in

ძველი ბინის რეკონსტრუქცია მთაწმინდაზე — Wohnung Architects-ის ნამუშევარი

თბილისში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე 70 კვ.მ ბინის განახლებისას სალომე სიხარულიძისა და ეკატერინე ჩხეიძის მთავარი ამოცანა ძველი სახლის მდგომარეობაზე მორგებული ინტერიერის შექმნა იყო. Wohnung Architects-ის დამფუძნებლებისთვის პროექტის მიმართულება თავიდანვე განსაზღვრა შენობის სიძველემ: ყოველი ჩარევა სიფრთხილეს მოითხოვდა, მასალებისა და გადაწყვეტების შერჩევისას კი გადამწყვეტი მინიმალური დატვირთვა და ფუნქციურობა გახდა.

არქიტექტორების თქმით, რთული ამოცანები გამოსავლის ძიებას განსაკუთრებით საინტერესოს ხდის. ეს ბინაც ერთგვარი თავსატეხი აღმოჩნდა — არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით უნდა შექმნილიყო მსუბუქი, ჰაეროვანი სივრცე, რომელიც ძველი სახლის ხასიათს შეინარჩუნებდა და ყოველდღიურ საჭიროებებს უპასუხებდა.

„ჩვენი მიდგომა, როგორც არქიტექტურის, ისე ინტერიერის მიმართ მინიმალიზმით გამოირჩევა, რაც ამ პროექტშიც ნათლად ჩანს“, — ამბობენ ავტორები. დიზაინერების ეს ფილოსოფია უშუალოდ დაუკავშირდა ბინის მდგომარეობას. მინიმალური შეხება და მინიმალური დატვირთვა მუშაობის მთავარ პრინციპებად იქცა, თითოეული გადაწყვეტილების მნიშვნელობა კი მისი ფუნქციით განისაზღვრა.

ბინის მთავარი ხიბლი ძველი შუშაბანდია. მისგან შემოსული უხვი ბუნებრივი სინათლე სივრცეს მშვიდ, პოეტურ ატმოსფეროს სძენს და მის ავთენტურ ხასიათს გამოკვეთს. სწორედ ამ სინათლის შესაძლებლობების გამოყენება გახდა ინტერიერზე მუშაობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა: ავტორებმა შიდა ღიობები მაქსიმალურად გახსნეს, თეთრი კედლებით კი განათების სხვა ოთახებში გავრცელებას შეუწყვეს ხელი. მოსაპირკეთებელი მასალების ზომიერმა გამოყენებამ სივრცის სიმსუბუქე კიდევ უფრო გააძლიერა.

ამ გადაწყვეტამ განსაზღვრა იატაკის მოპირკეთებაც. მნიშვნელოვანი დახრის გამო არქიტექტორებმა ის სხვადასხვა დონედ დაყვეს და ბუნებრივი საღებავით შეღებეს. შერჩეული ფერით მათ ძველი თბილისური სახლებისთვის დამახასიათებელი ტონალობა გაიმეორეს და განახლებულ ინტერიერში ამ გარემოსთან კავშირი შეინარჩუნეს.

პროექტის განხორციელებაში მნიშვნელოვანი აღმოჩნდა დამკვეთის ნდობაც, რომელმაც ავტორებს საკუთარი ხედვის თანმიმდევრულად განვითარების შესაძლებლობა მისცა. სწორედ ამ თავისუფლებისა და სახლის მდგომარეობისადმი ფრთხილი მიდგომის წყალობით, ავტორებმა შეძლეს, შეექმნათ ინტერიერი, რომელშიც მათი მინიმალისტური ხელწერა ბუნებრივად ერწყმის ძველი ბინის ხასიათს.

Wohnung Architects-ის ამ პროექტში მინიმალიზმი კონკრეტულ გადაწყვეტილებებში იკითხება: ფრთხილ ჩარევაში, მასალების შეზღუდულ გამოყენებაში, გახსნილ ღიობებსა და ბუნებრივი სინათლისთვის დათმობილ სივრცეში. შედეგად, ბინამ შეინარჩუნა ძველი შუშაბანდით შექმნილი ხასიათი და შეიქმნა მსუბუქი, ფუნქციური ინტერიერი — ავტორების სიტყვებით, „არაფერი ზედმეტი — მხოლოდ ფუნქცია“.

პროექტი რენოვაციამდე
პროექტის ავტორები: ეკატერინე ჩხეიძე და სალომე სიხარულიძე

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

გარდასახვა, როგორც შემოქმედებითი ძიება – ინტერვიუ ნიკოლოზ დევდარიანთან