არქიტექტურაზე საუბარი ხშირად იწყება შენობებით — ფორმებით, მასალებით, სტილით. თუმცა სინამდვილეში, არქიტექტურა გაცილებით უფრო ფართო სფეროა. იგი არის ერთგვარი ინტელექტუალური სისტემა, რომელიც აერთიანებს ხელოვნებას, მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ფილოსოფიასა და სოციალურ პროცესებს. არქიტექტურა ერთდროულად პასუხობს გარემოს, კულტურას, ეკონომიკასა და ადამიანურ საჭიროებებს, მაგრამ ამავე დროს თავადაც ახდენს გავლენას მათზე. სწორედ ამიტომ, იგი შეიძლება აღვიქვათ როგორც სამყაროს გააზრების ერთ-ერთი გზა — დისციპლინა, რომლის მეშვეობითაც ადამიანი სწავლობს გარემოს სტრუქტურას, წესრიგსა და ურთიერთობებს.
არქიტექტორის პროფესია ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულ ინტელექტუალურ სიღრმეს მოითხოვს. არქიტექტორი არ ქმნის მხოლოდ შენობას — იგი ქმნის სისტემას, რომელშიც ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ ადამიანები, სივრცე, კონტექსტი და იდეა. სწორედ ამ კომპლექსურობის გამო არქიტექტურა ყოველთვის იყო იმ ადამიანების სფერო, რომელთა ინტერესები სცილდება ერთი პროფესიის საზღვრებს და მოიცავს ფართო კულტურულ, თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას.
ამგვარ არქიტექტორთა შორისაა ნიკოლოზ ჯაფარიძე — საერთაშორისო არქიტექტურული სტუდიის – Architects of Invention-ის დამფუძნებელი, რომლის პროფესიული გზა რამდენიმე ქვეყნის, კულტურისა და არქიტექტურული სკოლის გამოცდილებას აერთიანებს. მისი საქმიანობა მოიცავს როგორც პრაქტიკულ პროექტებს სხვადასხვა კონტექსტში, ისე არქიტექტურის თეორიულ კვლევას, აკადემიურ საქმიანობასა და საერთაშორისო პროფესიულ პრაქტიკას.
ნიკოლოზ ჯაფარიძის არქიტექტურული განათლება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში დაიწყო, პარალელურად კი იგი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურის ლექციებს ესწრებოდა. 1990-იანი წლების დასაწყისში პარიზში გატარებულმა პერიოდმა მნიშვნელოვნად გააფართოვა მისი კულტურული და პროფესიული ხედვა. მოგვიანებით სწავლა გააგრძელა Moscow Architectural Institute (MArchI)-ში, სადაც არქიტექტურის მაგისტრის ხარისხი მიიღო და დაიწყო კვლევა თემაზე „საცხოვრებელი ექსტრემალური სიტუაციებისათვის“, რომელიც არქიტექტურის როლს კრიზისულ გარემოებებში იკვლევს.
აკადემიური საქმიანობა და კვლევა მისი პროფესიული ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. სხვადასხვა პერიოდში იგი სტუმრობდა Delft University of Technology-ის არქიტექტურის ფაკულტეტს, სადაც მოგვიანებით ლექტორის პოზიციაც შესთავაზეს. 2023 წელს მან ასევე მიიღო პროფესიული დიპლომი არქიტექტურული პრაქტიკის მართვაში University of Kent-ში. იგი არის ლიცენზირებული არქიტექტორი Architects Registration Board (ARB)-ში და Royal Institute of British Architects (RIBA)-ის წევრი. ამჟამად კი მუშაობს მეორე დისერტაციაზე — „არქიტექტურის დეპოზიტორიუმი“ — RMIT University-ში (ავსტრალია).
ამას გარდა, ნიკოლოზ ჯაფარიძე აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო აკადემიურ გარემოშიც: იგი მიწვეული კრიტიკოსისა და ლექტორის სტატუსით თანამშრომლობდა ისეთ გავლენიან ინსტიტუტებთან, როგორებიცაა Architectural Association School of Architecture, The Bartlett School of Architecture, University of Westminster და University of Kent. მისი კვლევები და ნაშრომები გამოქვეყნებულია არქიტექტურის თეორიისა და თანამედროვე არქიტექტურული პრაქტიკის თემებზე.
ამ მრავალმხრივი გამოცდილების ფონზე ჩამოყალიბდა მისი პროფესიული ხედვაც — არქიტექტურისადმი მიდგომა, რომელიც ერთდროულად ეფუძნება პრაქტიკულ პროექტირებას, თეორიულ ანალიზსა და საერთაშორისო პროფესიულ სტანდარტებს. სწორედ ამ გზამ მიიყვანა იგი საკუთარი სტუდიის შექმნამდე და იმ არქიტექტურულ პრაქტიკამდე, რომელიც დღეს ლონდონსა და თბილისს შორის ოპერირებს და სხვადასხვა კონტექსტში ახალი სივრცითი იდეების განვითარებას ცდილობს.
ამ ინტერვიუში ნიკოლოზ ჯაფარიძე საუბრობს საკუთარ პროფესიულ გზაზე, არქიტექტურის როლზე თანამედროვე სამყაროში და იმ ინტელექტუალურ პროცესებზე, რომლებიც მისი პროექტების საფუძველს ქმნის. მასთან საუბრისას ნათლად ჩანს, რომ არქიტექტურა მისთვის მხოლოდ პროფესია არ არის — ეს არის სამყაროს კვლევის, გააზრებისა და გარდაქმნის მეთოდი.

ბატონო ნიკოლოზ გვიამბეთ, რამ გამოიწვია თქვენი ინტერესი არქიტექტურის მიმართ და როდის გადაწყვიტეთ, რომ ამ პროფესიის დაუფლება გსურდათ?
ყრმობიდან დიდ დროს ვატარებდი მამაჩემის არქიტექტურულ სტუდიაში. არქიტექტორები თითქოს ჩემი ძიძები იყვნენ — ისინი მზრდიდნენ და თანდათან მაზიარებდნენ არქიტექტურის სამყაროს. მათგან ვსწავლობდი განსხვავებას ნახატსა და ნახაზს შორის, შენობასა და არქიტექტურას შორის, ვეცნობოდი ბერძნულ ორდერებს, პლატონის მკვრივ ფორმებს და მრავალ სხვა საფუძველს, რომლებიც არქიტექტურულ აზროვნებას აყალიბებს.
სტუდიაში ხშირად ვაკეთებდი პატარა ფიგურებს ცხელ მავთულზე მოჭრილი ლურჯი პენოპლასტისაგან. ვეხმარებოდი ქაღალდის მომზადებაში, ბეჭდვაში, მაკეტების დამზადებაში, ნახაზების შესრულებასა და შენობების აზომვაში. ეს გარემო ჩემთვის ერთდროულად იყო თამაშიც, სწავლაც და სამყაროს შეცნობის გზა.
თბილისის რამდენიმე ნაგებობა განსაკუთრებით ძლიერად დამამახსოვრდა და ჩემი არქიტექტურული ხედვის საფუძველი გახდა: დიღომში მდებარე „იაპონური“ ბენზინგასამართი სადგური (რომელიც დღეს აღარ არსებობს), საავტომობილო გზების სამინისტროს შენობა, ქორწინების სასახლე, არქიტექტორთა კავშირის ეზო ვერაზე, ანჩისხატის ბაზილიკა, ვაკის პარკის წითელი აგურის ბილიკები, ეთნოგრაფიული მუზეუმი, თბილისის ორ-სამსართულიანი აგურის სახლები, რაჭის ხის სახლები და ბათუმის ზღვის სანაპირო. სწორედ ეს გარემო, ეს სივრცეები და შენობები ქმნიდა ჩემს პირველ არქიტექტურულ გამოცდილებას.
შემდგომში, ევროპაში მოგზაურობამ მნიშვნელოვნად გააფართოვა ჩემი მსოფლმხედველობა და ახალი ორიენტირები გამიჩინა. საბოლოოდ, მივხვდი იმას, რასაც ალბათ ყველა არქიტექტორი ერთ დროს აცნობიერებს — ცოცხალი მაგალითი ყოველთვის ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ილუსტრაცია.
გვიამბეთ თქვენი გამოცდილების შესახებ Architects of Invention-ის დაფუძნებამდე – რა უმზადებდა საფუძველს ამ ნაბიჯის გადადგმას?
პროფესიული კარიერა დავიწყე მოსკოვში 1990-იანი წლების დასაწყისში — მნიშვნელოვანი პოლიტიკური და კულტურული გარდაქმნების პერიოდში. Mosproject-ში მიღებული ადრეული პროფესიული გამოცდილება მოიცავდა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსების პროექტებზე მუშაობას. მოგვიანებით საქმიანობა გავაგრძელე საერთაშორისო არქიტექტურულ ფირმებში, მათ შორის ABD & Thorburn-სა და Alsop & Stormer-ში. ამ პერიოდში მონაწილეობა მივიღე დომოდედოვოს აეროპორტის განვითარების პროექტში და მოსკოვში სხვადასხვა კომერციული და საცხოვრებელი შენობების პროექტირებაში.
1997–2000 წლებში ვთანამშრომლობდი Asse Architects-სა და McAdam Architects-თან, სადაც ვმუშაობდი საოფისე შენობებისა და ფინანსური ინსტიტუტების სათავო ოფისების პროექტებზე, მათ შორის Deutsche Bank-ის შეკვეთებზე.
2000 წელს მოსკოვში დავაარსე მულტიდისციპლინური სტუდია AMC (Architecture Music Cinematography), რომელსაც 2006 წლამდე ვხელმძღვანელობდი. სტუდიის ფარგლებში განხორციელდა რამდენიმე რეალიზებული პროექტი, მათ შორის National Standard Bank-ის შტაბ-ბინა, რესტორანი „ინგური“, ჰოკეის არენა ნორილსკში და საოფისე შენობები მოსკოვში. ამავე პერიოდში სტუდია იკვლევდა არქიტექტურის ურთიერთობას სხვა შემოქმედებით სფეროებთან — მუსიკასთან, კინოსთან და ვიზუალურ ხელოვნებასთან.
2006 წელს ლონდონში გადავედი და უფროსი არქიტექტორის პოზიციაზე შევუერთდი Kohn Pedersen Fox Associates-ს (KPF), სადაც ვმუშაობდი მოსკოვში Park City-ის ცათამბჯენისა და გენერალური გეგმის პროექტზე. მოგვიანებით საქმიანობა გავაგრძელე EPR Architects-ში, სადაც მონაწილეობა მივიღე ქალაქ პულში შერეული დანიშნულების კომპლექსის განვითარებასა და გერნსიში იახტკლუბის პროექტირებაში.
2008–2009 წლებში ვმუშაობდი როტერდამში Office for Metropolitan Architecture-ის (OMA) შტაბ-ბინასა და მის კვლევით განყოფილებაში — AMO-ში, უფროსი არქიტექტორისა და გუნდის ხელმძღვანელის პოზიციაზე. ამ პერიოდში ჩემი საქმიანობა მოიცავდა Dubai Lagoons-ის საცხოვრებელი კოშკების პროექტს, აბუ-დაბიში Zayed Stadium-ის რეგენერაციას და Dubai Centre-ის გენერალურ გეგმას. ასევე მონაწილეობა მივიღე AMO-ს კვლევით პროექტში Beyond Metabolism, სადაც თბილისის საავტომობილო გზების სამინისტროს შენობა განვიხილე, როგორც მეტაბოლიზმის შესაძლებელი პრეცედენტი იაპონიის ფარგლებს გარეთ.
2010 წელს თანადავაარსე საერთაშორისო არქიტექტურული სტუდია Architects of Invention, რომელიც დღეს ლონდონსა და თბილისში ოპერირებს. მას შემდეგ ვხელმძღვანელობ მრავალი საერთაშორისო პროექტის დიზაინსა და განხორციელებას. რეალიზებულ პროექტებს შორისაა Lisi Garden House თბილისში, Tatlin Apartments, Ordynka Club House და Sovremennik-ის საცხოვრებელი კომპლექსები მოსკოვში, ფარმაცევტული და კორპორატიული შტაბ-ბინები მოსკოვში, ასევე 12 Hay Hill Mayfair Business Club ლონდონში.
საქართველოში განხორციელებულ საზოგადოებრივ პროექტებს შორისაა ლაზიკის მუნიციპალიტეტის შენობა, თბილისის პროკურატურა, ოზურგეთის იუსტიციის სახლი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შენობა თბილისში და Silknet-ის გაყიდვების ოფისი.
რეალიზებული პროექტების გარდა, მონაწილეობა მივიღე საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსებსა და კონცეპტუალურ პროექტებში, მათ შორის ლონდონში Nine Elms to Pimlico-ს საფეხმავლო ხიდის კონკურსში, ბირმინგემში Hanging Gardens-ის საცხოვრებელი კომპლექსის კონცეფციაში და სტეინზ-აპონ-ტემზში Bridge Street-ის საცხოვრებელი განვითარების პროექტში.
ვისაუბროთ თქვენს პროექტებზე. რომელი იყო თქვენი პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი, რომელსაც გავლენა ჰქონდა თქვენს შემოქმედებაზე? როგორ განსაზღვრა გამოწვევებმა კარიერის დასაწყისში თქვენი დღევანდელი ხელწერა?
გამოვყოფდი ორ ნიშანდობრივ პროექტს, რომლებმაც მომცა საშუალება, მომესინჯა სხვადასხვა იდეები:
2025 წელს დავასრულეთ Lisi Garden House-ის მშენებლობა. 7-სართულიანი შენობა კონცეპტუალურად მოდულურია, სადაც ყველა ელემენტი, მაგრამ არა ყველა მოდული, იწარმოება ქარხანაში (off-site construction). ეს წარმოადგენს რადიკალურ ინოვაციას ქართული არქიტექტურისთვის, სადაც ქარხნული მშენებლობა (off-site construction) ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა.

ამერიკელი არქიტექტორის, ჯეიმს ვაინსის კოლაჟით „სახლების მაღლივი შენობა“ (Highrise of Homes), თავისი სათბურის სტილის საცხოვრებელი სივრცეებით, და არქიტექტორების – ბროდსკისა და უტკინის „კოლუმბარიუმის საცხოვრებელი“ (Collumbarium Habitebaile) პროექტებით შთაგონებული, ამ სქემის კონცეფცია წარმოადგენს ერთმანეთზე დაწყობილ სახლებს ბაღებით, რომლებიც ქმნიან ერთიან საცხოვრებელ ბლოკს. შუშის მოდულური მისაღები ოთახები კონფიგურირებულია ოვალური და მართკუთხა ფორმების მონაცვლეობით და ქმნიან რიტმულ ვერტიკალურ სისტემას ბადისებრ ფასადში. ჯეიმს ვაინსის ხედვის მოდიფიკაციის სახით, ბაღებიანი სახლის ვერანდები უზრუნველჰყოფს უზარმაზარ გარე სივრცეს გამწვანებისათვის.

პროექტი აღნიშნავს ინდივიდუალურობას კოლექტიურ ვერტიკალში, სადაც მაცხოვრებლები განიცდიან გარეუბნული ცხოვრების კონფიდენციალურობას და სილაღეს, მაგრამ კომპაქტურ, ურბანულ ფორმაში. ის ეწინააღმდეგება ბინაში ცხოვრების ტრადიციულ წარმოდგენებს და გვთავაზობს გარემოს, სადაც სივრცითი კეთილშობილება, დღის სინათლე და ლანდშაფტის ინტეგრაცია უმთავრესია.
2012 წელს ავაშენეთ თბილისის პროკურატურა, სადაც ვცადეთ რამდენიმე იდეა დაგვენერგა – გამოქვაბულის შთაგონებით შექმინილი ფორმა – ურბანული ინტერიერი, სადაც შენობის გადახურულ ღია ნაწილში ჩნდება საზოგადოებრივი სივრცე. ეს შენობა, ისევე როგორც მაღლა მოყვანილი პროექტი, შედგება ამჯერად უფრო მარტივი, მართკუთხა ფორმებისაგან, რაც ქმნის გამოქვაბულის მსგავს კომპოზიციას. მართკუთხედების კომპოზიცია კი ჩამოკიდებულია საერთო ჩარჩოზე, რაც მატებს დრამატიზმს და ხაზს უსვამს კონსტურქციული კონსოლების სისტემას.

შენობის შიგნით კი ვცადე, გამექრო „კორიდორი“ და დავნერგე ცენტრალური სწორი კიბე, მიმავალი შენობის ძირიდან ბოლო სართულამდე, სადაც ბოლო ბაქანზე განლაგებული ფანჯრიდან დილის მზის სხივი მთლიანად ანათებს 22 მეტრიანი სიმაღლის ატრიუმს. ამ ფანჯრის ფონზე მდგომი ადამიანის სილუეტი იკვეთება და ხაზს უსვამს იურიდიული სისტემის იერარქიულ უზენაესობას დრამატურგიაში. ეს კიბე–კორიდორი კი გადაიქცა შიდა ქუჩად, სადაც თანამშრომლები ერმანეთს უნებლიედ ხვდებიან, და მაშასადამე, ურთიერთობენ.

გაგვიზიარეთ, რა ძირითად ღირებულებებსა და იდეებს ეფუძნება თქვენი შემოქმედება?
ჩემი სტუდიის ამბიციაა საერთაშორისო პრაქტიკის დამკვიდრება და ინოვაციური იდეებისა და მდგრადი არქიტექტურული გადაწყვეტილებების დანერგვა მსოფლიოს სხვადასხვა კონტექსტში. ჩვენი მიდგომა ეფუძნება გარემოსა და სიტუაციის ფრთხილ დაკვირვებას, არსებული პირობების ღრმა გააზრებას და მინიმალური ჩარევის გზით სივრცის რეკომპოზიციასა და რეკომბინაციას. ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ პოზიტიური წესები და სტრუქტურები, რომლებიც წარმოშობს ცოცხალ, დინამიკურ სივრცეებს და ბუნებრივად ურთიერთობს საზოგადოებასთან.
ჩვენთვის არქიტექტურა, უპირველესად, საზოგადოებისთვისაა. ჩვენი მიზანი მარტივია — ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, ადამიანებისთვის ფუნქციური, მშვიდი და სასიამოვნო გარემოს შექმნა. ჩვენ მუდმივად ვეძებთ გზებს ისეთი ობიექტების შესაქმნელად, რომლებიც ერთდროულად მრავალ ფუნქციას იტევს და მოქნილად პასუხობს სივრცის გამოყენების სხვადასხვა სცენარს. ჩვენი პროფესიული კრედოა, რომ მასალას არ აქვს წინასწარ განსაზღვრული საზღვრები, ხოლო მასშტაბი — ტრანსცენდენტული კატეგორიაა, რომელიც კონტექსტის მიხედვით გარდაიქმნება.
ჩემი სამუშაო პროცესი არქიტექტურას არ განიხილავს, როგორც ხაზობრივ პროგრესს დავალებიდან მშენებლობამდე. პირიქით, იგი წარმოადგენს დინამიკურ ურთიერთქმედებას სამ ერთდროულად მოქმედ სფეროს შორის: პრეცედენტები, ტესტირება და კონტექსტი. ეს ელემენტები არ მუშაობენ თანმიმდევრულად, არამედ პარალელურად, ერთმანეთთან მუდმივ დიალოგში.
პროცესი დიაგრამულად შეიძლება წარმოვიდგინოთ სამი ჰორიზონტალური ზოლის სახით, რომლებიც ერთმანეთში გადაჯაჭვულ მდგომარეობაში არსებობენ. მათი გადაკვეთების ქსელი მიუთითებს, რომ არქიტექტურული იდეა იბადება სწორედ ამ ინტენსიური გადაკვეთის წერტილებში და არა იერარქიული გადაწყვეტილებების თანმიმდევრულ პროცესში.
ამგვარი მეთოდოლოგია დიზაინს განიხილავს, როგორც მუდმივი ჯვარედინი რეფერენციის, ხელახალი კალიბრაციის, ადაპტაციის, სინთეზის, ელიმინაციისა და დახვეწის პროცესს.
პრეცედენტები ქმნის არქიტექტურის, ხელოვნებისა და კონცეპტუალური თეორიის ეპისტემოლოგიურ ლექსიკონს, რომელიც პროექტს ინტელექტუალურ საფუძველს აძლევს; კონტექსტი განსაზღვრავს პროექტის პოზიციონირებას გეოგრაფიულ, კლიმატურ, კულტურულ, ისტორიულ და ნარატიულ გარემოში; ტესტირება კი ამ ორ სფეროს შორის შუამავლის როლს ასრულებს — იგი გარდაქმნის პრეცედენტებს ადაპტირებულ, სინთეზირებულ, მოდიფიცირებულ, დახვეწილ ან სრულიად ახალ იდეებად.
ეს მეთოდი გარკვეულწილად ეხმიანება თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის (AI) პროცესების ლოგიკას, სადაც მიღებული შედეგის უკუინჟინერია საშუალებას გვაძლევს, მივაკვლიოთ იმ პირვანდელ ელემენტებსა და პრეცედენტებს, რომლებმაც ალგორითმული სინთეზისა და ტრანსფორმაციის გზით საბოლოო ფორმა მიიღო.
ამგვარად, არქიტექტურა გვევლინება არა როგორც სტაბილური ფორმების შექმნა, არამედ როგორც ცოდნის, კონტექსტისა და ექსპერიმენტის მუდმივი სიმბიოზის შედეგი.

როგორ ფიქრობთ, არქიტექტურა უნდა პასუხობდეს დროსა და ეპოქას თუ უნდა ქმნიდეს მას? ამ თვალსაზრისით, როგორ არქიტექტურას ქმნით თავად თქვენ და რა არის ასეთი მიდგომის მიზანი?
ჩემი მიზანია, გამოვიკვლიო, როგორ იქმნება ხელოვნური სამყარო — ადამიანის მიერ შექმნილი სისტემები — და ვაწარმოო ექსპერიმენტი იმაზე, რა ფორმით ან მეთოდით შეიძლება ჩავერიო, ან პირიქით, შეგნებულად არ ჩავერიო ამ სისტემებში მათი გაუმჯობესების მიზნით, რათა ადამიანის გარემო უფრო ჰარმონიული გახდეს.
ჰარმონია ჩემთვის ნიშნავს სამი სფეროს — ხელოვნების, ეკონომიკისა და ფიზიკის — პროპორციულ თანხვედრას, რომლებიც კონტექსტში, ანუ ბუნებრივ გარემოში, ერთიანდება. სწორედ ამ ბალანსის ძიებაა არქიტექტურის მთავარი ამოცანა.
არქიტექტურა გარდაუვალი მოცემულობაა: იგი ქმნის სივრცეს, რომელსაც ადამიანი ვერ გაექცევა. ამ სივრცეში ცხოვრება კი უნებლიედ აყალიბებს აზროვნებას, ქცევას და საბოლოოდ — ადამიანის გარემოს ჯანმრთელობას. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ არქიტექტურა აუცილებელი რეალობაა, მისი ფორმა და გავლენა ყოველთვის შეიძლება გადაიხედოს და მოდიფიცირდეს.
მაგალითად, გასაკვირი არ არის, რომ საბჭოთა მემკვიდრეობის მქონე ქვეყნებში თანამედროვე დეველოპერული ფონდი ხშირად მრავალბინიან და მრავალსართულიან საცხოვრებელ შენობებს ქმნის. ეს შეიძლება ირიბად ასახავდეს საბჭოთა ურბანული მოდელის მიმართ გარკვეულ ნოსტალგიას ან მისგან გამომდინარე სივრცობრივ ჩვევებს. ამავე დროს, ეს პროცესი საბაზრო ეკონომიკის ლოგიკასაც ემორჩილება — მიწის ფასსა და კვადრატული მეტრის გაყიდვის ღირებულებას, რომლებიც საბოლოოდ, საზოგადოების მოთხოვნას პასუხობს.
ამგვარ პირობებში არქიტექტურის ამოცანაა ამ პროცესის დაბალანსება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ხელოვნების, ეკონომიკისა და ფიზიკის — სამი ფუნდამენტური სფეროს — პროპორციული სინთეზი, რომელიც ქმნის გარემოს, სადაც სივრცე არა მხოლოდ ფუნქციური, არამედ ჰარმონიული და ადამიანისთვის ჯანსაღია.

რა არის არქიტექტორის მთავარი ფუნქცია დღეს?
არქიტექტორის მთავარი ფუნქციაა, შექმნას ლამაზი, მდგრადი და მოსახერხებელი გარემო, რომელიც პასუხობს საზოგადოების გამოწვევებს და აუმჯობესებს ადამიანების ცხოვრების ხარისხს.
არქიტექტორი მოქმედებს პროფესიული სტანდარტების საფუძველზე, რომელთა მეშვეობითაც ახდენს გავლენას ფუნქციური სივრცის ორგანიზებაზე, ესთეტიკური გარემოს ჩამოყალიბებაზე და კულტურული წესრიგის ფორმირებაზე. მე, როგორც Royal Institute of British Architects-ის წევრი, ვხელმძღვანელობ ამ პროფესიული ეთიკის პრინციპებით.
არქიტექტორი უნდა იყოს პატიოსანი და იმოქმედოს პატიოსნად; უნდა იყოს პროფესიულად კომპეტენტური; პასუხისმგებლობით წარმოაჩინოს თავისი მომსახურება; ეფექტურად და კეთილსინდისიერად მართოს თავისი პროფესიული საქმიანობა; გაითვალისწინოს თავისი სამუშაოს უფრო ფართო სოციალური და გარემოსდაცვითი გავლენა; ერთგულად და კეთილსინდისიერად ემსახუროს დამკვეთს; იყოს სანდო და პასუხისმგებლობით მოეკიდოს ფინანსურ საკითხებს; ჰქონდეს შესაბამისი პროფესიული დაზღვევა; გაუფრთხილდეს პროფესიის რეპუტაციას; სათანადოდ მოაგვაროს დავები და საჩივრები; ითანამშრომლოს მარეგულირებელ ორგანოებთან და პატივი სცეს კოლეგებსა და საზოგადოებას.
ამავე დროს, არქიტექტორი, პირველ რიგში, ხელოვანია და ამ იდეას დაუღალავად უნდა ემსახურებოდეს. არქიტექტორმა არასოდეს უნდა მიიღოს მოცემულობა, როგორც საბოლოო პასუხი. მისი ამოცანაა, მუდმივად ეძებოს უკეთესი გამოსავალი, შექმნას პროგრესული და ლამაზი იდეები და ჩამოაყალიბოს სუფთა კონცეფცია, რომლის გარშემოც ვითარდება არქიტექტურული ფორმა. სწორედ იდეა და კონცეფცია განასხვავებს არქიტექტურას უბრალო შენობისგან.
ამ მიზნის მისაღწევად არქიტექტორს სჭირდება ფართო ცოდნა და ინტელექტუალური სიღრმე. მას უნდა ესმოდეს მუსიკა, ლიტერატურა, სახვითი ხელოვნება, ხელოვნებისა და არქიტექტურის ისტორია, პრეცედენტების ანალიზი, ფიზიკის კანონები, გეოლოგია, ტექტონიკა, ეკონომიკა, ურბანიზმი, კანონმდებლობა და ფილოსოფიური მიმდინარეობები. ასევე მნიშვნელოვანია ქიმიისა და მასალათა გამძლეობის ცოდნა.
არქიტექტორმა უნდა გაიაზროს სამშენებლო ტექნოლოგიები და მასალათა მიწოდების გლობალური ჯაჭვი — რა მასალა სად მოიპოვება, რა ენერგიაა საჭირო მისი წარმოებისთვის და როგორ ხდება მისი ტრანსპორტირება. მხოლოდ ამგვარი ცოდნა აძლევს შესაძლებლობას, გამოიყენოს მასალები გონივრულად და შექმნას ჰიბრიდული კონსტრუქციული სისტემები.
ხშირად საუკეთესო გადაწყვეტა სწორედ მასალების კომბინაციაში იკვეთება: მაგალითად, ქვედა სართულებში ბეტონი, შემდეგ ფოლადი და ზედა დონეებში ხის კონსტრუქციები; ერთ სივრცეში კოლონა, სხვაგან ბადე ან ტროსული სისტემა. ასეთი მიდგომა ქმნის კონსტრუქციულ მრავალფეროვნებას და სივრცის ოპტიმალურ ორგანიზებას.
საბოლოოდ, არქიტექტორმა პრობლემა უნდა დაინახოს ჰოლისტიკურად — არა მხოლოდ ლოკალურ კონტექსტში, არამედ დედამიწის ეკოლოგიური სისტემის კონტექსტში. მისი ნამუშევარი, რაც არ უნდა მცირე მასშტაბის იყოს, ყოველთვის გავლენას ახდენს უფრო ფართო გარემოზე.

როგორ ფიქრობთ, არქიტექტურა უფრო მეტად დროის ანარეკლია თუ მას შეუძლია თავად შექმნას ახალი კულტურული და სოციალური რეალობა?
არქიტექტურა საზოგადოების სარკეა, და კულტურის განუყოფელი ნაწილი. ეს არის ხელოვნება, რომელიც ერთდროულად ექვემდებარება ბაზრის დინამიკას, კულტურულ ცნობიერებას და არსებულ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს. სხვა სიტყვებით, არქიტექტურა იკვეთება სამი ძირითადი სფეროს გადაკვეთაზე — ბიზნესის, ხელოვნებისა და მეცნიერების.
ბაზარი განსაზღვრავს ეკონომიკურ რეალობას და რესურსების გამოყენების წესს; კულტურული გარემო აყალიბებს ესთეტიკურ ღირებულებებსა და საზოგადოებრივ წარმოდგენებს; ხოლო ტექნოლოგია და მეცნიერება ქმნის იმ შესაძლებლობებს, რომლებიც საშუალებას იძლევა, ეს იდეები რეალურ სივრცედ გარდაიქმნას. სწორედ ამ სამი კომპონენტის ურთიერთქმედება განსაზღვრავს არქიტექტურის შესაძლებლობებს და ასახავს ეპოქის კულტურულ და ეკონომიკურ მდგომარეობას.
ამავდროულად, არქიტექტურა ყოველთვის მოქმედებს მკაფიო ჩარჩოებში. იგი პასუხობს ქალაქგეგმარებით პრინციპებს, სახანძრო და ტექტონიკური უსაფრთხოების მოთხოვნებს, მასალათა მდგრადობის რეკომენდაციებსა და სხვა რეგულაციებს, რომლებიც კანონმდებლობით არის განსაზღვრული.
ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვასხვავოთ სხვადასხვა ტიპის ინტერვენცია აშენებულ გარემოში — ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია, ადაპტაცია და ურბანული რეგენერაცია. თითოეულ მათგანს განსხვავებული ამოცანები, მეთოდები და პასუხისმგებლობები აქვს. სწორედ ამ განსხვავებების გააზრება და შესაბამისი მიდგომის არჩევა განსაზღვრავს არქიტექტორის პროფესიულ პასუხისმგებლობას და პროექტის ხარისხს.

რა არის ის ერთი გადაწყვეტილება ან დეტალი, რომელიც ხშირად შეუმჩნეველი რჩება ფართო საზოგადოებას, მაგრამ არქიტექტორისთვის სივრცის ხარისხს ყველაზე მეტად განსაზღვრავს?
არქიტექტურას ქმნის იდეა — სწორედ ამით განსხვავდება იგი უბრალოდ შენობისგან. ყველა შენობა არ არის არქიტექტურა. ის ერთი გადამწყვეტი ელემენტი, რომელიც შენობას არქიტექტურად აქცევს, არის იდეა — კონცეფცია, რომელიც განსაზღვრავს მის იდენტობას.
ეს კონცეფცია შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა ფორმით: ფორმაში, ფერში, ერთ კონკრეტულ ელემენტში, შესასვლელში, ატრიუმში, სივრცის ორგანიზაციის პრინციპში ან სხვა არქიტექტურულ გადაწყვეტაში, რომელიც მთლიანობას აყალიბებს.
თუმცა, შენობის ხარისხს განსაზღვრავს არა მხოლოდ მშენებლობის დონე, ტექნოლოგია ან გამოყენებული მასალების მდგრადობა. არქიტექტურა ასევე ეფუძნება კანონმდებლობით განსაზღვრულ ჩარჩოებს — ნორმებს, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, ქალაქგეგმარებითი პრინციპებისა და კონტექსტუალური გარემოს დაცვასთან.

საბოლოოდ, სწორედ ამ მრავალფეროვანი ფაქტორების ჰარმონიული სინთეზი ქმნის იმ სივრცეს, რომელსაც მომხმარებელი აღიქვამს. კარგი არქიტექტურის შემთხვევაში, ავტორი თითქოს უხილავი ხდება — რადგან მან მოცემული გარემო ორგანულად გააუმჯობესა ისე, რომ ადამიანი სივრცეში ბუნებრივად და თავისუფლად გრძნობს თავს.
მაგალითად, შენობა შეიძლება იყოს მკვეთრად წითელი ფერის, მაგრამ სწორედ ეს ფერი აღმოჩნდეს ის ელემენტი, რომელიც ქმნის გარემოს კონტექსტუალურ ჰარმონიას. თუ მომხმარებელი ამ გარემოს აღიქვამს როგორც ბუნებრივ მოცემულობას, მაშინ არქიტექტორმა საკუთარ მიზანს უკვე მიაღწია.
ამ შემთხვევაში არქიტექტორი ხდება არა მხოლოდ დიზაინერი, არამედ კრიტიკოსიც — ადამიანი, რომელიც არსებულ რეალობას აანალიზებს, ახდენს მის გარდაქმნას და ქმნის ახალ სივრცობრივ მნიშვნელობას.


თქვენი აზრით, რა პასუხისმგებლობა აკისრიათ არქიტექტორებს მომავალი თაობების წინაშე და რას ურჩევდით დამწყებ არქიტექტორებს, რომლებსაც საკუთარი შემოქმედებით საზოგადოებაში წვლილის შეტანა სურთ?
სტუდენტებს ვურჩევ არ აიღონ პასუხისმგებლობა არქიტექტურაზე — ეს მცდარი ფორმულირებაა. არქიტექტურას თავად არ აკისრია პასუხისმგებლობა. არქიტექტორის ამოცანაა, სივრცითი თუ ქალაქგეგმარებითი პრობლემის ლამაზად გადაწყვეტა.
სილამაზეს კი ავტორი არ ჰყავს.

არქიტექტორი უნდა იყოს უხილავი ხელოვანი — სწორედ ამის წყალობით ინარჩუნებს ის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. ადამიანი გარემოს აღიქვამს, როგორც მოცემულობას, და რაც უფრო ორგანულია ეს მოცემულობა, მით უფრო მეტ თავისუფლებასა და ინტერპრეტაციის შესაძლებლობას აძლევს იგი ადამიანს.
არქიტექტურა უნდა გახდეს სამყაროსავით ამოუცნობი — ისეთი, რომელიც მუდმივად აღძრავს აბსტრაქტულ აზროვნებას. სწორედ ეს გაუხსნელობა, ეს ინტელექტუალური სივრცე, აძლევს ადამიანს ფიქრისა და აღმოჩენის შესაძლებლობას.
ამ პროცესის საფუძველში დგას ცნობისმოყვარეობა — თვისება, რომლის გარეშეც პროგრესი შეუძლებელია.
ყოველდღიურად თუნდაც ერთი ფურცლის კითხვა და ერთი ფურცლის დაწერა ნებისმიერ თემაზე ხელს უწყობს აზრის სისუფთავეს. აზრის სისუფთავე კი საბოლოოდ ქმნის ყველაზე მნიშვნელოვანს — სიხარულს!




















