in

იდეიდან რეალურ სივრცემდე – ინტერვიუ სალომე კიკვაძესთან

ინტერიერის დიზაინი მხოლოდ სივრცის ვიზუალური გარდაქმნა არ არის. წარმატებული პროექტის უკან გაცილებით უფრო რთული პროცესი დგას — ადამიანის საჭიროებების სწორად გააზრება, ფუნქციური გადაწყვეტილებების მოძიება, მასალებისა და დეტალების ზუსტი შერჩევა, ხარისხიანი შესრულება და პასუხისმგებლობა საბოლოო შედეგზე. სწორედ ამ ეტაპების ერთიანობა განსაზღვრავს, რამდენად შეძლებს სივრცე არა მხოლოდ ესთეტიკური შთაბეჭდილების შექმნას, არამედ ადამიანის ყოველდღიურობის გაუმჯობესებასაც.

ამ მიდგომას ეფუძნება ინტერიერის დიზაინერ სალომე კიკვაძის პროფესიული ხედვაც. მისთვის დიზაინი, პირველ რიგში, ადამიანთან და მის ცხოვრების წესთან მუშაობას ნიშნავს — სივრცის შექმნას, რომელიც კონკრეტულ საჭიროებებს პასუხობს, ფუნქციურობასა და ესთეტიკას აბალანსებს და აქტუალობას წლების შემდეგაც ინარჩუნებს. ამ პროცესში კი თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც შემოქმედებითი იდეა, ისე მისი რეალობად ქცევის ხარისხი.

სწორედ ამ პრინციპებიდან ჩამოყალიბდა სალომე კიკვაძის მიერ დაფუძნებული ინტერიერისა და ავეჯის სტუდია MENA, რომლის მთავარი იდეა მომხმარებლისთვის ერთიანი, სრულყოფილი პროცესის შეთავაზებაა — კონცეფციის შექმნიდან და დიზაინიდან საბოლოო წარმოებასა და მონტაჟამდე. განსხვავებული მიმართულებების ერთი გუნდის ფარგლებში გაერთიანებით, დიზაინერი ცდილობს, შეინარჩუნოს პროექტის მთლიანობა და პასუხისმგებლობა აიღოს არა მხოლოდ იდეაზე, არამედ მის საბოლოო განხორციელებაზეც.

სალომე კიკვაძესთან ინტერვიუში ვსაუბრობთ მის პროფესიულ გზაზე, MENA-ს შექმნის მოტივაციასა და დიზაინერულ ფილოსოფიაზე; იმაზე, თუ რატომ იწყება კარგი პროექტი მომხმარებლის მოსმენით, როგორ განსაზღვრავს მასალისა და დეტალების არჩევანი საბოლოო შედეგს და რატომ უნდა იყოს თანამედროვე ინტერიერი ერთდროულად ესთეტიკური, ფუნქციური და კონკრეტული ადამიანის ცხოვრებაზე მორგებული. ასევე ვეხებით თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის როლს დიზაინის პროცესში და იმ პასუხისმგებლობას, რომელიც იდეის რეალურ სივრცედ გარდაქმნას ახლავს.

სალომე, მოგვიყევით, რამ დაგაინტერესათ დიზაინით და როგორ განვითარდა თქვენი ინტერესი ამ სფეროს მიმართ?

დიზაინი ბავშვობიდან მიზიდავდა, თუმცა ყველაზე დიდი გავლენა ჩემზე ჩემმა ბიძამ მოახდინა, რომელიც თავადაც დიზაინერია. მის გვერდით პირველად დავინახე, რომ დიზაინი მხოლოდ ლამაზი ვიზუალი არ არის – ეს არის სივრცის, ფუნქციონალურობისა და ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების უკეთესად მოწყობის ხელოვნება. სწორედ ამან გამიჩინა სურვილი, მეც ამ გზას გავყოლოდი. წლების განმავლობაში ვსწავლობდი, ვაგროვებდი გამოცდილებას და დღეს უკვე ვცდილობ, თითოეულ პროექტში შევქმნა სივრცე, რომელიც ერთდროულად ესთეტიკურიც იქნება და პრაქტიკულიც.

როგორ აღწერდით თქვენს პროფესიულ გზას – რა გამოცდილებებმა ითამაშა მნიშვნელოვანი როლი თქვენი, როგორც დიზაინერის, ჩამოყალიბებაში?

ჩემი პროფესიული გზა მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. მომიწია ბევრი მუშაობა, შეცდომებზე სწავლა და მუდმივი განვითარება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო რეალურ პროექტებზე მუშაობა, რადგან სწორედ იქ სწავლობ ყველაზე მეტს – როგორ მოუსმინო დამკვეთს, როგორ იპოვო საუკეთესო გამოსავალი და როგორ გადააქციო იდეა რეალობად. ვფიქრობ, პროფესიონალი დიზაინერი სწორედ გამოცდილების, პასუხისმგებლობისა და მუდმივი სწავლის შედეგად ყალიბდება.

საცხოვრებელი სახლის ინტერიერის დიზაინი წყნეთში

თქვენ შექმენით ინტერიერისა და ავეჯის დიზაინის საკუთარი ბრენდი – როგორ გადაწყვიტეთ ეს და რა იყო მთავარი მოტივაცია კომპანიის განვითარებისთვის?

MENA-ს შექმნის მთავარი მიზეზი იყო სურვილი, მომხმარებლისთვის სრული მომსახურება შეგვეთავაზებინა – იდეიდან საბოლოო მონტაჟამდე. მინდოდა შემექმნა კომპანია, სადაც დიზაინი, ხარისხიანი მასალები, თანამედროვე წარმოება და პასუხისმგებლობა ერთ სივრცეში იქნებოდა გაერთიანებული. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ დამკვეთს არ დასჭირვებოდა სხვადასხვა კომპანიასთან მუშაობა – ყველაფერი ერთ გუნდს ეკეთებინა.

როგორ აღწერდით MENA-ს ბრენდის იდეას – რა მიზანი და ხედვა დგას ამ სტუდიის დაფუძნების უკან?

MENA-ს მთავარი იდეა არის ისეთი ავეჯისა და ინტერიერის შექმნა, რომელიც წლების შემდეგაც აქტუალური დარჩება. ჩვენთვის დიზაინი არ არის მხოლოდ ლამაზი სურათი – ის უნდა იყოს ფუნქციური, ხარისხიანი და სრულად მორგებული კონკრეტული ადამიანის ცხოვრების წესზე. გვინდა, რომ მომხმარებელმა ჩვენთან მიიღოს არა უბრალოდ ავეჯი, არამედ კარგად გააზრებული სივრცე.

როგორ დაახასიათებდით თქვენს დიზაინერულ ხელწერას – რა აერთიანებს თქვენს პროექტებს და ობიექტებს განსხვავებული მასშტაბების მიუხედავად?

ჩემს პროექტებს აერთიანებს მინიმალიზმი, ფუნქციონალურობა და დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღება. ყოველთვის ვცდილობ, სივრცე იყოს მაქსიმალურად კომფორტული, პრაქტიკული და ამავდროულად თანამედროვე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ დიზაინი მხოლოდ ვიზუალურად არ იყოს ლამაზი, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებასაც ამარტივებდეს.

საცხოვრებელი სახლის ინტერიერის დიზაინი წყნეთში

რა ძირითად პრინციპებს ეფუძნება თქვენი სამუშაო პროცესი და რატომ არის ისინი მნიშვნელოვანი?

ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის არის მომხმარებლის მოსმენა, დეტალების სიზუსტე და ხარისხზე პასუხისმგებლობა. ასევე, არასოდეს ვწყვეტ სწავლას – დიზაინის სფერო მუდმივად ვითარდება და ვფიქრობ, დიზაინერიც ამ ცვლილებებს ფეხს უნდა უწყობდეს. წარმატებული პროექტი ყოველთვის გუნდის, კომუნიკაციისა და სწორი დაგეგმვის შედეგია.

რა როლს თამაშობს მასალა თქვენს დიზაინში – როგორ განსაზღვრავს ის ფორმასა და საბოლოო შედეგს?

მასალა დიზაინის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. სხვადასხვა მასალას განსხვავებული ხასიათი და შესაძლებლობები აქვს, ამიტომ არჩევანი ყოველთვის დამოკიდებულია სივრცეზე, მომხმარებლის საჭიროებებსა და ბიუჯეტზე. სწორად შერჩეული მასალა არა მხოლოდ ვიზუალს, არამედ ავეჯის გამძლეობასა და კომფორტსაც განსაზღვრავს.

როგორია თქვენი დამოკიდებულება იმ აზრის მიმართ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი ცვლის დიზაინის სფეროს?

ვფიქრობ, ხელოვნური ინტელექტი დიზაინერს ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ ძალიან ძლიერი ინსტრუმენტია. ის მნიშვნელოვნად აჩქარებს იდეების ვიზუალიზაციას, ანალიზსა და სამუშაო პროცესს. საბოლოო გადაწყვეტილებებს მაინც ადამიანი იღებს, რადგან დიზაინი ემოციას, გამოცდილებასა და მომხმარებლის სწორად გაგებასაც მოითხოვს. ჩვენც აქტიურად ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, თუმცა ისინი ჩვენი შემოქმედებითი პროცესის დამხმარეა და არა შემცვლელი.

დაბოლოს, რა განასხვავებს თქვენს შემოქმედებით პროცესს – რას ნიშნავს თქვენთვის, როცა პროექტი სრულად პასუხობს თქვენს იდეას და არა მხოლოდ დაკვეთას?

ჩემთვის პროექტი წარმატებულია, როცა დამკვეთი გრძნობს, რომ სივრცე ნამდვილად მისთვის შეიქმნა. ყოველთვის ვცდილობ, მხოლოდ მოთხოვნები კი არ შევასრულო, არამედ ისეთი გადაწყვეტილებები შევთავაზო, რომლებიც დამკვეთის ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო კომფორტულსა და სასიამოვნოს გახდის. როდესაც დასრულებულ პროექტს ვუყურებ და ვხედავ, რომ ის ფუნქციურიცაა, ესთეტიკურიც და მომხმარებელიც კმაყოფილია, მაშინ ვიცი, რომ ჩვენი საქმე სწორად შევასრულეთ.

კონტრასტების ჰარმონია — DODO Designs-ის ნამუშევარი ვაკეში