in

ფორმულა 1-ის ჩემპიონისა და მისი მეუღლის ზღაპრული სახლი პალმ სპრინგსში

Banner M2
Banner M2

ბრიტნი და ჯენსონ ბატონების კარიერა არაფერი იყო თუ არა შრომისმოყვარეობის შედეგი. მიუხედავად ამისა, ყოფილი პროფესიონალი მოდელისთვის და ფორმულა 1-ის 2009 წლის მსოფლიო ჩემპიონისთვის პალმ სპრინგსში მდებარე ახალი დასასვენებელი სახლი შემთხვევითობის განსახიერებაა. „შაბათ-კვირას პალმ სპრინგსში ვისვენებდით და თითქმის მაშინვე ვიგრძენი, რომ ხალხი, გარემო და არქიტექტურა აქ საოცარი იყო. გადავწყვიტეთ, რომ ეს სახლისთვის შესანიშნავი ადგილი იქნებოდა. თუმცა, როდესაც უძრავი ქონების ბაზარს გადავხედეთ, ვერაფერმა მოგვხიბლა.“

ეს შეიცვალა მაშინ, როდესაც ბრიტნი სოციალურ მედიის საშუალებით ახალი დედების ჯგუფს დაუკავშირდა. წყვილს ორი შვილი ჰყავს. „ვიღაცამ ეს შესანიშნავი ესპანური სახლი გვაჩვენა. მის სანახავად მეორე დღესვე წავედით და ეს სახლი მაშინვე შემიყვარდა.“

მიუხედავად იმისა, რომ დუეტის მთავარი რეზიდენცია კვლავ ბელ აირში რჩება, პალმ სპრინგსი მათთვის ქალაქის ხმაურისგან თავის დაღწევის საშუალებას წარმოადგენს. „მიყვარს უკანა ეზოში სეირნობა, აუზთან სასმელით ტკბობა და ამ არაამქვეყნიური მთის ქედის ყურება“, ამბობს ჯეისონი ახლომდებარე სან ჯაკინტოს მთების შესახებ. „და რადგან ეს ჩვენი მუდმივი საცხოვრებელი არ არის, ყოველი აქ სტუმრობა ჟრუანტელის მომგვრელია. ეს სახლი ყველაზე მეტად არის ჩვენზე კონცენტრირებული, ვიდრე ნებისმიერი სხვა ადგილი.“

ჯენსონისთვის, რომელიც დაიბადა და გაიზარდა გაერთიანებულ სამეფოში, ფორმულა 1-ის კარიერა კი 2016 წელს დაასრულა, პალმ სპრინგსი ყოველთვის წარმოადგენდა ამერიკულ კულტურასთან იდილიურ ასოციაციას. „იქ, საიდანაც მე ვარ, კალიფორნიის უდაბნოს შესახებ გარკვეული მითიური აღქმა არსებობდა“ – განმარტავს ჯენსონი. „ახლა, წლების განმავლობაში მსოფლიოში მოგზაურობის შემდეგ, გავიაზრე, თუ რას წარმოადგენს რეალურად ეს ადგილი და მივხვდი, რომ მის მსგავსს სხვაგან ვერ იპოვით.“

თავად სახლი მნიშნელოვან რენოვაციას საჭიროებდა. ეს ნიშნავდა საოჯახო ოთახის თავბრუდამხვევი მარმარილოს იატაკისა და სამზარეულოს 90-იანები წლების ხის კარადების მოშორებას – პირველი სუფთა, ერთიანი ბეტონით ჩაანაცვლეს, ხოლო უკანასკნელი – კვარცით. მთლიანობაში, ის, რაც ოდესღაც ინტერიერის თითქმის მოსაწყენ ნაკრებს წარმოადგენდა, ძველი სამყაროს ხიბლისა და ახალი სამყაროს რელაქსაციის გაერთიანების საშუალებით მშვიდ საცხოვრებლად გარდაიქმნა. საბოლოო ჯამში, ეს იყო სწორედ ის, რაც წყვილს სურდა.

სანამ ჯენსონმა უკანა პლანზე გადაინაცვლა, დიზაინის პროცესზე პასუხისმგებლობა მისმა მეუღლემ აიღო. კაპიტალური რემონტის განმავლობაში ბრიტნიმ იგრძნო სწრაფვა დიზაინისკენ, როგორც პროფესიისკენ. „მშობლებთან ერთად გამუდმებით დავდიოდი მეორეული ნივთების ბაზრობებზე“ – აღნიშნავს კალიფორნიელი. „მიყვარს ნივთებში ქექვა და რაღაც მოულოდნელის პოვნა. მომწონს საგნები, რომლებიც ნამდვილ ოსტატობას ავლენს.“ მაგრამ წყვილმა დაასკვნა: იმისთვის, რომ სახლი ნამდვილად მორგებოდა მათ ხედვას, აუცილებელი იყო პროფესიონალის მოძებნა. კიდევ ერთხელ, ბრიტნიმ სოციალური მედიის იმავე ჯგუფს მიმართა, რათა ინტერიერის დიზაინერი ეპოვა.

„როდესაც ჯენსონი და ბრიტნი პირველად გამაცნეს, ცოტა ვნერვიულობდი, რადგან ისინი ცნობილი ადამიანები არიან“­ – განმარტავს ტანია სტოუნი – Tanya Stone Interiors-ის დამფუძნებელი და მფლობელი. „მაგრამ დაძაბულობა მალევე მომეხსნა, რადგან ეს ძალიან თბილი წყვილია. ასეთ კლიენტებთან მუშაობა ახდენილი ოცნებაა.“ მაშინ, როცა ბრიტნის ხედვა განახლებული ინტერიერის არქიტექტურულ სქემაში განხორციელდა, სტოუნმა სივრცე მასალებისა და განათების საშუალებით დახვეწა. „მე ბრიტნის ხედვა მესმოდა, ის კი ჩემს მოსაზრებებს ენდობოდა. ბრიტნის კარგად ეხერხება ტექსტურებისა და სტილის დაბალანსება, რამაც აღმაფრთოვანა“ – ამბობს ტანია. პალმ სპრინგსში მათი პარტნიორობის შედეგად დინამიკურმა დუომ ძალები გააერთიანა და შექმნა Stone & Button, კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია ესპანური სტილის სახლების აღორძინებაში.

„არც მე და არც ჯენსონს მსგავსი რამ ადრე არ გაგვიკეთებია. თუმცა, საბოლოოდ მოვახერხეთ იმის შექმნა, რაც ნამდვილად აღგვაფრთოვანებს“­ – აღნიშნავს ბრიტნი.

6 წვრილმანი სახლის ნივთი, რომლებიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ – #Homeisსაყიდლები

10 ყველაზე ხშირად გაყალბებული დიზაინ ობიექტი