in

ბექა ფხაკაძე SALONI KITCHEN-ის კრეატიული დირექტორი გახდა

არქიტექტორი, სტუდია STIPFOLD-ისა და STENSE-ის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი ბექა ფხაკაძე SALONI KITCHEN-ის კრეატიულ დირექტორად დაინიშნა. ახალ პოზიციაზე ის სამზარეულოს ავეჯის მიმართულების შემოქმედებითი იდენტობის, დიზაინის ფილოსოფიისა და პროდუქტის განვითარების ხედვის ჩამოყალიბებაზე იმუშავებს.

ახალი მიმართულება თურქული ავეჯის ბრენდის, SALONI-სა და ერთ-ერთი ქართული მწარმოებლის პარტნიორობის ფარგლებში შეიქმნა. თანამშრომლობა 2026 წლის ნოემბერში გაფორმდა და სამზარეულოს ავეჯის საქართველოში წარმოებას ითვალისწინებს. ამისთვის ქვეყანაში ახალი, 10 000 კვადრატული მეტრის საწარმო მოეწყო. 2000 წელს დაარსებული SALONI დაახლოებით 80 ქვეყანაში, 200-ზე მეტი გაყიდვის წერტილით არის წარმოდგენილი.

პირველი კოლექცია სამზარეულოს ოთხ სერიას გააერთიანებს, რომლებზეც STIPFOLD-ი და STENSE-ი იმუშავებენ. სტუდიები განსხვავებულ, თუმცა ურთიერთშემავსებელ დიზაინმიდგომებს გამოიყენებენ.

STIPFOLD-ი კოლექციის ფლაგმანურ სერიას შექმნის, რომელშიც სამზარეულო კულტურული და მხატვრული გამოხატვის ობიექტად განიხილება. დიზაინის შემუშავებისას აქცენტი არასტანდარტულ გადაწყვეტებზე, მასალების შესაძლებლობების კვლევასა და ოსტატობაზე გაკეთდება. სერია თავიდანვე სერიული წარმოებისთვის იქნება გათვლილი.

STENSE-ის მიერ შემუშავებული სამი სერიის მთავარი პრინციპები კი მინიმალიზმი, ფუნქციურობა და წარმოების ეფექტიანობა იქნება. თავშეკავებული ვიზუალური ენისა და ოპტიმიზებული საწარმოო პროცესების დახმარებით, ეს კოლექციები უფრო ფართო მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი, დიზაინისა და მასალების ხარისხის შენარჩუნებით.

ოთხივე სერია საქართველოში დაპროექტდება და დამზადდება, საერთაშორისო ბაზარზე მათი გავრცელება კი SALONI-ს გლობალური ქსელის მეშვეობით იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ ეს STIPFOLD-ისა და STENSE-ის პირველი თანამშრომლობაა საერთაშორისო ავეჯის ბრენდთან პროდუქტის დიზაინის მიმართულებით. პარტნიორობა მათი საქმიანობის მასშტაბს აფართოებს — კონკრეტული სივრცისთვის შექმნილი არქიტექტურისა და ინტერიერის მიღმა, სტუდიები იმუშავებენ პროდუქტებზე, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მრავალ განსხვავებულ გარემოში შეიძლება აღმოჩნდეს.

წყარო: STIPFOLD

დიზაინი, რომელიც ადამიანთან ემოციურ კავშირს ქმნის – ინტერვიუ ნინო გორგილაძესთან