in ,

ეკლექტური ბინა კრწანისში – ნუცა გამცემლიძის ინტერიერი

ნუცა გამცემლიძე პროფესიით მარკეტერია, თუმცა ამ მიმართულებით დიდი ხანია, რაც არ მუშაობს და ამ ეტაპზე მისთვის უფრო საინტერესო საქმიანობით არის დაკავებული. როდესაც მის ცხოვრებაში საკუთარი საცხოვრებლის მოწყობის დრო დადგა, ნუცამ ზუსტად იცოდა, რომ ამ ამოცანის შესრულება დამოუკიდებლად სურდა.

ნამდვილად ვერ ვიტყვი იმას, რომ ყველამ აუცილებლად თავად უნდა გააკეთოს საკუთარი სახლის ინტერიერი. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ეს საერთოდ არ აინტერესებთ და სიამოვნებით ცხოვრობენ სხვის მიერ შექმნილ გარემოში, რომელიც კარგად არის მათზე მორგებული,” – გვიამბობს ნუცა

თუმცა, ჩვენი რესპონდენტის შემთხვევაში ასე არ მოხდა. ნუცამ უარი თქვა პროფესიონალი დიზაინერის დახმარებაზე და ყველა პროცესის მართვა საკუთარ თავზე აიღო. ბინა, რომელიც კრწანისში მდებარეობს, მან დაახლოებით 4 წლის წინ შეიძინა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მშენებლობა დასრულებული არ იყო.

როცა პირველად ვნახე აქაურობა, მაშინვე მოვიხიბლე. ძალიან განსაკუთრებული ადგილია ჟანგბადითა და სიმწვანით, რაც ჩემი აზრით, დღეს თბილისში ძალიან გასათვალისწინებელი პრიორიტეტებია სახლის შერჩევის დროს, განსაკუთრებით მაშინ, როცა პატარა ბავშვი გყავს.

როგორც თავად გვიამბობს, ნუცამ პროექტი, ფაქტობრივად, ნულიდან შექმნა – შიდა ტიხრებითა და სარემონტო სამუშაოებით დაწყებული, ინტერიერის დიზაინით დამთავრებული. მიუხედავად ბევრი სირთულისა, საბოლოო შედეგი ძალიან საინტერესო გამოვიდა.

ეს არის 145 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე სტუდიოს ტიპის ბინა, რომელშიც გვხვდება გაერთიანებული სამზარეულო, მისაღები და მცირე ზომის სამუშაო ზონა. აქვეა ორი საძინებელი საკუთარი აბაზანებით და ასევე ერთი სველი წერტილი სტუმრებისთვის. ბინას გააჩნია დიდი ტერასა და საშუალო ზომის აივანი, რომელთა საერთო ფართობი 92 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

შეიძლება დღეს ცოტა სხვანაირად ვისურვებდი გარკვეულ დეტალებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამე ისე არ გამოვიდა, როგორც მინდოდა. უბრალოდ, ადამიანს დროთა განმავლობაში ეცვლება აზრები, შეხედულებები, რაღაცებს უფრო აფასებს, რაღაცებს ნაკლებად და ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ინტერიერზეც აისახება. დღეს გავაკეთებდი სხვანაირს, ხვალ – სხვანაირს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ძველი აღარ მომწონს, ან აღარ მინდა და ვნანობ რამეს, პირიქით, ეს ყველაფერი იმ დროს იყო, შესაბამისად, იმ დროს ასახავს და თავისი ისტორია აქვს,” – ნუცა გამცემლიძე

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე 

როგორია სრულყოფილი საძინებლის ანატომია?

რატომ ჯობია ბინის შეძენა მაღალ სართულზე – 8 დასაბუთებული მიზეზი