ნინო დვალი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელია. არქიტექტურულ პროექტებთან მუშაობის თითქმის 12 წლიანმა სამუშაო გამოცდილებამ მას არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინთან დაკავშირებული ის უნარები გამოუმუშავა, რომლებიც შემდგომში საკუთარი ბინის რეაბილიტაციისას გამოადგა.
„ამას დაემატა ისიც, რომ ყოველთვის ძალიან დიდი ინტერესი მქონდა ამ სფეროს მიმართ და გადავწყვიტე, საკუთარი სახლი ერთგვარ ექსპერიმენტად მექცია საკუთარი შესაძლებლობების მოსასინჯად ინტერიერის დიზაინში“.
ეს ბინა, რომელიც ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს, ნინოს მეუღლეს ბებიისგან ერგო მემკვიდრეობით, ე.წ იტალიურ ეზოში. სივრცის საერთო ფართობი 63 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ბინაში, რომელიც ოთხ სართულიანი შენობის მეორე სართულზეა განთავსებული, 60-იანი წლების შემდეგ კაპიტალური რემონტი არ ჩატარებულა, ამიტომ ის სრულიად სარეაბილიტაციო იყო და რეკონსტრუქციას საჭიროებდა.
ბინის თავდაპირველმა მდგომარეობამ ნინო და მისი მეუღლე დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. არასტანდარტული ბინის ოთახები ერთმანეთში იყო გამავალი, სრულიად გამოუსადეგარი საინჟინრო კომუნიკაციებით, ხის კოჭებზე მოწყობილი იატაკი კი სრულად დეფორმირებული. ბინის სრულფასოვანი სახის მისაცემად აუცილებელი გახდა ინტერიერის გეგმარების შეცვლა, ტიხრების დემონტაჟი, საძინებლების, სამზარეულოს, მისაღები ოთახის არასტანდარტულ სივრცეში განაწილება ისე, რომ ოთახების განლაგება კომფორტული ყოფილიყო მაცხოვრებლისთვის. კიდევ ერთ სირთულეს ბინის დაგეგმარებისთვის, კონსტრუქციული სიმყარის შენარჩუნება წარმოადგენდა. ამასთანავე, სამუშაოების წარმოების პროცესში გამოვლინდა გაუთვალისწინებელი გარემოებები, თუმცა, როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიამბობს, სირთულეების მიუხედავად, ძალიან სასიამოვნო იყო კედლების ფერის, ავეჯის დიზაინის ან თუნდაც ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების შემდეგ მიღებული შედეგის ხილვა.
რაც შეეხება სივრცის გეგმარებას, ეს საქმე ნინომ საკუთარ თავზე აიღო და რემონტის სამომავლო ნაბიჯებიც თავად დასახა.
„მიუხედავად იმისა, რომ სამსახურში გამოცდილი და პროფესიონალი არქიტექტორების გვერდით ვმუშაობ, რეკომენდაციის დონეზეც კი არავინ ჩამირთავს ამ საქმეში. ბინა სრულიად მარტო დავაგეგმარე და დავსახე რემონტის სამომავლო გეგმები. თავიდანვე გააზრებული მქონდა, რომ დიდ საქმეს ვეჭიდებოდი. სარემონტო სამუშაოები, ნგრევიდან დაწყებული, სამღებრო საქმით დამთავრებული, ოჯახის ახლობელ ინჟინერ-მშენებელს, ჯიმი ჩაფიძეს მივანდეთ, რომელსაც დიდ მადლობას ვუხდი გაწეული სამუშაოსთვის. სულ ვამბობ: რომ არა ეს ადამიანი, მე და ჩემი მეუღლე, ჩვენი გადატვირთული გრაფიკის გამო, ფიზიკურად ვერ შევძლებდით საქმის ბოლომდე მიყვანას“.
როგორც ჩვენი რესპონდენტისგან ვიგებთ, მისთვის ყველაზე საინტერესო და სასიამოვნო ძველი ავეჯის განახლება და რესტავრაცია აღმოჩნდა. არასტანდარტული გეგმარების გამო, იმდენად იცვლებოდა ბინის პირვანდელი სახე, რომ ნინომ თავიდანვე გადაწყვიტა, ბებიის დანატოვარი ავეჯისა და მისეული ნივთებისთვის ახალი სიცოცხლე შეეძინა. ამ მიზნის განსახორციელებლად, მან საკუთარი ხელით განაახლა გადასაგდებად გამეტებული სანათები, საკიდები და ტიხრებიანი სარკეც ააწყო. უფრო მასშტაბურ სამუშაოებში კი მას დიზაინერი ტასო რაზმაძე დაეხმარა, რომელმაც უსიცოცხლო ავეჯს ახალი სული შთაბერა.
ნინოს ასევე დაეხმარა საკუთარი მეგობარი – გიორგი ბაგაური, რომელმაც სამზარეულო და ნიშაში ჩაშენებული სათავსო დაამზადა.
საბოლოო ჯამში, მიზანი, რომლის მიხედვით მეპატრონეებს უნდა შეექმნათ მყუდრო და პრაქტიკული სივრცე, მიღწეულია.
„მუშაობის პროცესში ვფიქრობდი მხოლოდ იმაზე, რომ უნდა შემექმნა სივრცე, სადაც ვიცხოვრებდით სიამოვნებით და არ შეგვაწუხებდა სახლში არსებული არც ერთი დეტალი. ინტერიერი არ არის გადატვირთული არც ფერებით და არც ავეჯით. მაგიდა, სკამი, კედელი და სანათები სრულ ჰარმონიაშია ერთმანეთთან. რაც ყველაზე მეტად მომწონს, არის ის, რომ ყველა დეტალი, მათ შორის დეკორატიულიც, რაღაც დანიშნულებით შეგვიძლია გამოვიყენოთ,” – ნინო დვალი
რუბრიკის წარმდგენია საქართველოს ბანკი