ინტერიერის დიზაინი ხშირად იწყება ვიზუალური იდეით, თუმცა მისი რეალური ღირებულება იქ იკვეთება, სადაც სივრცე ადამიანის ყოველდღიურობას ეხება. ეს არის პროცესი, რომელიც აერთიანებს ემოციურ აღქმას, ფუნქციურ დაგეგმვასა და გარემოსთან ადაპტაციას – სივრცის შექმნას, რომელიც არა მხოლოდ ესთეტიკურად მუშაობს, არამედ ცხოვრებასაც ამარტივებს. სწორედ ამ თანხვედრაში – ფორმასა და გამოცდილებას შორის – ყალიბდება ინტერიერი, რომელსაც საკუთარი ხასიათი აქვს და დროთა განმავლობაში აქტუალობას ინარჩუნებს.
ეს მიდგომა ხშირად აისახება სტილის სიმარტივეშიც – ზედმეტისგან გათავისუფლებულ, გააზრებულ გარემოში, სადაც თითოეული ელემენტი ფუნქციურად და ვიზუალურად გამართლებულია. ასეთ სივრცეებში შთაგონება ხშირად არა დეკორატიულ სიჭარბეში, არამედ დეტალების სიზუსტესა და მასალების ბუნებრიობაში იკითხება.
ამ ხედვის კონტექსტში საინტერესოა იმ დიზაინერების მიდგომა, რომლებიც სივრცეს ინდივიდუალურ გამოცდილებად აღიქვამენ. ინტერიერის დიზაინერი სალომე ჩოჩიშვილი საკუთარ პრაქტიკაში ამ პროცესს ეტაპობრივად და გააზრებულად ავითარებს, რაც დიზაინს არა მხოლოდ ფორმის, არამედ ადამიანის ცხოვრების სტილის გაგრძელებად განიხილავს.
ინტერვიუში სალომე გვიყვება საკუთარი პროფესიული გზის შესახებ – როგორ გადაიქცა ადრეული ინტერესები რეალურ პრაქტიკად და რა გამოცდილებებმა განსაზღვრა მისი მიდგომა. ასევე გვიზიარებს საკუთარ დიზაინერულ ხედვას, სამუშაო პროცესსა და იმ პრინციპებს, რომლებსაც ეყრდნობა სივრცის შექმნისას – როგორ იბადება იდეა, როგორ გადადის ის რეალურ გარემოში და როგორ ყალიბდება ინტერიერი, რომელიც ერთდროულად ფუნქციურიცაა და ემოციურად ახლობელიც. სალომესთვის ამ შემოქმედებითი პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი ხატვაც არის, რომელიც მის ხედვას ამდიდრებს და ხშირად იდეების წყაროდ იქცევა.
სალომე, მოგვიყევით თქვენ შესახებ – როგორ გაჩნდა თქვენი ინტერესი ინტერიერის დიზაინის მიმართ და რა იყო ამ სფეროში თქვენი პირველი ნაბიჯები?
ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ხატვა, დიზაინი და სივრცეების გარდაქმნა. ყოველთვის მსიამოვნებდა ფერების, ფორმებისა და სხვადასხვა იდეების ერთმანეთთან შეხამება. ხშირად წარმოვიდგენდი, როგორ შეიძლებოდა ერთი და იმავე სივრცის სრულიად განსხვავებულ გარემოდ გარდაქმნა. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ეს მხოლოდ გატაცება აღარ იყო და გადავწყვიტე, ინტერიერის დიზაინი ჩემს პროფესიად მექცია.
პროფესიული განვითარების გზაზე ბაკალავრის ხარისხი არქიტექტურის მიმართულებით მივიღე, შემდეგ კი სწავლა ინტერიერის დიზაინის მაგისტრატურაზე გავაგრძელე, რადგან მინდოდა, ჩემი ცოდნა კიდევ უფრო გამეღრმავებინა. პარალელურად, ორ სხვადასხვა საპროექტო კომპანიაში მუშაობისას მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება მივიღე, რაც დამეხმარა არა მხოლოდ დიზაინის, არამედ პროექტის მართვის, დამკვეთთან კომუნიკაციისა და რეალიზაციის პროცესის სიღრმისეულად გაცნობაში. ამ გამოცდილების შემდეგ გადავწყვიტე, დამოუკიდებლად განმევითარებინა ჩემი საქმიანობა და შემექმნა ჩემი პირადი პროფესიული გვერდი, სადაც უკვე საკუთარი ხედვისა და დიზაინერული ხელწერის წარმოჩენა შევძელი.
ჩემი პირველი რეალური პროექტი დღემდე განსაკუთრებულად მახსოვს. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ეს საქმე სრულიად ახალ ეტაპზე გადადიოდა. ის, რაც ბავშვობაში შემოქმედებითი თამაში იყო, უკვე დიდ პასუხისმგებლობად იქცა. მახსოვს, რამდენად დიდი მღელვარება ახლდა ამ პროცესს, რადგან პირველად ვქმნიდი სივრცეს, სადაც ადამიანს ყოველდღიურად უნდა ეცხოვრა. როგორც კი პროექტი წარმატებით დასრულდა და დამკვეთის კმაყოფილება დავინახე, ის პირველი შიში უდიდესმა თავდაჯერებულობამ შეცვალა. სწორედ მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ეს არის საქმე, რომელიც გულით მიყვარს. ჩემთვის ინტერიერის დიზაინზე მუშაობა მხოლოდ პროფესია არ არის — ეს არის შემოქმედებითი პროცესი, რომელიც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. თითოეული ახალი პროექტი ჩემთვის შესაძლებლობაა, შევქმნა სივრცე, რომელსაც საკუთარი ხასიათი და ისტორია ექნება, და ვფიქრობ, სწორედ ეს ის საქმეა, რასაც მთელი მონდომებით და დიდი სიამოვნებით ვაკეთებ.

როგორ ჩამოყალიბდა თქვენი პროფესიული გზა – რა გამოცდილებებმა ან პროექტებმა იქონია ყველაზე დიდი გავლენა თქვენს, როგორც დიზაინერის, განვითარებაზე?
ინტერიერის დიზაინის სფეროში უკვე ხუთი წელია ვმუშაობ და ამ წლების განმავლობაში თითოეულმა პროექტმა ბევრი რამ მასწავლა. ყოველი ახალი სივრცე განსხვავებულია, რადგან მის უკან განსხვავებული ადამიანები, სურვილები და ცხოვრების სტილი დგას.
მუშაობის პროცესში მივხვდი, რომ დიზაინი მხოლოდ ლამაზი ვიზუალის შექმნა არ არის. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ინტერიერი იყოს კომფორტული, ფუნქციური და ისეთი, სადაც ადამიანი თავს კარგად იგრძნობს.
ბავშვობიდან ძალიან მიყვარს ხატვა და დღესაც, როცა თავისუფალი დრო მაქვს, სიამოვნებით ვხატავ. ვფიქრობ, ხატვა ჩემს შემოქმედებით ხედვას კიდევ უფრო ავითარებს და ხშირად ახალი იდეებიც სწორედ იქ იბადება. ამიტომ თითოეულ პროექტს ინდივიდუალურად ვუდგები და ვცდილობ, ყველა სივრცეს თავისი ხასიათი ჰქონდეს.

როგორ დაახასიათებდით თქვენს დიზაინერულ ხელწერას – რა ელემენტები ან მიდგომები ახასიათებს თქვენს სტილს ყველაზე მეტად?
ჩემი სტილი ყველაზე მეტად თანამედროვე მინიმალიზმსა და სკანდინავიურ დიზაინს უკავშირდება. მომწონს სუფთა ხაზები, ბუნებრივი მასალები და ისეთი ფერები, რომლებიც სივრცეს სიმშვიდესა და სითბოს მატებს.
ვფიქრობ, ლამაზი ინტერიერი არ ნიშნავს იმას, რომ ის გადატვირთული უნდა იყოს. პირიქით, ხშირად სწორედ სიმარტივე ქმნის ყველაზე დიდ ეფექტს. ყოველთვის ვცდილობ, თითოეულ სივრცეს თავისი ხასიათი ჰქონდეს და ამავდროულად ისეთი იყოს, რომ წლების შემდეგაც არ დაკარგოს სილამაზე.
რაზე დგას თქვენი დიზაინ-ფილოსოფია – რა პრინციპებს ეყრდნობით სივრცის კონცეფციის შექმნისას და სად ეძებთ შთაგონებას?
პირველ რიგში, ვსწავლობ ადამიანების ბუნებას, ფსიქოლოგიას, ობიექტის ადგილმდებარეობას. დამკვეთის გარკვეული სურვილებით და მოთხოვნებით ვიწყებ ინტერიერის შექმნას, ასევე ვუზიარებ ჩემს შეხედულებას კონკრეტული დეტალის მიმართ. ყოველთვის ვცდილობ, დავაკმაყოფილო დამკვეთის მოთხოვნები.
შთაგონებას ბევრ სხვადასხვა ადგილას ვპოულობ — არქიტექტურაში, ბუნებაში, მოგზაურობებში, ხელოვნებაში და ზოგჯერ ყოველდღიურ დეტალებშიც. ვფიქრობ, როცა იმას აკეთებ, რაც მართლა გიყვარს, იდეებიც ყველგან გხვდება.
როგორია თქვენი სამუშაო პროცესი – როგორ გადადის იდეა კონცეფციიდან რეალურ სივრცეში? როგორ ფიქრობთ, რა ეტაპებზეა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თქვენი ჩართულობა?
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, გავიცნო დამკვეთი, გავიგო მისი სურვილები და ცხოვრების სტილი. შემდეგ უკვე იწყება დაგეგმარება, იდეების ჩამოყალიბება, ვიზუალიზაცია და მასალების შერჩევა. ასევე ყველაზე მნიშვნელოვანია, რეალიზაციის პროცესშიც ვიყო ჩართული, რადგან სწორედ მაშინ ცოცხლდება ის იდეა, რომელიც თავიდან მხოლოდ წარმოსახვაში არსებობდა.
როგორ ახერხებთ ბალანსის დაცვას დამკვეთის სურვილებსა და საკუთარ ხედვას შორის – რა არის ამ დიალოგში თქვენთვის გადამწყვეტი?
ჩემთვის მთავარი არის, რომ დამკვეთის სურვილი და ჩემი გამოცდილება ერთმანეთს შევუთავსო. ვცდილობ, მისი იდეა შევინარჩუნო, მაგრამ ჩემი ხედვით ისეთი დეტალები დავამატო, რომ საბოლოო შედეგი უფრო სრულყოფილი გამოვიდეს.
გაგვიზიარეთ პროექტი, რომელიც თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – რა ხდის მას გამორჩეულს თქვენს პრაქტიკაში?
ყველა პროექტი ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან თითოეულ პროექტში თავისებური ხედვა და ემოცია დევს. თუმცა განსაკუთრებული მაინც ჩემი პირველი განხორციელებული პროექტია.
სწორედ მან მასწავლა, რომ დიზაინი მხოლოდ ლამაზი ვიზუალების შექმნა არ არის — ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ამ პროექტმა მომცა გამოცდილება და თავდაჯერებულობა. ამ ეტაპზე ვმუშაობ ორ დიდ პროექტზე, რომლებიც ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რადგან ორივე განსხვავებული კონცეფციით იქმნება. ვფიქრობ, ეს პროექტები ჩემი ნამუშევრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება და კარგად წარმოაჩენს ჩემს მიდგომას დიზაინის მიმართ. მინდა, რომ საბოლოოდ ეს ორი პროექტი ჩემი სტილის და ხედვის ერთგვარი სავიზიტო ბარათი გახდეს.
როგორ აფასებთ ინტერიერის დიზაინის განვითარებას საქართველოში – რა ცვლილებებს ან ტენდენციებს ამჩნევთ დღეს?
ვფიქრობ, ბოლო წლებში საქართველოში ინტერიერის დიზაინის მიმართ ინტერესი ძალიან გაიზარდა. ადამიანები უფრო მეტად აცნობიერებენ, რომ დიზაინი მხოლოდ ესთეტიკა არ არის, დღეს უკვე მეტი ყურადღება ექცევა სივრცის ფუნქციურ დაგეგმარებას, ხარისხიან მასალებსა და ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს.
თქვენთვის რა განსაზღვრავს სივრცეს, რომელიც დროის მიმართ გამძლეა – რა განასხვავებს ასეთ ინტერიერს სწრაფად ცვალებადი ტენდენციებისგან?
ჩემთვის დროის მიმართ გამძლე ინტერიერი ის არის, რომელიც მხოლოდ ტრენდებზე არ არის დამოკიდებული. როცა სივრცე სწორად არის დაგეგმილი, გამოყენებულია ხარისხიანი მასალები და ყველაფერი ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს, ასეთი ინტერიერი წლების შემდეგაც აქტუალური რჩება. ვფიქრობ, კარგი დიზაინი სწორედ მაშინ იქმნება, როდესაც ინტერიერი მოდას კი არ მიჰყვება, არამედ საკუთარ ხასიათს ინარჩუნებს.
დაბოლოს, როგორ ფიქრობთ, რა როლი აქვს ინტერიერს ადამიანის ყოველდღიურ გამოცდილებაში – როგორ შეიძლება სივრცემ იმოქმედოს ჩვენს განწყობასა და ცხოვრებაზე?
ჩემთვის ინტერიერს ძალიან დიდი გავლენა აქვს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, რადგან სივრცე, სადაც ვცხოვრობთ, პირდაპირ მოქმედებს ჩვენს განწყობასა და ემოციებზე. ყველაზე კარგად შექმნილ სივრცეს შეუძლია ყოველდღიურობა უფრო მშვიდი და სასიამოვნო გახადოს. ვფიქრობ, კარგი ინტერიერი ის არის, რომელიც არა მხოლოდ ლამაზად გამოიყურება, არამედ ადამიანის ცხოვრების წესსაც ერგება და მას ყოველდღიურობაში უფრო მეტ კომფორტს უქმნის.
























