დაიმკვიდრა თავი და საკუთარი ნამუშევრები ფართო აუდიტორიას გააცნო. ეს ბუნებრივი პროცესია, რადგან ნებისმიერი ავტორისა და ბრენდისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი ნამუშევრების რაც შეიძლება დიდ აუდიტორიამდე მიტანა.

როგორ ხედავთ საკუთარ თავს მომავალში – რა არის თქვენი პროფესიული მიზნები და რა ტიპის პროექტებზე გსურთ ფოკუსირება?

ამჟამად, აქტიურად ვმუშაობ როგორც პროდუქტის, ისე ინტერიერის დიზაინის ინდივიდუალურ პროექტებზე. შევქმენი ჩემი პერსონალური ბრენდი – GIGA KARELI DESIGN, რომელიც აქტიურია სოციალურ ქსელში. ვფიქრობ, საკუთარი სახელით უფრო დასამახსოვრებელი ხდება ბრენდი და მისი პროდუქტები. შესაბამისად, გადავწყვიტე ჩემი სახელისა და გვარის გამოყენება. პარალელურად, ვმუშაობ ერთ-ერთ საინტერესო სტუდიაში, სადაც ავეჯის დიზაინ-პროექტების კონსტრუირებით ვარ დაკავებული. ეს გამოცდილება მაძლევს შესაძლებლობას, დიზაინის პროცესი არა მხოლოდ იდეის, არამედ მისი ტექნიკური განხორციელების კუთხითაც ყოველდღიურად შევისწავლო და განვავითარო.

სამომავლოდ მსურს უფრო მეტად გავაძლიერო საკუთარი საავტორო მიმართულება და შევქმნა ისეთი ობიექტები და კოლექციები, რომლებიც ჩემს ხედვასა და დიზაინერულ ხასიათს გამოხატავს. ასევე მზად ვარ ვითანამშრომლო პროექტებზე, რომლებიც ჩემს პროფესიულ ღირებულებებსა და ბრენდის ესთეტიკასთან იქნება თანხვედრაში. ჩემთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ახალი პროდუქტის შექმნა, არამედ ისეთი ისტორიებისა და გამოცდილებების ფორმირება, რომლებიც ადამიანებსა და სივრცეებს შორის კავშირს გააძლიერებს.

განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ის ფაქტი, რომ ჩემი სკამის მინიატურული ბრელოკები და საინფორმაციო ბუკლეტები მილანის დიზაინის კვირეულის ფარგლებში იყო წარმოდგენილი. ამან ჩემი ნამუშევრების მიმართ მნიშვნელოვანი ინტერესი გამოიწვია და საშუალება მომცა, ბევრი ახალი პროფესიული კონტაქტი და საინტერესო ნაცნობობა შემეძინა. დამთვალიერებლები ინტერესდებოდნენ როგორც თავად ობიექტით, ისე მის უკან მდგომი იდეითა და კონცეფციით, ხოლო მინიატურული ბრელოკები მათთვის ერთგვარ სიმბოლურ სამახსოვროდ იქცა, რომელიც პროექტის ისტორიას აგრძელებდა.

მომავალში მსურს, რომ ჩემი საქმიანობა კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს საერთაშორისო პროფესიულ სივრცეს, თუმცა ამავდროულად ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩემი პროექტები ქართულ დიზაინთან, ადგილობრივ კულტურასა და ინდივიდუალურ შემოქმედებით ხედვასთან კავშირს ინარჩუნებდეს.

დიზაინი ფორმასა და გამოცდილებას შორის – ინტერვიუ ნინი ათანელიშვილთან

როგორ განსაზღვრა „ალიანს ჯგუფმა“ ქობულეთის სანაპირო ზოლის განვითარება?