სახლი მხოლოდ ავეჯით არ სრულდება. სივრცის ხასიათს ხშირად სწორედ ის დეტალები განსაზღვრავს, რომლებიც ყოველდღიურ გამოცდილებას ქმნის — მასალები, ტექსტილი, ჭურჭელი და ნივთები, რომლებიც ინტერიერს ფუნქციურ და ცოცხალ გარემოდ აქცევს. ამიტომ, როდესაც ავეჯის ბრენდი საკუთარი საზღვრების გაფართოებას იწყებს, ეს მხოლოდ ასორტიმენტის ზრდა აღარ არის — ეს შეიძლება თავად ბრენდის როლისა და იდენტობის ცვლილებასაც ნიშნავდეს.
სწორედ ასეთი გარდაქმნის ეტაპზეა დღეს კომფორტერი. ბრენდი, რომელსაც აქამდე, პირველ რიგში, ავეჯთან ვაკავშირებდით, ახალ მიმართულებებს ითვისებს და სახლის მოწყობას უფრო ფართო პერსპექტივიდან უყურებს. ამ პროცესის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ახალზელანდიური ბრენდის, ACME-ს შემოტანაა, თუმცა ეს სიახლე გაცილებით დიდი სტრატეგიის ნაწილია.
რა დგას კომფორტერის ახალი მიმართულების უკან, როგორ იცვლება ბრენდის ხედვა და სად გადის გზა ავეჯის შოურუმიდან სრულფასოვან Home & Living კონცეფციამდე — ამ თემებზე კომფორტერის მარკეტინგისა და ბრენდის ხელმძღვანელს (CMO), მარიამ დვალიშვილს და პროექტების მენეჯერს, თათია კახელიშვილს ვესაუბრეთ.

კომფორტერს აქამდე, პირველ რიგში, ავეჯთან ვაკავშირებდით. რატომ გადაწყვიტეთ ასორტიმენტის გაფართოება და ჭურჭლის მიმართულების დამატება? ასევე საინტერესოა, რატომ შეარჩიეთ სწორედ ACME ამ ახალი მიმართულების დასაწყებად?
ჭურჭლის მიმართულების დამატება ჩვენთვის ბუნებრივი ნაბიჯი იყო, რადგან გვინდოდა, კომფორტერში წარმოდგენილი დიზაინი ავეჯის ფარგლებს გასცდენოდა და ყოველდღიური გამოყენების ნივთებშიც გაგრძელებულიყო. ამ მიმართულების დასაწყებად ACME გახდა ჩვენი პარტნიორი – ახალი ზელანდიური ბრენდი, რომელიც ყავის კულტურასთან ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული და ამ სფეროში 30 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ პირველი ბრენდი ამ კატეგორიაში ყოფილიყო არა უბრალოდ ვიზუალურად საინტერესო, არამედ ძლიერი ისტორიითა და პროფესიონალურ ინდუსტრიაში ჩამოყალიბებული გამოცდილებით.

კომფორტერი ჭურჭელთან ერთად ახალ მიმართულებებსაც ამატებს — თეთრეულს, პარკეტსა და სამზარეულოს. რატომ გადაწყვიტეთ ამ კატეგორიების დამატება და რას ცვლის ეს კომფორტერისთვის?
ჩვენ გვინდა, მომხმარებელს სახლის მოწყობის პროცესში უფრო ფართო არჩევანი შევთავაზოთ. სწორედ ამიტომ წლის ბოლომდე ვამატებთ თეთრეულს, პარკეტსა და სამზარეულოს – კატეგორიებს, რომლებიც ინტერიერის სხვადასხვა ეტაპს მოიცავს და ავეჯს და სახლის მოწყობის პროცესს ბუნებრივად ავსებს.
ეს ცვლილება კომფორტერს საშუალებას აძლევს, მომხმარებელთან ურთიერთობა მხოლოდ ავეჯის შერჩევით აღარ შემოიფარგლოს. ადამიანს შეეძლება ჩვენთან გადაწყვიტოს როგორც სივრცის ძირითადი ელემენტები – მაგალითად, იატაკი და სამზარეულო – ისე ისეთი დეტალები, როგორიც თეთრეული და სახლის აქსესუარებია.
ACME-ის ისტორია არა უბრალოდ დიზაინის, არამედ უშუალოდ hospitality ინდუსტრიის გამოცდილებიდან იწყება. თქვენი აზრით, როგორ იგრძნობა ეს გამოცდილება თავად პროდუქტში და რა განასხვავებს ACME-ს ჩვეულებრივი ჭურჭლის ბრენდებისგან?
ACME-ს შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ბრენდი პროდუქტის შექმნამდე თავად ინდუსტრიის ნაწილი იყო. ბრენდის შემქმნელები წლების განმავლობაში მუშაობდნენ ყავის სფეროში და კარგად იცოდნენ, რა სჭირდებოდათ ბარისტებსა და პროფესიონალურ სივრცეებს ყოველდღიურ მუშაობაში.
ამიტომ ACME-ს პროდუქტები რეალური საჭიროებებიდან შეიქმნა და არა მხოლოდ ესთეტიკური იდეიდან. სწორედ ეს გამოცდილება აძლევს ბრენდს ავთენტურობას და, ვფიქრობ, ყველაზე მეტად განასხვავებს მას ჩვეულებრივი ჭურჭლის ბრენდებისგან.

პროფესიონალურ სივრცეში ჭურჭელს ერთდროულად საკმაოდ ბევრი მოთხოვნა აქვს — დიზაინი, გამძლეობა, ერგონომიკა, მარტივი მოვლა და ინტენსიურ გამოყენებასთან ადაპტირება. ამ თვალსაზრისით, რა არის ACME-ს მთავარი უპირატესობა?
ACME-ს მთავარი უპირატესობა ისაა, რომ თითოეული დეტალი გამოყენების პროცესზეა გათვლილი. მნიშვნელოვანია ჭიქის ფორმა და წონა, რამდენად კომფორტულად ჯდება ხელში, რამდენად მარტივია მისი ყოველდღიური მოვლა და რამდენად კარგად უძლებს ინტენსიურ დატვირთვას.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროფესიონალურ გარემოში, სადაც ერთი და იგივე პროდუქტი დღის განმავლობაში არაერთხელ გამოიყენება. შესაბამისად, აქ კარგი დიზაინი მხოლოდ ვიზუალს არ ნიშნავს – ის პროდუქტის მოხერხებულობასა და გამძლეობაშიც უნდა გამოიხატებოდეს.

ACME თავიდანვე პროფესიონალური hospitality გარემოს საჭიროებებზე შეიქმნა. რამდენად მნიშვნელოვანი იქნება B2B მიმართულება კომფორტერისთვის და კონკრეტულად ვის მოიაზრებთ თქვენს პარტნიორებად?
B2B მიმართულება ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. პირველ რიგში პარტნიორებად მოვიაზრებთ კაფეებს, რესტორნებს, სასტუმროებსა და სხვა hospitality ობიექტებს, სადაც ჭურჭელი არა უბრალოდ ინტერიერის ნაწილია, არამედ ყოველდღიური სამუშაო ინსტრუმენტიც.
გვინდა, პროფესიონალურ მომხმარებელს ჰქონდეს შესაძლებლობა, კომფორტერის საშუალებით შეარჩიოს მის ფორმატზე, მენიუსა და საჭიროებებზე შესაბამისი ACME-ს პროდუქცია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით ურთიერთობა მხოლოდ გაყიდვით არ დასრულდეს და ბიზნესებისთვის გრძელვადიანი პარტნიორი გავხდეთ.

შეიძლება ითქვას, რომ კომფორტერი ეტაპობრივად ავეჯის შოურუმიდან სრულფასოვან Home & Living კონცეფციისკენ მიდის? როგორ ხედავთ ბრენდს რამდენიმე წლის შემდეგ?
დიახ, თუმცა ჩვენთვის Home & Living მხოლოდ ბევრი სხვადასხვა პროდუქტის ერთ სივრცეში თავმოყრას არ ნიშნავს. საბოლოო მიზანია, კომფორტერს ჰქონდეს საკუთარი მკაფიო ხედვა და მომხმარებელმა იცოდეს, რომ აქ წარმოდგენილი თითოეული ბრენდი და პროდუქტი გააზრებული შერჩევის შედეგია.
რამდენიმე წლის შემდეგ გვინდა კომფორტერი იყოს ადგილი, რომელსაც მომხმარებელი სახლის მოწყობისას არა მხოლოდ კონკრეტული ნივთის შესაძენად, არამედ იდეების, საინტერესო ბრენდებისა და ხარისხიანი გადაწყვეტილებების აღმოსაჩენად მიმართავს.
[R]






