in

ბიუჯეტური რემონტი დიზაინის მსხვერპლად გაღების გარეშე

დღეს ბიუჯეტური რემონტის შესრულება სულ უფრო რთული ხდება — იზრდება მასალების ფასები და შესაბამისად, ფინანსების სწორად განაწილება მეტ სიფრთხილეს მოითხოვს. თუმცა მელბურნში დაფუძნებული არქიტექტურული სტუდია CARD მიიჩნევს, რომ შეზღუდული ბიუჯეტი სულაც არ გამორიცხავს კარგ დიზაინს — საჭიროა უბრალოდ უფრო გააზრებული მიდგომა.

სტუდიის დირექტორი ტაჯ როსმარინი აღნიშნავს, რომ მათი მთავარი პრინციპი ბიუჯეტის მიუხედავად უცვლელია: ფუნქციურობისა და პრაქტიკულობის დაბალანსება არქიტექტურულ იდეასთან. ისინი ყურადღებას ამახვილებენ მხოლოდ იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც რეალურ მიზანს ემსახურება და უარს ამბობენ ზედმეტ “დეკორატიულობაზე”.

მისი თქმით, რემონტის დაწყებამდე აუცილებელია მკაფიო გეგმა და ბიუჯეტის რეალისტური შეფასება. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა ხარჯების იგნორირება. ამიტომ მნიშვნელოვანია, თავიდანვე გავითვალისწინოთ, რომ თითოეულ არჩევანს თავისი ფინანსური შედეგი აქვს.

პრიორიტეტების განსაზღვრისას უმჯობესია, ყურადღება გამახვილდეს ძირითად ელემენტებზე — ენერგოეფექტურობაზე, იზოლაციასა და ხარისხიან ფანჯრებზე. თუ მთელი პროექტის ერთდროულად განხორციელება ვერ ხერხდება, არქიტექტორი გვირჩევს, პირველ რიგში, მოვაწყოთ ყოველდღიური სივრცეები, როგორიცაა სამზარეულო და აბაზანა, ხოლო დანარჩენი დეტალებზე მუშაობა მოგვიანებითაც შეიძლება.

ხარჯების შემცირების ერთ-ერთი მთავარი გზა სიმარტივეა. მასალები და სამუშაო ძალა ყველაზე დიდ ნაწილს შეადგენს, ამიტომ სასურველია, თავიდან აირიდოთ მასშტაბური სტრუქტურული ცვლილებები, შეამციროთ პროექტის ზომა და გამოიყენოთ უფრო ხელმისაწვდომი მასალები ან წინასწარ დამზადებული ელემენტები.

ტაჯი ასევე აღნიშნავს, რომ თანამედროვე პირობებში მნიშვნელოვანია მსუბუქი, ადგილობრივი და ეკოლოგიური მასალების გამოყენება, რაც ხარჯებსაც ამცირებს და პროცესსაც ამარტივებს.

ბოლოს კი ის ხაზს უსვამს მოქნილობის მნიშვნელობას. ბიუჯეტური რემონტი ხშირად კომპრომისებს მოითხოვს, თუმცა პროფესიონალებთან თანამშრომლობა დაგეხმარებათ, იპოვოთ უფრო ეფექტური და კრეატიული გადაწყვეტები. მათი გამოცდილება საშუალებას გაძლევთ, მცირე ცვლილებებითაც მნიშვნელოვნად იმოქმედოთ საერთო ხარჯებზე.

ბუნებრივი მასალები და ფერადი აქცენტები – ბინა თბილისში NS Studio-ს სახასიათო სტილით