ქალარის ცენტრში მდებარე ეს აპარტამენტი, რომლის დიზაინზე NS Studio-მ იმუშავა, თანამედროვე ელეგანტურობისა და თბილი საცხოვრებელი გარემოს ნაზად დაბალანსებული ინტერპრეტაციაა. სივრცე, სადაც დიზაინი არა მხოლოდ ვიზუალურ ეფექტს, არამედ ყოველდღიურ კომფორტს ემსახურება.
პროექტის კონცეფცია ეყრდნობა ბუნებრივი მასალებისა და ფერადი აქცენტების ჰარმონიულ შერწყმას. ინტერიერის ძირითადი ფონი პასტელური, მშვიდი ტონებია, რომლებიც ქმნის სუფთა, ჰაეროვან ატმოსფეროს და ამავდროულად აძლევს სივრცეს შესაძლებლობას, რომ თითოეულმა დეტალმა საკუთარი როლი შეასრულოს სივრცეში. ფონურ სიმშვიდეს ფერადი ელემენტები არღვევს – როგორც ავეჯში, ისე დეკორის მცირე, მაგრამ მნიშვნელოვნად აქცენტებში.

გეგმარება სრულად მორგებულია მაცხოვრებლის ცხოვრების სტილზე. თითოეული ზონა ბუნებრივად გადადის მეორეში, ქმნის თავისუფალ და უწყვეტ სივრცით გამოცდილებას. სწორედ ამ იდეას ემსახურება ღია ტიპის სამზარეულოც, რომელიც ინტეგრირებულია საერთო სივრცეში, სადაც კუნძული ცენტრალური ელემენტის სახით არის წარმოდგენილი.
უჟანგავი მეტალით დაფარული კუნძულის მოცულობა, პრაქტიკულობასთან ერთად, ქმნის საინტერესო ვიზუალურ და მატერიულ კონტრასტს გამოყენებულ ხის მასალასთან მიმართებაში. მეტალის კუნძული გრძელი კონსოლის სახით იჭრება სასადილო სივრცეში და ცენტრში განთავსებული მაგიდა და სკამების კომპოზიციის ფონური, თუმცა ასევე ფუნქციური ელემენტი ხდება.
ინტერიერში გამოყენებული ხალიჩები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინდივიდუალური ზონების აქცენტირებისთვის და ამავდროულად ხაზს უსვამს მასზე განთავსებული ავეჯის ფორმებსა და ტექსტურებს.
პროექტის ხასიათი დეტალებში იკითხება – რბილი ტექსტილი, ბუნებრივი ხე, მინიმალისტური, მაგრამ აქცენტური დეკორი. თითოეული ელემენტი შერჩეულია ისე, რომ სივრცემ შეინარჩუნოს სიმშვიდე, თუმცა არ დაკარგოს ინდივიდუალურობა.

















