in ,

თბილისის სატრანსპორტო ვითარება: მიზეზები და გამოსავლის გზები – ირაკლი ლოლაშვილის მოსაზრება

თბილისში სატრანსპორტო დატვირთვა წლიდან წლამდე იზრდება. ავტომობილების რაოდენობის მკვეთრი მატების პარალელურად, ქალაქის საგზაო ინფრასტრუქტურა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი იმავე ტემპით ვერ ვითარდება, რის გამოც გადაადგილება ყოველდღიურად უფრო რთული და დროის მომთხოვნი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა — განახლდა ავტობუსების პარკი, მოეწყო ავტობუსის ზოლები და განხორციელდა სხვა ინფრასტრუქტურული ცვლილებები — სპეციალისტების შეფასებით, არსებული გამოწვევების მასშტაბი გაცილებით უფრო სიღრმისეულ და გრძელვადიან გადაწყვეტილებებს მოითხოვს.

როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოთ სატრანსპორტო კოლაფსი, რა როლი აქვს ამ პროცესში მეტროპოლიტენის განვითარებას, სარკინიგზო ინფრასტრუქტურას, ახალ ხიდებსა და ქალაქგეგმარებით ხედვას? ამ საკითხებზე საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს ქალაქმგეგმარებელი და არქიტექტურის დოქტორი – ირაკლი ლოლაშვილი. მის ხედვასა და წინადადებებს მკითხველს უცვლელად ვთავაზობთ:

თბილისის ტრანსპორტზე საუბრისას ყველაზე ხშირად სიტყვა „პრობლემა“ გვესმის. ქალაქში ავტომობილების რაოდენობა მილიონს უახლოვდება და ყოველწლიურად იზრდება, ქუჩების გამტარუნარიანობა კი თითქმის უცვლელი რჩება. ახალი შუქნიშნები, ავტობუსის ზოლები, მაღალი ტევადობის ავტობუსები და სხვა მსგავსი ღონისძიებები აუცილებელია, თუმცა ხარისხობრივი გარდატეხისთვის არასაკმარისი.

მსოფლიო გამოცდილება ცხადყოფს, რომ გამოსავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის წილის ზრდაშია. როგორ მივაღწიოთ იმას, რომ მოსახლეობამ უპირატეოსბა საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიანიჭოს? სანამ ამ საკითხზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, უნდა გავიხსენოთ მარტივი ჭეშმარიტება: წლების განმავლობაში დაგროვილი რთული პრობლემების გადაწყვეტის მარტივი გზები არ არსებობს. ჩვენ შემთხვევაში მარტივ გზებში ვგულისხმობ მოკლევადიან და მცირებიუჯეტიან “გამოსავლებს”. სამწუხაროდ, ზედაპირული მიდგომებით საწინააღმდეგო ეფექტს ვღებულობთ. ჩასატარებელი ღონისძიებების მასშტაბის წარმოსადგენად გთავაზობთ რამდენიმე ქალაქგეგმარებით მოსაზრებას: 

ქალაქის სატრანსპორტო სისტემის შეფასების ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობაა — რამდენ დროს ხარჯავს მოქალაქე გაჩერებამდე ან სადგურამდე მისასვლელად და რამდენად სრულად ფარავს ქსელი ქალაქს.

ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა მეტროპოლიტენს ენიჭება. თბილისის მეტროს გახსნიდან 60 წელი გავიდა, თუმცა მისი განვითარება 1980-იანი წლებიდან, ფაქტობრივად, შეჩერებულია. სადგურების რეაბილიტაცია და მოძრავი შემადგენლობის განახლება მნიშვნელოვანია, მაგრამ საკმარისი არაა. მეტროს სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის საჭიროა ახალი სადგურების, ჩასასვლელებისა და დამაკავშირებელი გვირაბების მშენებლობა, ასევე მეტროსა და მიწისზედა ტრანსპორტის უკეთ ინტეგრირება.

მრავალათასიანი საცხოვრებელი რაიონები მეტროს ინფრასტრუქტურას არ უნდა იყოს მოწყვეტილი. მეტროპოლიტენის განვითარება ქალაქის ზრდას მუდმივად უნდა მიჰყვებოდეს. ეს ძვირადღირებული და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მასშტაბით ავტობანების, პორტებისა და სხვა ეროვნული პროექტების მშენებლობას უტოლდება.

ამიტომ მეტროს განვითარება მხოლოდ თბილისის მერიის პრობლემად არ უნდა განიხილებოდეს. ეს ეროვნული მნიშვნელობის პროექტია, რადგან დედაქალაქში ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედი ცხოვრობს. აუცილებელია გრძელვადიანი პროგრამა, შესაბამისი ადმინისტრაციული სტრუქტურა, სტაბილური დაფინანსება და კონტროლის ეფექტიანი მექანიზმი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სანაპიროების გამტარუნარიანობა. თბილისის გრძივი სტრუქტურიდან გამომდინარე, მტკვრის ორივე სანაპირო ქალაქის მთავარი სატრანსპორტო მაგისტრალია. თუმცა, არსებული „ძაბრები“ და სანაპიროებს შორის მოუხერხებელი კავშირი მათ ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ამცირებს.

პრობლემის ერთ-ერთ შესაძლო გადაწყვეტილებად შეიძლება განიხილებოდეს სანაპიროებზე ცალმხრივი, წრიული მოძრაობის ორგანიზება. ასეთი სქემა მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუ სანაპიროები დაბალ ნიშნულებზე მოწყობილი სატრანსპორტო ხიდებით ეფექტიანად დაუკავშირდება ერთმანეთს.

არსებული ხიდები ამ ფუნქციას სრულად ვერ ასრულებს, რადგან ისინი მაღალ ნიშნულებზეა განლაგებული და სხვა ქალაქგეგმარებითი ამოცანების გადასაჭრელად აშენდა. წინასწარი შეფასებით, სამი ახალი ხიდის მოწყობა შეიძლება იყოს მიზანშეწონილი — ვეფხისა და მოყმის მონუმენტის მიმდებარედ, გმირთა მოედნის არეალში და იუსტიციის სახლთან. ასეთი პროექტი სანაპიროების გამტარუნარიანობას დაახლოებით 30 პროცენტით გაზრდიდა, თუმცა მის რეალიზაციამდე საჭიროა დეტალური ტექნიკური, ფინანსური და ქალაქგეგმარებითი კვლევა.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურასაც. ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი დერეფნის ფარგლებში, საქართველოს რკინიგზამ მომავალში მნიშვნელოვნად მეტი ტვირთი უნდა გადაზიდოს. დღევანდელი სქემა კი ამ ტვირთების თბილისის ცენტრალურ ნაწილში გავლას ითვალისწინებს, რაც ქალაქისთვის არასასურველია.

რკინიგზის შემოვლითი მონაკვეთის ამოქმედების შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება ცენტრალური სარკინიგზო დერეფნის გათავისუფლება და მისი მიწისზედა რელსებიანი და სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყენება. ეს ქალაქის სატრანსპორტო სისტემას ხარისხობრივად გააუმჯობესებდა.

ამავე კონტექსტში ჩნდება ახალი სარკინიგზო სადგურის მოწყობის საჭიროება, სავარაუდოდ, დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე. დიდუბის სატრანსპორტო კვანძის მოწესრიგება გადაუდებელი ამოცანაა. არსებული მდგომარეობა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.

ახალი ქალაქგეგმარებითი ხედვა უნდა ითვალისწინებდეს ტერიტორიიდან არაპროფილური ობიექტების გატანას, ავტოსადგურების მოდერნიზაციას და სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტის ერთიან სისტემაში მოქცევას. სწორედ ამ სადგურებიდან მიემგზავრება მოსახლეობისა და ტურისტების დიდი ნაწილი დასავლეთისა და ჩრდილოეთის მიმართულებით.

პერსპექტიულია ნავთლუღის სადგურის მოდერნიზაციაც და აღმოსავლეთის მიმართულების გააქტიურება. რაც შეეხება ცენტრალური სადგურის სხვა საზოგადოებრივი ფუნქციებით დატვირთვას, ეს საერთაშორისო პრაქტიკაში გავრცელებული და ხშირად წარმატებული მიდგომაა.

ქალაქის ხელმძღვანელობის მიერ გადადგმული ნაბიჯები აუცილებელი და მნიშვნელოვანია, თუმცა არსებული მასშტაბის პრობლემას მხოლოდ მიმდინარე ღონისძიებები ვერ გადაჭრის. თბილისს სჭირდება გრძელვადიანი, თანმიმდევრული და ფინანსურად უზრუნველყოფილი სატრანსპორტო პოლიტიკა.

თუ შევაჯამებთ: მეტროს განვითარების, სანაპიროების გამტარუნარიანობის გაზრდის, ახალი ხიდების მშენებლობის, სარკინიგზო დერეფნის გარდაქმნის, დიდუბის კვანძის განახლებისა და სხვა მსგავსი მასშტაბის პროექტების გარეშე, ხელშესახები შედეგის მიღწევა შეუძლებელია.

ამ სამუშაოებს საფუძველი დღესვე უნდა ჩაეყაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სატრანსპორტო პრობლემები კიდევ უფრო გამწვავდება და ქალაქი უკვე კარზე მომდგარ კოლაფსს ვერ აირიდებს.

ავტორი: ირაკლი ლოლიაშვილი

ვარჯიში სამსახურის შემდეგ – რატომ უნდა დაასრულოთ დღე ფიზიკური აქტივობით

მასალა, რომელიც აღბეჭდავს დროს – ინტერვიუ გიორგი შარვაშიძესთან