in

“Passion for Creation”, როგორც სტუდია Stipfold-ის ფილოსოფია – ინტერვიუ ბექა ფხაკაძესთან

განუწყვეტელი ფორმირებითა და კონკურენციით გამორჩეულ არქიტექტურულ სივრცეში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ინფორმაციის ფლობა, იქნება ეს საერთაშორისო ტრენდები, ნოვატორული იდეები თუ დამკვეთებთან ინდივიდუალური მიდგომით მათ შესახებ ცოდნის მიღება.  მუდმივი განვითარება და შემეცნება ის აუცილებელი მოთხოვნებია, რომლებსაც ამ ინდუსტრიაში მოღვაწე პროფესიონალები უნდა აკმაყოფილებდნენ. homeis.ge ამ და სხვა მნიშვნელოვან  გამოწვევებზე ესაუბრა ქართული არქიტექტურული სტუდია Stipfold-ის დამფუძნებელს, ბექა ფხაკაძეს, რომელიც თავის გუნდთან ერთად მომხმარებელს მსოფლიო ასპარეზზე აღიარებულ პროექტებსა და უნიკალურ კონცეფციას სთავაზობს.

-ვინ დგას Stipfold-ის უკან? გვიამბეთ კომპანიის შექმნის ისტორია.

– Stipfold 2012 წელს შევქმენი. სტუდენტობის პერიოდიდან მოყოლებული, საკუთარი კომპანიის დაარსებამდე ძირითადად უცხოელ არქიტექტორებთან ვმუშაობდი. 2012 წელს, როგორც იცით, მთავრობა შეიცვალა და ამ პერიოდში თითქმის ყველა პროექტი, რომელზეც ვმუშაობდი, მოულოდნელად გაჩერდა. რამდენიმე თვის განმავლობაში, ფაქტობრივად, უსაქმოდ ვიყავი და ჩვეული ტემპიდან გამომდინარე, სწორედ ამ რთულ პერიოდში გადავწყვიტე გადამედგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ჩემი კომპანია შემექმნა. თავიდან რამდენიმე წელი მარტო ვმუშაობდი. კომპანიის ფილოსოფია თავიდანვე ეფუძნებოდა ჩემი პროფესიის, არქიტექტურის მიმართ უდიდეს სიყვარულს და მათ მიმართ, ვინც ჩემთან ერთად გააგრძელებდა Stipfold-ში მუშაობას, მხოლოდ ერთი მოთხოვნა მქონდა: მათ უნდა მიეღოთ სიამოვნება საკუთარი საქმის კეთებისგან. ჩვენი კომპანიის სლოგანიც სწორედ ეს არის – „Passion for Creation”. კომპანიის გუნდის ყოველი წევრი სიამოვნებასა და შთაგონებას იღებს სამუშაო პროცესით. არქიტექტურა და დიზაინი ბევრი პატარ-პატარა ეტაპისა და დეტალისგან შედგება და ბუნებრივია, რამდენიმე დანარჩენებზე მეტად მომწონს, ამიტომ ვცდილობ სამუშაო პროცესის დელეგირებას და იმის კეთებას, რაც შედარებით მაინტერესებს. ამ პრინციპით ვირჩევთ თანამშრომლებსაც – თითოეული მათგანი იმ განხრით მუშაობს, რომელიც მისთვის ჩამთრევი, ამოუწურველი და მიმზიდველია.

Stipfold-ის შექმნილი ინტერიერის დიზაინის პროექტი “VERPON”

 

-რატომ სახელი Stipfold?

-კომპანიის სახელზე ძალიან ბევრი ვიფიქრე და ის რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შევარჩიე. უმთავრესი, რაც მსურდა, იყო ის, რომ სტუდიის სახელი ყოფილიყო უნიკალური – მსგავსი სიტყვა ლექსიკონში არ უნდა არსებულიყო, რათა კომპანიის სახელის გაგონებაზე ადამიანებს სხვა ასოციაციები არ აღძვროდათ და ის პირველად მოესმინათ. აქედან გამომდინარე, სახელი „Stipfold“ ორი ინგლისური სიტყვისგან შედგება – “Steep” და “Fold”, რომელთა გაერთიანებით განსხეულებულია კედლების, იატაკისა და ჭერის – როგორც ერთმანეთისგან განცალკევებული სამი ნაწილის – ერთიანობაში აღქმის იდეა.

previous arrow
next arrow
Slider

Stipfold-ის შექმნილი ინტერიერის დიზაინის პროექტი “VERPON”

-გვიამბეთ Stipfold-ის ხედვასა და კონცეფციაზე, რა იდეების განხორციელებას ცდილობთ თქვენს პროექტებში?

– Stipfold-ში ყველა კლიენტს ინდივიდუალურად ვუდგებით და თითოეულ პროექტზე ძალიან ბევრს ვფიქრობთ, რათა მათში ვიპოვოთ ის უნიკალური, განსხვავებული დეტალი, რომელიც დამკვეთის შინაგან სამყაროს გამოკვეთს. ამას დრო სჭირდება, რადგან კლიენტები თავიდან საკმაოდ რთულად იხსნებიან, საჭიროა მათთან მუდმივი კონტაქტი.  სწორედ ამ ურთიერთობებში ჩადებული ენერგიითა და შრომით მივაღწიეთ იმას, რომ ჩვენი თითოეული ნამუშევარი განსხვავებულ ხასიათს ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ Stipfold თანამედროვე არქიტექტურულ ტრენდებს მისდევს, ვინარჩუნებთ მრავალფეროვან სტილს, რაც ჩვენ მიერ შექმნილ თითოეულ სივრცეს უნიკალურ შტრიხებს ანიჭებს და ამიტომ Stipfold-ის არცერთი პროექტი არ ჰგავს ერთმანეთს. ჩვენი სტუდიის თვითმიზანი არა მასის დაკმაყოფილება და მათ ვიზუალურ გემოვნებაზე მორგებაა, არამედ დამთვალიერებელში პროექტებით ცნობისმოყვარეობისა და ინტერესის აღძვრაა.

Stipfold – Blackbird

ამასთან ერთად, ვფიქრობ, არქიტექტურული სტუდიების ხედვასა და კონცეფციაზე ყველაზე კარგად მათ მიერ შესრულებული საავტორო პროექტები მეტყველებენ, რომლებიც დამკვეთთა სურვილებით არ იზღუდებიან და რომლებშიც მისი ავტორები ბოლომდე თავისუფლები არიან. Stipfold-ის შემთხვევაში ასეთად მივიჩნევ “blackbirds”-ს, პროექტს, რომელიც 2012 წელს შევქმენი. „blackbird” ბევრ საერთაშორისო ჯილდოზე წარადგინეს, მათ შორის BE OPEN to the future-ზე, მილანში, და ის მოკლე დროში ძალიან პოპულარული გახდა. ამ დროიდან დავიწყე იმ მიზეზების შესწავლა, რომლებმაც მისი პოპულარობა განაპირობა და „blackbird”-ის დახვეწაზე მუშაობა გავაგრძელე – მას წლების განმავლობაში ვაუმჯობესებდი ჩემს გუნდთან ერთად და საბოლოო სახით საზოგადოებას ის წელს წარვუდგინეთ.

Stipfold – Blackbird

-მოგვიყევით თქვენი პირველი პროექტის შესახებ, მის კონცეფციაზე, რა გამოწვევების წინაშე დადექით მაშინ?

-ვერ გამოვყოფ პირველ პროექტს stipfold-ის შემოქმედებიდან, იმიტომ, რომ მისი დაარსების დღიდან ვმუშაობდი ბევრ პატარ-პატარა პროექტზე, რათა პორტფოლიო გამეზარდა – ამ რეჟიმში ვიყავი ჩართული სტუდენტობიდან. თუმცა, მნიშვნელოვანი პროექტი, რომელმაც პროფესიულად გამზარდა, იყო ინტერიერის დიზაინი, რომელიც ნაცნობს გავუკეთე სრულიად უსასყიდლოდ. ამ დროს ჩემი კომპანია არ მქონდა და მხოლოდ ერთი მოთხოვნა გამაჩნდა – ის უნდა გამომყოლოდა ყველა იდეაზე, რომელიც გამიჩნდებოდა. ასე შეიქმნა პროექტი “CAVE”, რომელიც დახრილი კედლებით ხასიათდება და განხორციელებისას ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა, თუმცა საერთო ჯამში, უნიკალურია.

previous arrow
next arrow
Slider

CAVE 

– Stipfold-ის შემოქმედებიდან რომელ პროექტს მიიჩნევთ განსაკუთრებით გამორჩეულად?

-ჩემი აზრით, არქიტექტორისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიმდინარე პროექტია, რადგან ყველა მომდევნო ნამუშევარზე მუშაობისას იზრდები, გეცვლება შეხედულებები და უკან მოხედვისას აანალიზებ, რამდენად განვითარდი საქმის შესრულებისას.

-რას ფიქრობთ ქართულ არქიტექტურულ სივრცესა და მის პრობლემებზე?

-საქართველოში მსოფლიო არქიტექტურულ სივრცეში არსებული ტრენდები საკმაოდ გვიან აღწევს. მაგალითად, მინიმალიზმი სხვადასხვა ქვეყნის არქიტექტურასა და დიზაინში დაახლოებით 10 წლის წინ იყო პოპულარობის პიკზე, ჩვენთან კი ის დღეს იძენს ცნობადობას და ჩვენც, შესაბამისად, დამკვეთის სურვილების მიხედვით ბევრ მინიმალისტურ პროექტზე ვმუშაობთ.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს ქართულმა არქიტექტურამ ტემპს აუჩქარა – ყოველწლიურად მეტი ადამიანი დადის საერთაშორისო არქიტექტურულ გამოფენებზე, რის შედეგადაც ის თანამედროვე იდეები, რომლებიც მსოფლიოს ირგვლივ ამ დარგს ამოძრავებს და ახალ სიცოცხლეს სძენს, ჩვენთანაც აღწევს.

previous arrow
next arrow
Slider

Stipfold-ის პროექტი Nodelic

-რა შედის Stipfold-ის სამომავლო გეგმებში?

-სტუდიაში მკაფიოდ გვაქვს ჩამოყალიბებული Stipfold-ის ხუთ და ათწლიანი სამომავლო გეგმები. ჩვენი მიზანი არაა ისეთ გიგანტურ კომპანიად ჩამოყალიბება, სადაც ასობით თანამშრომელი იმუშავებს, ამიტომ ამ მხრივ ცალსახად არ ვცდილობთ განვითარებას. ჩვენთვის პრიორიტეტულია ის, რომ სტუდიის ყველა კადრი იყოს საკუთარი საქმის პროფესიონალი და Stipfold-ში მუშაობა პრესტიჟული გახდეს. კომპანია მომხმარებელს განსხვავებულ ხედვას შესთავაზებს – ჩვენი წამყვანი მიმართულება კრეატივი იქნება და არა გრანდიოზულ პროექტებზე მუშაობა, მათ ბიუროკრატიულ დეტალებში ჩართვა.

მომავალში ასევე ვაპირებთ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას პროდუქტის დიზაინში (Product Design). გვსურს, რომ შევქმნათ სხვადასხვა ავეჯის დიზაინი და ისინი სხვადასხვა კომპანიებს შევთავაზოთ, გავხდეთ, ასე ვთქვათ, იდეების გენერატორი ამ სფეროში.

previous arrow
next arrow
Slider

Stipfold-ის პროექტი “RAXYSE” 

 

-როგორ ფიქრობთ, რა სამომავლო გავლენა ექნება არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინზე კორონავირუსის ეპოქას?

-პანდემიამ ამ ორ სფეროზე უკვე დიდი გავლენა იქონია. არც თუ ისე დიდი ხნის წინ ყველა ვხედავდით, როგორ მოგვიწოდებდნენ ცნობილი ვარსკვლავები საკუთარი უზარმაზარი სახლებიდან შინ დარჩენისკენ და როგორ უმარტივდებოდათ თავად ამ მოწოდების შესრულება თავიანთი საცხოვრებლების კომფორტული, აბსოლუტურად მათზე მორგებული დაგეგმარებიდან გამომდინარე.

სახლებში ამდენი ხნით ყოფნამ გადაგვააზრებინა პრიორიტეტები, ნათლად დაგვანახა, რომ აუცილებელია შინ გვქონდეს მაქსიმალური კომფორტი და ის მაქსიმალურად ჩვენი ცხოვრების ტემპის მიხედვით აღვჭურვოთ. გამოკვეთილი ტენდენციების მიხედვით, მომავალში კიდევ უფრო წამოიწევს წინ კერძო სახლების მშენებლობა და განსაკუთრებით პოპულარული გახდება სამუშაო სივრცის ორგანიზება ინტერიერის დიზაინში.

previous arrow
next arrow
Slider

Stipfold-ის პროექტი “Slashback”

გორგასლის ქუჩაზე საცხოვრებელი კომპლექსი „პარკ ორთაჭალა“ შენდება

RDMA-ს პროექტი “Cube House” ინდონეზიაში