in

თბილისის უხილავი არქიტექტურა – ნატა ტატუნაშვილი თბილისური ეზოს კვლევის შესახებ

ფოტო: ვალერია ლაზარევა

თბილისი ოდითგანვე მხოლოდ შენობებისა და ქუჩების ერთობლიობა არ ყოფილა – მისი ურბანული ხასიათი დიდწილად ადამიანებს შორის ურთიერთობებით, ერთმანეთთან გადაჯაჭვული სივრცეებითა და ყოველდღიური თანაცხოვრების ფორმებით იქმნებოდა. ამ ქალაქის არქიტექტურაში განსაკუთრებით მკაფიოდ იკითხება ეს კავშირი: ეზოები, აივნები, კიბეები, გასასვლელები და ქუჩასთან დაკავშირებული შუალედური სივრცეები მხოლოდ ფიზიკური გარემო კი არა, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბების ადგილებიც იყო. შესაბამისად, თბილისური არქიტექტურის ისტორიის წაკითხვა მხოლოდ შენობების ფორმების ან სტილების შესწავლით ვერ იქნება სრულყოფილი – ქალაქის ხასიათი იმ ურთიერთობებშიც ინახება, რომლებსაც ეს სივრცეები შესაძლებელს ხდის.

დღეს, როდესაც თბილისი სწრაფად იცვლება და ურბანული განვითარება ქალაქის სივრცით ქსოვილს სულ უფრო აქტიურად გარდაქმნის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება კითხვა, რა უნდა შეიცვალოს და რა უნდა დარჩეს. ქალაქის განვითარება გარდაუვალია, თუმცა ცვლილებასთან ერთად, ჩნდება პასუხისმგებლობაც – გავიაზროთ, რომელი სივრცითი და სოციალური კავშირები ქმნის თბილისის ინდივიდუალურობას და რა შეიძლება დავკარგოთ მათი გაქრობით. ამ თვალსაზრისით, შენარჩუნება მხოლოდ ცალკეული ისტორიული შენობების დაცვას არ გულისხმობს; ის იმ მთლიანობის შენარჩუნებასაც ეხება, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს არქიტექტურას, ღია სივრცეებს, გამწვანებასა და ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას.

სწორედ ამ ურთიერთკავშირის შესწავლის მიზნით NWDS-ისა და თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრის „უბნის“ ინიციატივით შეიქმნა ახალი დისციპლინა – „ეზოლოგია“ და კვლევის შედეგებს პირველი გამოფენა მიეძღვნა, რომელიც თბილისურ ეზოს ცალკეულ არქიტექტურულ ელემენტად კი არა, არამედ ქალაქის უფრო ფართო ქსოვილის ნაწილად განიხილავს. ეზოს მაგალითზე განსაკუთრებით ნათლად ჩანს, როგორ მოქმედებს სივრცის ორგანიზება ადამიანების ურთიერთობებზე, გარემოს აღქმასა და ცხოვრების ხარისხზე. ერთი შეხედვით მცირე და არაფორმალური სივრცეები – საერთო ეზო, აივანი, შიდა გასასვლელი თუ ხის ჩრდილი – საბოლოოდ ქმნის იმ ყოველდღიურ გარემოს, რომელშიც ქალაქის სოციალური ცხოვრება ვითარდება.

ამ კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხიც სწორედ ისაა, რომ ქალაქის ღირებულება მხოლოდ ცალკეულ, გამორჩეულ ობიექტებში არ უნდა ვეძებოთ. ის ხშირად იქმნება ერთმანეთთან დაკავშირებული მრავალი მცირე სივრცის ერთობლიობით – იმ ფოროვანი ქსოვილით, რომელიც თბილისს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა ეპოქა, ადამიანი და ცხოვრების ფორმა ერთიან სისტემად შეინარჩუნოს. „ეზოლოგიის“ შესახებ, თბილისის ფოროვანი ქსოვილის მნიშვნელობასა და იმაზე, თუ რას გვიყვება თბილისური ეზო ქალაქის წარსულსა და მომავალზე, „უბნის“ თანადამფუძნებელი და გამოფენის ერთ-ერთი კურატორი, ნატა ტატუნაშვილი გვესაუბრება.

გიო სუმბაძის ფოტო ესე, 2026, ფოტო ეკუთვნის „უბანს“ © გრიგორი სოკოლინსკი

გლობალური კონტექსტის ილუსტრაციები, ავტორი — NWDS, 2026, ფოტო ეკუთვნის „უბანს“ © გრიგორი სოკოლინსკი

გამოფენის სახელწოდება — „ეზოლოგია“ — თითქოს ახალ დისციპლინას გვთავაზობს. თქვენი აზრით, რატომ იმსახურებს თბილისური ეზო ცალკე კვლევის საგნად ქცევას?

„ეზოლოგია“ მართლაც მოვიფიქრეთ როგორც არარსებული დისციპლინის სახელი. ამით გვინდოდა გვეთქვა, რომ ეზოს შეიძლება შევხედოთ არა უბრალოდ, როგორც ძველი თბილისის დამახასიათებელ არქიტექტურულ ელემენტს, არამედ, როგორც ცალკე კვლევის საგანს.

როდესაც თბილისზე ვსაუბრობთ, ხშირად ცალკეულ შენობებზე, ფასადებზე, ძეგლებსა და არქიტექტურულ სტილზე ვკონცენტრირდებით. ჩვენ კი გვაინტერესებდა ის, რაც მათ შორის არსებობს — ეზოები, გასასვლელები, კიბეები, აივნები, შუალედური სივრცეები, გამწვანება და მათში მიმდინარე ყოველდღიური ცხოვრება.

ეზო ერთდროულად ბევრ რამეს გვიყვება ქალაქზე: მის არქიტექტურაზე, რელიეფზე, სოციალურ ურთიერთობებზე, საკუთრების ისტორიაზე, პოლიტიკურ ცვლილებებსა და ცხოვრების წესზე. ამიტომ ჩვენთვის ის ერთგვარი გასაღები აღმოჩნდა, რომლის საშუალებითაც თბილისის ურბანული ქსოვილის მთლიანობაში წაკითხვა შეიძლება.

თბილისის საცხოვრებელი სახლების ტიპოლოგიები ვახტანგ ცინცაძის მიხედვით, შესრულება — ნატალია ვასაძე. 2026, ფოტო ეკუთვნის “უბანს” © გრიგორი სოკოლინსკი

თქვენ ეზოს „თბილისის ფოროვან ქსოვილად“ მოიხსენიებთ. რას ნიშნავს ეს მეტაფორა? რას ატარებს ეზო, რასაც ქუჩა ან შენობა ვერ ატარებს?

ფოროვანება ნიშნავს ურბანული ცხოვრების უნარს, გადავიდეს ერთი სივრციდან მეორეში. ფოროვან ქალაქში საჯარო და კერძო, შიდა და გარე, ბუნება და არქიტექტურა მკაცრად არ იყოფა. მათ შორის უამრავი შუალედური მდგომარეობა არსებობს.

თბილისური ეზო სწორედ ასეთი სივრცეა. ქუჩიდან შედიხარ თაღში, იქიდან ეზოში, ეზოდან კიბეზე, შემდეგ აივანზე. ხშირად ძნელია, ზუსტად თქვა, სად სრულდება საჯარო სივრცე და სად იწყება კერძო.

ამიტომ ეზო მხოლოდ შენობებს შორის სიცარიელე არ არის. ის სხვადასხვა სივრცესა და ადამიანს ერთმანეთთან აკავშირებს. სწორედ ამ კავშირების ერთობლიობა ქმნის თბილისის ფოროვან ქსოვილს.

ბევრი თბილისელი ეზოს ნოსტალგიასთან აკავშირებს, თუმცა თქვენ მას ანალიტიკური კვლევის ობიექტად აქცევთ. როგორ გავმიჯნოთ რომანტიზებული წარმოდგენა რეალური ურბანული ღირებულებისგან?

ნოსტალგია სრულიად გასაგებია. თბილისური ეზო კოლექტიურ მეხსიერებაში ძალიან ძლიერ ემოციურ სახედ არსებობს — ბავშვობა, მეზობლები, საერთო სუფრები, აივნიდან აივანზე საუბარი… ქართულმა კინომაც დიდწილად სწორედ ასეთი რომანტიზებული სახე შემოგვინახა.

მაგრამ ჩვენი მიზანი იყო, ამ ემოციური დამოკიდებულების მიღმა დაგვენახა, თუ რა ქმნის ეზოს ღირებულებას.

რუკაზე დატანა, გაზომვა, ისტორიული კადასტრების შედარება, გასასვლელების, ხეების, ნაკვეთების, მიშენებების აღრიცხვა, საკუთრების სტრუქტურის დაკვირვება, გვანახებს, თუ როგორ ქმნის ეზო გამტარობას, ინარჩუნებს გამწვანებას, ანაწილებს შენობებს შორის ღია სივრცეს, ქმნის ადამიანურ მასშტაბს და ხელს უწყობს მეზობლურ ურთიერთობებს.

ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ, რა სივრცითი, სოციალური და ეკოლოგიური თვისებები აქვს ეზოს, რომელთა დაკარგვაც ქალაქის ხარისხზე მოახდენს გავლენას.

კვლევის პროცესში იყო თუ არა აღმოჩენა, რომელმაც თქვენივე წარმოდგენა თბილისურ ეზოზე რადიკალურად შეცვალა?

ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ის იყო, რომ კვლევის დასაწყისში უფრო ცალკეულ ეზოებს ვაკვირდებოდით, ბოლოს კი მივხვდით, რომ მთავარი ღირებულება სწორედ მათ ერთობლიობაშია.

გამწვანების კვლევისას აღმოჩნდა, რომ ეზოების ხეები, ვაზი, ბაღები, ქოთნის მცენარეები და ნახევრად ველური მწვანე სივრცეები ქალაქში გაბნეულ ეკოლოგიურ ქსელს ქმნის, რომლის დიდი ნაწილი ოფიციალურ მწვანე ზონებად საერთოდ არ აღირიცხება.

ფოროვანების რუკამ კი გვაჩვენა, რამდენად ღრმად აღწევს ქალაქური ცხოვრება ქუჩის მიღმა — ეზოებში, გასასვლელებში, შუალედურ სივრცეებში.

ერთი ეზო შეიძლება ძალიან კარგი საცხოვრებელი გარემო იყოს, მაგრამ ათასობით ერთმანეთთან დაკავშირებული ეზო უკვე ქალაქის სისტემაა. როგორც ღრუბლის ფორები – მათი მნიშვნელობა არა თითოეულ ფორაში ცალ-ცალკე, არამედ მათ ერთობლიობასა და ურთიერთკავშირშია.

ნანკა დოლიძის ფოტო ესე, 2026, ფოტო ეკუთვნის „უბანს“ © გრიგორი სოკოლინსკი

თქვენი აზრით, რა არის ის ერთი თვისება, რომელსაც თანამედროვე თბილისი ყველაზე მეტად კარგავს და რომელსაც ისტორიული ეზო ყველაზე კარგად ინახავს?

თანამედროვე ქალაქში სივრცეები სულ უფრო მკაფიოდ იყოფა: ბინა, სადარბაზო, ქუჩა, კერძო საკუთრება, საჯარო სივრცე. ისტორიულ თბილისში კი ამ კატეგორიებს შორის უამრავი გარდამავალი სივრცე არსებობდა.

აივანი ერთდროულად სახლის ნაწილიც იყო და ეზოსიც. კიბე გადაადგილების საშუალებაც იყო და შეხვედრის ადგილიც. ეზო კერძოც იყო და საზიაროც. ხე, რომლისთვისაც შეიძლება კონკრეტულ ოჯახს მოევლო, მაგრამ ჩრდილს მთელ ეზოს აძლევდა.

სწორედ ეს შუალედური სივრცეები ქმნის ურთიერთობას – ადამიანებს შორის, სახლსა და ქალაქს შორის, არქიტექტურასა და ბუნებას შორის.

ბერიკა ბერიძის ფოტო ესე, 2026, ფოტო ეკუთვნის „უბანს“ © გრიგორი სოკოლინსკი

რამდენად შეიძლება ქალაქის დაგეგმარებაში გამოყენებულ იქნას მსგავსი კვლევები? რეალურად აღწევს თუ არა ასეთი ცოდნა გადაწყვეტილების მიმღებ ჯგუფებთან?

ჩემთვის, ნებისმიერი ხარისხობრივი ცვლილების პირველი ნაბიჯი ღირებულების დანახვა და მისი მკაფიოდ ფორმულირებაა. სანამ რაიმეს დაცვაზე ან რეგულირებაზე ვისაუბრებთ, ჯერ უნდა ვიცოდეთ, კონკრეტულად რას ვიცავთ და რატომ.

ცალკეული ისტორიული შენობა უკვე ყველასთვის გასაგები კატეგორიაა. მას შეიძლება ჰქონდეს ძეგლის სტატუსი, აღწერა, საზღვრები. მაგრამ როგორ ვიცავთ ეზოს სიცარიელეს? გასასვლელს? შენობებს შორის არსებულ სივრცეს? მცირე ნაკვეთების ქსელს? იმ ურთიერთობას, რომელიც აივანს, კიბეს, ეზოსა და ქუჩას შორის არსებობს?

დღეს ამ ყველაფერს ხშირად არც მკაფიო სამართლებრივი განსაზღვრება აქვს და არც მის ღირებულებაზე არსებობს საკმარისი საზოგადოებრივი კონსენსუსი.

სწორედ ამიტომ დავიწყეთ ეს კვლევა — ჯერ დავინახოთ ეს ერთი შეხედვით განუსაზღვრელი მატერია, აღვწეროთ, დავარქვათ სახელები და შევქმნათ ენა, რომლითაც მასზე საუბარს შევძლებთ.

„ეზოლოგია — თბილისის ფოროვანი ქსოვილი“, ინსტალაციის ხედი, 2026, ფოტო ეკუთვნის „უბანს“ © გრიგორი სოკოლინსკი

ქალაქის შესწავლა ხშირად სტატისტიკითა და გენგეგმებით შემოიფარგლება. თქვენ შემთხვევაში კი კვლევის ცენტრში ყოველდღიური ცხოვრებაა. რამდენად მნიშვნელოვანია ურბანული დაგეგმარებისთვის ადამიანების ყოველდღიური გამოცდილების შესწავლა?

ქალაქი, საბოლოოდ, ყოველდღიური ცხოვრების გარემოა. ამიტომ, შეუძლებელია მისი ხარისხი მხოლოდ კვადრატული მეტრებით, სიმჭიდროვით, სართულების რაოდენობით ან სხვა კოეფიციენტებით გავზომოთ.

ორი უბანი შეიძლება სტატისტიკურად ძალიან ჰგავდეს ერთმანეთს, მაგრამ სრულიად განსხვავებული ცხოვრების ხარისხი ჰქონდეს.

ჩვენთვის ამიტომ იყო მნიშვნელოვანი არა მხოლოდ იმის დაფიქსირება, სად დგას შენობა, არამედ – როგორ შედის ადამიანი სახლში, სად ხვდება მეზობელს, სად ჯდება, საიდან ხედავს ქუჩას, სად არის ჩრდილი, სად იზრდება ხე, რამდენი ნაბიჯია კერძო სივრციდან ღია სივრცემდე.

ზოგჯერ სწორედ ასეთი პატარა, ყოველდღიური დეტალები განსაზღვრავს, გვინდა თუ არა კონკრეტულ ადგილას ცხოვრება.

არქიტექტურა სოციალური ცხოვრების მხოლოდ ფონი არ არის. სივრცის მოწყობა გავლენას ახდენს იმაზე, თუ რამდენად ხშირად ვხვდებით ერთმანეთს, რამდენად იზოლირებულად ვგრძნობთ თავს, გვაქვს თუ არა ბუნებასთან ყოველდღიური კავშირი და რამდენად ვგრძნობთ თავს კონკრეტული ადგილის ნაწილად.

რა გითხრათ თბილისურმა ეზომ ქალაქზე ისეთი, რასაც ოფიციალური დოკუმენტები ვერასოდეს გვეტყოდნენ?

ალბათ ის, რომ ქალაქის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ოფიციალურ აღრიცხვებში საერთოდ უხილავია.

მაგალითად, რუკაზე შეიძლება დაინახო შენობა, ნაკვეთის საზღვარი და ქუჩა, მაგრამ ვერ დაინახო ხე, რომელსაც მთელი ეზო უვლის; პატარა გასასვლელი, რომელსაც მეზობლები ყოველდღე იყენებენ; კიბე, რომელიც ერთდროულად რამდენიმე სახლს აკავშირებს; ან ადგილი, სადაც ადამიანები საღამოს სკამებს დგამენ.

ჩვენს გამწვანების რუკაზეც სწორედ ეს გამოჩნდა — ქალაქის ეკოლოგიური ქსელის ძალიან დიდი ნაწილი ოფიციალურ მწვანე სივრცეებად საერთოდ არ აღირიცხება.

იგივე ეხება სოციალურ ცხოვრებასაც. კადასტრი გვეტყვის, ვის ეკუთვნის მიწა, მაგრამ ვერ გვეტყვის, ვისთან არის ეს სივრცე გაზიარებული, ვინ უვლის მას, ვინ გადის იქ ყოველდღე და რა ურთიერთობები არსებობს ადამიანებს შორის.

ამიტომ ქალაქის გასაგებად ოფიციალური მონაცემები აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი. ქალაქს მეორე, არაფორმალური რუკაც აქვს — ყოველდღიური გამოყენების, ზრუნვის, ჩვევებისა და ურთიერთობების რუკა.

studio2AM-ის გრაფიკული ესე, 2026, ფოტო ეკუთვნის „უბანს“ © გრიგორი სოკოლინსკი

wit[h]nessing-ის მიერ ორგანიზებული სემინარის შედეგები, ლიტერატურული რეზიუმეები და საარქივო ფოტოები. 2026, ფოტო ეკუთვნის „უბანს“ © გრიგორი სოკოლინსკი
თქვენი აზრით, რა არის ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც დღეს თბილისურ ეზოებს ემუქრება — ფიზიკური განადგურება, ფუნქციის დაკარგვა თუ საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა?

ეს პროცესები ერთმანეთთან არის დაკავშირებული, მაგრამ ყველაზე შეუქცევადი მაინც ფიზიკური განადგურებაა.

სოციალური ფუნქცია შეიძლება შეიცვალოს და შემდეგ ახალი ფორმით დაბრუნდეს.  ისტორიულად, ეზო ისედაც მუდმივად იცვლებოდა — განსაკუთრებით საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდში. ეს ადაპტაციის უნარი მისი ბუნების ნაწილია.

მაგრამ როდესაც რამდენიმე პატარა ნაკვეთი ერთიანდება, არსებული სახლები და ეზოები ქრება და მათ ადგილს ერთი დიდი კორპუსი იკავებს, თავად სივრცითი სისტემა ნადგურდება. მასთან ერთად ქრება ღია სივრცეების განაწილება, გასასვლელები, გამწვანება, ადამიანური მასშტაბი და ის ფოროვანება, რომელსაც ეს ქსოვილი ქმნიდა.

ეს განსაკუთრებით იმ ადგილებში ხდება, სადაც ცალკეულ შენობებს ძეგლის სტატუსი არ აქვს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი იმის გაცნობიერება, რომ დაცვის სტატუსის არქონა ღირებულების არქონას არ ნიშნავს.

თუ ჯერ ფიზიკურ ქსოვილს შევინარჩუნებთ, მასში ცხოვრების ფორმების შეცვლისა და განვითარების შესაძლებლობა ყოველთვის დარჩება. თუ თავად ქსოვილი გავაქრეთ, მისი დაბრუნება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.

O’BVDS-ის ვიდეო, „უბნისა“ და NWDS-ის მიერ შექმნილი საფოსტო ბარათები. 2026, ფოტო ეკუთვნის „უბანს“ © გრიგორი სოკოლინსკი

დაბოლოს, თქვენი აზრით, რაზე უნდა დააფიქროს ამ გამოფენამ დამთვალიერებელი? კონკრეტულად რა უნდა შეიცვალოს მის დამოკიდებულებაში თბილისის მიმართ?

ალბათ ყველაზე მეტად მინდა, რომ გამოფენიდან გამოსულმა ადამიანმა თბილისს ცოტა სხვანაირად შეხედოს.

რომ ქალაქში სეირნობისას მხოლოდ ფასადები და ცალკეული ლამაზი შენობები აღარ დაინახოს. შეამჩნიოს მათ შორის დარჩენილი სივრცე, ღია ჭიშკარი, გასასვლელი, კიბე, ეზოში მდგარი ძველი ხე, აივანი, რომელიც ერთდროულად რამდენიმე სივრცეს ეკუთვნის.

ანუ დაინახოს ის, რასაც ყოველდღე გვერდს ვუვლით და ხშირად მნიშვნელოვნად არ მივიჩნევთ.

ჩვენი მთავარი გზავნილიც სწორედ ესაა: ქალაქი მის შენობებზე მეტია. მემკვიდრეობა მხოლოდ ცალკეული ძეგლები არ არის. ეს არის ურთიერთობები, სივრცითი სისტემები, სიცარიელეები, ლანდშაფტი და ცხოვრების ის ფორმები, რომლებიც მათში ყალიბდება.

თუ გამოფენის შემდეგ ადამიანი საკუთარ ქალაქში ამ ყველაფრის შემჩნევას დაიწყებს და დაფიქრდება თუ რას ვკარგავთ მაშინ, როდესაც ეს ქსოვილი ქრება, ჩემთვის ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი იქნება.

ავეჯის სფეროდან Home & Living კონცეფციამდე — Comforter-ი ახალ მიმართულებას ამატებს

მსოფლიო დონის არქიტექტურა SHARE Georgia 2026-ზე: სექტემბერში თბილისში ინდუსტრიის გლობალური ლიდერები შეიკრიბებიან