in

არქიტექტურა, როგორც ადამიანისა და გარემოს ჰარმონიული თანაარსებობის შედეგი – ინტერვიუ ირაკლი ჟვანიასთან

ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი ირაკლი ჟვანიაა, რომელიც, არქიტექტურის გარდა, ურბანული განვითარებისა და ქალაქგეგმარების სფეროშიც საქმიანობს. ირაკლი თავის საინტერესო დაკვირვებებს გვიზიარებს ისეთი მნიშვნელოვანი, კომპლექსური და პრობლემური  საკითხის შესახებ, როგორიც არქიტექტურის, გარემოსა და სოციუმის ჰარმონიული თანაარსებობაა.

ირაკლი, გვიამბეთ თქვენს ბავშვობაზე. როდის დაინტერესდით პირველად არქიტექტურით?

რთული სათქმელია, კონკრეტულად რამ განსაზღვრა ჩემი პროფესიული არჩევანი,  თუმცა, უნდა ითქვას, რომ პატარა ასაკიდანვე ვიცოდი, რა მაინტერესებდა. მიჭირს კონკრეტული თარიღის დასახელება. ვფიქრობ, დიდწილად რამდენიმე ფაქტორმა განსაზღვრა ჩემი პროფესიული არჩევანი. ჩემს ოჯახში არქიტექტორი არავინ ყოფილა. თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ სახლში, ქიქოძის N11-ში ვცხოვრობდი. შენობის ინტერიერი ასახავდა XX საუკუნის დასაწყისის ე. წ. ფრანგულ სტილს – 5 მეტრზე მაღალი ჭერით, ორნამენტებით, სხვადასხვა საინტერესო ელემენტით, რომლებიც ფანტაზიასა და ემოციებს აღმიძრავდა. მახსოვს, სხვა ბინაში გადასვლა არ მინდოდა, ვაპროტესტებდი. ვფიქრობ, პირველმა შთაბეჭდილებამ დიდი როლი შეასრულა ჩემი მსოფლაღქმის ჩამოყალიბებაში. სხვადასხვა კონსტრუქციით თამაში, სახლების, ციხესიმაგრეების აწყობა ჩემთვის უსაყვარლესი თამაში იყო. დღემდე მახსოვს, როგორ ვთამაშობდი კუბებით, ვქმნიდი მათ ათასგვარ ვარიაციას. შეიძლება ითქვას, ამ „თამაშიდან“ ვეღარც გამოვედი. 12 წლის ასაკში უკვე აქტიურად ვათვალიერებდი არქიტექტურულ ჟურნალებს, წიგნებს, ფურცელზე ვხაზავდი ჩემს წარმოდგენაში არსებულ პროექტებს. საბოლოოდ, ამ საქმიანობისადმი სიყვარული პროფესიულ არჩევანშიც გადაიზარდა.

რა პროფესიული განათლება მიიღეთ? 

თავდაპირველად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, სამაგისტრო საფეხური კი ჰოლანდიაში გავიარე. 2014 წელს, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ვიმყოფებოდი. სამ ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით ვსწავლობდი: საქართველოში – არქიტექტურაზე, ჰოლანდიაში – ურბანულ განვითარებაზე, ამერიკაში კი – ურბანულ გეგმარებასა და დიზაინზე.

საცხოვრებელი უბნის განაშენიანების გეგმა თბილისში

რომელ მნიშვნელოვან ეტაპებს გამოყოფდით თქვენს კარიერაში? 

სხვადასხვა არქიტექტურულ კომპანიასა და სტუდიაში მუშაობის შემდეგ, 2005-2006 წლიდან, ურბანული განვითარებითა და გეგმარებით დავინტერესდი. თბილისში არსებული ქალაქგანვითარების პრობლემებიდან გამომდინარე, საკმარისი არ იყო მხოლოდ არქიტექტურული განათლება და ამ კუთხით საქმიანობის გამოცდილება. მიმაჩნდა, რომ იმ პერიოდში ვერც ჩემი კოლეგები ახერხებდნენ, სათანადოდ გამკლავებოდნენ ვითარებას. ვიცოდი, საჭირო იყო ქალაქგეგმარებისა და ქალაქგანვითარების ღრმა ცოდნა, ამიტომ სამაგისტრო ნაშრომის დაცვა ამ თემაზე გადავწყვიტე. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში გატარებულმა ერთწლიანმა პერიოდმა, შემდგომში კი ნიუ-იორკის მერიის ქალაქგეგმარებით დეპარტამენტში მუშაობამ დიდი გამოცდილება შემძინა. ამგვარად, დღემდე ჩემი ინტერესის სფერო როგორც არქიტექტურა, ისე ურბანული გეგმარებაა, რომელიც ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება.

როგორია თქვენი მუშაობის ფილოსოფია?

ვცდილობ, ისეთი გარემო შევქმნა, რომელიც ერთდროულად საინტერესოც იქნება და მდგრადიც. ამიტომ, შეიძლება ითქვას, ჩემთვის არქიტექტურული ნამუშევარი გარემოს – იქნება ეს ნაშენი თუ ბუნებრივი – ერთგვარი გაგრძელებაა. მას ცალკე მდგომად არ განვიხილავ, რაც თანამედროვე არქიტექტურული დისკურსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია. მგონია, რომ მთავარია, არქიტექტორული ნამუშევარი კონტექსტის შესაბამისი იყოს. არქიტექტურული ობიექტი, როგორც შემოქმედებითი აზროვნების შედეგი, ადამიანს არა მხოლოდ ესთეტიკურ სიამოვნებას უნდა ანიჭებდეს,  არამედ გონივრულ ადგილს უნდა იკავებდეს იმ გარემოში, რომელშიც ვცხოვრობთ. არ მომწონს ისეთი ობიექტები, რომელთა მთავარი დანიშნულება მხოლოდ გამორჩეულობაა. არქიტექტორის ოსტატობა ვლინდება მაშინ, როდესაც ის ამ გამორჩეულ ნამუშევარს გარემოს გათვალისწინებით ქმნის, რითაც დასახულ ამოცანას სწორად ასრულებს.

თქვენთვის მნიშვნელოვან რომელ პროექტებს გამოყოფდით?

ზოგადად, არაფრის გამორჩევა არ მიყვარს, რადგან, მგონია, რომ მრავალფეროვნება ყველაზე საინტერესოა. თუმცა, ალბათ, მაინც აღვნიშნავდი სამ სხვადასხვა მასშტაბის პროექტს. პირველია საცურაო აუზი კახეთში, ალაზნის ველზე, რომელიც ორიოდე წლის წინ შესრულდა. მისი განსაკუთრებულობა ისაა, რომ არა მხოლოდ აუზი, არამედ ერთგვარი სცენაცაა. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროექტში ისაა, რომ სცენა მიწის დონიდან აწეულია და საფეხურებადაა დაყოფილი, რაც აუზს ვენახის თავზე აქცევს და ადამიანს ალაზნის ველითა და კავკასიონის ხედებით ტკბობის საშუალებას აძლევს. ამავე დროს, ობიექტი სცენის ფუნქციასაც ითავსებს, რომელზეც განათებაა მოწყობილი. აქ ხალხს შეუძლია ჩამოსხდეს, ისაუბროს, რაც სივრცეს ახალ დანიშნულებას სძენს.

საცურაო აუზი, კახეთი

ძალიან მიყვარს კულტურულ მემკვიდრეობაზე მუშაობა, როგორც ურბანული, ასევე არქიტექტურის მიმართულებით. არაერთ პროექტზე მიმუშავია, რომლებიც ისტორიული არეალისათვის გენერალური გეგმის შემუშავებას ისახავდა მიზნად და ისტორიული უბნის განვითარების კონცეფციის ჩამოყალიბებას გულისხმობდა. ამ მხრივ საინტერესოდ მიმაჩნია უშგულში განხორციელებული საოჯახო სასტუმროს პროექტი.

აღსანიშნავია, რომ უშგული „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია, ამიტომ ჩემთვის ორმაგად საპასუხისმგებლო იყო ძველი, საბჭოთა შენობის ადგილას ახალი პროექტის შექმნა, რომელიც გაითვალისწინებდა ლანდშაფტს და მის ისტორიულ განაშენიანებას. საამისოდ შევისწავლე უშგულსა და ზემო სვანეთში არსებული საცხოვრებელი სახლის სტრუქტურა, ფორმა, მასალა, სივრცეების გადანაწილების ტექნიკა. სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შემუშავდა პროექტი, რომელიც „იუნესკოშიც“ გადაიგზავნა და ძეგლთა დაცვის საბჭომაც მოიწონა მათივე  რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ. ვფიქრობ, ეს პროექტი თანამედროვეობას შეესაბამება, მაგრამ ამავე დროს, ის ითვალისწინებს და პატივს სცემს ისტორიულ ღირებულებებს.

საოჯახო სასტუმრო უშგულში

ფართო ურბანული მასშტაბის გამოვყოფდი ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმაზე მუშაობას. პროექტი, რომელიც კომპანია „ბაუ დიზაინთან“ თანამშრომლობით განხორციელდა, ორი წლის წინ დასრულდა. გამწვანების სამუშაოში ინგლისელი პარტნიორები იყვნენ ჩართულნი. ბათუმის ბულვარი საქართველოში ყველაზე დიდი და ცნობილი ზღვისპირა პარკია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. გეგმარებისას ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი უნდა გაგვეთვალისწინებინა – ზღვისპირა ზოლი, სანაპირო, ფეხით მოსიარულეთა და ველოსიპედისტთა ფუნქციური გადანაწილება. ამ კომპლექსურ პროექტზე მუშაობა ჩემთვის მრავლისმომცემი აღმოჩნდა.

ბათუმის ბულვარის გენგეგმა, ნინოშვილის ქუჩის განვითრების ხედვა
ბათუმის ბულვარის გენგეგმა, შუქურას მოედანი

გამოვარჩევდი ურბანული მასშტაბის განაშენიანების კიდევ ერთ პროექტს სვანეთში, სოფელ მაჯვდიერში. პროექტი გულისხმობს პატარა სოფლის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებას. სოფელი ალპური ტიპის ოთხსეზონიან სათხილამურო ცენტრად უნდა ქცეულიყო. პროექტი განვახორციელე კომპანია “GeoGraphic” -ში მუშაობისას და პროექტის მთავარი არქიტექტორი და ქალაქმგეგმარებელი ვიყავი. სხვა პროექტების მსგავსად, აქაც მნიშვნელოვანი იყო ლანდშაფტსა და ისტორიულ გარემოზე მორგება. გეგმის მიხედვით, სივრცე ავტომობილებისგან სრულიად თავისუფალი უნდა ყოფილიყო. ქუჩების გეგმარება ისეთია,  რომ უშბისა და თეთნულდის პეიზაჟი იშლება. კომპლექსურობით გამოირჩეოდა ღია მოედნის, საზოგადოებრივი სივრცის გეგმარებაც, რის გამოც არაერთი დეტალის გათვალისწინება გახდა საჭირო და პირველ რიგში, გახსნილი სივრცე ისტორიული სოფლის და სვანური კოშკები მიმართულებით. პროექტში უკეთ გასარკვევად გადავწყვიტე, ალპებში ჯგუფთან ერთად ისეთი დასახლებები მომენახულებინა, რომლებშიც ავტომობილები არ გვხვდებოდა. ამან საქმე გამიმარტივა.

სოფლის განვითარება ოთხ სეზონიან ალპურ ცენტრად სვანეთში

საინტერესოა, რა ძირითად პრობლემებს ხედავთ არქიტექტურულ სფეროში?

მიმაჩნია, რომ მთავარი პრობლემა განათლებაა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს პროფესიული განათლების კუთხით ვვითარდებით, მაინც ჩამოვრჩებით თანამედროვე სამყაროს. უკანასკნელ პერიოდში, ტრადიციული უნივერსიტეტების გარდა, ახალი არქიტექტურული სკოლებიც გაჩნდა, შესაბამისად, გარკვეული წინსვლა ნამდვილად შეიმჩნევა. თუმცა, ხარისხიან არქიტექტურულ განათლებამდე ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. დიდი ხნის განმავლობაში მივყვებოდით საბჭოთა ინერციას, რაც, სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება. ცხადია, სიახლეების დანერგვა მარტივი არ არის, რადგან ამისათვის, უპირველესად, შესაბამისი ცოდნაა საჭირო. დასავლეთის ქვეყნებს ძალიან ჩამოვრჩებით, როგორც მეთოდოლოგიით, ისე ფილოსოფიური და აკადემიური კუთხით. ვფიქრობ, განათლების პრობლემა შედარებით უფრო რთული და კომპლექსურია ქალაქგეგმარების სფეროში.

ინტელექტუალურთან ერთად, არანაკლებ სერიოზული პრობლემაა ეკონომიკური კრიზისი. არქიტექტურა მხოლოდ ძლიერ ეკონომიკურ გარემოში ვითარდება. ისტორიას თუ გადავხედავთ, მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნიმუშები ყოველთვის მაღალი ეკონომიკური განვითარების პერიოდში ჩნდებოდა სხვადასხვა ქვეყანაში. აღსანიშნავია ისიც, რომ არქიტექტურაში სამშენებლო მასალა და თანამედროვე ტექნოლოგიები გადამწყვეტია, რის სიმცირესაც ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად განვიცდით.

კერძო საცხოვრებელი სახლი

რას იტყოდით ურბანული განვითარებისა და ქალაქგეგმარების მიმართულებით არსებულ პრობლემებზე?

მთავარი პრობლემები აქაც საბჭოთა კავშირიდან იწყება. ეს ის პერიოდია, რომლის შედეგებს დღემდე ვიმკით. საბჭოთა პერიოდში არ არსებობდა პირადი საკუთრება, ყველაფერს სახელმწიფო წყვეტდა და გეგმავდა. გაღატაკებულ ქვეყანას მოულოდნელად ხელში ჩაუვარდა ურბანული და ინფრასტრუქტურული რესურსი, რომლის მართვის გამოცდილებაც არ ჰქონდა. ამის შედეგად მივიღეთ ქაოსი. მესამე ათწლეულია, საჯარო სექტორი ვერ უმკლავდება ურბანული განვითარების მთავარ გამოწვევებს. ქალაქის მართვა და გეგმარება კომპლექსური საკითხია. კვალიფიციური კადრების ნაკლებობა მასზე პირდაპირ აისახება. საჯარო სექტორის მიერ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, ცვლილებები მაინც მოკლე დროზეა გათვლილი, არამდგრადია და მომავალში საყოველთაო პრობლემებს გამოიწვევს.

ვფიქრობ, მთავარია პოლიტიკური ნების გამოჩენა, საჯარო ინტერესების წინ დაყენება და ყველას – საზოგადო მოღვაწეების, პოლიტიკოსების, მოქალაქეების –ჩართულობა. მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ საჭიროა, დავთმოთ პირადი კომფორტი, რადგან პირადი სარგებლის წინა პლანზე დაყენება ნიშნავს მილიონი ადამიანის ინტერესების უგულებელყოფას, რითაც ერთმანეთის უფლებებს ვარღვევთ.

თქვენი აზრით, რა არის ჩვენს ქალაქში საინტერესო და ყველაზე მნიშვნელოვანი?

უპირველესად, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია არქიტექტურული, ურბანული და სოციალური კონტექსტის ერთ მთლიანობად აღქმა. ამ ჯაჭვში დიდ ადგილს იკავებს ის ხალხი, სამეზობლო და ურბანული კონცეპტი, რომელშიც ადამიანს უწევს არსებობა. ვფიქრობ, ამ მხრივ, თბილისში ყველაზე სწორად დაგეგმარებული ისტორიული გარემოა – XIX-XX საუკუნეების დასაწყისის ის მნიშვნელოვანი არქიტექტურული შენობები, რომლებიც ძირითადად განთავსებულია ძველ თბილისში, სოლოლაკში, მთაწმინდასა და ავლაბარში. მათ აერთიანებს  სოციუმი, რომლის გარეშეც არქიტექტურაზე საუბარი აზრს კარგავს. ალბათ, სწორედ ეს არის თბილისის უნიკალურობა, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება და რასაც, სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვახერხებთ.

რას ურჩევდით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ამ პროფესიას ეუფლებიან?

ვურჩევდი, აუცილებლად ისწავლონ საზღვარგარეთ, არა მარტო აქ მიღებული ცოდნის გასაუმჯობესებლად, არამედ ახალი მიდგომების, ინფორმაციისა და კულტურის გასაცნობად; ნახონ, როგორ უმკლავდებიან ამა თუ იმ პრობლემას უცხო კულტურის წარმომადგენლები. ეს მათ პროფესიულად და პიროვნულადაც გაამდიდრებს. კარგი იქნება უცხოეთში სტაჟირების გავლა, რათა მუშაობის განსხვავებულ პრინციპებს ეზიარონ. უაღრესად მნიშვნელოვანია პროფესიული ლიტერატურის კითხვა. ნუ იფიქრებენ, რომ არქიტექტურა მხოლოდ პროექტირებისა და დიზაინის სფეროა. თეორიული საფუძვლების შესწავლა გადამწყვეტია. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო და ღირებული ნამუშევრების შექმნაში დაეხმარებათ, რასაც ცოდნის გარეშე ვერ მოახერხებენ.

დაბოლოს, როგორ ფიქრობთ, ვინ არის არქიტექტურის მთავარი შემფასებელი?

არქიტექტორის მთავარი ამოცანაა, შექმნას ისეთი ნამუშევარი, რომელიც დროს გაუძლებს, შესაბამისად, ვფიქრობ, მთავარი შემფასებელი სწორედ დროა. ხშირად იდეები საინტერესო ჩანს, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ აქტუალობას კარგავს. არქიტექტურა შემოქმედებითი სფეროა, რომლის ნაწარმი დიდხანს რჩება. ეს არ არის  ფერწერული ტილო, ქანდაკება ან კინოფილმი, რომელსაც ნახავ და სურვილისამებრ მას მიუბრუნდები ან არა. არქიტექტურული ძეგლი ერთხელ იქმნება და წლების, საუკუნეების განმავლობაში რჩება, მას ყოველდღე უამრავი ადამიანი აღიქვამს და მასთან შეხება აქვს. ამიტომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ხანგრძლივად აქტუალური უნდა იყოს. მე, პირადად, მუშაობის პროცესში უნდა ვგრძნობდე ერთგვარ შინაგან კმაყოფილებას. სანამ ამას არ მივაღწევ, პროექტს დასრულებულად ვერ ჩავთვლი. აუცილებელია, დროდადრო ჩვენს ნამუშევრებს მივუბრუნდეთ და ისინი ახლებურად გავიაზროთ, რაც ახალი დასკვნების გამოტანის საშუალებას მოგვცემს და სხვა პროექტებზე მუშაობაშიც დაგვეხმარება.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

5 მიზეზი ჰაერის გამწმენდი მოწყობილობის შესაძენად

შენ სუფთა ჰაერი ისუნთქე, კონდიციონერს კი Pneuma გაგიწმენდს