in

მასალა, რომელიც აღბეჭდავს დროს – ინტერვიუ გიორგი შარვაშიძესთან

ინდუსტრიული წარმოებისა და სწრაფი მოხმარების ეპოქაში დიზაინი სულ უფრო ხშირად ფასდება მისი ვიზუალური ეფექტითა და პირველადი ფუნქციით, მაშინ როდესაც ნივთის რეალური ღირებულება სწორედ იმ პროცესში ყალიბდება, რომელიც მის შექმნას უძღვის წინ. მასალის ბუნების გააზრება, ხელით შესრულება, კონსტრუქციული სიზუსტე და დროის ფაქტორის გათვალისწინება აყალიბებს ობიექტს, რომელიც მხოლოდ ყოველდღიური გამოყენებისთვის არ იქმნება — ის დროთა განმავლობაში იძენს კვალს, ინახავს ადამიანთან ურთიერთობის ისტორიას და კულტურულ თუ ემოციურ მნიშვნელობასაც ატარებს.

სწორედ ამიტომ, თანამედროვე დიზაინში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მიდგომა, რომელიც ხარისხს, გამძლეობასა და ოსტატობას სწრაფ წარმოებაზე მაღლა აყენებს. ასეთ შემთხვევაში ნივთი არ არის დროებითი პროდუქტი — ის იქმნება იმისთვის, რომ ბუნებრივად დაძველდეს, გარემოსთან ერთად იცვლებოდეს და წლების შემდეგაც შეინარჩუნოს როგორც პრაქტიკული, ისე ესთეტიკური ღირებულება. ამ ფილოსოფიის საფუძველში დგას არა მხოლოდ დიზაინერული გადაწყვეტილება, არამედ პასუხისმგებლობა მასალის, ხელობისა და მომხმარებლის მიმართ.

სწორედ ამ ხედვას იზიარებს გიორგი შარვაშიძე — ხის ოსტატი, დიზაინერი და Kao Furniture-ის დამფუძნებელი. მისი პროფესიული გზა თეატრიდან ხის ოსტატობამდე, იაპონური კულტურისა და ხელობის ტრადიციების გავლენით ჩამოყალიბებული დიზაინის ენა და მუდმივი სწრაფვა სრულყოფილებისაკენ ქმნის პრაქტიკას, რომელშიც ავეჯი აღიქმება არა როგორც ფუნქციური ობიექტი, არამედ როგორც ხანგრძლივი ურთიერთობის ნაწილი. დღევანდელ ინტერვიუში გიორგი გვიყვება საკუთარი პროფესიული გზის, სტუდიის ფილოსოფიის, მასალასთან მუშაობის სპეციფიკისა და იმ პრინციპების შესახებ, რომლებიც მის თითოეულ ნამუშევარს განსაზღვრავს.

გიორგი, გვიამბეთ თქვენ შესახებ – როგორ დაიწყო თქვენი ინტერესი ავეჯის დიზაინის მიმართ და რა ნაბიჯები გაიარეთ, სანამ ამ  საქმიანობას დაიწყებდით?

ჩემი პროფესიული გზა თავიდან საერთოდ არ უკავშირდებოდა ავეჯს – მსახიობი ვარ და დღემდე მიმაჩნია, რომ სწორედ თეატრმა მასწავლა ფორმის, სივრცისა და ადამიანის ემოციების დანახვა. თუმცა, პარალელურად, ყოველთვის მიზიდავდა ხელით მუშაობა და ნივთების შექმნის პროცესი.

ხე თავიდან ჰობი იყო. პატარა აივანზე ვამზადებდი სხვადასხვა ნივთს, ვსწავლობდი ინსტრუმენტებს, მასალებს და საათობით ვაკვირდებოდი, როგორ იქცევა ხე სხვადასხვა გარემოში. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ყველაზე მეტად სწორედ ის პროცესი მხიბლავდა, როდესაც უბრალო მასალა იქცევა ისეთ საგნად, რომელიც ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში ათწლეულების განმავლობაში დარჩება.

ეს ინტერესი ნელ-ნელა პროფესიად გადაიქცა. შევქმენი Kao Furniture – სტუდია, სადაც თითოეული ნივთი მზადდება ხელით, დიდი ყურადღებით და იმ იდეით, რომ ავეჯი მხოლოდ ფუნქციური ობიექტი კი არა, ადამიანის ცხოვრების ნაწილია.

როგორ გაჩნდა Kao Furniture და რა ფილოსოფიაზეა დაფუძნებული სტუდიის იდენტობა დღეს?

Kao Furniture შეიქმნა ერთი ძალიან მარტივი სურვილიდან – მინდოდა ისეთი ავეჯის შექმნა, რომელიც დროს გაუძლებდა. დღეს ძალიან ბევრი ნივთი სწრაფად იწარმოება და ასევე სწრაფად კარგავს ღირებულებას. მე პირიქით მჯერა – კარგი ავეჯი უნდა ძველდებოდეს ღირსეულად და წლების შემდეგაც ისეთივე საინტერესო იყოს, როგორც შექმნის დღეს.

სტუდიის მთავარი ფილოსოფიაა სიმარტივე, ხარისხი და პატივისცემა მასალის მიმართ. დიზაინში ვცდილობ არაფერი იყოს ზედმეტი – ყოველი ხაზი, შეერთება და დეტალი კონკრეტულ ფუნქციას ემსახურებოდეს.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სიმარტივე, იმ გაგებით რომ, ვისაც ჩვენი ავეჯი მოსწონს, მასაც გაუჩნდეს სურვილი, მსგავსი ნივთი დაამზადოს და არ იფიქროს, რომ ეს შეუძლებელია.

თქვენი ნამუშევრები გამოირჩევა ერთდროულად მინიმალისტური და ბუნებრივი ფორმებით. როგორ ჩამოყალიბდა დიზაინის ეს ენა თქვენს პრაქტიკაში?

ვფიქრობ, ჩვენი დიზაინის ენა დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა. თავდაპირველად, მეც ვცდილობდი უფრო რთული ფორმების შექმნას, თუმცა გამოცდილებასთან ერთად მივხვდი, რომ ყველაზე რთული სწორედ სიმარტივეა.

მინდა, რომ ნივთმა ყურადღება ხმაურიანი ფორმებით კი არა, პროპორციებით, მასალის ტექსტურითა და შესრულების ხარისხით მიიქციოს.

ბუნებრივი ფორმებიც აქედან მოდის. ვცდილობ, ხეს არ “დავაძალო” ის, რაც მისი ბუნება არ არის. როდესაც მასალის ხასიათს პატივს სცემ, საბოლოოდ, მიღებული ავეჯიც უფრო ბუნებრივად გამოიყურება. 

რატომ ანიჭებთ უპირატესობას სწორედ ხეს? სხვა რომელ მასალებს იყენებთ ხესთან კომბინაციაში და რა ფაქტორები განსაზღვრავს თქვენს არჩევანს?

ხე ჩემთვის ცოცხალი მასალაა. თითოეულ ნაჭერს საკუთარი ისტორია აქვს, ტექსტურა და ხასიათი, ამიტომ ორი სრულიად იდენტური ნივთი პრაქტიკულად არ გვაქვს.

განსაკუთრებით მიყვარს მუხა – მისი გამძლეობის, სილამაზისა და დროის მიმართ გამორჩეული მდგრადობის გამო. ხშირად ვიყენებთ ასევე კაკალს, ალუმინს და უფერულ, პასტელური ფერის ბუნებრივ ქვას, თუმცა ყოველთვის ისე, რომ მთავარი როლი ხემ შეინარჩუნოს. მასალების არჩევისას, პირველ რიგში, ვფიქრობთ მათ ფუნქციაზე, გამძლეობასა და იმაზე თუ როგორ დაძველდება ნივთი წლების განმავლობაში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ავეჯი ასაკთან ერთად უფრო ლამაზი გახდეს და არა პირიქით.

როგორია ხესთან მუშაობის პროცესი – რა შესაძლებლობებსა და გამოწვევებს ხვდებით ამ მასალასთან მუშაობისას, როგორც ტექნიკური, ასევე დიზაინის თვალსაზრისით?

მიუხედავად იმისა, რომ დღეს თანამედროვე ტექნოლოგიები არსებობს, საბოლოო სიტყვას ხშირად მაინც მასალა ამბობს.

ხე რეაგირებს ტენიანობაზე, ტემპერატურაზე, სეზონებზე. ამიტომ მხოლოდ ლამაზი ფორმის შექმნა არ არის საკმარისი – აუცილებელია მასალის მოძრაობის წინასწარ გათვალისწინება. სწორედ ამიტომ, დიდი ყურადღება ეთმობა კონსტრუქციას, შეერთებებსა და ტექნიკურ დეტალებს, რომლებიც ხშირად თვალისთვის შეუმჩნეველია, მაგრამ ნივთის ხანგრძლივობას განსაზღვრავს.

ჩემთვის ეს გამოწვევა ყველაზე საინტერესო ნაწილია. როდესაც ტექნიკა, დიზაინი და ხელით შესრულებული სამუშაო ერთმანეთს ერწყმის, სწორედ მაშინ იბადება ავეჯი, რომელსაც დროის გამოცდა შეუძლია.

თქვენს ნამუშევრებში იგრძნობა იაპონური ესთეტიკის გავლენა. გვიამბეთ, როგორ დაიწყო თქვენი დაინტერესება ამ კულტურით და იაპონური ფილოსოფიის რა პრინციპებს იყენებთ დღეს?

იაპონია ჩემი სუსტი წერტილია… ხშირად მერიდება კიდეც მათ ელემენტებსა და დიზაინის დეტალებს როცა ვიყენებ, თუმცა იმდენად მიყვარს, მეპატიება.

იაპონიაში სანამ წავიდოდი, მეგობარმა მირჩია, თუ ნამდვილ სენსეისთან მინდოდა სასწავლებლად წასვლა, ჯერ ენა უნდა მესწავლა, რასაც 4 წელი დავუთმე. იქ ძალიან ცოტა ადამიანი ლაპარაკობს ინგლისურად. ამ პერიოდმა საოცრად საინტერესო ხალხი და კულტურა გამაცნო. იაპონიაში სწავლამ კი სრულიად შეცვალა ჩემი ხედვა და მომავლის ფიქრები – არა მხოლოდ ავეჯზე, არამედ ზოგადად, ცხოვრებაზე.

ჩემს საქმიანობაში განსაკუთრებული გავლენა იქონია ისეთმა პრინციპებმა იაპონიაში, როგორიცაა სიმარტივე, ბუნებრიობა, თავშეკავებულობა და მუდმივი გაუმჯობესება პატარა ნაბიჯებით. ვცდილობ, ყოველი ახალი ნამუშევარი წინაზე ოდნავ უკეთესი იყოს. ეს ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე სწრაფი შედეგი.

როგორ ახერხებთ, რომ იაპონური ესთეტიკის გავლენის მიუხედავად, თქვენი ნამუშევრები ადგილობრივ, ქართულ კონტექსტთანაც იყოს დაკავშირებული? 

არასოდეს მქონია იაპონური დიზაინის კოპირების სურვილი, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია მათი აზროვნების პრინციპები, ვიდრე ვიზუალური ფორმები.

ჩვენ ვმუშაობთ ქართულ ადგილობრივ მუხასთან და იმ საქართველოს იმ სივრცეებში და სახლებში, სადაც ცხოვრობენ ადამიანები. ამიტომ საბოლოო შედეგი ბუნებრივად იღებს ქართულ ხასიათს.

ვფიქრობ, თანამედროვე დიზაინი სწორედ მაშინ არის საინტერესო, როდესაც სხვადასხვა კულტურის გამოცდილება ერთმანეთს ხვდება, მაგრამ არცერთი მათგანი არ კარგავს საკუთარ იდენტობას. Kao Furniture-ი სწორედ ამ ბალანსის პოვნას ცდილობს.

გაგვიზიარეთ თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ – როგორ ხედავთ სტუდიის განვითარებას და რა მიმართულებები გაინტერესებთ განსაკუთრებით?

მინდა, Kao Furniture-ი მხოლოდ ავეჯის სტუდია არ იყოს. ჩემი სურვილია, ის გადაიქცეს სივრცედ, სადაც დიზაინი, ოსტატობა და განათლება ერთმანეთს შეხვდება.

ამ მიმართულებით უკვე ვავითარებთ ხის დამუშავების სკოლას, რადგან მიმაჩნია, რომ ცოდნის გაზიარება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ნივთის შექმნა. მინდა საქართველოში უფრო მეტმა ადამიანმა აღმოაჩინოს ხელით მუშაობის კულტურა და ხარისხიანი ოსტატობის მნიშვნელობა.

სამომავლოდ, ბევრი საინტერესო კოლაბორაცია მაქვს დაგეგმილი ქვეყნის გარეთ. განსაკუთრებით მაინტერესებს საერთაშორისო თანამშრომლობები, კოლექციების შექმნა, რომლებიც ქართულ მასალასა და თანამედროვე დიზაინს მსოფლიოს სხვადასხვა სივრცეში წარადგენს. საბოლოო მიზანი კი უცვლელია – შევქმნათ ისეთი ავეჯი, რომელიც ადამიანებს მრავალი წლის განმავლობაში ემსახურება და ყოველდღიურ ცხოვრებაში სიმშვიდესა და ბუნებრივ სილამაზეს შემოიტანს. ამიტომ მალე თბილისიდან გადავინაცვლებთ და ჩვენი სახელოსნო-სკოლა სადმე ბუნებაში დაიდებს ადგილს.

თბილისის სატრანსპორტო ვითარება: მიზეზები და გამოსავლის გზები – ირაკლი ლოლაშვილის მოსაზრება

სივრცე, რომელიც დროსთან ერთად ვითარდება – სოფიო ღამბაშიძის ინტერიერი